თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურის ანალიზი
სტატიის ავტორი: სინერჯი ჯგუფი
13 იანვარი, 2015 | წაკითხულია 6 147-ჯერ
თავდაცვის სამინისტროს მთავარი დანიშნულება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე ზრუნვაა. ამისათვის იგი მუდმივად, ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ცდილობდეს, რაც შეიძლება მაღალი ხარისხით გადაჭრას შემდეგი ამოცანები:
1) ქვეყანას ჰქონდეს რაც შეიძლება კარგად გააზრებული და ჩამოყალიბებული პოლიტიკა, ზოგადად თავდაცვის და მისი თითოეული შემადგენელი კომპონენტის მიმართულებით;
2) ახორციელებდეს ქვეყნის შეიარაღებული ძალების მაქსიმალურ მხარდაჭერას, ეხმარებოდეს მას, რომ ყოველდღიურად მზად იყოს შედეგიანი მოქმედებებისათვის;
3) ზრუნავდეს ისეთი სტრატეგიული პროექტების ინიცირებასა და განხორციელების ხელშეწყობაზე, რომლებიც შეიარაღებული ძალების უწყვეტ განვითარებას ემსახურება;
4) ახორციელებდეს კვალიფიციურ, კარგად გამართულ ზედამხედველობას შეიარაღებული ძალების ყოველდღიური საქმიანობის ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებზე, როგორიცაა დისციპლინა ჯარში, უზრუნველყოფის ხარისხი, პირადი შემადგენლობის მომზადების დონე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართულობა და ა.შ.
5) მართავდეს საგარეო ურთიერთობებს პარტნიორებთან და აგრეთვე პოტენციურ „თავდამსხმელებთან“ ისე, რომ მინიმალური იყოს ინტერვენციის საფრთხე, მაქსიმალური იყოს საგარეო სამხედრო მხარდაჭერა, როგორც თავდასხმის პრევენციის მიზნით, ისე ინტერვენციის შემთხვევაში; ასევე მართავდეს ამ კონტექსტში აღებულ ყველა საერთაშორისო ვალდებულებას.
აღსანიშნავია, რომ ყველა სხვა სამინისტროსთან შედარებით, რომელთა ანალიზიც გვაქვს გაკეთებული, თავდაცვის სამინისტროს შედარებით კარგად აწყობილი სტრუქტურა აქვს. სამინისტროს სტრუქტურაც მეტ-ნაკლებად შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ ამოცანებს და ემსახურება მათ გადაწყვეტას, თუმცა არის რამდენიმე, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი პრობლემა სტრუქტურაში, რომელზეც გვინდა, გავამახვილოთ ყურადღება:
1. პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელმაც განსაკუთრებით მიიქცია ჩვენი ყურადღება ანალიზისას, ეს არის გენშტაბის და სამინისტროს როლებისა და დანიშნულების არაცხადი გაყოფა და აქედან გამომდინარე ფუნქციებს შორის ბევრი დუბლირება. საერთო ჯამში ამან, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე, კერძოდ, პასუხისმგებლობების კუთხით ბევრი გაურკვევლობა გამოიწვიოს ინტერვენციისათვის არასათანადო მზადყოფნისა და ინტერვენციის შემთხვევაში, შეიარაღებული ძალების არაადექვატური მოქმედებების გამო.
გენშტაბის სტრუქტურა ცალკე ანალიზის საკითხია. გადავწყვიტეთ, ამ სტატიაში აქცენტი მხოლოდ სამინისტროს სტრუქტურაზე გავაკეთოთ. თუმცა ამ ორ რგოლს შორის დუბლირებების მინიმიზაცია და მათ შორის დანიშნულების და როლების მკაფიო გაყოფა, ვფიქრობთ, სტრუქტურული გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი უნდა იყოს.
2. რაც უფრო მაღალია ამოცანის მნიშვნელობა, მით უფრო მაღალი უნდა იყოს იმ ადამიანის სტატუსი სტრუქტურაში, ვინც მის გადაწყვეტაზე აგებს პასუხს. სტატუსი განსაზღვრავს ამ ამოცანაზე ყოველდღიურად დახარჯული ყურადღების მოცულობას და მის რეალურ პრიორიტეტს. ვფიქრობთ, თავდაცვის პოლიტიკის სწორად ფორმირება და მისი განხორციელების მეთვალყურეობა ის ურთულესი და უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რომლის ჩაკეტვაც დეპარტამენტის დონეზე არ შეიძლება.
დღეს ამ ამოცანაზე თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აგებს პასუხს. მას კურირებს საკმაოდ დიდი დაქვემდებარების მქონე მოადგილე. ამ რეალობაში პოლიტიკა ვერ იქნება იმ ხარისხისდა მისი განხორციელებაც ვერ იქნება იმდენად კოორდინირებული, როგორც ეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის არის საჭირო.
სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება როდესაც ამ კონკრეტული მოადგილის პოსტი ვაკანტურია, ასეთ დროს ქვედანაყოფის კურირება თვითონ მინისტრს უწევს, რის გამოც პოლიტიკა კიდევ უფრო ნაკლები ყურადღების ობიექტი შეიძლება გახდეს მინისტრის დიდი დატვირთულობის და ბევრი მიმდინარე საკითხის გამო.
თავდაცვის პოლიტიკაზე უნდა აგებდეს პასუხს მინიმუმ ერთი მოადგილე, ანუ ის სხვა მსგავსი მნიშვნელობის და სიდიდის ამოცანაზე არ უნდა მუშაობდეს. ხოლო თვითონ პოლიტიკა შესაძლოა არა ერთი დეპარტამენტის, არამედ ერთი სრული საკურატოროს საზრუნავი იყოს.
მაგალითად, გერმანიის თავდაცვის სამინისტროში ერთ-ერთი მოადგილე არის მხოლოდ პოლიტიკის ფორმირებაზე პასუხისმგებელი. ამ ამოცანის გადასაჭრელად მას ექვემდებარება ორი მსხვილი მიმართულება: (1) უსაფრთხოების პოლიტიკის ქვედანაყოფი (2) თავდაცვისა და შეიარაღების პოლიტიკის ქვედანაყოფი. ამ მიმართულებებით მუშაობენ სტრატეგიისა და პოლიტიკის ანალიზის, უსაფრთხოების პოლიტიკის, საერთო თავდაცვის პოლიტიკის, ოპერაციებსა და მისიებში მონაწილეობის პოლიტიკის, შეიარაღებული ძალების საკითხების, საერთაშორისო საჯარისო პოლიტიკის ერთეულები. რაც შეეხება დაგეგმვის მიმართულებას, იგი პოლიტიკის მიმართულებაში კი არაა მოქცეული, არამედ ცალკეა გამოყოფილი და მას ცალკე მოადგილე ხელმძღვანელობს საკმაოდ მსხვილი სტრუქტურული ერთეულების დახმარებით.
მაგალითად, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროში პოლიტიკის ფორმირების მიმართულება პრიორიტეტულ თემებადაა დაყოფილი და ცალ-ცალკე თითოეულის მიმართულებით ხდება ანალიზიც და პოლიტიკის დამუშავებაც. აქ ერთ-ერთი დირექტორი პასუხისმგებელია უსაფრთხოების პოლიტიკის შექმნაზე, რისთვისაც მას უშუალოდ ექვემდებარება რიგი მიმართულებები: პოლიტიკის ფორმირება და დაგეგმვა, საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის, ოპერაციული პოლიტიკის, სამართლებრივი პოლიტიკის ფორმირება.
მაგალითად, პოლიტიკის ფორმირების მიმართულება ახალი ზელანდიის თავდაცვის სამინისტროში 5 ძირითადი მიმართულებიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმართულებაა. მასში მოქცეულია განვითარების დანაყოფი, რომელიც აკეთებს პრობლემების იდენტიფიცირებას, ანალიზს და ამუშავებს ზოგად რეკომენდაციებს მათ გადასაჭრელად. ამ მიმართულებაშია პოლიტიკის დანაყოფი, რომელიც პასუხისმგებელია თავდაცვის პოლიტიკის ფორმირებაზე, ოღონდ საგარეო ურთიერთობების გამოკლებით. აქ არის აღმასრულებელი დანაყოფიც, რომლის როლია მხარი დაუჭიროს ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებას, სადაც კარგად იქნება განსაზღვრული სამინისტროს ხელმძღვანელისა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის ანგარიშვალდებულება. ის ასევე აფასებს პოლიტიკის შემქმნელი და სხვა მიმართულებებში არსებული განმახორციელებელი დანაყოფების მიერ პოლიტიკის გატარების შედეგიანობას.
რა თქმა უნდა, აქ მოტანილი მაგალითები ასახავს იმ ქვეყნების პრიორიტეტებს და შესაბამისად სტრუქტურებიც პრიორიტეტების მიხედვით აქვთ აწყობილი. საქართველოს შემთხვევაშიც პოლიტიკის მიმართულების კარგად ასაწყობად, პრიორიტეტების გააზრებაა და მისი შესაბამისი სტრუქტურის შესაბამისი სტატუსით განვითარებაა საჭირო.
3. შემდეგი პრობლემა, რომელსაც გვინდა, ასევე მივაპყროთ მკითხველის ყურადღება, ეხება ანალიტიკურ დეპარტამენტს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ანალიზი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა, რომელიც სასურველია იყოს პოლიტიკის შექმნაზე პასუხისმგებელი მოადგილის პირდაპირ დაქვემდებარებაში.
საგარეო საფრთხეების ანალიზი და რეკომენდაციები ამ მიმართულებით, ჯარებში არსებული სიტუაციის ანალიზი და რეკომენდაციები საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის ანალიზი და კვლევა თავდაცვისუნარიანობის ამაღლების გზებთან დაკავშირებით ის მიმართულებებია, რომლებიც უწყვეტად უნდა კეთდებოდეს ანალიტიკური ქვედანაყოფის მიერ. რეკომენდაციებთან ერთად უნდა მზადდებოდეს და მინიმუმ რამდენიმე მოადგილესთან და მინისტრთან ერთად რეგულარულ კოლეგიალურ ფორმატში უნდა იხილებოდეს (მაგ., თავდაცვის პოლიტიკის ფორმირებისა და ზედამხედველობის საბჭოში). სახელდობრ ამ ორგანოს მიერ უნდა ირჩეოდეს ყველა იდეა და წინადადება წამოსული ამ ქვედანაყოფიდან და აქვე უნდა ხდებოდეს მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შემდგომი მონიტორინგი იმისათვის, რომ პოლიტიკა უფრო მნიშვნელოვანი ფუნქცია გახდეს რეალური პროდუქტით და ხარისხიანი გადაწყვეტილებებით.
ახლანდელ ანალიტიკურ დეპარტემენტს, მითუმეტეს მისი შიდა სტრუქტურით, ძალიან გაუჭირდება ამ სამივე მიმართულებით საკმარისად ღირებული ანალიზის გაკეთება და წინადადებების მომზადება, ისევე, როგორც ამ მიმართულებებით კომპეტენციების ინსტიტუციური დაგროვება.
მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში სამინისტროს შემადგენლობაშია თავდაცვის ანალიტიკური სერვისებისა და რჩევების დანაყოფი (ყოფილი სააგენტო), რომლის მთავარი დანიშნულებაა დაეხმაროს ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს სწორად დაგეგმონ საქმიანობა და მაღალი ხარისხის გადაწყვეტილებები მიიღონ. ისინი მუშაობენ 2 ძირითადი მიმართულებით: (1) თავდაცვის ეკონომიკა, (2) თავდაცვის სტატისტიკა.
გაერთიანებულ სამეფოში ჰყავთ მთავარი საინფორმაციო ოფიცერი. იგი 3 ძირითადი მიმართულებით მუშაობს: (1) სტრატეგიისა და პოლიტიკის ფორმირებისთვის საჭირო ინფორმაციის დამუშავება, (2) შიდა კორპორატიული ინფორმაციის დამუშავება, (3) J6-ის ინფორმაციის დამუშავება.
4. შემდეგი ეჭვი, რომელიც სტრუქტურის ანალიზისას გაგვიჩნდა, არის ის, რომ სამინისტრო, შესაძლოა ჯარების ზედამხედველობის კუთხით ვერ იყოს საკმარისად შედეგიანი. ვფიქრობთ, შეიარაღებული ძალების ზედამხედველობა ის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა, რომელიც, როგორც არ უნდა იყოს განვითარებული გენშტაბის სტრუქტურაში ან გენერალური ინსპექციის დონეზე აუცილებლად სჭირდება ადექვატური სტრუქტურული გადაწყვეტა სამინისტროს დონეზე.
აუცილებელია სამინისტრო ახორციელებდეს ინტენსიურ და კვალიფიციურ მასშტაბურ ყოველდღიურ ზედამხედველობას დისციპლინაზე, ჯარების მომზადების ხარისხზე, უზრუნველყოფის ხარისხზე, მათ შორის საკვებით და სამედიცინო უზრუნველყოფის, ეკიპირების, აღჭურვილობით უზრუნველყოფის კუთხით, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართულობასა და ექსპლუატაციის ხარისხზე.
ჩვენი აზრით, სანამ ეს ფუნქციები არ იქნება სამინისტროს სტრუქტურაში უფრო უკეთ გამოკვეთილი, სანამ არ შეიქმნება რგოლები, რომლებიც ამ მიმართულებებით მეთვალყურეობაზე იქნებიან პასუხისმგებელნი არც ამისათვის საჭირო კვალიფიკაცია დაგროვდება სათანადო ტემპებით, არც ზედამხედველობის ხარისხი იქნება შესაბამისი.
მეორე მხრივ, ზედამხედველობის მიერ მობილიზებული ინფორმაცია თავს უნდა იყრიდეს და ანალიზდებოდეს ჯარის საქმიანობის ანალიზისა და რეკომენდაციების მომზადებაზე პასუხისმგებელ რგოლში. იგი თავის მხრივ პოლიტიკაზე პასუხისმგებელ მოადგილეს უნდა ექვემდებარებოდეს.
ასეთ შემთხვევაში სამინისტროს უმაღლესი მენეჯმენტი, ერთი მხრივ, მიიღებს გაცილებით მეტ ინფორმაციას ჯარებში არსებული პრობლემების შესახებ, მეორე მხრივ კი შეძლებს ეს ინფორმაცია უფრო ადექვატური პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელებისათვის გამოიყენოს.
იმისათვის, რომ ეს პროცესები მთელი სამინისტროს მასშტაბით მიდიოდეს და ყველაზე მაღალი რანგის ხელმძღვანელებს შორის განიხილებოდეს, სასურველია, ჯარების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი იყოს ცალკე მოადგილე, რომელსაც შესაბამისი რგოლები თავის ქვევით ექნება გაშლილი. ეს კვალიფიციური და ქმედითი ზედამხედველობის ამოცანას უმაღლესი პრიორიტეტის რანგში აიყვანს. ამ გზით მიღებულ ინფორმაციაზე რეაგირებასაც უფრო ადექვატურს გახდის და შესაბამისად, ზოგადად თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ ამას გენერალური ინსპექცია ან შიდა აუდიტის სამსახური ვერ გააკეთებს. ამისთვის მათ არც რესურსი ეყოფათ და არც სტრუქტურები აქვთ ისე მოწყობილი, რომ ეს ამოცანა გადაჭრან. თუმცა ამაზე მნიშვნელოვანია ის, რომ გენინსპექცია კანონის დარღვევის აღმოჩენაზე უნდა იყოს პასუხისმგებელი, ხოლო ჩვენ მიერ აღნიშნული ზედამხედველობის ფუნქცია უნდა ავლენდეს გენშტაბის საქმიანობაში არსებული ხარვეზების, დაწერილი თუ დაუწერელი სტანდარტების დაუცველობის შემთხვევებს. ეს ბერკეტი სამინისტროს სჭირდება იმისათვის, რომ დროულად, წინასწარ გამოავლინოს საქმიანობაში არსებული ყველა პრობლემა,შემდგომი რეაგირებისთვის. ეს ეხება შერჩევის, მომზადებისა თუ ჯარისკაცთა კვების ხარისხს და ა.შ.
მაგალითად, ახალი ზელანდიის სამინისტროს სტრუქტურაში 5 ძირითადი მიმართულებიდან ერთ-ერთია შეფასების მიმართულება. იგი ახორციელებს შეიარაღებული ძალებისა და სამინისტროს ყველა ფუნქციის შეფასებასა და აუდიტს (ფინანსური აუდიტი მხოლოდ ნაწილია ამ შეფასების მიმართულების). ასევე, არსებობს თავდაცვის შეფასების ბორდი, რომელიც 6 თვეში ერთხელ იკრიბება, განიხილავს შედეგებს და განსაზღვრავს შემდგომი 6 თვის შესაფასებელ პრიორიტეტებს.
მაგალითად, საინტერესო გადაწყვეტილებაა ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროში, სადაც არსებობს ცალკე დეპარტამენტი, რომელიც შესყიდვების ზედამხედველობას ახორციელებს და ის პირდაპირ მინისტრს ექვემდებარება.
5. ცალკე საკითხია შეიარაღებული ძალების უწყვეტი განვითარების ამოცანა. ვფიქრობთ, რომ ესეც უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია სამინისტროს ყოველდღიური საქმიანობისათვის და მისი მაღალი ხარისხით გადაწყვეტასაც არსებული სტრუქტურა სათანადად ვერ ეხმარება. პირველ რიგში სწორედ იმიტომ, რომ ერთი შეხედვით, ამ ამოცანაზე პასუხისმგებლობა ერთგვარად გაფანტულია სტრუქტურაში. ცალკეა მოადგილე, რომელსაც ადამიანური რესურსების მართვა და განვითარება ევალება, რეფორმების კოორდინაცია სხვა მოადგილესთანაა, ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება სხვასთან.
ვფიქრობთ, რომ შეიარაღებული ძალების განვითარება იმ რანგის და მნიშვნელობის ამოცანაა, რომლისკენაც უნდა იყოს მიმართული მინიმუმ ერთი მოადგილის კონცენტრირებული პასუხისმგებლობა ყველა იმ რგოლის დაქვემდებარებით და მათი აქტიური კოორდინაციით, რომლებიც ამ ამოცანის გადაწყვეტას ემსახურებიან სამინისტროს სტრუქტურაში.
განვითარებაზე ცალ-ცალკე ქვედანაყოფები უნდა მუშაობდნენ უფრო გაძლიერებულად, ისეთი პროექტების ინიცირებასა და განხორციელების ორგანიზება-კოორდინირებაზე, რომლებიც დაეხმარება:
ა) პირადი შემადგენლობის განვითარებას, მათ მომზადებას, მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაძლიერებას, უფრო ხარისხიან რეკრუტინგს და ა.შ. ასევე, სასწავლო დაწესებულებების, მათ მიერ გამოყენებული პროგრამების, აკადემიური შტატის განვითარებას და ა.შ.;
ბ) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებას;
გ) მოქმედების გეგმების და პროგრამების განვითარება-დახვეწას, ასევე ამისათვის საჭირო კარტოგრაფიულ და გეოგრაფიულ შესწავლას;
დ) სამხედრო ძალების ინოვაციურ და ტექნოლოგიურ განვითარებას;
ე) ჯარის უკეთეს უზრუნველყოფას – თითოეულ ჯარისკაცზე ზრუნვის ხარისხის ამაღლებას, უკეთესი პირობების შექმნას მათი ცხოვრებისათვის, კვებისათვის, სოციალური და ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად.
ყველა ამ მიმართულებით ცალკე ქვედანაყოფების არსებობა ერთი მხრივ დააჩქარებდა განვითარების პროცესებს, მეორე მხრივ დააგროვებდა ამისათვის მომავალში საჭირო ცოდნას, ინფორმაციასა და გამოცდილებას.
მაგალითად, გერმანიაში 9 დირექტორიდან ერთ-ერთი პასუხისმგებელია პერსონალის დაგეგმვაზე, შერჩევაზე, განვითარებასა და კმაყოფილებაზე.
3 ძირითად მიმართულებადაა დაყოფილი სამინისტროს ეს ნაწილი. პირველი მიმართულება ადგენს ადამიანური რესურსების სტრატეგიას, არის კადრებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის ერთგვარი ზედამხედველ-მაკონტროლებელი. ასევე, ის თავად ზრუნავს ახალი კადრების მოსაზიდად შეიარაღებულ ძალებში მუშაობის პრომოუშენზე და ხარისხიან რეკრუტინგზე.
მეორე მიმართულება ზრუნავს როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო პერსონალის განვითარებაზე და ქვესტრუქტურებიც ამ პრინციპით აქვთ დაყოფილი.
მესამე მიმართულება კი ზრუნავს პერსონალის სათანადო კმაყოფილებაზე. იგი განსაზღვრავს სოციალურ პოლიტიკას, შეიმუშავებს სოციალური დახმარების ღონისძიებებს, მართავს ანაზღაურების საკითხებს, მუშაობს როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პერსონალის ჯანსაღ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ასევე ცალკეა ქვედანაყოფი, რომელიც პირდაპირ ამ მიმართულების დირექტორს ექვემდებარება. ის ზრუნავს პოსტტრამვული და სტრესული აშლილობის მქონე პირების რეაბილიტაციაზე.
მაგალითად, პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში ერთმანეთისგან გაყოფილია პერსონალის მართვისა და განვითარების მიმართულებები. ცალკე არსებობს პერსონალის დეპარტამენტი, ცალკე არსებობს და სამინისტროს შემადგენლობაშია სამხედრო განათლების დეპარტამენტი. ასევე, ძლიერი დეპარტამენტია სტრატეგიისა და თავდაცვის დაგეგმვის დეპარტამენტი, რომელიც სამინისტროს და შეიარაღებული ძალების სტრატეგიის (და არა პოლიტიკის) შექმნასა და განვითარებაზე მუშაობს. ასევე, ამასთან პარალელურად არსებობს ტრანსფორმაციის დეპარტამენტი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს.
მაგალითად, ლიტვის თავდაცვის სამინისტროში ლოჯისტიკის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების ამოცანა მოადგილის დონეზეა ატანილი. ის პასუხისმგებელია, როგორც ლოჯისტიკის პოლიტიკის შექმნაზე და ამ მიმართულებებით პროექტების განხორციელებაზე, კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მდგრადობაზე. ასევე, კოორდინციას უწევს ამ მიმართულებით ნატოსა და ევროკავშირის პროექტებს.
მაგალითად, პოლონეთში 8-დან ერთ-ერთი არის სტრატეგიული დაგეგმვის დირექტორატი, რომელიც მუშაობს სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სტრატეგიის შექმნასა და დაგეგმვაზე. ის განსაზღვრავს ეროვნული თავდაცვის სისტემის განვითარების მიმართულებებს. აგრეთვე, უწევს მონიტორინგსა და შეფასებას სტრატეგიული განვითარების ამოცანების შესრულებას, რისთვისაც ამუშავებს ანალიტიკურ და ანგარიშგების ტიპის დოკუმენტაციას.
6. იმის გარდა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ უმნიშვნელოვანეს ამოცანებს სამინისტროს სტრუქტურა სათანადოდ ვერ უჭერს მხარს, კიდევ არის რამდენიმე შედარებით ზოგადი პრობლემა სტრუქტურაში, რომლებიც ასევე იქცევს ანალიზისას ყურადღებას.
მათ შორის განსაკუთრებით გვინდა გამოვყოთ მოადგილეებს შორის პასუხისმგებლობების არათანაბარი და არაცხადი განაწილება, გამომდინარე იქიდან, რომ მენეჯმენტის ყურადღება ორგანიზაციის უმთავრესი და ყველაზე ღირებული რესურსია. მათი ყურადღების ყოველდღიური განაწილების სქემას განსაზღვრავს პირველი პირის უშუალო დაქვემდებარებულ პირებს შორის პასუხისმგებლობის განაწილების სიცხადე და ლოგიკა. ამ მხრივ მენეჯმენტის ყურადღების სწორი კონცენტრაციისათვის არც საკმარისად ცხადია მოადგილეებს შორის ვინ რა ამოცანაზე და რა შედეგებზეა კონკრეტულად პასუხისმგებელი და არც დატვირთებია თანაბარი.
ის სქემა, როგორც პასუხისმგებლობებია დღეს განაწილებული მოადგილეებს შორის, გამოიწვევს მენეჯმენტის მეტი ყურადღების მიმართვას შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე, მეტად მნიშვნელოვან თემებს კი ეს ყურადღება მოაკლდებათ.
კონკრეტულად: ერთ მოადგილესთან არის თავმოყრილი ისეთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციები, როგორიცაა საერთაშორისო ურთიერთობები, თავდაცვის პოლიტიკა და დაგეგმვა, რეფორმების კოორდინაცია, თავდაცვის ატაშეების და სამოქალაქო წარმომადგენლობების ოფისი. ეს მაშინ, როდესაც ერთ-ერთ სხვა მოადგილეს მხოლოდ საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი და სამხედრო ჰოსპიტალი ექვემდებარება.
ცხადად ჩანს, რომ მოადგილეებს შორის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ამოცანებზე პასუხისმგებლობების განაწილების ნაცვლად, უბრალოდ, ფუნქციათა ჯგუფებია გადანაწილებული და ისიც სავარაუდოდ, ძირითადად, უფრო პიროვნული ფაქტორიდან გამომდინარე, ვიდრე სისტემური ლოგიკიდან, რაც სტრუქტურას კიდევ უფრო ბუნდოვანს, ინერტულს და რეაქტიულს გახდის.
სტრუქტურის მართვა კიდევ უფრო რთულდება როდესაც მოადგილეების შტატის მნიშნელოვანი ნაწილი ვაკანტურია. ასეთ დროს მინისტრს კიდევ უფრო მეტ საკითხებში უწევს პირადად ჩართვა, მისი დრო გაცილებით მეტად მიაქვს მიმდინარე, ოპერატიულ, რუტინულ საკითხებს და გაცილებით ნაკლები დრო რჩება სტრატეგიული თემების და საკითხების მისახედად. გაცილებით რთულდება და დროში იწელება გადაწყვეტილებების მიღება და მინისტრიც ბევრად უფრო მიუწვდომელი ხდება შუა რგოლის ხელმძღვანელებისათვის. რაც ჯამში სამინისტროს მნიშვნელოვანი ფუნქციების პარალიზების მიზეზი შეიძლება გახდეს.
მაგალითად, გერმანიაში სამინისტროს ჰყავს 9 დირექტორი:
(1) დირექტორი პოლიტიკის საკითხებში,
(2) დირექტორი დაგეგმვის საკითხებში,
(3) დირექტორი შეიარაღებული ძალების პოლიტიკის საკითხებში,
(4) დირექტორი სტრატეგიისა და ოპერაციების საკითხეში,
(5) დირექტორი პერსონალის მართვის საკითხებში,
(6) დირექტორი იურიდიულ საკითხებში,
(7) დირექტორი ბიუჯეტისა და ფინანსების კონტროლის საკითხებში,
(8) დირექტორი აღჭურვილობის, ინფ. ტექნოლოგიებისა და შიდა სერვისებით მხარდაჭერის საკითხებში,
(9) დირექტორი ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული სერვისების საკითხებში.
მაგალითად, ახალ ზელანდიაში მინისტრს, რომელიც უფრო პოლიტიკური ფიგურაა, ექვემდებარება თავდაცვის მდივანი, ხოლო ამ მდივანს – 5 მოადგილე.
(1) პირველი მოადგილე არის პასუხისმგებელი პოლიტიკასა და დაგეგმვაზე,
(2) ერთ-ერთი მოადგილე შეფასებასა და აუდიტზე,
(3) შემდეგი მოადგილე აკვიზიციაზე,
(4) შემდეგი მოადგილე საქმიანობის განვითარებაზე,
(5) ხოლო ბოლო მოადგილე ფინანსებსა და მხარდაჭერაზე.
7. რამდენიმე არსებითი შეცდომა, ჩვენი აზრით, დაშვებულია ფუნქციათა დაჯგუფების პრინციპშიც. რამდენიმე ფუნქცია, ისეთები, რომელთა ყოფნაც ერთად არ შეიძლება სწორედ ერთი ადამიანის ქვეშ არის მოქცეული, რაც მენჯმენტს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობებს უმცირებს. მაშინ, როდესაც რამდენიმე ფუნქცია, რომელთა სხვადასხვა ადამიანთან ყოფნა არ არის სასურველი, მათ შორის კოორდინაციის და გამართული კომუნიკაციის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, პირიქით დაცილებულებია ერთმანეთისგან.
კონკრეტულად:
ერთმანეთისგან არის დაცილებული (სხვადასხვა მოადგილეებს ექვემდებარება) პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტი და ანალიტიკის დეპარტამენტი, მაშინ როდესაც მათ შორის განსაკუთრებული კოორდინაცია და თანამშრომლობაა საჭირო. ასეთი გაყოფა გამოიწვევს იმას, რომ პოლიტიკის დეპარტამენტს მისი საქმიანობისათვის საჭირო ანალიზის კეთება თვითონ მოუწევს, მაშინ, როცა ანალიტიკის დეპარტამენტი, ძირითადად, საერთო სტატისტიკის დამუშავებით და ზოგადი ანგარიშგების ფორმების მომზადებით, მენეჯმენტისთვის სხვადასხვა ფორმით მიწოდებით დაკავდება და არა პოლიტიკისათვის საჭირო ინფორმაციის მოგროვებით და პირველადი ანალიზით.
მეორე მხრივ, სახელმწიფო შესყიდვების და ფინანსების დეპარტამენტების ყოფნა იმავე მოადგილის დაქვემდებარებაში, ვისაც ასევე სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტი აბარია გამოიწვევს იმას, რომ მისი ყურადღება უფრო მეტად პირველ, მეორე ფუნქციაზე იქნება მიმართული და ნაკლებად მოიცლის სამხედრო-ტექნიკური საკითხებისთვის და მასაც, ძირითადად, ეკონომიის კონტექსტში დაუწყებს ყურებას და არა საჭიროებებისა და პროგრამული განვითარების კონტექსტში. ეს იმთავითვე სამხედრო-ტექნიკური საკითხების მეორე პლანზე გადატანას და ნაკლებად სისტემურ გადაწყვეტას ნიშნავს.
მაგალითად, ლიტვის თავდაცვის სამინისტროში ეს 2 მიმართულება მოადგილეების დონეზეა გაყოფილი. მოადგილე ფინანსების დარგში გეგმავს ბიუჯეტს, მართავს ფინანსებს, არის მეორე მოადგილე, რომელიც სამხედრო-ტექნიკურ საკითხებს უძღვება. შანსი იმისა, რომ ეს მიმართულება დაკნინებული გახდება მაქსიმალურად შემცირებულია. ფაქტიურად ორივე მიმართულებას თანაბარი ყურადღება ეთმობა მინისტრისგან და სტატუსიც თანაბარი აქვთ.
ასევეა საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტისა და ჰოსპიტალის დაქვემდებარება ერთი მოადგილის ქვეშ. ეს ნიშნავს, რომ ჰოსპიტალის რეალური პრობლემები ყოველთვის ნაკლებად მიხედილი იქნება და მისი მხარდაჭერაც ისევ სწრაფი PR აქციებით იქნება უზრუნველყოფა, ისიც მხოლოდ ჰოსპიტალში არსებულ განსაკუთრებულ შემთხვევებზე.
შესწავლილი უცხოური პრაქტიკის მაგალითებში ყველგან მოადგილეებს ამოცანები და დაქვემდებარებებიც, სამინისტროს წინაშე მდგარი პრიორიტეტების ჭრილში, თანაბრად აქვთ განაწილებული. მსგავსი დისბალანსი დატვირთვების კუთხით არსად შეგვხვედრია.
ასევე დაიჩაგრება, სავარაუდოდ, რეფორმების კოორდინაციის სამმართველო და ატაშეებთან ურთიერთობის სამმართველო. მათთვის ნაკლებად ეცლება მოადგილეს, რომელიც პროტოკოლისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებს ბევრად მეტ დროს დაუთმობს, პოლიტიკის დეპარტამენტს კი მხოლოდ ზემოდან წამოსული სასწრაფო დავალებების შესრულების პროცესში შეძლებს შედარებით მეტი ყურადღება დაუთმოს.
შესწავლილი უცხოური პრაქტიკის მაგალითებში ხშირია, როცა მოადგილეს, რომელიც პოლიტიკის ფორმირებაზეა პასუხისმგებელი, მასვე ავალია საერთაშორისო პოლიტიკის საქმეებიც, თუმცა სტრატეგიული განვითარება და რეფორმების მართვა სხვა მოადგილეების მოვალეობაა.
****
ყოველივე აღნიშნულის დასკვნად შეიძლება ვთქვათ, რომ თავდაცვის სამინისტროს ორგანიზაციული მოწყობა პირველ რიგში გენშტაბისგან ითხოვს პასუხისმგებლობების და შესაბამისად როლების და ფუნქციების მკაფიო გამიჯვნას. ამის შემდეგ მეტი ყურადღებაა დასახარჯი იმაზე, რომ სტრატეგიული ამოცანები სტრუქტურაში უკეთ იყოს გათვალისწინებული და ფუნქციათა ჯგუფებიც არა იმდენად პიროვნული შესაძლებლობებიდან გამომდინარეობდეს, არამედ უნდა იყოს შედგენილი კოორდინაციისა და პარალელური კონტროლის საჭიროებებიდან.
სტრუქტურაში ამ პრობლემების გამოუსწორებლობის შემთხვევაში მინისტრს პირადად მოუწევს ძალიან დიდი ძალისხმევის დახარჯვა ნებისმიერი ახალი ინიციატივის როგორც წარმოწყებაზე, ისე მის ცხოვრებაში განხორციელებაზე. ეს კი არც საჭირო ცვლილებების დროული განხორციელებისთვის იქნება საკმარისი და შესაბამისად არც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას შეუწყობს სათანადო ხარისხით ხელს.
გამოყენებული მასალა:
გერმანიის თავდაცვის სამინისტრო
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო
ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო
ახალი ზელანდიის თავდაცვის სამინისტრო
პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულება
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულება
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს