როგორ ეკონომიკას ვაშენებთ
სტატიის ავტორი: პაპუნა ტოლიაშვილი
9 ნოემბერი, 2009 | წაკითხულია 3 217-ჯერ
“ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელიც რეგიონალური ეკონომიკური ლიდერი გახდება, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით იქნება გამორჩეული ეკონომიკის ლიბერალიზაციის დონით, გახსნილობითა და ბიზნესის კეთებისათვის საუკეთესო გარემოთი. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გახდეს რეგიონალური ფინანსური, სატრანსპორტო და ტურისტული ცენტრი. ასევე გვინდა, რეგიონალურ დონეზე გვინდა განვითარდეს ტელეკომუნიკაციები, ბიზნეს განათლება და ჯანდაცვის სფერო.
ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ბრენდი მსოფლიო დონეზე გახდეს ასოცირებული მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღ პროდუქციასთან, რაც ხელს შეუწყობს ექსპორტის განვითარებას სოფლის მეურნეობის და მსუბუქი მრეწველობის მიმართულებით.
გვინდა მიზანმიმართულად ვიმუშაოთ იმისათვის, რათა ქვეყანაში საუკეთესო პირობები შეიქმნას ცოდნაზე დაფუძნებული დარგების განვითარებისათვის, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენს ხალხს მისი მაღალი ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზაციაში.”
ეს განაცხადი, რომელიც ჩვენს ხელში შემთხვევით აღმოჩნდა, 2007 წლის სექტემბრის ბოლოს დამუშავდა ეკონომიკის სამინისტროში მაშინდელი მინისტრის და მისი მოადგილეების მიერ. ამ განაცხადის ფორმირებით დაიწყო მუშაობა სამინისტროს სტრუქტურული რეორგანიზაციის პროექტზე, რომლის დასრულებაც ვერ მოხერხდა მიტინგების, საკადრო გადაადგილებების და სხვა გარემოებების გამო.
თუმცა დარჩა განაცხადი, რომელიც, უდავოდ, იმსახურებს ყურადღებას, ანალიზს და შეფასებას. დარჩა ასევე იმ დროისათვის შერჩეული პრიორიტეტული ამოცანები და მათი გადაწყვეტის სამოქმედო გეგმა, რომელიც დიდ ნაწილში, ჩვენი აზრით, ახლაც არ კარგავს აქტუალურობას. ვფიქრობთ, კარგი იქნება ამ განაცხადის და მასთან დაკავშირებული სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის განხილვა და ანალიზი.
იმ დროისათვის სამინისტროს წინაშე მდგარ სტრატეგიულ ამოცანებად გამოიყო:
1. ექსპორტის ზრდა – რომლის მიღწევის მთავარ გზად „დამზადებულია საქართველოში“ პროექტის სწორი დაგეგმვა და მასშტაბური განხორციელება იყო მიჩნეული (თუმცა, ამასთან ერთად, იყო კიდევ სხვა ნაბიჯები ამ ამოცანის გადასაწყვეტად).
2. პრივატიზაციის პროცესის დაჩქარება, რაც იმ პერიოდისთვის არც თუ ნელა მიდიოდა, თუმცა ჯერ კიდევ რჩებოდა ათასობით საწარმო, რომლებიდანაც მიწა და მიტოვებული შენობები იყო დარჩენილი და რომლებიც ყოველდღიურად სულ უფრო ნიავდებოდა. მათი დიდი ნაწილი აღრიცხული და შესწავლილიც არ იყო. დიდი საპრივატიზაციო ობიექტებისგან განსხვავებით, რომელზეც ხელისუფლება თვითონ მუშაობდა აქტიურად, ამ მცირე საწარმოების გაყიდვისათვის სისტემა და აპარატი მზად არ იყო, რაც ბევრ პრობლემებს ქმნიდა ამ კუთხით.
3. რეგიონალური უპირატესობების გაძლიერება – სადაც იგულისხმებოდა იმ დარგების გამოვლენა, რომელშიც საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა – გამხდარიყო რეგიონალური ლიდერი, ამ დარგებში გლობალური ლიდერების შემოყვანის სტიმულირება, რათა მათ შემოეტანათ დარგის სწრაფი განვითრებისათვის საჭირო ფინანსები და ცოდნა.
4. ინვესტიციების შემდგომი ხელშეწყობა – სადაც იგულისხმებოდა პერსპექტიული საწარმოების და პროექტების გამოვლენა და მათთვის ინვესტიციების უფრო აქტიური ძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს, სათვისტომოების, საელჩოების და ბანკების აქტიური მონაწილეობით.
5. სამეწარმეო გარემოს შემდგომი გაუმჯობესება, რისთვისაც ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით საქართველო ათეულში უნდა შესულიყო უკვე ერთ წელიწადში (მაშინ მეთვრამეტე იყო, თუ არ ვცდები), გამარტივებულიყო და გაუმჯობესებულიყო გარემო საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებისათვის.
პრიორიტეტული ამოცანების ფარგლებში იგეგმებოდა ასევე:
ა) ბიზნესგანათლების ხარისხის მკვეთრი ზრდისათვის საჭირო მოქმედებები;
ბ) ე.წ. „ B2B” მიმართულების ხელშეწყობა.
გ) კერძო ბიზნესთან უკუკავშირის სისტემის გაუმჯობესება;
დ) საზოგადოების აქტიური ჩართვა ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირების და განხორციელების პროცესში. საზოგადოებასთან დიალოგის ინტენსიურობის გაზრდა რაც გადაწყვეტილებების ხარისხის გაზრდის ეფექტური საშუალება უნდა ყოფილიყო და რასაც, ასევე, მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელება უნდა გაეადვილებინა.
მიუხედავად ამ ერთწლიანი ამოცნებისა, რომელიც საკმაოდ დეტალურად ყოფილა სამოქმედო გეგმაში გაწერილი, განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც სწორედ მთავარი განაცხადი იმსახურებს. მასში მოცემულია რამოდენიმე უკიდურესად მნიშვნელოვანი იდეა და პრიორიტეტი, რომელიც ჯერ კიდევ შეიძლება იქცეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მთავარ მიმართულებებად.
პირველ რიგში ეს არის ქვეყნის წამყვან რეგიონალურ ეკონომიკურ ლიდერად ჩამოყალიბების იდეა, რაც თანმიმდევრული გეგმაზომიერი მუშაობით ძალიან რთული არ უნდა იყოს, თუ მისი ლიბერალიზაციის ხარისხი, გახსნილობა და ბიზნესის კეთების თვალსაზრისით სიმარტივე მკვეთრად გამორჩეული იქნება რეგიონის სხვა ქვეყნებისაგან. ამას თუ დაემატება რამოდენიმე პრიორიტეტული დარგის გამოკვეთა და მათი განვითარების უფრო აქტიური ხელშეწყობა დროში ეს უფრო მალე მოიტანს შედეგებს. ასეთ დარგებად სამუშაო ჯგუფმა, როგორც განაცხადიდან ჩანს, ფინანსური, სატრანსპორტო და ტურისტული, ასევე ტელეკომუნიკაციების, ბიზნეს განათლების და ჯანდაცვის მიმართულებები აარჩია. ამ მიმართულებებით საქართველოს უდაოდ დიდი შესაძლებლობები აქვს რეგიონში ლიდერობისათვის.
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც ეკოლოგიურად სუფთა ჯანსაღი პროდუქტის მწარმოებელ ქვეყნად ჩამოყალიბება, რომლის ბრენდიც სწორედ ასე იქნება ასოცირებული მსოფლიოს მაშტაბით. ეს არის იდეა, რომელსაც ქვეყნის დანიშნულების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის რეალიზება შეუძლია. ჩვენი ბუნება, კულტურა, ისტორია, ტრადიციები განსაკუთრებულ პირობებს ქმნის ქვეყნის სწორედ ასეთი პოზიციონირებისათვის. ეს გადამამუშავებელ წარმოებას, სოფლის მეურნეობას, მსუბუქ მრეწველობას (განსაკუთრებით ბავშვებისათვის განკუთვნილი პროდუქციის ნაწილში) უდავოდ კარგ საექსპორტო პოტენციალს შესძენს.
და ბოლოს, გამორჩეული ინტელექტუალური რესურსები, რომელიც ჩვენს ხალხს გააჩნია და რომელიც დღეს დიდ ნაწილში არ გამოიყენება, კარგ პირობებს ქმნის ცოდნაზე დაფუძნებული დარგების თანმიმდევრული, ეტაპობრივი განვითარებისათვის. იგი დროთა განმავლობაში, ბევრი სწავლის და მუშაობის შედეგად აუცილებლად გახდება საქართველოს ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობა ჯერ რეგიონის, შემდეგ უფრო ფართო მასშტაბით.
ვფიქრობთ, ძალიან ცხადი ხედვაა, მკაფიო პრიორიტეტები და ნათელი გზა, რომელიც სტიმულს გაძლევს, რომ უკვე დღეიდან ლოკალურად, მიკრო დონეზე დაიწყო მის განხორციელებაზე ფიქრი. კარგი იქნება, თუ ამ განაცხადის განხილვა, საჭიროების შემთხვევაში კორექტირება და შემდეგში კი მის ბაზაზე ყოველწლიური ტაქტიკური გეგმების ჩამოყალიბება ჩვენი მთავრობისათვის წესად იქცევა. ეს ბევრად გააადვილებს ყველა, როგორც კერძო, ისე სამთავრობო თუ არასამთავრობო სუბიექტისთვის საკუთარი სტრატეგიის ერთიან გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანას, რაც პროცესებს კიდევ უფრო დააჩქარებს.
ეს თუ არ იქნება, სხვა გზა იყოს, ოღონდ იყოს რაღაცა გზა, რომელიც ცხადი და ადვილად გასაგები იქნება, რომელიც დაგვანახებს და დაგვარწმუნებს იმაში, რომ მთავრობა მიზანმიმართულ და თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს რაღაც წინასწარგანსაზღვრული, ყველასათვის ნათელი მიზნის მიმართულებით.
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
1 კომენტარი სტატიაზე “როგორ ეკონომიკას ვაშენებთ”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
9 ნოემბერი, 2009 10:29
საკმაოდ საინტერესო და გასაზიარებელი სტატიაა,მაგრამ ერთი წინადადება მაქვს,ერთ-ერთ პრირიტეტად აუცილებელია აგრარული სექტორის განვითარება და სოფლის მეურნეობის სპეციალისტების მომზადება, აგრარული ბიზნესის, აგრარული მარკეტინგის ,აგრარული მენეჯმენტი უნდა გახდეს საფუძველი ეროვნული მეურნეობის განვითარების;