უფრო მეტი საინტერესო, ორიგინალური და ღირებული იდეა
სტატიის ავტორი: პაპუნა ტოლიაშვილი
22 მარტი, 2010 | წაკითხულია 4 026-ჯერ
ჩვენ ყოველ დღე, მუდმივად გვიწევს გზების ძებნა, თუ რა უნდა გააკეთო იმისთვის, რათა ახერხებდე ღირებული, განსხვავებული, საინტერესო იდეების მოფიქრებას.
რთული საქმეების საკეთებლად სამი მთავარი კომპონენტია გადამწყვეტი: სწორი სტრატეგია, კარგი იდეები და იდეალური შესრულება. ამ სამ კომპონენტს შორის იდეების ნაწილი, როგორც წესი, შემოქმედებითად ყველაზე რთულია. იგი მუშაობის პროცესის მიმართ განსხვავებულ მიდგომებს და დამოკიდებულებას ითხოვს.
დროდადრო კარგი იდეა ყველას შეიძლება მოუვიდეს თავში, ყველას ერთხელ მაინც ებადება გენიალური აზრი, მაგრამ თუ თქვენ, თქვენი სამსახურიდან გამომდინარე რაღაცა განსხვავებულის, ორიგინალურის და ღირებულის მოფიქრება ყოველდღიურად გჭირდებათ, მაშინ სულ სხვა, პრინციპულად განსხვავებულ ამოცანასთან გაქვთ საქმე. მისი გადაწყვეტა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე უბრალოდ კარგი იდეის მოფიქრება.
თითქმის ნებისმიერი სახის სამუშაოს შესრულების დროს ადამიანი ლოგიკას, ინტუიციას და ძალისხმევას იყენებს. ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტებისთვის განსხვავებულია თითოეულის მნიშვნელობა. თუ სტრატეგიის ფორმირებისას უფრო მნიშვნელოვანია ლოგიკა, შესრულების დროს – ძალისხმევა, იდეების გენერაციის პროცესში კი ინტუიცია ყველაზე გადამწყვეტ როლს ასრულებს. სწორედ ამაშია იდეებზე მუშაობის მთავარი სირთულეც. ინტუიციის მართვა, სხვადასხვა დოზით მისი გამოყენება მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე პრაქტიკულად შეუძლებელია. ის ან გაქვს იმ მომენტში, როცა გჭირდება, ან არ გაქვს და ვერაფერს გააწყობ.
იდეების მოფიქრება ჯგუფური სესიებით, გონებრივი შტორმებით და მსგავსი ტექნიკით ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა და ამ თემაზე ბევრი ლიტერატურაც არსებობს, მაგრამ, როცა საქმე ეხება ინდივიდუალურ მუშაობას, აქ შემოქმედებითი მუზის მუდმივი ქონა, განსაკუთრებით სამუშაო საათებში და თან ყოველდღიურად, ძალიან რთულია. იმავე ჯგუფურ სესიებშიც, თუ ერთი ორი შემოქმედებითად დამუხტული ადამიანი მაინც არ იღებს მონაწილეობას, ნებისმიერი ტექნიკის გამოყენების მიუხედავად, მონაწილეებმა შესაძლოა, რამდენიმე საათი ისე უყურონ ერთმანეთს, რომ საბოლოოდ დიდად ღირებული ვერც ვერაფერი შექმნან.
ჩვენი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, გვჭირდება რა მინიმუმ ორი-სამი ადამიანი, შემოქმედებითი მუხტით და მუზებით აღჭურვილი, ყოველ დღე, მუდმივად გვიწევს გზების ძებნა, თუ რა უნდა გააკეთო იმისათვის, რათა ახერხებდე ღირებული, განსხვავებული, საინტერესო იდეების მოფიქრებას. ძალიან ბევრი რამ არის მნიშვნელოვანი ამისათვის. მათ უმეტესობაზე არანაირი წარმოდგენაც არ გვაქვს, მაგრამ ვიცით რამოდენიმე ფაქტორი, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია ადამინებისათვის, ვისაც ინტენსიური შემოქმედებითი სამუშაოს შესრულება უწევს. აი, ისინიც:
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია რეგულარული, მკაცრად განმეორებადი სამუშაო დღის გრაფიკი. თუ თქვენ ერთსა და იმავე დროს ასრულებთ ერთი და იმავე ხასიათის სამუშაოს, დროთა განმავლობაში, შესაბამისი უნარები ვარჯიშდება და სწორედ იმ დროს ავტომატურად, თავისთავად იწყებს გააქტიურებას თქვენი აქტიური ძალისხმევის გარეშეც. სწორედ ამიტომ, თუ საქმის ყველაზე შემოქმედებით ნაწილს ყოველ დღეს, ერთსა და იმავე დროს, დაუთმობთ ამით მის შესრულებას, დროთა განმავლობაში, უკეთესად შეძლებთ.
ყოველთვის დაიწყეთ სამუშაო დღე რაც შეიძლება ადრე და ის მაქსიმალურად ნაყოფიერად ჩაივლის. სამუშაო დღის ადრე დაწყება არა მარტო იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ 12 საათამდე უკვე სამუშაოს დიდი ნაწილი, შესაძლოა, მოსწრებული გქონდეთ, არამედ იმიტომაც, რომ ეს საათები განსაკუთრებით ნაყოფიერია და ამ დროს მუშაობაც ბევრად სასიამოვნოა. და თან დილით ბევრად უკეთესი და ჯანსაღი აზრები მოსდის ადამიანს, ვიდრე საღამოს. თუმცა მნიშვნელოვანია, სამუშაო დღის ადრე დაწყება ძილის უკმაროსობის ხარჯზე არ ხდებოდეს. 6-8 საათიანი ძილი აუცილებელია გონების დასასვენებლად და ძალების აღსადგენად, რათა დროთა განმავლობაში არ გამოიფიტოთ და წარმადობა არ დაკარგოთ. თუმცა საკმარისია ძილის საათებმა 8-ს გადააჭარბოს, სამუშაო დღე, შესაძლოა, სრულიად არაპროდუქტიული გახდეს.
სწორად განაწილებული სამუშაო დღე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა შემოქმედებითი ხასიათის სამუშაოს შესასრულებლად. ყოველთვის სასურველია საქმის ინდივიდუალური, შემოქმედებით ნაწილი სამუშაო დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ, ხოლო მეორე ნაწილი შეხვედრებს, განხილვებს, მსჯელობებს, პრეზენტაციებს, ან სხვა ტექნიკური, უფრო რუტინული საქმის შესრულებას დაუთმოთ.
ცნობილია, რომ სამუშაო დღის დასაწყისში 30-40 წუთიანი კითხვა განსაკუთრებით ააქტიურებს შემოქმედებით უნარებს. შეგიძლიათ იკითხოთ მხატვრული, ან პროფესიული ლიტერატურა, მაგრამ ნაკლებად სასურველია პრესის და სიახლეების გაცნობა, ვინაიდან ამან, შესაძლოა, სრულიად ამოგაგდოთ სამუშაო დღის განრიგიდან. გასათვალისწინებელია, რომ ერთ საათზე მეტმა კითხვამ, შესაძლოა, დაგღალოთ და პირიქით, შეგიშალოთ ხელი შემდეგ მუშაობაში. ამიტომ სასურველია აკონტროლოთ კითხვისთვის გამოყოფილი დრო.
ზომიერი და ჯანსაღი კვება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია შემოქმედებითი მუშაობის ნაყოფიერებისათის (და არამარტო ამისთვის, რა თქმა უნდა). საკმარისია ცოტა მეტი მოგივიდეს ჭამა და გონება თითქოს საერთოდ წყვეტს წარმოებას, არა თუ კარგი იდეების, არამედ საერთოდ რაიმე ღირებული აზრების. მცირე რაციონებით და 4-5 ჯერადი კვება ბევრად უფრო ნაყოფიერს ხდის სამუშაო დღეს, ვიდრე ერთხელ და გადამეტებული ჭამა, რომლის დროსაც დღის პირველ ნახევარში შიმშილის, ხოლო დღის მეორე ნახევარში ძღომის გამო ვერ იმუშავებთ.
ფიზიკური აქტივობები თავისუფალ დროს ძალიან ეხმარება შემოქმედებითი სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესებას. ფეხით ხშირი სიარული საღამოს, ან ადრე დილას, ცურვა, მსუბუქი გამამხნევებელი ვარჯიშები ადამიანს ეხმარება კარგ ფიზიკურ ფორმაშიც იყოს და შემოქმედებითი სამუშაოც ბევრად უკეთესი ხარისხით შეასრულოს. თუმცა გადატვირთული ფიზიკური აქტივობა ძალიან ადვილად შეიძლება გახდეს საპირისპირო შედეგის მიზეზი.
რაოდენ გასაოცრადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ჩუმად და უანგაროდ გაკეთებული ქველმოქმედება ძალიან ეხმარება ადამიანებს განსხვაბებული, ორიგინალური და ღირებული იდეების წარმოებაში. რა კავშირშია ეს ორი საკითხი ერთმანეთთან, ძნელი სათქმელია, მაგრამ კავშირი რომ არსებობს და თანაც მჭიდრო, ამაზე ბევრი მაგალითით შეიძლება მსჯელობა. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ როდესაც ადამიანი რაიმე კეთილ საქმეს უანგაროდ აკეთებს ის ამ დროს, მინიმუმ რაღაც დროის განმავლობაში, უფრო კეთილი ხდება. კეთილ ადამიანებს კი უფრო ნათელი ხედვა აქვთ, უფრო მეტის დანახვა და მიხვედრა შეუძლიათ. შეიძლება ეჭვი შეგეპაროთ, მაგრამ ცდას წინ რა უდგას, მოსინჯეთ და ამაში საკუთარი გამოცდილებით ადვილად დარწმუნდებით.
ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს იმის პრეტენზია, რომ სრულად ჩამოვთვალეთ უფრო უკეთესი, ინტენსიური შემოქმედებითი მუშაობისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორები, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მათი დიდი ნაწილი მაინც მოცულია. ბევრი მსჯელობა შეიძლება თითოეული მათგანის მნიშვნელობაზე, თუმცა ყველაზე საუკეთესო შედეგი მაინც მათ კომპლექსურ გამოყენებას უნდა ჰქონდეს. ანუ, თუ თქვენ ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს ეცდებით ღირებული იდეების მოფიქრებას, გააკეთებთ ამას დილის საათებში, ხანმოკლე კითხვის შემდეგ, არ გექნებათ ამ დროს დისკომფორტი არც შიმშილის და არც სიმაძღრის გამო, იქნებით დასვენებული, კარგ ფიზიკურ ფორმაში. ამასთან დამატებით, ცოტა კიდევ უფრო კეთილი, სულ ახლახან გაკეთებული რაიმე საქმის გამო – ალბათობა იმისა, რომ თქვენ რაღაცა ღირებულსა და საინტერესო იდეის ავტორი ხდებით, თითქმის ას პროცენტამდე გაიზრდება.
თუ ეჭვობთ, უბრალოდ, სცადეთ.
მარტი, 2010წ
სტატიის ნახვა შესაძლებელია სინერჯი ჯგუფის IV წიგნში “მენეჯერის ბრძოლა წარმატებისთვის” | ბმული
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს