“დაკარგული” ამოცანები
სტატიის ავტორი: თამარ ჯაბუა
8 სექტემბერი, 2016 | წაკითხულია 2 716-ჯერ
ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული პრობლემა ქართულ ორგანიზაციებში არის, როცა მნიშვნელოვან ამოცანებზე პასუხისმგებელი პირები არ არიან სტრუქტურაში. ამის გამო შეიძლება ორგანიზაციამ ბევრი შესაძლებლობა დაკარგოს – ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესები შენელდეს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხები ვერ გადაიჭრას, ბაზარზე პოზიციები შეუსუსტდეს და საბოლოოდ ორგანიზაციამ ვერ მიაღწიოს დასახულ მიზნებს. მას შემდეგ რაც, თითოეულ ასეთ ამოცანაზე გავაჩენთ პასუხისმგებლებს ორგანიზაცია იწყებს მიზანმიმართულად მუშაობას და აღწევს კონკრეტულ შედეგებს.
ყველა ორგანიზაციას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანები მიუხედავად საქმიანობის სფეროსი, მასშტაბის, დარგის და ა.შ.. დავუშვათ, სუპერმარკეტისთვის ასეთი ამოცანები შეიძლება იყოს ასორტიმენტის სწორი განვითარება, ნაკადის მოზიდვა, გაყიდვების სტიმულირება, ოპერაციების გამართული წარმოება, მაღალი ხარისხის მომსახურება. მსგავსი ტიპის ამოცანებს შორის ყველა ორგანიზაციისათვის არსებობს 4-5 ყველაზე მნიშვნელოვანი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. ამოცანები, რომელთა გადაწყვეტაზეც კომპანიამ თანმიმდევრულად უნდა იზრუნოს, მუდმივად უნდა ხარჯავდეს დროს, რესურსს და ყურადღებას, რომ მისთვის სასურველ მიზნებს მიაღწიოს. საჭიროა ორგანიზაციების სტრუქტურაში მსგავსი ტიპის სტრატეგიულ ამოცანებზე პასუხისმგებლები იყვნენ, ვინაიდან ყოველდღიურად ამ ამოცანებზე მუშაობა განაპირობებს კომპანიის წინსვლასა და განვითარებას.
მნიშვნელოვანია, რომ თითო სტრატეგიულ ამოცანას ერთი პასუხისმგებელი ჰყავდეს სტრუქტურაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენიმე ამოცანაზე პასუხისმგებლობა მაინც იწვევს ერთზე კონცენტრირებას და სხვების დაკნინებას. ეს იგივეა, რომ ამოცანაზე პასუხისმგებელი არ გვყავდეს. (ამ თემაზე უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ სტატია – „განწირული“ ამოცანები – რატომ არ უნდა დავაკისროთ ადამიანს ერთზე მეტი ამოცანა).
სტატიაში გვინდა გამოვყოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგი, რასაც იწვევს ზემოთ აღწერილი პრობლემა.
➢ ამოცანის გადაჭრა არასისტემურად ხდება – ხშირად, როცა ამოცანას პასუხისმგებელი არ ჰყავს მისი გადაჭრა უწევს ორგანიზაციის პირველ პირს. პირველი პირის მთავარი მიზანი კი არის მთელი კომპანიის მუდმივი და სტაბილური განვითარება ორგანიზაციის პრიორიტეტების შესაბამისად. ადვილი გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში ის კონკრეტულად ერთ ამოცანაზე კონცენტრირებას ვერ მოახდენს და არც უნდა მოახდინოს. ამიტომ, დიდი ალბათობით ქაოტურად, არასისტემურად გადაიჭრება. როცა ამოცანის საკითხი წამოიწევს წინ, ან რაღაც გართულდება იმ მიმართულებით, მაშინ გააქტიურდება იმ ამოცანაზე მუშაობა. პირველი პირი დაიწყებს ერთჯერადი დავალებების გაცემას, რამაც შეიძლება იმ მომენტში მოაგვაროს საკითხი, თუმცა გრძელვადიანად შედეგები ვერ მიიღწევა.
➢ ორგანიზაციაში არ გროვდება სტრატეგიული კომპეტენცია – ორგანიზაცია მისი არსებობის მანძილზე აგროვებს ცოდნას და გამოცდილებას კომპანიის შიგნით გარკვეული მიმართულებებით. ძირითადად ეს ცოდნა გროვდება იმ მიმართულებებით, რაზე პასუხისმგებელი ერთეულები გვყავს სტრუქტურაში. თუ ჩვენ პასუხისმგებლებს არ გავაჩენთ, მაგალითად, კლიენტების მოზიდვის და მათთან ურთიერთობების განვითარების მიმართულებით, კომპანიას არასდროს ექნება ძლიერი ცოდნა და შესაბამისად სტრატეგია, თუ როგორი მუშაობით მოვიზიდოთ კლიენტები და შესაბამისად, გვქონდეს მაღალი გაყიდვების მაჩვენებელი.
➢ როცა ამოცანებს პასუხისმგებლები არ ჰყავთ ინიციატივებისა და იდეების რაოდენობა და ნაკადი მცირდება– ამოცანაზე პასუხისმგებლობა ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, რომ ის სხვადასხვა გზით გადაჭრას. ადამიანზე კონკრეტული ამოცანის და შესაბამისად პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში ადვილად შეგვიძლია შევაფასოთ მისი საქმიანობა, გავზომოთ მისი მუშაობით რა შედეგები მივიღეთ. ამიტომ, ეს აძლევს შესაძლებლობას ამოცანაზე პასუხისმგებლებს მეტი ახალი იდეა დააინიცირონ, გარდა ერთფეროვანი მიდგომებისა ეძებონ და გამოავლინონ გზები, როგორ შეიძლება უკეთეს შედეგებს მივაღწიოთ.
„დაკარგულ“ ამოცანებზე პასუხისმგებლების გაჩენა ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს მარტივად ჭრის. მინდა ერთი ქეისის შესახებ მოგიყვეთ, რომელიც ჩვენს კლიენტ აუდიტორულ კომპანიას უკავშირდება.
კომპანიის მენეჯმენტი ერთ-ერთ პრობლემად ასახელებდა, რომ სერვისების და ტექნოლოგიების განვითარების მხრივ ბევრი შესაძლებლობა იკარგებოდა. შეეძლოთ ბაზრისთვის მეტად დახვეწილი სერვისებიც შეეთავაზებინათ და სრულიად ახალიც. თუმცა ხედავდნენ, რომ ამ მიმართულებით წინ ვერ მიდიოდნენ. როგორც კი მიხვდნენ, რომ ეს ამოცანა პასუხისმგებლის გარეშე „დაკარგული“ იყო და ვერ გადაიჭრებოდა სათანადო ხარისხით, გააჩინეს მასზე პასუხისმგებელი.
ამ ადამიანმა, პირველივე საერთო შეხვედრაზე, არსებული სერვისების ფარგლებში უამრავი რეზერვი გამოავლინა და სხვადასხვა სერვისების პაკეტები წარმოადგინა. შემდეგ შეხვედრებზე კი ტექნოლოგიების განვითარების შესაძლებლობებზე კონკრეტული იდეებით და წინადადებებით გამოვიდა. ამ ადამიანში დაიწყო კომპეტენციის დაგროვება, სულ რამდენიმე თვეში მან უფრო კარგად იცოდა კლიენტის საჭიროებები და მოთხოვნები და რა შეიძლება შეეთავაზებინა კომპანიას მათთვის. კონკრეტულ ამოცანაზე პასუხისმგებლობამ ასევე განაპირობა მასზე ყოველდღიური ფიქრი, იდეების და წინადადებების ნაკადების ზრდა. დღეს კომპანიის მენეჯმენტმა რეალური შედეგები დაინახა ამოცანაზე პასუხისმგებლის გაჩენით.
ამგვარად, მნიშვნელოვანია, დროულად გამოვავლინოთ „დაკარგული“ სტრატეგიული ამოცანები და გავაჩინოთ მასზე პასუხისმგებლები სტრუქტურაში. ვინაიდან, ამ ამოცანების გადაჭრას მენეჯმენტი საკუთარი ძალებით მაღალი ხარისხით ვერ შეძლებს.
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს