თუ უფრო მეტის მოსწრება გინდათ
სტატიის ავტორი: პაპუნა ტოლიაშვილი
5 ივლისი, 2010 | წაკითხულია 10 343-ჯერ
ადამიანების უმრავლესობა, ვინც არც საქმის კეთების მოტივაციის ნაკლებობას უჩივის და არც თვითონ საქმის ნაკლებობას, მუდმივად წუხს, რომ არ ყოფნის დღე-ღამეში 24 საათი, კვირაში შვიდი დღე და წლის განმავლობაში 365 დღე. მიუხედავად იმისა, რომ გვიანობამდე მუშაობენ, თითქოს ყოველთვის რაღაცას აკეთებენ და მუდმივად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი საქმის გაკეთება მოასწრონ, მაინც ბევრი რამ დაუსრულებელი რჩებათ, მიზნები-მიუღწეველი, ამოცანები-გადაუჭრელი.
თუ უფრო მეტის მოსწრება გინდათ, ეძებთ საკუთარი ცხოვრებისა და მუშაობის უფრო სწორად დაგეგმვის გზებს, სცადეთ, გააკეთოთ ცოტა, მაგრამ აუცილებლად რეგულარულად, ჩაგდების გარეშე და რაც მთავარია, ერთსა და იმავე დროს. გაოცდებით, რამდენად გაიზრდება თქვენ მიერ გაკეთებული საქმის მოცულობა და ხარისხი, ასევე მუშაობიდან მიღებული სიამოვნება.
აი, რამდენიმე რჩევა, რომელიც ამ პატარა ცვლილებაში შეიძლება დაგეხმაროთ:
1. ყოველ საღამოს დაიძინეთ რაც შეიძლება ადრე და სულ მალე, საკუთარ განკარგულებაში, აუარებელ თავისუფალ დროს აღმოაჩენთ და შესრულებული სამუშაოს მოცულობაც რამოდენიმეჯერ გაგეზრდებათ (ხარისხთან ერთად). ამაში გასაკვირი არაფერია _ ადრე დაძინება ხომ ადრე გაღვიძებას ნიშნავს (მიუხედავად იმისა, ვის რამდენი საათის ძილი ესაჭიროება ნორმალური ფუნქციონირებისთვის). დილის საათები ბევრად ნაყოფიერია, ადრე გაღვიძებული ადამიანი, მითუმეტეს თუ ძილიც არ დაკლებია, უკეთეს ხასიათზეა და მხნეობასაც უფრო დიდხანს ინარჩუნებს. იგი საქმესაც ბევრს აკეთებს და თავისუფალი დროც ბევრად მეტი რჩება. ადამიანისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ციკლიც ასეთ რეჟიმთან ბევრად ახლოსაა, ვიდრე იმასთან, რომლითაც ვცხოვრობთ.
2. გამოყავით ერთი, ან მაქსიმუმ ორი მოქმედება, რომელიც ყოველდღიურად აუცილებლად უნდა გააკეთოთ. მაგალითად: ყოველ დილას დაფიქრდე, რა გაქვს გასაკეთებელი იმ დღის განმავლობაში, ჩამოწერო, მიუწერო რომელია მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე რთულზე სულ ცოტა ხანი მაინც იფიქრო, როგორ შეიძლება მისი უფრო კარგად გაკეთება. ან თქვა, საქმიანობის სპეციფიკის მიხედვით, რომ მინიმუმ ერთი ზარი უნდა გააკეთო კლიენტთან, ან ერთი შეხვედრა ჩაატარო თანამშრომელთან, ან ერთი სატელეფონო ზარი პაციენტთან, 10 პური გამოაცხო, დეტალი გამოჩარხო, სლაიდი მოამზადო, კარგი კადრი გადაიღო. ან რაიმე სხვა, რაც თქვენს უნარებს და შესაძლებლობებს მოითხოვს და თქვენი ჩვეული საქმიანობის ძირითად პროდუქტს წარმოადგენს. ყოველდღიურად მცირეს, მაგრამ რეგულარულად კეთება (სასურველია ერთსა და იმავე დროს) იმ საქმის კეთებასაც სრულყოფილებამდე მიიყვანს, ჯამში შესრულებული სამუშაოს მოცულობასაც ძალიან გაზრდის და თქვენც უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებთ ამ პროცესისგან, არ გადაიღლებით და არც მოგბეზრდებათ. მთავარია ყოველდღიურად ისეთი რამე გადაწყვიტოთ, რის გაკეთებასაც ნამდვილად შეძლებთ და თანაც მეტი დაძაბვის გარეშე.
3. გამოყავით კვირის დღეების მიხედვით თითო მოქმედება, რომლებსაც კვირიდან კვირამდე გაიმეორებთ. მაგალითად: ყოველ ორშაბათს მთელი კვირის გასაკეთებელი საქმეების ჩამოწერა (სასურველია დღის პირველ ნახევარში), ან თანამშრომლებთან შეხვედრა და კვირის სამუშაოებზე შეთანხმება. მაგ., სამშაბათს – შეხვედრა თანამშრომლებთან მიმდინარე საოპერაციო საკითხების განსახილველად; ოთხშაბათს – ზარები ან ვიზიტები კლიენტებთან, ხუთშაბათს –შეხვედრა თანამშრომლებლებთან მხოლოდ განვითარების საკითხებზე; პარასკევს – შეხვედრა მენეჯმენტის წევრებთან, ან მათთვის ანგარიშების მომზადება – მიწოდება, ან რაიმე ამის მსგავსი. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ძალიან ადვილია დაინახო მოქმედებები, რომელთა განხორციელებაც მუდმივად არის საჭირო და რისთვისაც კვირის ესა თუ ის დღე არის ყველაზე მოსახერხებელი სხვადასხვა მიზეზების გამო. საკმარისია მოინდომო ერთის მხრივ ასეთი მოქმედებების გამოყოფა და მეორეს მხრივ მათი დღეების მიხედვით გადანწილება, რომ დარწმუნდე, როგორი აუცილებელია კვირის კონკრეტულ დღეს სწორედ ეს კონკრეტული საქმე აკეთო.
4. განსაზღვრეთ წლის თითოეული თვისთვის მხოლოდ ერთი რამ, რასაც ყოველ წელს იმ თვეში აუცილებლად გააკეთებთ. მაგალითად, იანვარში – სადმე ტრენინგზე დასწრება, თებერვალში – თანამშრომლებთან ერთად მუშაობის მეთოდების ანალიზი და მათი გაუმჯობესების შესაძლებლობების გააზრება; მარტში – ერთ კვირიანი დასვენება ოჯახთან ერთად; აპრილში– პირველი კვარტლის შედეგების ანალიზი და შეფასება; მაისში – მომხმარებლების (ვინც თქვენი მუშაობის შედეგს იყენებს) დამოკიდებულების შესახებ ინფორმაციის მოგროვება და ანალიზი; ივნისში – არაფორმალური გასვლითი ღონისძიება თანამშრომლებთან ერთად; ივლისში – მენეჯმენტისთვის ნახევარი წლის შედეგების შესახებ ანგარიშის მომზადება და წლის მეორე ნახევრის გეგმების კორექტირება–შეთანხმება; აგვისტოში – შვებულება, სექტემბერში – ორგანიზაციის, სამსახურის, ან პირადი ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი; ოქტომბერში – თანამშრომლებთან ერთად მომავალი წლის მიზნების, სტრატეგიის, სამოქმედო გეგმების დამუშავება; ნოემბერში – მენეჯმენტისთვის პრეზენტაციის მომზადება მომავალი წლის გეგმების შესახებ; დეკემბერში – არაფორმალური ღონისძიება თანამშორომლებთან ერთად წლის დასრულებასთან დაკავშირებით, ან რაიმე ამის მსგავსი. ყველა ორგანიზაციას და ყველა ადამიანს, საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით ასეთი ჩამონათვალი, შესაძლოა, განსხავავებული ჰქონდეს, მაგრამ თვითონ მისი არსებობა უკვე ზრდის ბევრად მეტი საქმის კეთებისა და ბევრად უკეთესი შედეგების მიღწევის შესაძლებლობას.
5. აუცილებლად შეასრულეთ შერჩეული მოქმედებები ყოველთვის, არ ჩააგდოთ არც ერთი ღონისძიება, თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ. ყველაზე რთული სწორედ ამ ბოლო პუნქტის შესრულებაა. ერთი და იმავე მოქმედებების რეგულარულად განმეორებას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს თქვენი ცხოვრებაც, თქვენი საქმიანობის შედეგებიც, ერთი შეხედვით წარმოუდგენლად რთული მიზნების მიღწევაში დაგეხმაროთ. ხშირ შემთხვევაში მთელი სირთულე სწორედ ამ რეგულარულობის დაცვას უკავშირდება. თავიდან საკუთარი თავის მიჩვევაა ძნელი, ეჭვიც ბევრია და საფუძველიც იმისათვის, რომ ასეთი მოქმედებების უნაყოფობაზე იფიქროთ, ვინაიდან დასაწყისში შედეგი სწრაფად არ უმჯობესდება. მაგრამ, სულ ცოტა ძალისხმევა და რამდენიმე ჯერზე თავის იძულება, მალე ამ მოქმედებებს ჩვევაში გადაგიტანთ. ამის შემდეგ იმაზე დაფიქრდებით, როგორ ცხოვრობდით მისი კეთების გარეშე.
თუ ადამიანი რეგულარულად, გამონაკლისის გარეშე, იმეორებს ერთსა და იმავე მოქმედებებს, მაშინ ის აუცილებლად მიიღებს განსაკუთრებულ შედეგს. რაც უფრო რთული იქნება ამ რეგულარულობის შენარჩუნება მისთვის, მით უფრო განსაკუთრებული იქნება შედეგი, რომელსაც ის აქედან მიიღებს. ასე რომ, გადაწყვიტეთ და მერე ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ყოველდღიურად, ყოველკვირეულად, ყოველთვიურად აუცილებლად გააკეთოთ ის, რაც გადაწყვიტეთ და თქვენ თვითონ გაოცდებით, როგორ ბევრად ადვილი და სასიამოვნო გახდება ცხოვრებაც და მუშაობაც. დრო თქვენი მთავარი მოკავშირე გახდება. აი, ამის შემდეგ კი ისღა დაგრჩენიათ, დაელოდოთ შედეგს.
სტატიის ნახვა შესაძლებელია სინერჯი ჯგუფის V წიგნში “მართვის ახალი გეომეტრია” | ბმული
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
7 კომენტარი სტატიაზე “თუ უფრო მეტის მოსწრება გინდათ”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
6 ივლისი, 2010 14:22
როგორ ვცხოვრობდი ამის გარეშე ?
მე უკვე გადავწყვიტე: ) მართალია ჯერ მხოლოდ გზის დასაწყისში ვარ, მაგრამ ვცდილობ რეგულარულობა შევინარჩუნო და ეს მოქმედებები ჩვევაში გადავიტანო.. მოტივაციის მომცემი სტატიაა:)
15 ივლისი, 2010 23:25
ვეთანხმები პოპკორნას , ნამდვილად მოტივაციის მომცემი სტატიაა, წაკითხვის თანავე გამიჩნდა სურვილი ასეთი მუშაობის, თან იმედი მომეცა …მართალი გითხრათ თავიდან ყოველ დილით ერთსადაიმავე დროს ჯგუფთან გავდიოდი 10-10 წუთიან დღის დაგეგმვებს , მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ გამიჭირდა და თავი მივანებე,, არც ისე იოლია მერწმუნეთ. მაგრამ სტატიის ავტორი ამბობს რომ უნდა გადალახოო სანამ ჩვევაში არ გადაგივაო, ახლა კიდევ დავიწყებ რეგულარულად და იმედი მაქვს უფრო ეფექტურს გავხდი საკუთარ და ჯგუფის მუშაობას,
მადლობა ავტორს
16 აგვისტო, 2010 22:09
უკვე ორი წელია მსგავს რეჟიმში ვცხოვრობ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერს ვასწრებ.
ყველას გირჩევთ დაგეგმილად იცხოვროთ, ესე ბევრად მარტივი და პრაქტიკული გახდება თქვენი ცხოვრება და ბევრად დიდი დრო დაგრჩებათ პირადი ცხოვრებისათვის :)
27 იანვარი, 2011 18:36
me piradad ar var iset samsaxurshi sadac aseti dagegmili rejimi gamomadgeboda magram yoveltvis damaqvs ubis bloknoti sadac yoveli dgis gegma maqvs chamocerili, am statis rom vkitxulobdi vipiqre chemze dauceriatqo avtors, yoveli dge gacerili maqvs, gartobis chatvlit da am rejimit vcxovrob ukve 17 clidan, da minda gitxrat rom amartlebs, droc bevri mrcheba da tavisuplad vascreb yvelapris ketebas. dagegmva aucilebelia rogorc piradi cxovrebis, ise samsaxuris saqmeebis.
2 თებერვალი, 2011 21:48
კარგი სტატიაა
თუ ასე არ იმუშავებ, სამსახურში რამდენიც (და რომელ საათამდეც) არ უნდა იმუშავო იქიდან წამოსვლისას ყოველთვის წამოგყვება მაინც შეუსრულებელ, დარჩენილ საქმეზე ფიქრი
ნიკასაც ვეთანხმები: პირად ცხოვრებაშიც საჭიროა ნამდვილად
მაგრამ.. სამწუხაროდ ძალიან მიჭირს ასე ცხოვრება :)))
16 თებერვალი, 2011 12:01
ჩემი აზრით თუ წარმატებას გინდა მიაღწიო, ნამდვილად უნდა დაგეგმო ყოველი დღე. ისევე როგორც ყოველ დილას მიჩვეულები ვართ ერთი ჭიქა ყავის ან ჩაის დალევას, რაც უფრო მეტად გაქვს გათვლილი დღის გრაფიკი, მით ნაკლებია ალბათობა ქაოტური ცხოვრებისა, როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში.
19 ივლისი, 2012 16:35
მშვენიერია თუ შეძელი კაცმა, ხომ გაგიგიათ მიუჩვეველს ნუ მიაჩვევ და მიჩვეულს ნუ გადააჩვევო.
ალბათ ძნელი იქნება, მაგრამ ცდად ღირს.