ის, რის გამოც ორგანიზაციები არსებობენ
სტატიის ავტორი: პაპუნა ტოლიაშვილი
12 აგვისტო, 2009 | წაკითხულია 2 806-ჯერ
მაგრამ საკმარისია ის ცხადი გახდეს, მივხვდეთ, დავინახოთ და შევიგრძნოთ და ყველაფერი ბევრჯერ უფრო სწრაფად იწყებს მოძრაობას, ბევრად უფრო ეფექტურად და მიზანმიმართულად იხარჯება რესურსები და მიიღება გადაწყვეტილებები.
მისია თავისთავად არსებობს, გვინდა თუ არა, ვიცით თუ არა, გვესმის თუ არა მისი მნიშვნელობა. ის ჩნდება და ვითარდება ორგანიზაციასთან ერთად, ყოველდღიურად ახდენს გავლენას გადაწყვეტილებებზე, მოქმედებებზე, რესურსების მართვის პროცესზე. ცუდი ისაა, რომ ხშირად ის ქვეცნობიერად არსებობს, ქვეცნობიერად გვმართავს და ქვეცნობიერადვე მონაწილეობს ჩვენი ორგანიზაციების განვითარებაში. ამის გამო ბევრი გადაწყვეტილების მიღება რთულია, თვითონ გადაწყვეტილებები კი არაკოორდინირებული, ბევრი რესურსი ფუჭად იხარჯება, დელეგირება რთულდება, ხან ერთ მხარეს მიაწყდება მენეჯმენტი, ხანაც მეორეს. იგი მიდის წინ, მერე ისევ უკან ბრუნდება, მერე მარჯვნივ მოსინჯავს, მერე მარცხნივ და ასე უაზროდ იხარჯება და იკარგება ბევრი დრო, შესაძლებლობა. ორგანიზაციის სხვადასხვა ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირება ჭირს და ხშირად უბრალოდ ძნელია გაერკვე, რას ვაკეთებთ, საით მივდივართ, რა გვინდა.
თუმცა მერე ისევ მისია იწყებს მოქმედებას, ხშირად გაუთვითცნობიერებლად, გარემოდან, ტრადიციებიდან, ძველი გამოცდილებიდან გამომდინარე ისევ ვუბრუნდებით ძირითად გზას, კალაპოტს, ისევ შესაბამისობაში მოგვყავს ჩვენი მოქმედება ერთ საერთო ორიენტირთან. ხშირად ასე ჩვენდაუნებურად ვაკეთებთ რაღაცა ღირებულს, რის გამოც საზოგადოება გვაძლებს საშუალებას, რომ დავრჩეთ, ვიარსებოთ და განვვითარდეთ მასთან ერთად.
მაგრამ საკმარისია მისია ცხადი გახდეს, მივხვდეთ, დავინახოთ და შევიგრძნოთ ის და ყველაფერი ბევრჯერ უფრო სწრაფად იწყებს მოძრაობას, ბევრად უფრო ეფექტურად და მიზანმიმართულად იხარჯება რესურსები, მიიღება გადაწყვეტილებები. ორგანიზაცია გაცილებით უფრო ეფექტიანი და თანმიმდევრული ხდება. ადამიანები გაცილებით ადვილად უგებენ ერთმანეთს, ხშირად უსიტყვოდ – ზედმეტი მსჯელობების და კამათის გარეშე. იმუხტებიან, ივსებიან ენერგიით და მონდომებით იწყებენ საერთო, მთავარი, ყველაზე ღირებული ფუნქციის უკეთ შესრულებას.
ადამიანები (როგორც მენეჯმენტი, ისე რიგითი თანამშრომლები) მისიის დანახვის შემდეგ მალევე ხვდებიან, რომ ეს ის არის, რასაც ორგანიზაცია სხვებისთვის აკეთებს, ხოლო მოგება ის – რასაც მისიის შესრულებისთვის ვიღებთ სანაცვლოდ. ცხადი ხდება, რომ მით უფრო მეტია მოგება, რაც უფრო ღირებულია საზოგადოებისთვის ჩვენი მისია და რაც უფრო უკეთესი ხარისხით ვასრულებთ მას. ამის მერე ცხოვრებაც ადვილდება, განვითარებაც. გადაწყვეტილებების მიღება ყველა დონეზე მარტივდება და ჩქარდება და რაც მთავარია, ყველა ერთი მთავარი მიმართულებით იწყებს მოქმედებას. ამის შემდეგად ფუნქციის შესრულების ხარისხი სწრაფად იზრდება, მატულობს ორგანიზაციის მიერ საზოგადოებისთვის შექმნილი სარგებელი, უმჯობესდება თვითონ ამ სარგებლის შექმნის უნარი, იზრდება მოგება, იზრდება ორგანიზაციის ღირებულებაც, უმჯობესდება ბრენდი და ყველაფერი ნელ-ნელა საკუთარ სახელს იძენს, კალაპოტში ჯდება და ორგანიზაციაც საათის მექანიზმივით იწყებს მუშაობას.
როგორ შეიძლება გამოვიცნოთ, მივხვდეთ მისიას, როგორ შეიძლება დავამკვიდროთ ის თანამშრომლებს შორის, როგორ შეიძლება ორგანიზაციის მთავარ მამოძრავებელ სტიმულად ვაქციოთ ის ყოველდღიურ ცხოვრებაში – ამის ცოდნა ბევრი ორგანიზაციისთვის, ახალი ცხოვრებით, საწყისი წერტილი ხდება. მისიის პოვნიდან იწყენა ეტაპი, რომელიც სულ სხვანაირად დაგანახებს გარემოს, შიდა სირთულეებს და ამოცანებს, მოგცემს საშუალებას იგრძნო, სად არის ყველაზე სუსტი ადგილები და მიგახვედრებს, რა უნდა გააკეთო მათი გამოცოცხლების, გაძლიერებისა და გაჯანსაღებისთვის.
როგორ გამოვიცნოთ ჩვენი მისია
„შევუქმნათ ადამიანებს საუკეთესო არქიტექტურული გარემო უკეთ ცხოვრების, მუშაობისა და დასვენებისთვის“ – ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი დეველოპერი საქართველოში.
„დავეხმაროთ ადმიანებს მაღალი ხარისხის სამედიცინო საშუალებებით ჯანმრთელობის აღდგენაში, შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში” – ერთ-ერთი ლიდერი ფარმაცევტული კომპანია.
„კლიენტების მაღალი კმაყოფილების მიღწევის გზით სტაბილურად გავზარდოთ ჩვენი ბანკის ღირებულება“ – ერთ – ერთი წამყვანი ბანკი.
„ჩავაყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები ქართული საზოგადოების სამსახურში“ – ერთ-ერთი წამყვანი IT კომპანია საქართველოში.
„მოვახდინოთ ინტერნეტის დემოკრატიზაცია, ხელმისაწვდომი და სასარგებლო გავხადოთ ის, რაც შეიძლება მეტი ოჯახისთვის, ყოველდღიურ ცხოვრებაში“ – ერთ-ერთი ქართული ინტერნეტ პროვაიდერი.
ამ ორგანიზაციებმა მეტნაკლებად ცხადი მისიები ამ 6-7 წლის წინათ აღმოაჩინეს, რამაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა. ამ წლების განმავლობაში, როგორც მოახერხეს, ეცადნენ სულ უფრო უკეთ შეესრულებინათ მათი მთავარი ფუნქცია. გამოირჩნენ სხვებისგან, უფრო ღირებულნი გახდნენ გარემოსთვის და უფრო სასარგებლონი კლიენტებისთვის. წლების განმავლობაში მისია კვებავდა მათ მოტივაციას, სტიმულს აძლევდა მათში შემოქმედების უნარას.
თითქმის ყოველთვის ძალიან რთულია მისიის პოვნა, მაგრამ ეს ძალიან საინტერესო პროცესია. ხშირად უფრო საინტერესო, ვიდრე თვითონ შედეგი. თითქოს ახლიდან სწავლობ შენს ორგანიზაციას, აფასებ მისი საქმიანობის მიმართულებებს, ცდილობ, სინთეზურად დაინახო ის მთავარი, რომელიც ორგანიზაციაში ყველაფერს ღირებულს იქვემდებარებს და საერთო მიზნად, თუ ფუნქციად ეფარება. ამ ქუდის დანახვა რთულია ხანგრძლივი მსჯელობების, განხილვების გარეშე. არის მომენტები, როცა გგონია, რომ მიხვდი, რაციონალური არგუმენტები აღარ გაქვს იმისათვის, რომ ახალი ვარიანტის ძებნა განაგრძო, მაგრამ, სინამდვილეში, მისიის პოვნამ თუ შინაგანი სიმშვიდე და ამავე დროს დიდი მუხტი არ მოიტანა, დაუყოვნებელი მოქმედების სურვილი არ გააჩინა, არ უნდა შეწყვიტო, უნდა განაგრძო ძებნა.
ჩვენ როცა ამას ვინმესთვის ვაკეთებთ, მხოლოდ მენეჯმენტის ყველაზე გავლენიან და გამოცდილ წევრებს ვრთავთ ამ პროცესში. ეს ის შემთხვევაა, როცა ბევრი ადამიანის მონაწილეობა შეიძლება, არათუ ნაკლებად ღირებული იყოს, არამედ, საერთოდ ვერანაირ შედეგამდე ვერ მიგიყვანოს. მისიაზე მუშაობა არ ნიშნავს მის მოფიქრებას. ეს არის გამოცნობა, მიხვედრა და ამიტომ მხოლოდ ის ხალხი უნდა იღებდეს მონაწილეობას, ვინც ყველაზე უკეთ გრძნობს ორგანიზაციის ფუნქციას და დანიშნულებას.
ამ ადამიანების განსაზღვრა, მათთან ჯერ ინდივიდუალური საუბარი ორგანიზაციაზე, მისი განვითარების განვლილ მთავარ ეტაპებზე, მის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, მის ძირითად და დამხმარე ფუნქციებზე, მერე ამ საუბრების შეჯერება, შედარება, ანალიზი გვაძლევს საშუალებას – დავწეროთ 3-5 (არაუმეტეს) შინაარსობროვი ალტენრანიტივა იმისა, საიდანაც ერთი ან ორი გახდება საფუძველი მისიის საბოლოო ფორმულირებისთვის.
ამის მერე იწყება ძალიან აქტიური, ხშირად ცხარე კამათი იმაზე, თუ რომელი ფუნქციაა უპირატესი, რომელი დანიშნულებაა ყველაზე ძირეული, რომელი ფუნქცია რომელს ემსახურება, რის გარეშე შეიძლება ჩვენი ორგანიზაცია არსებობდეს და რის გარეშე წარმოუდგენელია მისი ყოფნა. ნელ-ნელა ასეთ მსჯელობაში იბადება ის მთავარი აზრი, რომელიც ყველა დანარჩენს იქვემდებარებს. მონაწილეები ხვდებიან, რისთვის მუშაობდნენ ამდენი წელი, რას ესწრაფვოდნენ, რა სარგებელს ქმნიდნენ, რატომ არსებობდნენ საერთოდ. მაშინ ხვდებიან, რამდენჯერ აცდნენ მისიას და რა შედეგები მიიღეს აქედან. იხსენებენ, როგორ ბრუნდებოდნენ უკან და როგორ იწყებდნენ ყველაფერს თავიდან. მენეჯერებს ბევრად უკეთ ესმით საკუთრი ორგანიზაციის პულსი, გაცილებით უფრო შინაური ხდება ის, რაც ისედაც ძალიან ნაცნობი და თავისი ეგონათ ამდენი ხნის განმავლობაში.
ალტერნატივების დალაგებას მოყვება შინაარსის სიცხადე, ცხად შინაარსს მოყვება ფორმულირებაზე მუშაობა. ფორმულირება ნელ-ნელა იხვეწება, იწმინდება ყველაფერი ზედმეტისაგან და საბოლოოდ ძალიან ლაკონურ, ცხად და ერთაზროვან სახეს იღებს. ფორმას, სადაც ყოველი სიტყვა მნიშნელოვანია, სადაც მათი თანმიმდევრობის უმნიშვნელო ცვლილებაც კი შინაარსში რადიკალურ ცვლილებას იწვევს. წინადადება ბოლომდე გამოწურულია, ის ცხადი, ადვილად დასამახსოვრებელი, ადვილად აღსაქმელი, გასაგები და გადასაცემი ხდება. ყოველ შემთხვევაში, რაც უფრო ასეთია მისია, მით უფრო ქმედითია მისი ძალა ორგანიზაციის ყოველდღიურ მართვასა და განვითარებაში.
როგორ დავამკვიდროთ მისია
მისიის გამოცნობა ერთი ამოცანაა, მაგრამ მისი მართვის ქმედით ინსტრუმენტად გადაქცევა არანაკლებ რთული და მნიშვნელოვანია ორგანიზაციისთვის. მისიას, რომელიც მენეჯმენტის გარდა არავინ იცის, არავის ესმის, ვერავინ ხვდება კიდევ უფრო ბევრი გაუგებრობების გამოწვევა შეუძლია, ვიდრე საერთოდ მის არ არსებობას.
მისიის დამკვიდრება დეკლარირებით იწყება. და რაც უფრო ხმამაღლა, აქტიურად გავაკეთებთ ამას, მით უფრო ადეკვატური იქნება მოლოდინი ჩვენი შემდგომი ქმედებების მიმართ, მით უფრო დიდი იქნება პასუხისმგებლობა, რომელსაც მენეჯმენტი იღებს ყველა შემდგომ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. რაც უფრო აქტიურად და ხმამაღლა ხდება მისიის დეკლარირება, მით უფრო ძნელია მერე ყოველდღიურ ცხოვრებაში გვერდი აუარო, გამონაკლისები გააკეთო, გადაუხვიო გამოცხადებული დანიშნულებისგან. იფიქრო რაღაცაზე, რომელიც მისი ნაწილი არ არის და მას არ ემსახურება. მისიის დეკლარირებით მენეჯმენტი აიძულებს საკუთარ თავს, არ აყვეს ცდუნებას ყოველდღიურ ცხოვრებაში და უფრო სწრაფი მოგების, ან სხვა შედეგის მიღების წყურვილით რამე მნიშვნელოვანი არ გააფუჭოს, გრძელვადიანი არ დააზიანოს.
დეკლარირება მნიშნელოვანია კლიენტებთან, პარტნიორებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობას. ხშირად ეს სპეციალური მემორანდუმის, დეკლარაციის სახით ხდება, რომელიც იბეჭდება და იგზავნება. იგი საიტზე იდება, ოფიციალურ სატიტულო ბლანკებს, სხვადასხვა საიმიჯო ატრიბუტიკას ეწერება. ასე ეს მთავარი წინადადება სწრაფად ვრცელდება და რაც უფრო სწრაფად, მით უფრო ადრე იწყებს მენეჯმენტიც და ყველა, ვინც ორგანიზაციის სახელით მოქმედებს მისით ხელმძღვანელობას.
დეკლარირებას მოყვება აქტიური კომუნიკაცია თანამშრომლებთან. მენეჯმენტი (და არა მხოლოდ საკადრო სამსახურის ხელმძღვანელობა) დადის, ხვდება თანამშრომლებს მცირე ჯგუფებად, განსაკუთრებულად მნიშნელოვან პირებს ინდივიდუალურადაც და დეტალურად უხსნის, რას ნიშნავს ეს მისია, რატომ არის ის ასე მნიშვნელოვანი ამ ორგანიზაციისთვის, რას ავალდებულებს ის მუშაკებს სხვადასხვა პოზიციაზე. ეს, ერთის მხრივ, ხელს უწყობს მის სწრაფად აღქმას, მეორეს მხრივ თვითონ მენეჯმენტს ეხმარება, კარგად დაინახონ, გაიაზრონ, დაიმახსოვრონ ყოველი სიტყვა, მასში გადმოცემული მთავარი იდეა.
აქტიური კომუნიკაციის შემდეგ მნიშვნელოვანი ხდება მისი პერიოდული შეხსენება, პლაკატები გამოსაჩენ ადგილებზე, სამაგიდო დასადგამები, სამახსოვროები თანამშრომლებისთვის, რაც ეხმარება ყოველთვის თვალწინ ჰქონდეთ, ახსოვდეთ და ფიქრობდნენ მასზე. ეს მისიას ყოველდღიურ სუნთქვას შესძენს, აქტიურს, ქმედითს და ეფექტურს გახდის მას.
შედეგად ადამიანები მიხვდებიან, იგრძნობენ მისიას და დაიწყებენ მისით ხელმძღვანელობას. ეს კი ზედმეტი კოორდინაციის, კომუნიკაციის გარეშეც შეთანხმებულს გახდის მათ მოქმედებას, მობილიზებულს ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე სასიცოცხლო მიზნისაკენ მთავარი ფუნქციის, დანიშნულების შესასრულებლად.
სტატიის ნახვა შესაძლებელია სინერჯი ჯგუფის IV წიგნში “მენეჯერის ბრძოლა წარმატებისთვის” | ბმული
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს