როგორ გავაუმჯობესოთ მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხი
სტატიის ავტორი: თამარ ჭითაშვილი
15 მარტი, 2012 | წაკითხულია 4 222-ჯერ
კარგ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს არა ერთი ან ორი ადამიანის გამჭრიახობა, კომპეტენტურობა და გამოცდილება, არამედ კარგი და სწორად წარმართული პროცესი.
გადაწყვეტილებების მიღება ყველა ორგანიზაციას უწევს ყოველდღიურად და ეს პირდაპირ აისახება მასზე. შესაბამისად, რაც უკეთესი გადაწყვეტილებები მიიღება, მით უფრო შედეგიანი და წარმატებულია ორგანიზაცია.
კარგ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს არა ერთი ან ორი ადამიანის გამჭრიახობა, კომპეტენტურობა და გამოცდილება, არამედ კარგი და სწორად წარმართული პროცესი. გადაწყვეტილებები, რომლებიც არასწორი, ან არასრული პროცესით ხორციელდება, ხშირ შემთხევაში არ არის მაღალი ხარისხის, ორგანიზაცია კიდევ ერთხელ ხელიდან უშვებს შესაძლებლობას, მიიღოს ბევრად უკეთესი გადაწყვეტილება და შედეგი.
გადაწყვეტილების მიღების პროცესი კი, რომელიც დაგეხმარებათ მკვეთრად გაზარდოთ როგორც გადაწყვეტილების, ისე მისი იმპლემენტაციის ხარისხი, ასე გამოიყურება:
1. ადამიანების სწორი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილება მიიღებოდეს არა ერთი ან ორი უშუალო ხელმძღვანელის მიერ, არამედ ადამიანების სწორი ჩართულობით, რაც მიგვიყვანს კარგ გადაწყვეტილებამდე. პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეს ჯგუფი, რომელიც გააერთიანებს შემდეგი სახის რამდენიმე ადამიანს:
ვისაც აქვთ რესურსების განკარგვის უფლება – ვინაიდან, შესაძლოა, დაიხარჯოს დრო გადაწყვეტილებების მისაღებად, მაგრამ ის იქნას იგნორირებული ტოპ –მენეჯმენტის მიერ.
მთავარი მონაწილეები – ვისაც უშუალოდ ეხებათ და ვისზეც აისახება გადაწყვეტილების შედეგები.
ექსპერტები – ექსპერტების ჩართვა ორგანიზაციის შიდა თუ გარე მხრიდან უზრუნველყოფს ჯგუფის წევრების ინფორმირებას საკითხზე და მიღებული გადაწყვეტილების კომპეტენტურობას.
ოპონენტები – სასურველია მათი ჩართვა, ვინც ეწინააღმდეგება გადაწყვეტილებას და მის იმპლემენტაციას.
მომხრეები – სასურველია ოპონენტების დასაბალანსებლად.
რეკომენდირებულია, ჯგუფი არ იყოს ძალიან დიდი, რადგან ეს უმართავს გახდის პროცესს. 7–8 კაცი სრულიად საკმარისია.
თუ აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრის ჩართულობა მნიშვნელოვანია, მაშინ ასეთ ხერხს მიმართავენ: ქმნიან რამდენიმე გუნდს, რომლებსაც ჰყავთ ლიდერები, გუნდები ინდივიდუალურად განიხილავენ საკითხებს და შემდეგ ორგანიზდება ლიდერების შეხვედრა და ამ იდეების გაერთიანება.
2. ამოცანის ცხადი დასმა
მას შემდეგ, რაც შეიქმნება ჯგუფი, საჭიროა მოხდეს ამოცანის და პრობლემის ცხადი ჩამოყალიბება. ძალიან მნიშვნელოვანია, პრობლემა სწორად განისაზღვროს, ვინაიდან ხშირად არის შემთხვევა, როდესაც პრობლემას ხედავენ ზედაპირზე, ხოლო მის გამომწვვ ნამდვილ მიზეზებს არასათანადოდ იკვლევენ. ასევე პრობლემას ბევრი სუბიექტურად აფასებს და განსხვავებული რაკურსით ხედავს. შესაბამისად, რაც არ უნდა წარმატებით გადაჭრა არასწორი პრობლემა, რეალური პრობლემა უცვლელი დარჩება. ამისათვის საჭიროა, შეხვედრის წამყვანმა საკუთარი შეხედულება არ მოხვიოს წევრებს. ასევე არ შეჩერდეს პირველივე ჯერზე გაჟღერებულ პრობლემაზე და არ მიიღოს ის. აუცილებელია დაისვას რაც შეიძლება ბევრი კითხვა დასმა განხილვაზე და გაანალიზდეს, რეს დაეხმარება პრობლემის სწორად იდენტიფიკაციაში.
*მნიშვნელოვანია ღია კითხვების დასმა და არა დახურულის, რომელიც მოითხოვს პასუხს დიახ/არა. (ღია კითხვა – რატომ ფიქრობ, რომ ეს პრობლემაა; დახურული კითხვა – დარწმუნებული ხარ, რომ ეს არის პრობლემა?)
3. იდეების გენერაცია
როცა ჩამოყალიბებულია ჯგუფი, დასმულია ცხადი ამოცანა და პრობლემა, საჭიროა კარგი გადაწყვეტილების პოვნა. ხშირ შემთხვევაში მენეჯმენტს არ გააჩნია ალტერნატივები. მას აქვს მხოლოდ ერთი, ან ორი მიდგომა და იღებს მათ, ან უარყოფს. რაც მეტია ალტერნატივა, მით მეტია შანსი კარგი გადაწყვეტილების პოვნისა.
იდეების გენერაციის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია ბრეინშტორმინგი. ამ დროს ხდება ჯგუფის წახალისება, მოიფიქრონ რაც შეიძლება მეტი იდეა. თავიდან არ აკრიტიკებენ და არ განიხილავენ არცერთ იდეას, ყველა იდეა იწერება დაფაზე. ამ დროს სასურველია, ხელმძღვანელმა არ დააფიქსიროს მისი დამოკიდებულება ან განწყობა რომელიმე იდეის მიმართ (მაგალითად, ყოჩაღ, რა კარგი იდეაა.. ან ვფიქრობ, ეს იდეა არ გამოდგება, მაგრამ მაინც დავწეროთ..). ასეთ შემთხვევაში კოლეგებს ეხსნებათ აზრის გამოთქმის კომპლექსი და ხდებიან უფრო გახსნილები. ბოლოს, როდესაც დაგენერირდება საკმარისი რაოდენობის იდეები, შესაძლებელია მათი დაჯგუფებაც.
ბრეინშტორმინგის ბოლოს, შესაძლოა, სთხოვოთ ჯგუფის წევრებს, ჩამოწერონ ცალკე ფურცელზე, დამატებით თუ აქვთ რაიმე მოსაზრება. ასეთ დროს, ჯგუფში თუ არის მორიდებული წევრი, ფურცელზე უფრო თამამად დააფიქსირებს იდეას.
1. იდეების შეფასება
პროცესის შემდეგი ეტაპია იდეების შეფასება. პირველად ხდება იდეების გაფილტვრა – იცხრილება ის იდეები, რომლებიც ძალიან არარეალურია, ან ყველა ეთანხმება მის უმნიშვნელობას.
შემდეგ იწყება იდეების შეფასება. ამის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ერთ–ერთია კრიტერიუმების ჩამოყალიბება, რითიც მოხდება თითოეული იდეის განხილვა. ძირითადი კრიტერიუმებია: ხარჯი, სარგებელი, ფინანსური გავლენა, რისკები, არაგაზომვადი შედეგები, ვადები, შესრულებადობა, რესურსები, ეთიკურობა.
ხშირად იდეას აფასებენ ფინანსური ანალიზით –რა ინვესტიციას საჭიროებს და რა შედეგს მოიტანს კონკრეტულ ვადაში.
შესაძლოა მოხდეს კრიტერიუმების პრიორიტეტიზაცია და შეფასებისას მისი გათვალისწინებაც . მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ისეთ მახასიათებლებზეც, რომლებიც არ გამოიხატება რაოდენობრივად (მაგ. კლიენტის კმაყოფილება, რეპუტაციის გაუმჯობესება..)
გადაწყვეტილების მიღება
რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება არ მიიღება მექანიკურად და არ ირჩევა ის იდეა, რომელმაც შეფასებისას ყველაზე მეტი ქულა დააგროვა. ძალიან მნიშვნელოვანია იდეებზე მსჯელობა, არგუმენტირება და განხილვა. ლიდერმა იგი არ უნდა შეწყვიტოს არც ძალიან ადრე და არც ძალიან გვიან, რათა ჯგუფის წევრებმა არ იგრძნონ, რომ არ ითვალისწინებენ მათ აზრს, ან ძალიან ბევრი რესურსი არ დაიხარჯოს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების საკითხზე თავიდანვე უნდა ჩამოყალიბდეს ჯგუფი (მაგალითად, ლიდერი, რომელსაც მიანიჭებს უპირატესობას ხმათა უმრავლესობით, ან სხვა..).
მსჯელობის წაყვანის ერთ–ერთი მეთოდია, ჯგუფის დაყოფა ორ ქვეჯგუფად, როცა ინაწილებენ ყველაზე რეალისტურ ალტერნატივებს (ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას 2 ან 3 რჩება მხოლოდ). შემდეგ ამზადებენ წინადადებებს ამ გადაწყვეტილებებზე, არგუმენტებს და წარუდგენენ ერთმანეთს. ამის შემდეგ ერთმანეთის წარდგენილ იდეებზე წერენ კრიტიკას. ეს მეთოდი უზრუნველყოფს ალტერნატივების უფრო სიღრმისეულად გააზრებას. ასევე ამ ეტაპზე, შესაძლოა, მოხდეს იდეების გარე მხრიდან გადამოწმება, მაგალითად, მომხმარებლების გამოკითხვა, საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და სხვა.
გადაწყვეტილება მიღების შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია ლიდერმა, ან წამყვანმა მოახდინოს მისი არგუმენტირება და ახსნა, თუ რატომ შეირჩა ეს იდეა. აუცილებელია გადაწყვეტილების კომუნიკაცია სხვა თანამშრომლებთან, რაც წინაპირობაა გადაწყვეტილების აღსრულებისა. მიწოდებულ ინფორმაციაში სრულად უნდა აისახოს, რა პრობლემის გამო მიიღეს ეს გადაწყვეტილება, გადაწყვეტილების აღწერა და არგუმენტირება, ასევე ვინ იყო ჩართული, მადლობა უნდა გამოეცხადოთ ჯგუფის წევრებს, წაახალისოს თანამშრომლები უკუკავშირზე. ეს მარტივი მოქმედებები უზრუნველყოფს, თანამშრომლებმა გაიზიარონ გადაწყვეტილება და მისი მიზნები და მობილიზებულად, მოტივირებულად იმოქმედონ მათ მისაღწევად.
შემდგომში უკვე ხდება სამოქმედო გეგმის შემუშავება და გადაწყვეტილების იმპლემენტაციის ორგანიზება. პროცესის დაცვითა და რეკომენდაციების გათვალისწინებით იგივე გადაწყვეტილების აღსრულება მოხდება გაცილებით მოკლე დროში და უკეთესი ხარისხით, ვიდრე მაშინ, ერთ პირს რომ მიეღო ის, უბრალოდ განეცხადებინა და პირდაპირ განხორციელება დაეწყო.
სტატიის ნახვა შესაძლებელია სინერჯი ჯგუფის
VI წიგნში “ორგანიზაციული პერპეტუმობილე” ბმული
XXXV წიგნაკში “გადაწყვეტილებების ეფექტურად განხორციელებისთვის”| ბმული
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს