საქართველო მსოფლიოს ბავშვებისთვის
სტატიის ავტორი: პაპუნა ტოლიაშვილი
3 მაისი, 2010 | წაკითხულია 4 275-ჯერ
საქართველოს ხელისუფლება ბევრ დროს, ენერგიას და ფულს ხარჯავს ინვესტორების მოსაზიდად, რაც თავისთავად მისასალმებელია, თუმცა მარტო ის ფაქტი რომ ჩვენთან ნაკლები ბიუროკრატიული ბარიერები არსებობს საქმის დასაწყებად საკმარისი რომ არ არის ამისათვის შედეგებიდანაც ნათელია. საკმარისი არ არის მაშინაც კი როცა მსოფლიოში ცნობილი ჟურნალები სავსეა შენი რეკლამით, საუკეთესო სატელევიზიო არხები გადასცემენ ამის შესახებ ინფორმაციას ან შენი ბიზნესმენები თუ მინისტრები მსოფლიოს მარავალ კუთხეში პირდაპირი მოლაპარაკებით ცდილობენ ინვესოტრთა დარწმუნებას ამაში.
ყველამ ვიცით კარგად, რომ ინვესტორები (რეალური ოღონდ) პრაგმატული ხალხია, მათთვის მნიშვნელოვანია რა სარგებელს მიიღებენ საქართველოში ინვესტირებული სახსრებიდან. და თუ აქ წარმოება ან მომსახურება არ არის მომგებიანი იმის გამო, რომ არც მუშახელია იაფი, არც ტექნოლოგიებში განათლებული კადრების სიჭარბეა ბაზარზე, გადასახადების კუთხითაც ბევრი უკეთესი ადგილი არსებობს, არც ადგილობრივი ბაზარია იმხელა, რომ მასზე გასაყიდად რამის აქვე წარმოება ღირდეს, მაშინ რა უნდა გახდეს მიზეზი რის გამოც ისინი აქ ადგილობრივ წარმოებაში, ან ტურისტულ თუ სხვა სახის ინსფრასტრუქტურაში ფულს დააბანდებენ? ჯერ-ჯერობით ამ კითხვაზე პასუხი ბუნდოვანია ან საერთოდ არ არსებობს. ალბათ ამიტომაც არ იძლევა მყისიერ ეფექტს ხელისუფლების ამ მიმართულებით გაწეული ფრიად მონდომებული ძალისხმევა.
რა შეუძლია გააკეთოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ უფრო სწრაფად და ეფექტურად შეძლოს ინვესტორების დაინტერესება, მოიზიდოს სახსრები ეკონომიკის განვითარებისათვის და მყარი საფუძველი ჩაუყაროს ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას ბევრს აინტერესებს როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში. ასევე ალბათ ბიზნესისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენელბსაც.
ამავე დროს, ყველსათვის ცხადია, რომ ერთადერთი მყარი საფუძველი მოსახლეობის კეთილდღეობის ხანგრძლივი და სტაბილური ზრდისათვის, ისევე როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათის შეიძლება იყოს:
ა) სწორად შერჩეული ფუნქცია, რომელსაც ქვეყანა დანარჩენი მსოფლიოსთვის შესარულებს და რომელიც გრძელვადიანად ღირებული იქნება მთლიანად საზოგადოებისათვის;
ბ) შესაძლებლობების ფარგლებში ყველა რესურსის, ძალების და საშუალებების მობილიზაცია სწორედ ამ ფუნქციის საუკეთესი ხარისხით შესასრულებლად უკვე დღეს.
გ) პირობების შექმნა იმისათვის, რომ ქვეყანა ახერხებდეს ცოდნის დაგროვებას, ტექნოლოგიების განვითარებას და რესურსების მუდმივ მობილიზებას სწორედ ამ ფუნქციის მუდმივად მზარდი ხარისხით და კონკურენტუნარიან დონეზე შესასრულებლად სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე ქვეყნებთან შედარებით.
საქართველოსთვის ასეთი შესაძლო ფუნქცია ალბათ სულ რამოდენიმე არსებობს. ჩვენ გვინდა ერთ ერთ მათგანს შევეხოთ. მასზე ბევრ ცნობილ ადამიანს უსაუბრია, მაგრამ ჩვენ ვცადეთ ცოტა უფრო დაგვეხვეწა და არგუმენიტირებულად დაგვესაბუთებინა მისი არჩევის მიზანშეწონილება ქვეყნისათვის, რეგიონისათვის და გარკვეულ ასპექტში მთლიანად მსოფლიოსთვისაც.
ბავშვებისთვის არსად არავინ იშურებს ფულს თუ იცის რომ ის, რასაც მათთვის ყიდულობს ჯანსაღია, სუფთაა, ნატიფი გემოვნებით, სიყვარულით, ადამიანების მიმართ სითბოთი და სიმშვიდით სავსე განწყობით არის ნაკეთები. მაშინ როცა ჩვენ არ შეგვიძლია იაფი პროდუქცია ვაწარმოოთ, არც მაღალტექონოგიური პროდუქციის შესაქმნელად ვართ მზათ, არც იაფი და უნიკალური ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა შეგვიძლია იქნებ სწორედ ბავშვებზე, მათთვის განკუთვნილი პროდუქციის წარმოებაზე, მათ მომსახურებაზე ავიღოთ აქცენტი და ყველაფერი სწორედ მათი და მათი მშობლების გულებში ადგილის დასამკვიდრებლად გავაკეთოთ.
არადა რამდენი რამ შეიძლება იყოს ბავშვებისთვის განკუთვნილი: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ავეჯი, ბალიშები თუ ლეიბები, სათამაშოები, საკვები თუ სხვა სამკურნალო საშუალებები, ზღაპრები და მოთრობები. მერე მომსახურება? კურორტები, სამკურნალო დაწესებულებები, საზაფხულო ბანაკები. კიდევ უამრავი რამ. წარმოდიგინეთ, რომ ჩვენთან ეს ყველაფერი იწარმოებოდეს და უცხოეთში წარმატებით იყიდებოდეს. ძიძებით და აღმზრდელებით ხომ უკვე ძალიან დიდი ხანია ვამარაგებთ დანარჩენ მსოფლიოს?
ჩვენი ბუნების, წყლისა და ჰაერის, ჩვენი ისტორიული ხიბლის მქონე ქვეყნისათვის, არ უნდა იყოს რთული დაარწმუნოს დანარჩენი მსოფლიო იმაში, რომ ყველაფერი რაც აქ კეთდება განსაკუთრებულად ჯანმრთელი, განსაკუთრებულად გემრიელი, განსაკუთრებით ლამაზია და რაც ყველაზე მთავარია, ყველაფერი რაც აქ კეთდება დიდი სიყვარულით კეთდება, სიცოცხლის, ადამიანების და ღმერთის სიყვარულით.
ამაში მსოფლიოს დარწმუნება რთული არ უნდა იყოს იმიტომ, რომ ყველამ ვიცით, საქართველოში ადამიანები ჩამოდიან და მის მიმართ სიყვარულით იმსჭვალებიან, აქედან ადამიანებს დიდი სითბო და სიყვარული მიაქვთ და ახლობლებში ავრცელებენ, ჩვენთან განსაკუთრებით გემრიელი და ჯანმრთელია ხილიც და ბოსტნეულიც, თევზიც და ხორციც, ჩვენთან ადამიანებს ჯერ კიდევ უყვართ უცხოელი სტუმრები (შესაძლოა ერთმანეთის სიყვარულზე მეტად). ჩვენთან მათ უმრაველოსობას ბევრი რამ ხიბლავს. სითბო რომელსაც გრნობენ და დიდი სიყვარული მათ მიმართ რომელსაც ბევრი ადამიანისაგან იღებენ. რაღაცა არის ალბათ ჩვენში ისეთი უჩვეულო რომელიც ამას ყველაფერს იწვევს. და თუ ჩვენ ამ რაღაცას ვიპოვით და უფრო კონკრეტულ დანიშნულებას მოვუძებნით მაშინ უფრო მეტი სარგებლის შექმნას შევძლებთ დანარჩენი მსოფლიოსთვის რაც ჩვენი კეთილდღეობის ზრდის მყარი საფუძველიც გახდება.
ბავშვებზე, მათთვის განკუთნილი პროდუქციისა და მომსახურების წარმოებაზე გაკეთებული გრძელვადიანი აქცენტი სწორედ ის უკეთესი დანიშნულება შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენთვის დამახასიათებელი ხიბლისათვის, რომლითაც ის ყველაზე მეტად ღირებული გახდება დანარჩენი მსოფლიოსთვის.
მუშაობა ამ მიმართულებით კი ასევე არ უნდა იყოს რთული. თუ ხელისუფლება ინვესოტორების მოზიდვაზე მიმართული კამპანიების ნაცვლად მსოფლიოს ყურადღებას სწორედ ჩვენს ამ თავისებურებეზე მიმართავს და ეცდება საზოგადოება დაარწმუნოს, რომ საქართველოს მსოფლიოს ბავშვებისათვის საუკეთესო პროდუქტებისა და მომსახურების წარმოება შეუძლია, მაშინ რაც უფრო წარმატებული იქნება მისი ძალისხმევა ამ მიმართულებით, მით უფრო აქტიური იქნება ინვესტორების ინტერესი ჩვენი ქვეყნის და მისი ეკონომიკის იმ ნაწილების მიმართ რომლებიც ან ფუნქციას ემსახურებიან.
მუშაობის დასაწყებად შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს სხვა პროდუქტებთან ერთად ბავშვებისათვის განკუთვნილი პროდუქციის მწარმოებელ რამოდენიმე გიგანტთან მოლაპარაკება. მათი დარწმუნება იმაში, რომ ხელისუფლება ქვეყნის ბრენდის ამ მიმართულებით განვითარებას აპირებს და თუ ისინი ბავშვებისათვის განკუთვნილი წარმოების ნაწილს საქართველოში გადმოიტანენ მათ დიდი მხარდაჭერა ექნებათ ხელისუფლების მხრიდან წარმოების აწყობასა და გამართვაში, ასევე უფასო დამატებითი რეკლამა მსოფლიოს საუკეთესო სატელევიზიო არხებზე, რომლებსაც მათ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის რეკლამირებასთან ერთად გაუკეთებს. რამოდენიმე ასეთი დიდი ბრენდის მოზიდვა ხომ დანარჩენი მცირე მწარმოებლების და ინვესოტორების ინტერესსაც ბევრად მეტად გააღვივებს.
ბევრი იტყვის ალბათ – რა სიმშვიდე? რა ბავშვები? საქართველოს დღეს ხომ ძირითადად სწორედ პოლიტიკური და სახედრო აურზაურით იცნობენ დანარჩებ მსოფლიოშიო. რაღაც დონეზე ალბათ ეგრეც არის, თუმცა ის ფასეულობები და თავისებურებები რომლებიც ჩვენ ამ სეგმენტზე წარმატების საფუძველს გვიქმნის ბევრად უფრო ხანგრძლივი და მყარია ვიდრე ეს მუდმივი პოლიტიკური არეულობა და საომარი მოქმედებები. ბრენდის შექმნას კი, განსაკუთრებულად ქვეყნის ბრენდის, ხომ ათეულობით წელი, ბევრი მუშაობა და ფიქრი ჭირდება ამ მიმართულებით. ყველა ძალის, ყურადღების, რესურსის აქეთ კონცენტრირება. მაგრამ თუ შევძელით და მოვახერხეთ რომ მშვიდობაც სტაბილური გახდა (გვეღირსება ალბათ როდესმე), სიმშვიდეც, ქვეყნის ცნობადობაც საზოგადოების პოლიტიკურად აქტიურ ნაწილს გაცდა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ჩვეულებრივი ადამიამენების ოჯახებში გაჩნდა ბავშვებისათვის განკუთვნილი სხვადასხვა ნივთები, საგნები, ყუთები, წიგნები წარწერით „დამზადებულია საქართველოში“, ხოლო მათ გულებში და გონებაში კი სითბო ამ ქვეყნის სახელის წაკითხვისას და გაგონებაზე და რწმენა რომ ყველაფერი რაც აქედან მათთან მიდის სიცოცხლის და ბავშვების დიდ სიყვარულს ატარებს თან, ეს იქნება ყველაზე დიდი შედეგი და ყველაზე დიდი ფუნქცია რომელიც კი ჩვენ დანარჩენი მსოფლიოსთვის შეგვიძლია შევასრულოთ, ეს იქნება ყველა სამხედრო, პოლიტკურ თუ სხვა სახის სტრატეგიულ ფუნქციას შორის უდიდესი დანიშნულება. ეს ჩვენთვის იქნება გზა გავავრცელოთ სიცოცხლის და ადამიანების ის სიყვარული რომელსაც ჯერ კიდევ ვატარებთ და რომელიც ჯერ კიდევ განგვასხვავებს სხვა ბევრი ქვეყნისაგან.
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს