მამოძრავებელი მიზანი
სტატიის ავტორი: პაპუნა ტოლიაშვილი
4 ივნისი, 2012 | წაკითხულია 30 042-ჯერ
ერთხელ, მახსოვს, ექიმი ვნახე, რომელიც მხოლოდ 3-5 წუთს უთმობდა საშუალოდ თითო პაციენტს, იმისათვის, რომ მის კარებთან მდგარ უშველებელ რიგს მომსახურებოდა. ძალიან ეჩხუბებოდა ნებისმიერს, ვისაც ადრე უკვე ჰქონდა მისი მკურნალობა გავლილი და იგივე დაავადებით ბრუნდებოდა იმის გამო, რომ მისი გაფრთხილება არ გაითვალისწინა – ჩხუბობდა, რატომ მაკარგვინებთ დროსო. სპეციალურ ჟურნალს აწარმოებდა, სადაც ყველა პაციენტს ნომრავდა და იწერდა მათზე ინფორმაციას. სულ გადაშლილი წიგნები და ჟურნალები ეწყო სამუშაო მაგიდაზე. მედიკამენტებთან ერთად იყენებდა ლაზერსაც და რაღაც ბალახებს ატანდა კიდევ პაციენტებს რათა საბოლოოდ განკურნებულიყვნენ. ერთხელ, მახსოვს, მაღალი სიცხით იყო და მაინც ენერგიული და თვალებანთებული იღებდა ავადმყოფებს. სულ მიკვირდა, რა აძლევდა ამ ადამიანს ამდენი მუშაობის ძალას. სანამ ერთხელ მის ხელის საბან ნიჟარასთან წარწერა არ შევნიშნე – “ასი ათასი განკურნებული პაციენტი”.
ადამიანები, რომლებსაც რაღაცა რთული, კონკრეტული და ამასთან ძალიან სასურველი მიზანი აქვთ დასახული ბევრად უფრო მეტის გაკეთებას ასწრებენ, ბევრად უფრო საინტერესოდ ცხოვრობენ, ბევრად უფრო ენერგიულები, ორგანიზებულები და პროდუქტიულები არიან. მათთვის პატარა დამარცხებებიც სასარგებლო გაკვეთილებია, ყველაზე დიდი გამარჯვებებიც კი უბრალოდ საშუალებებია კიდევ უფრო მეტის და უფრო კარგად საკეთებელად. ასეთი ადამიანები დიდ ყურადღებას უთმობენ იმას, თუ სად არიან, რას აკეთებენ, ყოველდღე ცდილობენ ბევრი და ნაყოფიერად იმუშაონ და მუდმივად სწავლობენ როგორ აკეთონ საკუთარი საქმე კიდევ უფრო კარგად და კიდევ უფრო მეტი იმისათვის, რათა დასახულ მიზანს მიაღწიონ.
მეორეს მხრივ, ალბათ არაფერია იმაზე მეტად მოსაწყენი, როგორც უმიზნოდ ცხოვრება. როცა არ იცი ზუსტად რატომ უნდა ადგე დილით საწოლიდან, რატომ უნდა წახვიდე სამსახურში ან სასწავლებელში, ვისთვის უნდა იმუშავო, რატომ უნდა აკეთო ის, რაც უნდა აკეთო. როცა ამას ყველაფერს აკეთებ იმიტომ, რომ საჭიროა და როცა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შენთვის კარგად, გულით გააკეთებ ამას თუ ჩვეულებრივად, როგორც გამოგივა. სწორედ ამიტომ ადამიანები, რომლებსაც მკაფიოდ მამოძრავებელი მიზანი აქვთ, ძალიან განსხვავდებიან ადამიანებისაგან, ვისაც ის ჯერ არ აქვს. მათი ქცევა, მათი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ და მათი პროდუქტიულობა თვალშისაცემად განსხვავდება.
ბევრი ფულის შოვნა, ბევრი პაციენტის განკურნება, ბევრი საქმის გამოძიება, კარგი შვილების გაზრდა, თუნდაც ბევრი კარგი ხის სკამის გაკეთება ან გემრიელი ტორტის გამოცხობა – ნებისმიერი აქედან შეიძლება იქცეს ადამიანის მამოძრავებელ მიზნად, თუ ის მის მიღწევას ძალიან მოინდომებს. და საკმარისია ადამიანმა მიზანი დაისახოს, მისი მიღწევა ძალიან მოინდომოს, ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესო და შინაარსიანი ხდება. დასვენება დასვენებად იქცევა, მუშაობა მუშაობად. ორშაბათი ბევრად უფრო სასურველი დღე ხდება, ვიდრე იქამდე და პარასკევიც იმიტომ გიხარია, რომ შემდეგი ორი დღის განმავლობაში დაისვენო და ძალები მოიკრიბო ახალი სამუშაო კვირის დასაწყებად. დილას ადრე დგები, რომ ნაყოფიერი საათები მაქსიმალურად გამოიყენო და საღამოს შედარებით ადრე წვები დასაძინებლად იმისათვის, რომ ენერგია აღიდგინო და ტელევიზორის გვიანობამდე ყურებაში დრო არ დაკარგო.
ფიზიკურ ფორმაზეც ფიქრობ იმისათვის, რომ ენერგია გქონდეს, ცდილობ, დრო სწორად გაანაწილო, ვარჯიშისთვისაც მოიცალო, ახლობლებისთვისაც. დასასვენებლად წასვლასაც დიდი ხნით ადრე გეგმავ იმისათვის, რომ შეძლო მაქსიმალურად დაისვენო, განიტვირთო, ხედვა და მოსაზრებები განიახლო და ბევრი და მრავალფეროვანი შთაბეჭდილებებით დაიტვირთო მეტი შემოქმედებისა და ახლის საკეთებლად.
მოკლედ, ცხად და ძალიან სასურველ მიზანს ადამიანის ცხოვრებაში სასწაულის მოხდენა შეუძლია. მეორე საკითხია რა მიზნის შემთხვევაში შეიძლება ყველაზე საინტერესო და სასარგებლო გავხადოთ ცხოვრება. ადამიანები ყველაზე ადვილად ფულის შოვნის მიზანს ისახავენ მამოძრავებელ მიზნად, თუმცა ამას თავისი უარყოფითი ეფექტები აქვს თვითონ ამ მიზნისთვისაც კი. ექიმი, რომელიც, ძირითადად, ფულის საშოვნელად მკურნალობს პაციენტებს დიდი ხნის განმავლობაში მათ ვერ ინარჩუნებს და ვერც მათი რაოდენობის დიდად გაზრდას ახერხებს. მეწარმე, რომელსაც უმთავარეს მიზნად ბევრი მოგების მიღება დაუსახავს, ვერ ახერხებს პროდუქტის და მომსახურების ხარისხზე, კლიენტების და თანამშრომლების კმაყოფილებაზე საკმარისი ყურადღების კონცენტრირებას. ეს საბოლოო ჯამში თვითონ ამ მოგების მიღებას უშლის ხელს. ადამიანი, რომელსაც უნდა, რომ ბევრი ფული იშოვოს, ცდილობს ხელიდან არ გაუშვას ფულის შოვნის არც ერთი შესაძლებლობა, შედეგად ერთი თემიდან მეორეზე გადადის, მეორიდან მესამეზე. ვერ ახერხებს ვერც კომპეტენციის დაგროვებას, ვერც კავშირების სწორად განვითარებას, ვერც თანამოაზრეების ადექვატური გუნდის შეკრებას და საბოლოო ჯამში გრძელვადიან პერიოდში თვითონ წირავს თავისივე მოგებას შესამცირებლად.
შესაძლო მთავარ მიზნებს შორის ერთ–ერთი ყველაზე გრძელვადიანად მამოძრავებელი ცხოვრებაში მაქსიმალური სარგებლის შექმნის მოსწრება შეიძლება გახდეს იმ საქმეში, რომლის კეთებაც ყველაზე უკეთ შეგვიძლია. მაქსიმალური სარგებლის, რომელიც რაოდენობით და გაკეთებულის ხარისხით განისაზღვრება. რაც უფრო მეტ საქმეს ვაკეთებთ და რაც უფრო კარგად ყოველ დღე მით უფრო დიდია სარგებელი, რომელსაც ვქმნით. რაც უფრო დიდია ჩვენს მიერ შექმნილი სარგებელი, მით უფრო დიდი შეიძლება იყოს უკუგება, რომელსაც ამის სანაცვლოდ ვიღებთ და ხშირად იმ ფორმის შეიძლება იყოს ეს სარგებელი, რომელიც ჩვენთვის ყველაზე მეტად სასურველია, იქნება ის ავტორიტეტის თუ სხვა სიმდიდრის სახით. ადამიანები, რომლებიც ცდილობენ რაც შეიძლება მეტი სარგებლის შექმნა მოასწრონ ცხოვრებაში განსაკუთრებით ყურადღებით აკვირდებიან საკუთარ შესაძლებლობებს, ნიჭსა და უნარებს. ცდილობენ, იპოვონ საქმე, რომლის კეთებაც ყველაზე უკეთ გამოსდით. მერე ყოველდღიურად ცდილობენ რაც შეიძლება მეტი და კარგად იმუშავონ და თანაც ყოველთვის გამონახონ თუნდაც ნახევარი საათი, იმისათვის, რომ რაღაცა ახალი გაიგონ ისეთი, რაც მათი სასურველი საქმის უკეთ და უფრო მეტის კეთებაში დაეხმარებათ.
იმისათვის, რომ მიზანი გვქონდეს, თანაც ძალიან ცხადი და ძალიან სასურველი საჭიროა, ის სწორად შევარჩიოთ, ხშირი და ხმამაღალი დეკლარირება გავუკეთოთ, დავწეროთ და ჩავწეროთ ყველგან, სადაც მას ხშირად ვნახავთ და გაგვახსენდება.
მიზნის სწორად შესარჩევად ვნახოთ რას ვაკეთებთ, რა გამოგვდის განსაკუთრებით კარგად და რისი კეთება გვანიჭებს ყველაზე მეტ სიამოვნებას (ძალიან სასურველია ეს საქმიანობა სხვებისთვისაც სასარგებლო იყოს). შევაფასოთ რა ვადაში, რა რაოდენობის მიღწევის შემთხვევაში ჩავთვლით, რომ ტყუილად არ დავკარგეთ დრო და რომ ამისთვის ამ წლების ცხოვრება ღირდა. კარგია, თუ ეს მიზანი ისეთი იქნება, რომელიც ლამაზი იქნება სათქმელად, ადვილი დასამახსოვრებლად და სხვებისთვის გადასაცემად.
უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მეტს მოვუყვეთ ჩვენი მიზნის შესახებ და რაც შეიძლება ხშირად. განსაკუთრებით ახლობლებს და მეგობრებს. ვთქვათ, რომ ამ მიზანს ვისახავთ და გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ მის მისაღწევად. რაც უფრო ბევრს ეცოდინება ჩვენი მიზანი, რაც უფრო მეტს მოვუყვებით მის შესახებ, მით უფრო დიდი იქნება ჩვენში მისი მიღწევის სურვილი და პასუხისმგებლობა.
და ბოლოს, კარგი იქნება ჩვენი მიზანი გვხვებოდეს ყველგან, სადაც ხშირად გვიწევს ყურება, იქნება ეს ჩვენი კომპიუტერის ეკრანი, კედელი ჩვენი საწოლის პირდაპირ, სამუშაო მაგიდა, სამუშაო რვეული. ფანჯარა სამზარეულო ან სამუშაო მაგიდასთან. რაც უფრო მეტგან ეწერება ჩვენი მიზანი, მით უფრო ნაკლებ წუთს გავატარებთ მასზე ფიქრის გარეშე, მით მეტად გამოვიყენებთ დროს და მით მეტად მივუახლოვდებით თვითონ მიზანს.
მიზანი იმისათვის არ არის საჭირო, რომ მას აუცილებლად მივაღწიოთ. ის შეიძლება იცვლებოდეს წლიდან წლამდე, ეტაპიდან ეტაპზე. მიზანი უფრო მეტად იმისთვის გვჭირდება, რომ აქტიურად, საინტერესოდ ვიცხოვროთ, ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ და ერთი დღეც კი არ დავკარგოთ ისე, რომ საღამოს იმაზე ფიქრმა დაგვამძიმოს, რატომ გავუშვით კიდევ ერთი დღე ხელიდან.
ალბათ არაფერი არ იქნება უფრო მძიმე ცხოვრების ბოლოს, ვიდრე იმაზე ფიქრი, თუ რამდენი შეგვეძლო და არ გავაკეთეთ, რისთვის შეგვეძლო მიგვეღწია და ვერ მივაღწიეთ, რამდენი დრო დავკარგეთ უქმად, უმიზნოდ. შეგრძნება, როცა ხვდები ხელიდან გაშვებულის, დაკარგულის და მიუღწეველის მნიშვნელობას და აღარაფრის შეცვლა აღარ შეგიძლია.
p.s. ეს სტატია, პირველ რიგში, ორგანიზაციებს ეძღვნება. ის, რაც მასში ადამიანებთან და მათ მამოძრავებელ მიზნებთან დაკავშირებით არის ნათქვამი არანაკლებ მნიშვნელოვანია (თუ უფრო მეტად არა) ორგანიზაციებისათვის. მენეჯმენტი, რომელიც ხედავს განსხვავებას ორგანიზაციებს შორის, რომლებსაც ასეთი მიზანი აქვთ და რომლებსაც ის არა აქვთ, დიდ დროს და ენერგიას ხარჯავს იმაზე, რომ სწორად შეარჩიოს მთავარი მიზანი, ხმამაღლა გაუკეთოს მას დეკლარირება და მერე თავის თავს და თანამშრომლებს ხშირად შეახსენოს რისთვის ვმუშაობთ, რისთვის მოვდივართ სამსახურში ყოველდღიურად.
სტატია შესულია სინერჯი ჯგუფის VI წიგნში “ორგანიზაციული პერპეტუმობილე“. წაიკითხეთ ეს წიგნი და აღმოაჩინეთ გზები როგორ გახადოთ თქვენი ორგანიზაცია უფრო პროდუქტიული.
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
2 კომენტარი სტატიაზე “მამოძრავებელი მიზანი”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
5 ივნისი, 2012 18:17
სტატიამ შემდეგი ფრაზა გამახსენა:
IF MONEY IS YOUR HOPE FOR INDEPENDENCE YOU WILL NEVER HAVE IT. THE ONLY REAL SECURITY THAT A MAN WILL HAVE IN THIS WORLD IS A RESERVE OF KNOWLEDGE, EXPERIENCE, AND ABILITY.” HENRY FORD
9 დეკემბერი, 2015 00:32
ძალიან მაგარი სტატიაა! მერამდენედ მაქვს ალბათ წაკითხული და სულ იწვევს აღფრთოვანებას..