როგორ ვიმუშაოთ უკეთესად
სტატიის ავტორი: სალომე ჟორჟოლიანი
30 სექტემბერი, 2009 | წაკითხულია 4 663-ჯერ
„გაზაფხულის მშვენიერი საღამო. მზე ანათებს. ჰაერიც სასიამოვნოდ თბილია. სამსახურში დამაწინაურეს. ახალ თანამდებობაზე გადამიყვანეს, ანაზღაურება მომიმატეს და ახალი მანქანაც შევიძინე. ჩემი პატარა შვილიც დღითიდღე იზრდება და გული სიამაყით მევსება მისი შემხედვარე. ისეთი დღე არის, რომ მე ოჯახთან ერთად შემიძლია წავიდე სადმე, მაგალითად პიკნიკზე ქალაქგარეთ, ან ბუნებაში, ან სადმე სხვაგან… ამის სანაცვლოდ ვზივარ გზის განაპირა მხარეს, თავბრუ მეხვევა, კუჭი მტკივა და გული მერევა…ჩემი ცხოვრება სწრაფად და ხშირად იცვლება.“
რატომ მერეოდა გული? საქმე იმაში იყო, რომ ძალიან მცირე დროში ძალიან ბევრი ცვლილება გადავიტანე. ახლა ვიცი, ის რაც არ ვიცოდი მაშინ, ვიმყოფებოდი პროფესიული სტრესის ზემოქმედების ქვეშ და არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა ამასთან დაკავშირებით…
პროფესიული სტრესი რთული მოვლენაა საქმიანი ადამიანის ცხოვრებაში. ეს არის სამუშაოსთან დაკავშირებული ზემოქმედება ადამიანზე. უფრო მეცნიერული ტერმინებით კი, პროფესიული სტრესი არის ადამიანის უნივერსალური რეაქცია განსხვავებული სახის გამღიზიანებელზე.
ორი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ უნდა დავუთმოთ ამდენი ყურადღება და დრო ამ სტატიას:
1) განსაკუთრებით საყურადღებო შეიძლება იყოს მენეჯერებისთვის ყველა ის ფაქტორი, რომელიც თანამშრომლებში პროფესიულ სტრესს, უკმაყოფილებას და არაპროდუქტიულ მუშაობას იწვევს
2) დაქირავებული თანამშრომლებისთვის ღირებული იქნება იმისი ცოდნა, თუ რატომ შეიძლება აღმოჩდნენ პროფესიული სტრესის გავლენის ქვეშ და როგორ უნდა მართონ ის.
ალბათ თითოეულ თქვენთაგანს აინტერესებს მთავარი კითხვა,- მაშ, რა არის სტრესის მიზეზი? რა იწვევს მას?
ფაქტორებს, რომელიც იწვევს ადამიანში უარყოფით განცდას, ეწოდება სტრესორი. იგი გამოიხატება შემდგომში ადამიანის გაქცევის ან შეგუების რეაქციით. სწორედ სტრესორები იწვევენ ჩვენში სტრესს. თითოეული ფაქტორის ზემოქმედება კი განაპირობებს დაუყოვნებლივ ფიზიკურ რეაქციას ჩვენგან – ჩვენ ან ვრეაგირებთ როგორღაც, ან ვეგუებით ამ ზემოქმედებას .
სტრესორების სია ძალიან დიდია. ცხორების მანძილზე ვეჯახებით სხვადასხვაგვარ ზემოქმედ ფაქტორს, მათ შორის სამუშაო ადგილზე:
- სოციალური ფაქტორები (რასიზმი,ეკოლოგიური პრობლემები, კრიზისი, პოლიტიკური ვითარება და ა.შ.).
- ფიზიკური ფაქტორები (დაბინძურებული გარემო, ხმაური, კლიმატი, ტოქსიკური ნივთიერებები, განათება, ოთახის დიზაინის და სხვა).
- ბიოლოგიური ფაქტორები (დაავადებები,ქიმიური დამოკიდებულებები,ძილის უკმარისობა, დღე-ღამური რიტმის ცვლილება).
- ფსიქოლოგიური ფაქტორები (ნერვოზები, ფიზიკური დაავადებები, შფოთვა, აღზნებადობა, თვითშეფასების პრობლემები და ა.შ.).
- პიროვნებათშორისი ( ოჯახური პრობლემები, მეგობრებთან და ახლობლებთან კონფლიქტები, ოჯახის წევრების სიკვდილი ან ავადმყოფობა, ფინანსური ან სამართებლივი პრობლემები და ა.შ.).
- სამუშაოსთან დაკავშირებული ფაქტორები(სამუშაო გრაფიკი, დავალება- დრო, სიჩქარე, დამოუკიდებლობა, კრეატულობა; ხელმძღვანელი და თიმის წევრები, გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა, შემცირება, დაწინაურება, ადგილის შეცვლა, ძალისხმევისა და დაჯილდოების შეუსაბამობა, გაზრდილი მოთხოვნილებები და მათი დაუკმაყოფილებლობა, არასაკმარისი ჩართულობა, როლური პრობლემები და სხვა).
ძალიან საყურადღებოა, რომ პროფესიული სტრესი არ არის მხოლოდ უსიამოვნო განცდის მიზეზი, ის იწვევს ჯანმრთელობის დარღვევასაც. როგორც მეცნიერებმა დაადგინეს ისეთი დაავადებები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, წნევის ცვლილება, კუჭის დაავადებები, დიაბეტი, კუნთების და ნერვული სისტემის ფუნქციონირების ცვლილება , ინფარქტი და სხვა სწორედ პროფესიული სტრესის გამო იჩენს თავს.
მაშ, როგორ ვმართოთ პროფესიული სტრესი, რათა შევძლოთ ჩვენზე გავლენის მომხდენ ფაქტორებზე რეაგირება მათი თავიდან აცილების მიზნით? საბედნიეროდ, ადამიანს შესწევს ძალა, მართოს სტრესი. თუმცა, ის ძნელი გამოსარკვევია, რადგან მუშაობის პროცესში ადამიანზე მოქმედებენ სტრესორები, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვს თვითონ სამუშაოსთან.
რჩევები პროფესიული სტრესის დასაძლევად:
- გამოიყენეთ რელაქსაციის პერიოდი, განიტვირთეთ ყველანაირი ფიქრისგან. დაისვენეთ ფიზიკურად, თუნდაც ცოტა ხნით- დაჯექით, განმარტოვდით
- მნიშვნელოვანია პროფესიული სტრესის თქვენეული აღქმა და შეფასება. მხოლოდ ის ფაქტორები იმოქმედებს თქვენზე ნეგატიურად, რომელსაც თქვენ უარყოფითად შეაფასებთ.
- თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებს.
- რაც შეიძლება ხშირად დაუსვით თქვენს თავს კითხვა-„რატომ ვმუშაობ“ და ჩამოწერეთ ყველა რეალური თუ აბსტრაქტული მიზეზი , რომელიც გაძევთ სტიმულს იმუშაოთ, ეს დაგეხმარებათ გაარკვიოთ თქვენი მოტივაცია, ღირებულება და მნიშვნელობა.
- ნურასოდეს იფიქრებთ, რომ გამოთქმა -„გააკეთებ-ცუდია, არ გააკეთებ-მაინც ცუდია“ თქვენ შეგეფერებათ. არ არსებობს თანამშრომელი, რომელიც, საბოლოოდ, დიდ როლს არ ასრულებდეს ორგანიზაციისთვის.
- დაწერეთ ყველა ის თუნდაც უმნიშვნელო ნიუანსი, რომლის კეთებაც ნამდვილად გსიამოვნებთ სამუშაოზე
- შეეცადეთ იქონიოთ ხშირი და რაც მთავარია, პოზიტიური კონტაქტი თანამშრომლებთან.
- არ წაიღოთ სამუშაო სახლში.
- სადილის დროს არ ილაპარაკოთ საქმეებზე.
- აღმოაჩინეთ რაიმე სასაცილო თქვენზე ზემოქმედ სტრესორებში.
- შეეცადეთ, ყველაფერი რეალურად დაინახოთ, ნუ მოირგებთ „დაჩაგრულის“ როლს.
- შეეცადეთ გაარჩიოთ მოთხოვნები-შესაძებლობები-სურვილები.
- მიუხედავად ყველაფრისა, ნუ იქნება სტრესი თქვენთვის ლოდივით მძიმე, თქვენ უნდა ისწავლოთ საკუთარი თავისა და ორგანიზმის კონტროლი.
სტატიის ნახვა შესაძლებელია სინერჯი ჯგუფის IV წიგნში “მენეჯერის ბრძოლა წარმატებისთვის” | ბმული
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს