რატომ და როგორ უნდა ვიზრუნოთ სამუშაო გარემოს გაუმჯობესებაზე?!
სტატიის ავტორი: ნონა ქარქუზაშვილი
14 იანვარი, 2013 | წაკითხულია 17 747-ჯერ
სამუშაო გარემოს ძალიან დიდი გავლენა აქვს ადამიანების პროდუქტიულობაზე. გარემოს შეუძლია თანამშრომლის პროდუქტიულობის მნიშვნელოვნად გაზრდა და, პირიქით, მისი აქტიურობისა და შესაძლებლობების ნულამდე დაყვანა. სამუშაო გარემოს მიზანია ადამიანს გააკეთებინოს თავისი მაქსიმუმი.
როგორი უნდა იყოს სამუშაო გარემო ორგანიზაციაში? – ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, რადგან ეს ძალიან ინდივიდუალურია და გამომდინარეობს კომპანიის მიზნებიდან და სტრატეგიიდან. შეიძლება ზოგიერთი კომპანიისთვის, მისი სპეციფიკიდან და საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, აქტუალური იყოს ისეთი გარემო, რომელიც ხელს უწყობს შემოქმედებითი, ორიგინალური იდეების გენერირებას. როცა მეორე კომპანიისთვის ეს შეიძლება საერთოდ მიუღებელი იყოს და სჭირდებოდეს შედარებით კონსერვატიული, მშვიდი გარემო, რომელიც ხელს უწყობს ერთ საკითხზე კონცენტრირებას.
სამუშაო გარემო შეიძლება განსხვავებული იყოს ერთ კომპანიაში დეპარტამენტების მიხედვითაც კი. მაგალითად, სრულიად განსხვავებული გარემო სჭირდება მარკეტინგის, აიტის, ფინანსებისა და უსაფრთხოების სამსახურებს. რა გარემო ფაქტორებიც ამაღლებს ერთი ტიპის სამსახურის თანამშრომლების პროდუქტიულობას, შეიძლება აბსოლუტურად უარყოფითად მოქმედებდეს მეორე ტიპის სამსახურის თანამშრომლებზე. როგორც აღვნიშნეთ ეს ძალიან ინდივიდუალურია და გამომდინარეობს ორგანიზაციის / დეპარტამენტის / სამსახურის მიზნებიდან და ამოცანებიდან.
ზოგადად, შეიძლება გამოვყოთ სამი მთავარი კომპონენტი, რომელიც მთლიანობაში კრავს სამუშაო გარემოს:
ფიზიკური გარემო – აქ შედის ის, თუ როგორი მაგიდა, კომპიუტერი და სავარძელი აქვს თანამშრომელს, როგორი განათებაა ოფისში, არის თუ არა სამზარეულო კუთხე ან კუთხე განტვირთვისთვის, ნახატები, ერთობლივი ფოტოები, კედლების ფერი და სხვა სამუშაო პირობები.
ფიზიკურ გარემოზე ზრუნვით ყველაზე გამორჩეული კომპანია მსოფლიოში დღესაც რჩება Google-ი, რომელმაც, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ნამდვილად არ დაიშურა ფანტაზია და ფინანსები თანამშრომლებისთვის ისეთი გარემოს შექმნაში, რომელიც დაეხმარებოდა მათ ორიგინალური და განსხვავებული იდეების მოფიქრებაში. ჟურნალ Fortune-ის გამოკითხვით ის დაასახელეს მსოფლიოში საუკეთესო სამუშაო ადგილად.
Google-ი მაქსიმალურად ცდილობს თანამშრომლების კმაყოფილებაზე და მათ ბედნიერებაზე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. Google-ის ოფისებთან მოწყობილია სამრეცხაოები, სილამაზის სალონები, ბასეინები, სავარჯიშო დარბაზები, ფრენბურთის სათამაშო მოედნები და რომ აღარაფერი ვთქვათ კვების ობიექტებზე, რომლებიც სთავაზობენ თანამშრომლების საკვების მრავალფეროვან არჩევანს. თანამშრომლები მანქანაში ზეთის გამოცვალზეც კი არ წუხდებიან – Google-ი ამაზეც ზრუნავს.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ლარი პეიჯი (Lawrence „Larry“ Page) ამას შემდეგნაირად ხსნის: “ეს სხვა არაფერია თუ არა საღი აზრი, ყველამ იცის, რომ ბედნიერ და კმაყოფილ ადამიანს შეუძლია მუშაობა უფრო ნაყოფიერად”.
მუშაობის კულტურა – ეს უფრო ფართო და რთული მცნებაა ვიდრე ფიზიკური გარემო. მუშაობის კულტურაში ცვლილებების შეტანა გაცილებით ძნელია და დიდი დრო სჭირდება, ვიდრე ფიზიკური გარემოს გაუმჯობესებას ან შეცვლას. მუშაობის კულტურა მოიცავს ორგანიზაციაში დამკვიდრებულ მუშაობის სტილს, ღირებულებებს და თანამშრომლებს შორის არსებულ არაფორმალურ ურთიერთობებს.
აქ შედის ის ღირებულებები, რომლებსაც ეფუძნება თანამშრომლებს შორის ურთიერთობა და მთლიანობაში ორგანიზაციის ფუნქციონირება (მაგალითად, ურთიერთპატივისცემა, კოლეგების დახმარება, სამართლიანობა და ა.შ.), ნებისმიერი ტიპის სამუშაო პროცესები და შეხვედრები, ასევე სხვადასხვა ტიპის კორპორატიული ღონისძიებები, კონკურსები, დაბადების დღეებისა და დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიცია…
მაგალითად, Nestle-ეს მუშაობის კულტურის თავისებურებად შეიძლება ჩაითვალოს მისი დამოკიდებულება კლიენტებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობაში. როგორც Nestle-ეს მენეჯმენტი აცხადებს კლიენტებთან ურთიერთობაში მათთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მორალური ფასეულობები, ის, რომ არასოდეს მოატყუო კლიენტი. ხოლო თანამშრომლებს შორის ურთიერთობა აგებულია ნდობაზე, პატიოსნებასა და გულწრფელობაზე.
ადამიანები – აქ შედის თანამშრომლების, როგორც პიროვნული თვისებები ანუ როგორი ადამიანები მუშაობენ შენს გარშემო, ასევე გარეგნული იერსახე, ჩაცმის სტილი (Dress Code Policy), რაც ასევე სამუშაო გარემოს შემადგენელი კომპონენტია და მოქმედებს ზოგად განწყობაზე.
მაგალითად, Google-ში თანამშრომელს შეუძლია ჩაიცვას ის, რაც უნდა, შეზღუდვები არ არის დაწესებული, თუ არ ჩავთვლით ერთ წესს – თანამშრომელი აუცილებლად უნდა იყოს ჩაცმული.
საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ში კი მიღებულია, რომ კლიენტ ორგანიზაციებში ვიზიტისას მის კონსულტანტებს აცვიათ იქ არსებული ჩაცმის ეტიკეტის შესაბამისად. თუ ოფიციალური ჩაცმის სტილია – აცვიათ ოფიციალურად, ხოლო თუ თავისუფალი – თავისუფლად. ამას აკეთებენ იმისთვის, რომ არ იყვნენ ამოვარდნილი კლიენტ ორგანიზაციებში არსებული საერთო გარემოდან.
ანუ გარემო გაცილებით უფრო მეტია ვიდრე ის, აქვს თუ არა ოთახს ფანჯარა, რომელიც იღება. სათანადო სამუშაო გარემოს შექმნა არ არის ერთჯერადი ამოცანა, რომელსაც გადავჭრით და შემდეგ თავისით განაგრძობს ფუნქციონირებას. მას სჭირდება მუდმივი ზრუნვა და განვითარება.
წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ხდებოდეს თანამშრომლების გამოკითხვა – რა უქმნით დისკომფორტს და რის გამოსწორებას ისურვებდნენ არსებულ სამუშაო გარემოში. ასევე, მათი აზრით, როგორ შეიძლება არსებული პრობლემების გამოსწორება და გარემოს გაუმჯობესება.
იმისათვის, რომ ორგანიზაციაში არსებობდეს სათანადო სამუშაო გარემო და რაც მთავარია, მუდმივად ვითარდებოდეს, პირველი რაც აუცილებელია, რომ ჯერ თვითონ მენეჯმენტმა გააცნობიეროს და აღიაროს მისი მნიშვნელობა, რადგანაც გარემო მოქმედებს, როგორც ცალკეულ თანამშრომელზე, ასევე მთლიანად ორგანიზაციის ფუნქციონირებაზე. ორგანიზაცია ისეთია, როგორიცაა გარემო, და გარემო ისეთია როგორიცაა ორგანიზაცია. ორგანიზაციის ცვლილება გარემოს შეცვლით იწყება. თუ მენეჯერს უნდა, რომ შეცვალოს ორგანიზაცია, ჯერ უნდა შეცვალოს გარემო.
სტატიის ნახვა შესაძლებელია სინერჯი ჯგუფის XXIV წიგნაკში “უფრო პროდუქტიული კადრები” | ბმული
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს