მაღალკვალიფიციური გუნდი
სტატიის ავტორი: პაპუნა ტოლიაშვილი
17 სექტემბერი, 2012 | წაკითხულია 2 117-ჯერ
არიან მენეჯერები, რომლებსაც, საბედნიეროდ, აწუხებთ ის, რომ მიმდინარე საქმეების ფონზე, საკმარის დროს ვერ უთმობენ კვალიფიკაციას ვერც თვითონ და ვერცს გუნდის წევრები. სამსახურში ბიბლიოთეკის მოწყობა, კითხვის საათის შემოღება და შიდა პრეზენტაციების ჩატარების ტრადიციის დამკვიდრება არა მარტო საუკეთესო ცვლილებები შეიძლება აღმოჩნდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, არამედ სულ ორ-სამ წელში ძალიან ძლიერი, მაღალკვალიფიციური გუნდის ყოლის წინაპირობა შეიძლება გახდეს.
არადა, ყველას გვესმის გუნდის წევრების კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობა. ყოველი თვე, როდესაც თუნდაც მცირეს, მაგრამ რაღაცა ახალს არ ვსწავლობთ უიმედოდ დაკარგული დღეებია, რომლებსაც ვეღარ ვანაზღაურებთ. მაგრამ, მეორეს მხრივ, თუნდაც უმნიშვნელო, მაგრამ ყოველდღიურად ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯი საბოლოოდ დიდ კვალიფიკაციას გვიმაღლებს და წარმატებისათვის უმნიშვნელოვანესი იარაღი ხდება.
სწორედ ამიტომ გუნდის ლიდერი, სასურველია მუდმივად ცდილობდეს გუნდის ყოველდღიურ ცხოვრებაში ისეთი ტრადიციების დამკვიდრებას და განმტკიცებას, რომლებიც მისი წევრებისათვის კვალიფიკაციის ამაღლებას ცხოვრების წესად აქცევს, უწყვეტი კითხვა და სწავლა მიზანიც გახდება და გზაც საუკეთესო შედეგების მისაღწევად.
შიდა ბიბლიოთეკა
თუ გუნდს, ქვედანაყოფს, მცირე ზომის ორგანიზაციას კარგი საკუთარი ბიბლიოთეკა ექნება, რომელსაც ის სულ უფრო განავითარებს, გაამრავალფეროვნებს, გაამდიდრებს, თუნდაც მხოლოდ ეს, კარგი წინაპირობა შეიძლება გახდეს გუნდის შიგნით კვალიფიკაციის უწყვეტი ამაღლებისთვის. კარგი ბიბლიოთეკა გახდება გარანტი ამ სამსახურის შეფასებისთვის, მისი თანამშრომლებისათვის სიამაყის საგანი და ხელმძღვანელების და სხვა კოლეგების მხრიდან კი პატივისცემის და დაფასების დამატებითი საფუძველი. თუ თქვენ იმდენს შეძლებთ, რომ თქვენს კარგ ბიბლიოთეკაზე ორგანიზაციაში ლაპარაკს დაიწყებენ ეს სხვა წიგნების შესაძენად ფონდების მოძიებაშიც დაგეხმარებათ და თქვენც, კიდევ უფრო თვალსაჩინოდ წარმოგაჩენთ.
ბიბლიოთეკის ფორმირება რთული საქმე არ არის, უბრალოდ ამას საიდანღაც დაწყება და შემდეგ კი მუდმივი ძალისხმევა სჭირდება. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით საკუთარი წიგნების სამსახურში მოტანა შეიძლება გახდეს. ხელმძღვანელი თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, პირველ წიგნებს თვითონ მოიტანს, საკუთარი ფულითაც შეიძენს რამდენიმეს, კუთხეს გამოყოფს ოფისში, თაროს მოამზადებს ამ საქმისთვის და ეცდება ის გარემოც რამენაირად ბიბლიოთეკას დაამსგავსოს, პროცესიც დაიწყება.
მეორე ეტაპი წესით მეტი წიგნების შესაძენად ფულის მოგროვება უნდა გახდეს. ამ მიზნით შეიძლება რამდენიმე შიდა გუნდური წესის შემოღება. მაგალითად, სამსახურში დილით დაგვიანებაზე, სიგარეტის მოწევაზე, უცენზურო სიტყვის თქმაზე, აულაგებელ მაგიდაზე 5-10 ლარიანი ჯარიმების შემოღება (რა თქმა უნდა, ყველასთან ერთად შეთანხმებით და არა ერთპიროვნულად), ნელ– ნელა ფულის მოგროვების საშუალებასაც მოგცემთ და გუნდში არსებული მცირედი ნაკლოვანებების გამოსწორებასაც შეუწყობს ხელს. ეს საწყენიც არავისთვის იქნება.
რაღაც ეტაპამდე საკუთარი სახსრებით შეძენილი წიგნების შემდეგ შეგიძლიათ ხელმძღვანელობასაც ყოველკვარტალურად სთხოვოთ, რასაც შიდა სახსრებს მოაგროვებთ ორი იმდენის ორგანიზაციის სახსრებიდან დამატება. წესით, არც ერთი მენეჯერი არ გეტყვით ამაზე უარს. წიგნებისთვის ფულიც შეგროვდება და ბიბლიოთეკაც ნელ–ნელა გაფართოვდება.
ბიბლიოთეკას პატრონი დასჭირდება, სასურველია თუ გუნდში ერთ, ორგანიზებულ და დისციპლინირებულ მუშაკს გამოყოფთ, სთხოვთ წიგნების აღრიცხვის საკითხი მოაგვაროს, რა ვიყიდეთ, ვინ წაიღო, როდის დააბრუნა და ა.შ., მუდმივად უნდა იყოს ინფორმაცია წიგნების მდგომარეობის და ადგილმდებარეობის შესახებ. იგივე ადამიანს შეგიძლიათ სთხოვოთ ყოველთვიურად 5-10 ისეთი ახალი წიგნის შესახებ მოგიგროვოთ ინფორმაცია, რომლებიც გუნდის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე სასურველია ბიბლიოთეკაში იყოს.
ფულადი წყაროს წარმოქმნასთან ერთად ასორტიმენტზე ფიქრიც მოგიწევთ. რა უნდა იყიდოთ, რა თემატიკაზე სულ უფრო ორგანიზებული ზრუნვის საგანი გახდება. თანამშრომელთა სურვილები ყველაზე კარგი საფუძველი შეიძლება იყოს ამ საქმეში. სთხოვეთ მათ ყოველთვიურად 2-3 წიგნი დაგისახელონ, რომელთა ხილვასაც საკუთარ ბიბლიოთეკაში ისურვებდნენ. მოაგროვეთ ეს სურვილები, ერთად განიხილეთ ბიუჯეტიდან გამომდინარე და ასევე ერთად შეარჩიეთ მათ შორის რომლების შეძენა ღირს ამ კონკრეტულ ეტაპზე.
კითხვის საათი
მეორე ცვლილება, რომელმაც პროგრესი კიდევ უფრო საგრძნობი უნდა გახადოს, კითხვის საათის შემოღებაა. გუნდის წევრებთან ერთად შეარჩიეთ ერთი და იგივე დრო, დღის განმავლობაში, როდესაც გუნდის ყოველი წევრი წიგნების კითხვას დაუთმობს. ერთი საათი თუ არა, ნახევარი იყოს, მაგრამ ამ დროს ყველამ მხოლოდ წიგნები რომ იკითხოს.
დილით ადრე, 9-ზე ან 10-ზე, სანამ აქტიური მუშაობა დაიწყება. ან უფრო იშვიათად, მაგრამ ცალკეული გუნდებისთვის საღამო შესაძლოა უფრო მოსახერხებელი იყოს, კიდევ უფრო იშვიათად შუადღისას შეიძლება ეს დრო გამოიყოს. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ იკითხოს ამ დროს და არავინ სხვა არაფერი აკეთოს.
ამ ტრადიციის დამკვიდრებას, პირველ რიგში, პირველი პირის პირადი მაგალითი დასჭირდება. თუ ის ამ დროს ყოველთვის იქნება ადგილზე და თვითონაც მხოლოდ წიგნის კითხვით დაკავდება, ნელ–ნელა დანარჩენებიც მიეჩვევიან.
ამის გარდა ხელმძღვანელს დასჭირდება პერიოდული საუბარი ყველასთან, განსაკუთრებით კი იმათთან, ვისაც წიგნებთან დაჯდომა უჭირს და კითხვის გარდა ამ დროს სხვა ყველაფრის კეთება ურჩევნია. საუბარია იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ყოველდღიურად თუნდაც მცირე დროის გამოყოფას კითხვისთვის, რამდენად დიდ პროგრესს უზრუნველყოფს ეს წლების განმავლობაში და რამდენად დიდი იარაღი შეიძლება გახდეს ეს ჩვევა წარმატების მისაღწევად.
შიდა პრეზენტაციების ტრადიცია
კითხვის საათის ტრადიციის დამკვიდრების შემდეგი ეტაპი შიდა პრეზენტაციების მოწყობა შეიძლება გახდეს. თითოეული წაკითხულიდან მთავარ რაღაცებს თუ დანარჩენებს მოუყვება ამით გუნდის სწავლის პროცესი ბევრად დაჩქარდება. წარმოიდგინეთ რამხელა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს წელიწადში თუ 10 წიგნის წაკითხვის პარალელურად კიდევ 30 წიგნის შინაარსის შესახებ მომზადებულ პრეზენტაციებს მოისმენს გუნდის თითოეული წევრი. რამდენად გაზრდის ეს მათ ცოდნას, თვითშეფასებას, თვალსაწიერს. ამის მნიშვნელობა მართლაც რომ შეუფასებელია. თუმცა შიდა პრეზენტაციების ტრადიციის დამკვიდრება არც თუ ისე იოლია და დიდი ნებისყოფა და დისციპლინირებულობა სჭირდება, პირველ რიგში ხელმძღვანელის მხრიდან. თუმცა, გუნდის სხვა წევრებსაც ნაკლებად არ მოუწევთ თავზე ძალის დატანება, მაგრამ შედეგი ამად ნამდვილად ღირს.
პრეზენტაციების მომზადება არამარტო გუნდის სხვა წევრებს აძლევს ინფორმაციას ჩვენს მიერ წაკითხულ წიგნებზე, არამედ პირველ რიგში ჩვენვე გვეხმარება უკეთ გავიგოთ, გავიაზროთ და გავითავისოთ ის, რასაც ვკითხულობთ. მეტი სარგებელი მივიღოთ ჩვენივე წაკითხული წიგნებიდან. ამიტომ ამაზე დროის ხარჯვა ნამდვილად ღირს.
სასურველია ერთი დღე გამოიყოს კვირაში, მაგალითად პარასკევი და დილით 9 ან 10 საათი ტრადიციულად პრეზენტაციების დროდ დაინიშნოს. საჭირო იქნება გრაფიკის შედგენა, ვინ რას კითხულობს, როდის დაამთავრებს, პრეზენტაცია როდის ექნება მზად. გრაფიკი უნდა გამოიკრას. ყველას პრეზენტაციამდე რამოდენიმე კვირით ადრე უნდა დაიწყოს შეხსენება, რომ ორ–სამ კვირაში, პარასკევს მისი პრეზენტაციაა დანიშნული, და რომ ყველა ელოდება მის მიერ წაკითხული წიგნის შესახებ ინფორმაციას.
ყველაზე რთული პირველი გაცდენები იქნება. ადამიანები დაიწყებენ ბოლო მომენტში მომიზეზებას – რატომ ვერ მოასწრეს მომზადება, რამ შეუშალათ ხელი. ასეთ დროს, სასურველია, ხელმძღვანელმა იზრუნოს, რომ შეხვედრა არ ჩაიშალოს, მაინც შეიკრიბონ და პრეზენტატორმა თუნდაც მოუმზადებლად ისაუბროს საკუთარ წიგნზე, მოყვეს რა დაამახსოვრდა იქიდან, რა იყო საინტერესო და ღირებული მისთვის, რისი ცოდნა შეიძლება გამოადგეთ გუნდის წევრებს მეტი წარმატების მისაღწევად.
თუნდაც უხარისხოდ, მაგრამ აუცილებლად, გრაფიკის მიხედვით ყველა პრეზენტაციის ჩატარება ნელ–ნელა პრეზენტაციების ჩვევასაც განამტკიცებს ადამიანებში, ტრადიციასაც გააძლიერებს და ხარისხიც თანმიმდევრულად გაუმჯობესდება. ადამიანები საკუთარი აზრის სახალხოდ უფრო ადვილად და გასაგებად გადმოცემასაც მიეჩვევიან, მომავალი პრეზენტაციებიც მათთვისაც და დანარჩენებისთვისაც უფრო სასიამოვნო და სასარგებლო გახდება.
***
ყველაზე მეტად რთული გუნდის კვალიფიკაციის უწყეტ განვითარებაში ამ საკითხზე ხელმძღვანელის მხრიდან მუდმივი ძალისხმევის და ყურადღების გამოყოფაა. საკმარისია მისთვის უფრო სასწრაფო და მნიშვნელოვანი საქმე გამოჩნდეს, რომ ეს ტრადიცია მალე დავიწყებას მიეცემა. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემაზე ფიქრისა და ზრუნვის პასუხისმგებლობა გუნდის ხელმძღვანელმა არ დაიტოვოს, უნდა შეირჩეს ადამიანი, ვინც თავის თავზე აიღებს ამ სამივე ცვლილების მხარდაჭერას და შენარჩუნებას. სწორედ მის პასუხისმგებლობად უნდა იქცეს მუდმივად იზრუნოს ბიბლიოთეკის განვითარებაზეც, კითხვის საათის ტრადიციის შენარჩუნებაზეც და პრეზენტაციების უწყვეტად ჩატარებაზეც. სწორედ მას უნდა მოეთხოვოს პასუხი, თუ ერთხელაც აღმოჩნდება, რომ უკვე რამდენიმე თვეა არც ერთი ახალი წიგნი აღარ გვიყიდია, კითხვითაც ბევრი აღარ კითხულობს და შიდა პრეზენტაციებიც სულ უფრო იშვიათი მოვლენა გახდა. თუ ასეთი მუშაკი გუნდში იარსებებს და ხელმძღვანელის მხარდაჭერა და ყურადღებაც მას საკმარისი ექნება, მაშინ ტრადიციაც განმტკიცდება, გუნდის წევრებიც სულ უფრო მცოდნენი და ეფექტიანები გახდებიან და წარმატებაც ბევრად ადვილად მისაღწევი გახდება.
იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები”, იზრუნეთ კვალიფიკაციის მუდმივ ამაღლებაზე და დაინახავთ, როგორ თანმიმდევრულად დაგნებდებათ ყველა მიზანი.
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს