როგორი იქნება 2010 წელი ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი დარგებისათვის
სტატიის ავტორი: პაპუნა ტოლიაშვილი
28 დეკემბერი, 2009 | წაკითხულია 4 195-ჯერ
მიუხედავად იმისა, რომ დამდეგი წელი არანაკლებ რთული იქნება საქართველოში ბევრი დარგისათვის და ორგანიზაციისათვის, ის მაინც გამორჩეული გახდება რამოდენიმე მიზეზის გამო:
1. ადამიანების ცხოვრების რეჟიმი ნელ-ნელა დაუბრუნდება ნორმალურს და ორგანიზაციები ისევ ჩვეულ ტემპში დაიწყებენ მუშაობას.
2. საყოველთაო მომჭირნეობის პოლიტიკა ნელ-ნელა შესუსტდება და ორგანიზაციებიც და ადამიანებიც უფრო თამამები გახდებიან ხარჯვაში.
3. განვლილი კრიზისი კიდევ ერთხელ დაარწმუნებს კომპანიების ხელმძღვანელებს, რომ საკუთარი ბიზნეს მოდელის ცოტა უფრო მეტად ცხადი ხედვა, მეტი რეალობა მომავალში, მიზნებში, გეგმებში, განვითარების ხაზში ის აუცილებელი აქტივია, რომლის გარეშეც ყველა სხვა ღირებულება მნიშვნელოვანი საფრთხის ქვეშ დგას. ეს აიძულებს მათ უფრო გრძელვადიან და შორს მიმავალ ამოცანებზე დაიწყონ ფიქრი და თანმიმდევრული მუშაობა, მოკლევადიანი შემოსავლების ნაცვლად უფრო მყარი ფუნდამენტის შენებაზე იზრუნებენ და გარკვეულ ნაბიჯებსაც გადადგამენ ამ მიმართულებით.
სწორედ ეს სამი მთავარი ცვლილება განაპირობებს ბევრ სხვა ტენდენციას, რომელიც 2010 წლის განმავლობაში განვითარდება საქართველოში.
ცვლილებების მნიშვნელობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საბანკო სისტემა იქნება. ბანკები დარწმუნდებიან კორპორატიული დაკრედიტების მიმართულებით პრინციპული ცვლილებების აუცილებლობაში. მათთვის კიდევ უფრო მეტად გახდება ცხადი, რომ უზრუნველყოფის არსებული პოლიტიკა სრულიად არაქმედითია. მათ მოუწევთ უფრო სწრაფი ტემპებით დაგროვილი დარგობრივი კომპეტენციების ხარჯზე უფრო დეტალური ანალიზის, რისკების დაზღვევის ახალი გზების და კლიენტების ბიზნესების, ასევე საკუთარი სესხების მონიტორინგის განსხვავებული მეთოდების სწავლა. მათთვის ეს აუცილებელი ცვლილება იქნება სტაბილური, გრძელვადიანი, დივერსიფიცირებული ბიზნესპორტფელის შესაქმნელად.
მეორე ცვლილება, რომელიც ბანკების საქმიანობაში მოხდება ეს არის მათი ოპერაციების აქტიური გლობალიზაციის დასაწყისი. ბანკები დაინახავენ, რომ უცხოეთი მათი განვითარებისათვის არანაკლებ მიმზიდველი ბაზარია, როგორც დისტანციური საოპერაციო მომსახურებების გასაყიდად ისე დეპოზიტების მოსაზიდად. ისინი აქტიურად დაიწყებენ ერთობლივად საბანკო კანონმდებლობაში საჭირო ცვლილებების ლობირებას ამ მიმართულებით და ნაბიჯ-ნაბიჯ ახალი ბაზრების ძებნასა და ათვისებას შეუდგებიან.
არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება მომავალი წელი სადაზღვევო ბაზრისათვის. ყველაზე მთავარი ტენდენცია ამ ბაზარზე პროდუქტების გამარტივება, გასტანდარტება და გაიაფება იქნება. მათი მცდელობა – სახელმწიფოს მიერ შექმნილი უფრო დიდი და მასობრივი ბაზარი უფრო კარგად აითვისონ, მომხმარებლებისათვის სხვა იაფი, მაგრამ ეფექტური პროდუქტების შეთავაზებით, უფრო აქტიურ ხასიათს შეიძენს.
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება სააგენტო ქსელების განვითარების მიმართულებით. კომპანიები დაინახავენ რომ აგენტების და სუბაგენტების ქსელების კარგად გამართვის, აქტიური გაფართოების გარეშე მათი წარმატებები სახელმწიფო პროგრამებში და საკუთარი პროდუქტების გასაყიდად არადამაკმაყოფილებელი იქნება.
დაიწყება ახალი, უფრო მიზანმიმართული ნაბიჯების გადადგმა საპენსიო და სიცოცხლის დაზღვევის, ფიზიკური პირების ქონების, ძირითადად კომუნალური დაზღვევის მიმართულებით.
მომავალი წელი ისევ ძალიან რთული იქნება მშენებლებისთვის და მენაშენეებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული „ჯიბის ფული“ მათ ისევ გაუჩნდებათ, მაინც დაინახავენ და დარწმუნდებიან, რომ ბიზნეს მოდელის ცვლილების გარეშე მათი გადარჩენის შანსები ბევრით არ გაიზრდება. საცხოვრებელი ბიზნესის მიმართულებით აქტივობების უფრო ფართოდ ჩანაცვლება რეკრეაციული განაშენიანების, ბიზნეს და სავაჭრო ცენტრების, სპეციალიზირებული საწარმოო ნაგებობის დაგეგმარებით და მშენებლობის მართვით გარდაუვალი იქნება მათთვის. არსებული ვალდებულებების მომსახურება კვლავაც მძიმე ტვირთად დააწვება მათ ფინანსურ მდგომარეობას, თუმცა როგორს ფინანსურად, ისე სხვა წნეხების თვალსაზრისით ეს წელი მაინც ბევრად უფრო ადვილი იქნება, ვიდრე წინა.
იგივე ტენდენცია გაგრძელდება IT სფეროში. სახელმწიფო დარჩება მთავარ შემსყიდველად ინტეგრაციული გადაწყვეტილებების ბაზარზე, რაც ამ სფეროში მოქმედ ორგანიზაციებს აუცილებელი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფს. დაიწყება ახალი რეგიონალური მასშტაბის პროექტები მონაცემთა ბაზების, კორპორატიული გადაწყვეტილებების მიმართულებით მოქნილი და ეფექტური პროდუქტების შესაქმნელად და გასაყიდად. ეს მოხდება არამარტო საქართველოს, არამედ ახლო ქვეყნების მასშტაბით. ამ მიმართულებებით მუშაობა მხოლოდ დაიწყება, მისი აქტიური გაშლა შემდეგ წლებში მოხდება.
რაც შეეხება კომპიუტერული ტექნიკის ბაზარს, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ტოტალური “ნოუთბუქიზაციის” დასაწყისი იქნება. ადამიანები აქტიურად შეუდგებიან საკუთარი სტაციონალური კომპიუტერების იაფი ლეპტოპებით ჩანაცვლებას ეს ამ პროდუქტით მოვაჭრე კომპანიებს მნიშვნელოვან შემოსავლებს მოუტანს.
მოკლევადიან პერიოდში მკვეთრად უარყოფითი, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში უდაოდ დადებითი ტენდენციების მატარებელი წელი დგება წამყვანი ფარმაცევტული კომპანიებისათვის. იმპორტის ბაზრის დივერსიფიკაცია გავლენას მოახდენს საცალო ვაჭრობის ბაზარზეც. შედარებით იაფი აფთიაქები და სააფთიაქო ქსელები საგრძნობ წინააღმდეგობას გაუწევენ დიდ ქსელებს. ამ უკანასკნელთ მოუწევთ ბიზნესის კეთების ახალი სქემების აწყობა. სააფთიაქო ქსელების გადაკეთება შედარებით იაფ და ეფექტურ მოდელებზე. სავარაუდოდ, დიდ კომპანიებს აფთიაქების ნაწილის დახურვაც მოუწევთ.
შედარებით მცირე ზომის ფარმაცევტული კომპანიებისათვის ეს წელი აღმავლობის დასაწყისი იქნება. მათ ბევრი სწრაფი და ეფექტიანი ნაბიჯის გადადგმა მოუწევთ ბაზარზე წარმოქმნილი შესაძლებლობების გამოსაყენებლად. დიდი კომპანიების სეგმენტის შემცირების ხარჯზე მათი ოპერაციების მოცულობები საგრძნობლად გაიზრდება 2010 წელს.
სავარაუდოა, რომ დიდი ფარმაცევტული კომპანიების კლინიკების მიმართულებით არსებული პრეფერენციებიც მნიშვნელოვნად შემცირდება. მათი საზრუნავი საკუთარი ძირითადი ბიზნესის გადარჩენა გახდება, რაც კლინიკების ბიზნესის გაფართოებისკენ მიმართულ ძალისხმევას და რესურსებს საგრძნობლად შეამცირებს. არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება ამ კუთხით საზოგადოებრივი წნეხიც. ადამიანები უფრო ცხადად დაინახავენ (ან მათ ამას დაანახებენ) სამკურნალო და ფარმაცევტული ბიზნესების მონოპოლიზაციასთან დაკავშირებულ საფრთხეებს მათთვის.
თუმცა ეს არ ეხება გამაჯანსაღებელ ცენტრებსა და კომპლექსებს. დიდი ფარმაცევტული კომპანიები სწორედ 2010 წლის განმავლობაში დაიწყებენ აქტიურ ფიქრს და ზრუნვას ფიტნეს ცენტრების ქსელების, ასევე ძველი, ცნობილი, საკურორტო გამაჯანსაღებელი კომპლექსების სანატორიუმების რეაბილიტაციასა და განვითარებაზე, რაც უდაოდ დადებითი ტენდენცია იქნება მათი გრძელვადიანი ბიზნეს ხედვების რეალიზაციისათვის.
ჯანდაცვის სფეროსთვის დამდეგი წელი საინტერესო იქნება უმეტესად პირველადი ჯანდაცვის განვითარებით, სადაც კერძო კომპანიების გადადგმული ნაბიჯები ბევრ ცვლილებებს გამოიწვევს ფარმაცევტული, სადაზღვევო კომპანიებისათვის, სტაციონალებისა და დიაგნოსტიკით დაკავებული სამედიცინო დაწესებულებებისათვის. პაციენტების პატრონაჟის ხარისხის ზრდა ბევრი ორგანიზაციისათვის გაყიდვებს მნიშვნელოვნად გაართულებს და მათ მოუწევთ უფრო აქტიური ფიქრი იმაზე, თუ რა უნდა შეცვალონ საქმიანობის სტილში, პოლიტიკაში იმისათვის, რომ უფრო მისაღები არჩევანი გახდენენ მომხმარებლებისათვის. პაციენტების მოტყუება ნელ-ნელა სულ უფრო გართულდება რაც ამ ბაზარზე შემოსავლების საკმაოდ მკვეთრ გადანაწილებას დაუდებს საფუძველს.
ცვლილებებით გამოირჩევა 2010 წელი მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკის და მკურნალობის მიმართულების განვითარებისაკენ გადადგმული ნაბიჯებით. ეს სფერო მომავალში სულ უფრო დიდ საექსპორტი პოტენციალს შეიძენს, რასაც სწორედ დამდეგ წელს ჩაეყრება ძირითადი საფუძველი.
კიდევ უფრო აქტიური იქნება ეს წელი ვიდრე გასული წელი შიდა ტურიზმისგანვითარებისათვის. შედარებით დაბალი კლასის მაგრამ სტანდარტული მომსახურების ხარისხის მქონე სასტუმროების რაოდენობის ზრდა, ასევე ადამიანების ცხოვრების წესში შაბათ–კვირის უფრო აქტიური გამოყენების ტრადიციის დამკვიდრება ბევრ შესაძლებლობებს შექმნის ამ მიმართულებით. ნელ-ნელა, მაგრამ სულ უფრო მეტი ადამიანი დაიწყებს აქტიურად ქალაქიდან გასვლას შაბათ–კვირას, ხოლო რეგიონებიდან უფრო მეტი დაიწყებს თბილისში ჩამოსვლას.
ღირშესანიშნაობებს, მუზეუმებს, გასართობ ადგილებს მომხმარებელი ნელ-ნელა ისევ მოემატება. რაც ტურისტული ინფრასტრუქტურის გაფართოებას და განვითარებას შეუწყობს ხელს. რაც იმის შემდეგ წლებში გარედან უფრო მეტი ტურისტის შემოსვლას შეუწყობს ხელს.
2010 წელი მნიშვნელოვანი ბუმის წელი იქნება ელექტრონულ მედიაში. ინტერნეტ ტელევიზიების, საკაბელო ტელევიზიების, ახალი სატელევიზიო არხების, ინტერნეტ საინფორმაციო რესურსების მატების თვალსაზრისით ბევრი სიახლე მოხდება რაც თავისუფალ სიტყვას და ობიექტურ ინფორმაციას უფრო ხელმისაწვდომს გახდის. საგრძნობი ცვლილებები მოხდება საგაზეთო ბიზნესშიც. გაზეთების მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზრდება რასაც ლოგიკურად საგაზეთო ჟურნალისტიკის განვითარება, ამ სფეროში დასაქმებული ჟურნალისტების პროფესიონალიზმისა და ავტორიტეტის მატება უნდა მოჰყვეს.
ცვლილებებით გამოირჩევა დამდეგი წელი კვების მრეწველობაშიც. ნელ – ნელა უფრო აქტიურად განვითარდება ბავშთა კვების მიმართულება. სულ უფრო მეტი წარმოება დაიწყებს ამ ხაზების განვითარებას მომავალ წელს. ბევრი ორგანიზაცია დაიწყებს ასევე ბიო ხაზების დანერგვაზე აქტურ ფიქრს და მუშაობას. უფრო მოწესრიგებული და ცივილური გახდება ყველის წარმოება. ნატურალური პროდუქტების დამზადებული პროდუქციის მოცულობა საგრძნობლად დაიწყებს მატებას.
ინვესტორები აქტიურად დაინტერესდებიან მსუბუქი მრეწველობის პოტენციალით საქართველოში, რაც უპირატესად ბავშებისათვის განკუთვნილი ტანსაცმლის, ფეხასცმლის, ავეჯის და სხვა ინვენტარის თუ დამხმარე საშულებების წარმოებით დაინტერესებაში გამოიხატება. თუმცა ეს მიმართულება მხოლოდ დაიწყებს გამოღვიძებას მომავალ წელს, თორემ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების მოხდენა ამ მიმართულებით მოკლე ვადაში სავარაუდო არ არის.
მნიშვნელოვანი იქნება მომავალი წელი სოფლის მეურნეობისათვის სამი ძირითადი მიზეზის გამო. სახელმწიფოსა და კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ გადაიდგმება პირველი ნაბიჯები აგრო დაზღვევის განვითარების მიმართულებით. პირველი მცდელობები სწორედ კახეთის ზონაში, ვაზის, სეტყვისაგან დაზღვევას შეეხება რაც კარგი დასაწყისი გახდება შემდეგში აგრო დაზღვევის უფრო აქტიური, თანმიმდევრული განვითარებისათვის როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ისე კერძო სადაზღვევო კომპანიების სულ უფრო აქტიურ ყურადღებას მიაქცევენ ამ სფეროს. მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება ბიო მიმართულების განვითარებისაკენ უფრო დიდი ყურადღება გახდება. უფრო მეტი ფერმერი თუ წარმოება დაინტერესდება დიდი რაოდენობით თავისუფალი მიწების სწორედ ამ მიმართულებით დატვირთვის და განვითარების იდეით, რაც ასევე აუთვისებელი დაუმუშავებელი მიწების მოცულობის შემცირების ტენდენციით გაგრძელდება.
და ბოლოს განათლების სფერო, რომელშიც პროფესიულ-ტექნიკური სწავლების მიმართულება დაიწყებს აქტიურად განვითარებას სადაც სახელმწიფოს და დიდი კერძო კომპანიების ერთობლივი ძალისხმევა საფუძველს დაუდებს მრავალი პროფილის სასწავლებლების დაფუძნებას და განვითარებას. დაიწყება სპეციალიზირებული პროგრამების დამუშავება, ამ მიმართულებით სწავლის გაგრძელების საჭიროებაზე და პრესტიჟულობის გაზრდაზე სახელმწიფო ცენტრალიზებულად დაიწყებს ზრუნვას. რაც ბევრი სკოლის მომავლისათვის მომავალში გაცილებით ცხადი და უფრო ეფექტური დასაქმების საფუძველი გახდება.
მნიშვნელოვანი ცვლილებებია ნავარაუდები ასევე კერძო სასკოლო სწავლების განვითარების და გაფართოების მიმართულებით. ასევე ბიზნეს განათლების მიმართულებით სადაც არსებული სასწავლებლების განვითარებასთან ერთად ახალი სასწავლებლებიც შეიქმნება, რაც უფრო მეტ არსებულ და მომავალ მეწარმეს საქმიანობის უფრო ეფექტურად წარმართვის საშუალებას მისცემს.
მოკლედ ასე, ბევრი ცვლილება, რომლებზეც ზემოთ იყო საუბარი და რომლებსაც 2010 წელს ექნება ადგილი ფართო საზოგადოებისთვის, საგრძნობი არ იქნება. თუმცა შესაბამის დარგებში მოღვაწე კომპანიები ამ ტენდენციებს ცხადად დაინახავენ და ნელ-ნელა აჰყვებიან. რაღაც ნაწილი ცვლილებების შესაძლოა მხოლოდ ჩანაფიქრისა და დაგეგმვის დონეზე დაიწყოს და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ შემდეგ წლებში მოჰყვეს, თუმცა დამდეგი წელი სწორედ საფუძვლის ჩაყრის თვალსაზრისით იქნება მნიშვნელოვანი. რაღაც ნაწილი ამ ხედვების შესაძლოა საერთოდ არ განხორციელდეს მომავალ წელს, მაგრამ ამის ბრალი სწორედ ჩვენი არასაკმარისი მობილიზებულობა იქნება მხოლოდ. თორემ, შემდეგ წლებში მათი უდიდესი ნაწილი აუცილებლად ჰპოვებს განხორციელებისათვის საჭირო პირობებს.
წინასწარ გილოცავთ ყველას დამდეგ 2010 წელს და დიდ წარმატებებს გისურვებთ. წინსვლის, გამარჯვებებისა და ამით სიხარულის წელი ყოფილიყოს თქვენთვის და მთლიანად საქართველოსთვის.
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
3 კომენტარი სტატიაზე “როგორი იქნება 2010 წელი ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი დარგებისათვის”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
29 დეკემბერი, 2009 11:19
ამ სტატიის ავტორი ალბათ არ იცნობს საქართველოს 1010 წლის ბიუჯეტს, ფინანსთა სამინისტროს განმარტებას საქართველოს 2010 წლის ბიუჯეტის შესახებ, არაფერი გაუგია შიდა და გარე ვალების კატასტროფულ ზრდაზე 2012 წლამდე და ა.შ. იმდენად სახალისო პროგნოზებია მიშა ცაგარელსაც კი უჯოკრავს.
პარტიის სამოქმედო გეგმას უფრო მაგონებს:)
კარგად იკითხება, სტრუქტურირებულია.
30 დეკემბერი, 2009 22:38
შენ ხო რას აბობ ნინია ობიექტურ ინპორმაციას ფლობ ყველაფერზე?????
სხვის კრიტიკას საკუთარი თავი აკრიტიკო ჯობიააა
7 იანვარი, 2010 10:48
ხალხო კომპარტიის მერამდენე ყრილობაა ციფრი მაინც გაამხილეთ:)
ვაი ყველა იმის ცოდვა ვისაც რაიმე მაინცჯერა ამ სტატიიდან:(((((((((((