რატომ არის ყველაზე მეტად მომგებიანი ზარალიანი კომპანიების ყიდვა
სტატიის ავტორი: პაპუნა ტოლიაშვილი
9 ივლისი, 2018 | წაკითხულია 46 040-ჯერ
ისტორია მეორე, სტატია მეექვსე: სინერჯის კაპიტალის პარტნიორები – სტერეოტიპის რღვევა, რომ ზარალიან კომპანიებს ფასი არ აქვს.
წინა სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
ზარალიანი კომპანიის ყიდვა, თუ რა თქმა უნდა დეტალურად გაქვს შესწავლილი ზარალის გამომწვევი მიზეზები და ზუსტად იცი რა უნდა გააკეთო, კომპანია რომ მომგებიანი გახადო, ყველაზე სწორი ინვესტიციაა “სინერჯის კაპიტალის პარტნიორებისთვის” და მსგავსი ტიპის კომპანიებისთვისაც ალბათ. ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვყიდულობთ ორგანიზაციებს, ვცდილობთ გავუზარდოთ მათ ღირებულება, ახალ-ახალი ადამიანები მოვიწვიოთ ამ ორგანიზაციებში ინვესტიციების გასაკეთებლად, და საბოლოოდ თითოეული მათგანისთვის ეს ინვესტიცია ძალიან მომგებიანი უნდა გავხადოთ. ამ საქმისთვის სწორი, ხშირ შემთხვევაში სწორედ ზარალიანი კომპანიების პოვნა, შეფასება, შერჩევა საბოლოო წარმატების განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ორგანიზაცია ყველაზე კარგი აქტივია, რომელსაც შეიძლება ადამიანი ფლობდეს, ვინაიდან, ის ერთადერთი პროდუქტია, რომელსაც შეუძლია თვითონ გაუზარდოს თავის თავს ღირებულება და თანაც 2-ჯერ, 5-ჯერ, 10-ჯერ, 100-ჯერ და მეტადაც. ამას ისიც ემატება, რომ იყო მონაწილე წარმატებული, სხვებისთვის ბევრი სარგებლის მომტანი საქმის, თავისთავადაც დიდი სიამოვნებაა. ამ საკითხზე რამდენადაც ცალკე სტატია გვაქვს დაწერილი (იდეალური აქტივი), საუბარს დეტალურად აღარ გავაგრძელებთ, მაგრამ რა უპირატესობა აქვს სწორედ ზარალიანი კომპანიების წილში შესვლას, ეს საკითხი შესაძლოა ბევრი დაინტერესებული ადამიანისთვის აღმოჩნდეს საინტერესო.
მომგებიანი კომპანიის გაყიდვას ყველა ერიდება ჩვენთან, და მაშინაც კი თუ კაპიტალის დამატება აუცილებელია მომგებიანი ორგანიზაციები ცდილობენ ამას გვერდი აუარონ რატომღაც, ოღონდ როგორმე კაპიტალში წილების სტრუქტურა შეინარჩუნონ. მაგრამ მაინც თუ გადაწყვიტეს გაყიდვა კიდევ უფრო კარგად უნდა ანალიზის გაკეთება ორგანიზაციის ფინანსებს, განსაკუთრებით კი შემოსავლებს რამდენად ჯანსაღი და გრძელვადიანი საფუძველი აქვს, და რამდენად ადვილი იქნება მისი არათუ ზრდა, არამედ შენარჩუნებაც. ვინაიდან ჩვენთან ძალიან ხშირად შემოსავლები, გაყიდვები, ძალიან არის დამოკიდებული პირად კავშირებზე და სუბიექტურ ფაქტორებზე და ასევე ხშირად ამ შემოსავლების შენარჩუნების საფუძველი ძალიან მყიფეა.
მეპატრონეები მომგებიან ორგანიზაციას ძირითადად მხოლოდ იმ შემთხვევაში ყიდიან, თუ ამ კომპანიაში ან მომგებიანობის შემცირების საფრთხეებს ხედავენ, ან მინიმუმ, ყველაზე კარგ შემთხვევაში მნიშვნელოვან ზრდას მაინც აღარ ელოდებიან. მხოლოდ გამონაკლისებია ისეთი შემთხვევები, როდესაც მეპატრონე სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმის გამო მზარდი მომგებიანობის კომპანიის წილის ან მთლიანად გაყიდვას წყვეტს.
აი ასეთ შემთხვევაში კი ფასი, რომელსაც მეპატრონეები მომგებიან ორგანიზაციას ადებენ, მინიმუმ ორმაგია ალბათ იმასთან შედარებით, რაც ეს ორგანიზაცია ღირს, ვინაიდან ფასში შეყავთ როგორც მომგებიანობის განმსაზღვრელი ყველა ფაქტორი (ბრენდი, კადრები, პროცესები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ა.შ.), ასევე თვითონ ეს მოგება და ცდილობენ მისი ღირებულება კიდევ ცალკე გადაგახდევინონ. რაც უდიდეს შემთხვევებში ამ შეთანხმებას პერსპექტივას უკარგავს.
ამას ემატება ისიც, რომ წილში შესვლის შემთხვევაში მენეჯმენტს მიმღებლობა შენიშვნებზე, სტრატეგიულ და ორგანიზაციული განვითარების წინადადებეზე გაცილებით დაბალია და დიდხანს მოგიწევს იმის მტკიცება, რომ უფრო მეტიც შეიძლება და რომ არსებული შედეგები შესაძლებლის მაქსიმუმი არ არის. თუმცა ალბათ ხშირ შემთხვევაში უშედეგოდ.
ზარალიანი კომპანიების შემთხვევაში კი სიტუაცია რადიკალურად საპირისპიროდაა ჩამოთვლილიდან თითქმის ყველა ასპექტში:
დამფუძნებლებიდან უმეტესობას, თუ ყველას არა, გამომდინარე იქიდან, რომ ზუსტად არ ესმის ზარალის მიზეზები და შესაძლოა ძალიანაც არ სჯერა მისი აღმასრულებელი მენეჯმენტის, რომელიც ამ მიზეზების ახსნას ცდილობს, ერთი სული აქვს ეს კომპანია, მისი პირადი წილი ამ კომპანიაში რაც შეიძლება მალე გაყიდოს. ზარალიანობა, როგორც მოურჩენელი ავადმყოფობა ისე აღიქმება ძალიან ბევრი ადამიანის, და რაც ყველაზე ცუდია მესაკუთრეების თვალში, რომლებიც ამას არა როგორც გამოსასწორებელ ამოცანას, არამედ როგორც დამდგარ შედეგს და ორგანიზაციის დამღას ისე უყურებენ.
რადიკალურად განსხვავებულია დამოკიდებულება ფასთან მიმართებაშიც. რატომღაც კომპანიის მესაკუთრეების დიდი ნაწილი თვლის, რომ ზარალიან კომპანიას ფასი არ აქვს, რომ ძალიან უხერხულია როგორც მის ღირებულებაზე ლაპარაკი, ისე ვაჭრობა მისი ფასის გარშემო. რაც ასევე ძალიან მცდარი შეხედულებაა. თუმცა ეს ძალიან საინტერესოს ხდის ზარალიანი კომპანიის შესყიდვას როგორც პროდუქტისას, რომლის ღირებულების განმსაზღვრელი ყველა ფაქტორი და კომპონენტი მნიშვნელოვნად, რადიკალურად, ჩამოფასებულია.
ძირითადი საშუალებებიც კი, რომელიც მისი ღირებულების გარკვეული დისკონტირების მერე მაინც შეიძლება კომპანიის ფასის მნიშვნელოვანი მდგენელი გახდეს, ვეღარ ახდენს დიდ გავლენას ფასზე და ისიც კი საკმაოდ ჩამოფასებული ღირებულებით გაითვალისწინება, თვითონ მესაკუთრეების მხრიდანაც მათ შორის. აღარ არის საუბარი ბრენდზე, როგორც მნიშვნელოვან აქტივზე, ადამიანებზე, ტრადიციაზე, ღირებულებებზე, საინტერესოდ გადაწყვეტილ პროცესებზე, რაც სავარაუდოდ ბევრ ასეთ კომპანიას კი აქვს, მაგრამ მნიშვნელოვნად ჩამოფასებულია ზარალის არსებობის შემთხვევაში. “ნუ რაზეა საუბარი ჩვენ გვესმის, რომ ორგანიზაცია ზარალზეა” – ხშირად გაიგებთ მეპატრონეებისგან კომპანიის ღირებულებაზე საუბრისას. არაკეთილსინდისიერი მყიდველებისთვის ეს კიდევ უფრი ბევრ შესაძლებლობებს ქმნის სავაჭროდ და მინიმალური ფასის გადახდისთვის.
საინტერესოა ისიც, რომ ზარალიანი კომპანიების ყიდვისას, წილში შესასვლელად, არავის არ აქვს როგორც წესი მოლოდინი, რომ რამე თანხას გაიტანს იქიდან. ნებისმიერი თანხა, რაზეც შეიძლება მეპატრონეებს ელაპარაკო, შეიძლება განიხილო როგორც კომპანიაში შენატანი, რომელიც თავისთავადაც ზრდის კომპანიის ღირებულებას. მაშინ როდესაც მომგებიან კომპანიაში გადახდილი თანხა უმრავლეს შემთხვევებში ორგანიზაციაში არ რჩება და მესაკუთრეებისთვის გადახდილ წილის გამოსყიდვის ღირებულებას წარმოადგენს. ესეც არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი, რატომ სჯობს ზარალიანი კომპანიის ყიდვაზე აქცენტის გაკეთება მომგებიანთან შედარებით.
როდესაც ჩვენ ზარალის მიზეზებს ვსწავლობთ და ვაფასებთ, ძალიან ხშირ შემთხვევაში მას სწორედ საბრუნავი სახსრების, სამუშაო კაპიტალის ნაკლებობა იწვევს, რა დროსაც კომპანიის წილში შესვლა იმ პირობით, რომ წილში გადახდილ სახსრებს კომპანიაში დატოვებ, ავტომატურად უკვე მომგებიანი კომპანიის ზარალიანის ფასში შეძენას ნიშნავს ყველანაირი დამატებითი რეორგანიზაციების და სხვა ტიპის ძალისხმევის გაწევის გარეშეც. ეს ყველაზე სარფიან შეძენად შეიძლება ჩაითვალოს, ვინაიდან ასეთი ტრანზაქციიდან მესამე თვეს იგივე კომპანიის ან მისი წილის მინიმუმ ორჯერ უკეთეს ფასში გაყიდვა ძალიან ადვილად შეიძლება თუ მიხვდები ვის უნდა ელაპარაკო მაგ საკითხზე.
რა თქმა უნდა ზარალის არსებობა კიდევ უფრო მეტ მოტივსაც აჩენს დამატებითი კითხვების დასასმელად და მენეჯმენტიც უფრო მეტ დროს ხარჯავს, რომ ზარალის გამომწვევი მიზეზები დეტალურად ახსნას. ამ გარემოების გამოყენება ძალიან კარგად შეიძლება კომპანიის უფრო საფუძვლიანი დიაგნოსტირებისთვის, მენეჯმენტის გუნდის, მათი ხედვების, ყველა იმ ხელმოსაჭიდის გამოვლენისა და შეფასებისთვის, რაც ამ ორგანიზაციის შესაძლებლობებს და ღირებულებას რეალობაში მნიშვნელოვნად ზრდის. ამაზე მომგებიან კომპანიაში მენეჯმენტის მოტივაცია, რომ მოგიყვეს და გელაპარაკოს საერთოდ ამ თემაზე ძალიან დაბალია, ვინაიდან ისინი ცდილობენ შენი, როგორც მყიდველის მოტივაცია კიდევ უფრო შეამცირონ ან მინიმუმ აღარ გაზარდონ.
ზარალიანი კომპანიის დიაგნოსტირებისას მენეჯმენტის გუნდის წევრებს ძალიან ბევრი შეგიძლია ელაპარაკო გეგმებზე და ისინი ყველა ასპექტს დაგანახებენ იმის, თუ რისი გაკეთება შეიძლება არა მარტო ზარალიდან ამოსასვლელად, არამედ საშუალო და გრძელვადიანი განვითარებისთვის. მენეჯმენტის და თანამშრომლების მოტივაცია, რომ კომპანიაში ახალი ვიღაცა შევიდეს იმდენად დიდია, რაზეც კი უფიქრიათ, უსაუბრიათ, უცდიათ, მაგრამ ვერ გაუკეთებიათ რამე მარტივი მიზეზების გამო, ყველაფერზე ამომწურავად გიყვებიან და გელაპარაკებიან. ძალიან ბევრი იმ ნაბიჯებიდან, რაც წილის ყიდვისთანავე და შემდეგში არის გასაკეთებელი ორგანიზაციის განვითარებისთვის ძალიან ცხადად ჩნდება ზარალიანი კომპანიის დიაგნოსტირებისას. საჭიროა უბრალოდ შესაბამისი კითხვები დასვა და ყურადღებით მოუსმინო პასუხებს.
****
ის, რომ კომპანია ზარალზეა მისი უფრო დეტალური და საფუძვლიანი დიაგნოსტირების მოტივებსაც ზრდის და შესაძლებლობებსაც. მთელი ორგანიზაცია შენს გვერდით დგება და ცდილობს ყველა ხელმოსაჭიდი დაგანახოს, გეხმარებიან გეგმის გააზრებაში, დაპირებებს გაძლევენ, რომ მაქსიმალურად დაგეხმარებიან გამოყვანაში და უბრალოდ მხოლოდ ერთს ითხოვენ, რომ დაიჯერო. დაიჯერო, რომ მათი დახმარებით ამის გაკეთება შეიძლება.
და თუ ამ ზარალში დამფუძნებლებს შორის არსებულ გაუგებრობებსაც აქვს მიზეზი, ან მათი მენეჯმენტთან ურთიერთობა, არასწორი მეთვალყურეობა გახდა ზარალის გამომწვევი გარემოება, მაშინ შენი მისვლით ძალიან ბევრ აქტივს მალე შეიძლება დაუბრუნდეს ღირებულება, რომელსაც უმნიშვნელო ან ადვილად აღმოსაფხვრელი ზარალი ასე მნიშვნელოვნად უკარგავს ღირებულებას.
სინერჯის კაპიტალის პარტნიორებზე მომდევნო სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
17 თებერვალი, 2020 21:30
[…] მომდევნო სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს. […]