რა გვიშლის ხელს უფრო მეტის და უკეთესად კეთებაში
სტატიის ავტორი: პაპუნა ტოლიაშვილი
10 მაისი, 2010 | წაკითხულია 4 685-ჯერ
ორგანიზაციაში, სადაც ვმუშაობთ, ჩვენი ხელმძღვანელების მხრიდან ხშირად ვისმენთ საყვედურის ტონით გამოთქმულ კითხვებს – რატომ არ ვმუშაობთ მეტს, რატომ არ ვაკეთებთ უფრო ღირებულს, რატომ არ გვაქვს უკეთესი შედეგები. და მაშინაც, როცა ისინი ამას არ გვეკითხებიან, მათ უკმაყოფილო გამოხედვაში ეს კითხვები თითქმის ყოველთვის ცხადად იგრძნობა.
შესაძლოა, ეს იმ ჩვევების ბრალია, რომლებმაც ასე ღრმად და მყარად მოიკიდა ფეხი ჩემი და ჩემი კოლეგების ცხოვრებასა და ხასიათში.
როგორ შეიძლება იმუშაო ნაყოფიერად და გააკეთო რაიმე ღირებული როდესაც მუშაობას ოფიციალურად 10 საათზე ვიწყებთ, თანამშრომლების დიდი ნაწილი მხოლოდ 11–ზე მოდის და ხელმძღვანელები 12 საათამდე, თითქმის ყოველთვის, სადღაც შეხვედრაზე ყოვნდებიან. რაღა უნდა მოასწრო დღის დარჩენილ ნაწილში, როცა ყველაზე საუკეთესო და პროდუქტიულ დროს გზაში და ერთმანეთის მისალმება-მოკითხვაში ვატარებთ.
როგორ შეიძლება იმუშაო ნაყოფიერად და რაიმე განსაკუთრებულ შედეგს მიაღწიო როდესაც ყოველ საღამოს 10 საათამდე, ან 11–მდე, ან თათბირის მოლოდინში ხარ, ან დაუმთავრებელ თათბირზე ზიხარ, ან თუ მიზეზი იპოვე და გამოძვერი ოფისიდან სინდისი გქენჯნის იქ დატოვებული კოლეგების გამო. გვგონია, რაც უფრო გვიან ვტოვებთ სამსახურს მით უფრო დიდი შანსი გვაქვს ხელმძღვანელს თავი მოვაწონოთ. ყველას, ვინც ასე არ იქცევა, ვუყურებთ როგორც მტერს, რომელსაც რაღაცა მიაქვს, მიუხედავად იმისა რამდენს და როგორ აკეთებს.
როდის უნდა ვაკეთოთ უფრო მეტი, როცა ჩვენი სამუშაო დღე ერთ დიდ თათბირად, ან თათბირიდან თათბირზე გადასვლად იქცა. საიდანაც თითქოს კი გამოვდივართ ნამუშევრის განწყობით, მაგრამ გულის სიღრმეში მაშინვე, ხოლო მოგვიანებით შედეგებშიც, ვხვდებით, რომ თითქმის ტყუილად დაგვიკარგავს დრო.
რა მუშაობის განწყობა უნდა გვქონდეს და რომელს მაშინ როდესაც, ყველა სახლში ისედაც გვიან დაბრუნებული მთელ ღამეს ტელევოზორის წინ ვატარებთ რეალური ცხოვრების ამსახველი გაუთავებელი მძაფრი სიუჟეტების და დაუსრულებელი პოლიტიკური პერიპეტიებისთვის თვალყურის დევნებაში და მერე მთელ ღამეს ძილ–ღვიძილი გვაწვალებს გაყოლილი შფოთითა და სადარდებელით არეულ–დარეული დროების გამო იმაზე ფიქრით, გვეშველება თუ არ გვეშველება, გადავრჩებით თუ ვერა.
როგორ უნდა ვიმუშაოთ უკეთესად და გავაკეთოთ რამე ღირებული, როცა არც ერთი შაბათ–კვირა პრაქტიკულად დიდი თუ არა მცირე სუფრის გარეშე ვერ ჩაივლის. სადაც ყველას უნდა დავუმტკიცოთ რომ კაცები ვართ, ბევრი უნდა დავლიოთ, ბევრი უნდა ვჭამოთ და მანამ არ უნდა მოვიცვალოთ იქიდან ფეხი, სანამ მდგომარეობა კონტროლიდან არ გამოვა. და მერე მინიმუმ რამოდენიმე დღე უნდა ვიწუწუნოთ და ვიკვნესოთ გაუთავებელი თავის ტკივილისა და უქეიფობის გამო, ხოლო კვირის დარჩენილი დღეებს მაგრად გატარებულ დროზე ტკბილ მოგონებებს ვუზიარებდეთ კოლეგებს.
რა შედეგებს უნდა მივაღწიოთ, როდესაც, დროის უდიდეს ნაწილს, დღესაც და ღამესაც, შაბათ–კვირას თუ სამუშაო დღეებს, ზამთარსა თუ ზაფხულს ისეთ მდგომარეობაში ყოფნით ვატარებთ, როდესაც არც ვმუშაობთ და არც ვისვენებთ. დასვენების ჩვევა ისევე არ გვახასიათებს, როგორც მუშაობის. შეგვიძლია საათები ვიყუროთ ფანაჯარაში, ველაპარაკოთ ერთმანეთს ან კომპიუტერში დაუსრულებლად ვათვალიეროთ სოციალურ ქსელებში, ფორუმებსა და პოპულარულ საიტებზე ატვირთული სიახლეები. ხელფასს თუ მაინც იმდენს მოგვცემენ რა პრობლემაა?
თუ რამეს ვაკეთებთ ძირითადად ერთმანეთის დასანახად. ერთ სამსახურში ყოფნის რაც უფრო დიდ ხნის სტაჟი გვაქვს, მით უფრო ოსტატურად ვახერხებთ, ვიმუშაოთ ზუსტად იმდენი, რამდენიც საყვედურს აგვაცილებს და სამსახურის შენარჩუნების საშუალებას მოგვცემს. ჩვენ შორის ყველაზე მოხერხებულები კი იმასაც ახერხებენ, რომ სულ მინიმალური ძალისხმევით გამოირჩეოდნენ დანარჩენებისგან, თანაც შექებაც კი დაიმსახურონ.
ჩვენ ხომ არც დაწყება ვიცით არაფრის დროულად და ნორმალურად და როცა ვიწყებთ აღარ ვამთავრებთ, სანამ უხერხული არ გახდება. წერტილის დასმა ისევე გვიჭირს, როგორც პირველი ასოს დაწერა. უკვე დიდი ხანია ეს ჩვენი სამუშაო ცხოვრების გამოკვეთილ მახასიათებელად იქცა.
და თუ რამეს ვაკეთებთ, უფრო იმისთვის, რომ ვიღაცას ვაჯობოთ, ან დავანახოთ – რამდენად ჭკვიანები ვართ, რამდენის გაკეთება შეგვიძლია. მაშინაც კი, როცა დიდად არც არავის აინტერესებს ვინ ვართ და რას ვაკეთებთ.
არასდროს, ერთი წამითაც კი არ ვუშვებთ თავში აზრს, რომ იმისთვის ვაკეთოთ, ან ვიფიქროთ, რომ ვიღაცას ვარგოთ, ან ბედნიერება მივანიჭოთ. და თუ მაინც ყველა ბარიერი გამოიარა ამ აზრმა, ჩვენამდე მოაღწია, ვიღიმით და ირონიულად ვამბობთ – კარგი რაა, რა სისულელეა, რეალურ რაღაცეებზე ვიფიქროთ. ჩვენ ხომ მხოლოდ ჩვენთვის შეგვიძლია რაღაცა ვაკეთოთ. აზრიც კი, რომ სხვისთვის გაკეთებული, შეიძლება, უკეთესი გამოვიდეს, მიუღებელი და გაუგებარია.
როგორ შეიძლება, რაიმე სერიოზულ წარმატებას მივაღწიოთ მაშინ, როდესაც სხვისი წარმატება, რამდენად დიდიც არ უნდა იყოს ის, მხოლოდ გამართლებაა, ხოლო ჩვენი სულ პატარა გამარჯვებაც კი ღირსეული შრომის დამსახურებული შედეგია. როცა არაფერი სხვის მიერ გაკეთებული არ მოგვწონს და ყოველთვის ვახერხებთ ვიპოვოთ მასში რაღაცა, რის გამოც მისი დაცინვა და გაკრიტიკება შეიძლება, მაშინაც კი, თუ ყველამ ჩვენს გარეთ მისი განსაკუთრებულობა აღიარა. ჩვენ მაინც ჩვენი უარესი მოგვწონს და გული გვწყდება იმის გამო, რომ სხვები ამას ვერ ხედავენ და ვერ აფასებენ.
რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ჩვენ შრომას, როცა კეთებისთვის უფრო ხშირად ვაკეთებთ, ვიდრე შედეგისთვის, როცა მუშაობა უფრო რუტინული, ყოველდღიური პროცესია, ვიდრე გამორჩეული შედეგისკენ მოძრაობა, როცა სამსახურში დავდივართ მხოლოდ იმისათვის, რომ ხელფასი ავიღოთ და დღის განმავლობაში იმაზე ფიქრში უფრო მეტ დროს ვატარებთ, რაში დავხარჯოთ ის, რასაც გვაძლევენ, ვიდრე იმაში, როგორ ვაკეთოთ რომ უფრო მეტი მივიღოთ.
რამ შეიძლება გაგვაკეთებინოს უფრო მეტი, როცა ჩვენი შემოქმედებითი ნიჭი და უნარები უფრო მეტად იხარჯება სამსახურის საათების შემდეგ მეგობრებთან, ახლობლებთან ურთიერთობაში, ვიდრე ჩვენს ყოველდღიური მოვალეობების შესრულებაში. როცა ჩვენი ჰობი უფრო კარგად გამოხატავს ჩვენს უნარებს, ვიდრე საქმე, რომელშიც ანაზღაურებას ვიღებთ.
ვის აქვს უფრო მეტის და უკეთესად კეთების განწყობა და სურვილი, როცა ყოველი ჩვენთაგანი ყოველდღე უამრავ პრეტენზიას გამოვთქვამთ, ან გამოვხატავთ ჩვენი ხელმძღვანელების, თანამშრომლების, სამუშაო პირობების გამო და ყოველთვის ვითხოვთ ჯერ სხვებმა შეცვალონ ჩვენთვის რამე, რომ ჩვენ ჩვენს ქცევაში მათთვის რამე შევცვალოთ.
როგორ უნდა გავაკეთოთ რაიმე მართლა განსაკუთრებული მაშინ, როდესაც სულ მცირე რაღაცაც კი, ჩვენს მიერ გაკეთებული ისე მოგვწონს, ისე აღგვაფრთოვანებს, რომ გული გვისკდება სხვების მის მიმართ გულგრილობის გამო და გარემოზე გულმოსულები მას უკეთესი კი არა, ისეთივეს ახლიდან გაკეთებასაც ვაყვედრით.
როგორ შეიძლება გამოვიდეს რაიმე კარგი ჩვენი ძალისხმევიდან, როცა სხვაზე დახარჯული კაპიკიც და წუთიც კი გვენანება მაშინ, როცა ჩვენთვის ათას სისულელეში შეგვიძლია ხალისით ვხარჯოთ, ვკარგოთ და ვფლანგოთ დროც და ფულიც. ერთ წუთსაც კი არ დავუთმობთ არავის მაშინ, როცა საათები შეგვიძლია ჭერში ყურებაში გავატაროთ.
როგორ შეიძლება მივიღოთ მეტი, როცა გაცემა არაფრის არც გვიყვარს, არც ვიცით, არც შეგვიძლია. და თუ რამეს გავცემთ მხოლოდ მაშინ, როცა ზუსტად ვიცით – ხვალ მასში რა კონკრეტული სარგებელი უნდა მივიღოთ. და მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს სარგებელი მილიონჯერ უფრო მეტია ვიდრე ის რაც ჩვენ მისთვის უნდა გავიღოთ.
რა გაგვაკეთებინებს მეტს, როცა მუშაობის პროცესი ჩვენთვის ცხოვრების ყველაზე უსიამოვნო ნაწილია, როცა სამსახური უფრო დროის გაყვანის ადგილია, ვიდრე რაიმე ახლის შექმნის შესაძლებლობა, როცა ფუნქციები უფრო მოვალეობებია, ვიდრე ინსტრუმენტები საკეთებლად. როცა ყოველი დღე უფრო ტვირთია, ვიდრე შანსი – შექმნა რაღაცა ვინმესთვის საჭირო და მნიშვნელოვანი. როცა საღამო უფრო გვიყვარს, ვიდრე დილა და როცა პარასკევი იმდენად გვირჩევნია ორშაბათს, რომ ვერც კი ვუშვებთ, როგორ შეიძლება არ იყოს ასე.
ვინ გააკეთებს რამეს, როცა ყველა ვცდილობთ სხვაზე მეტი არ გავაკეთოთ. როცა ყევლაფერს, რაც შედარებით რთული გასაკეთებელია სხვას ვატენით და ერთმანეთს მარტივ, მაგრამ თავის გამოსაჩენად უფრო ადვილ საკეთებელს ხელიდან ვტაცებთ. როცა გვინდა, რომ ბევრი გვევალოს, მაგრამ არ მოგვწონს, როცა პასუხს გვთხოვენ რამეზე. როცა პასუხისმგებლობა ის არის, რაც სხვას აკისრია უფლებები კი ის, რაც ჩვენ უნდა გვქონდეს და რის გარეშეც არც უფლება აქვს ვინმეს, რამე მოგვთხოვოს.
რა შედეგი უნდა ჰქონდეს ჩვენს შრომას, როცა ვითხოვთ, მაგრამ არაფრის გაცემა არ გვინდა სანაცვლოდ, როცა ჩვენი ერთი წუთი ათასჯერ მეტად გვიღირს, ვიდრე სხვების ჩვენზე დახარჯული საათი. როცა მზად ვართ, ყველას ყველაფერი ვასწავლოთ, მაგრამ არაფრის მოსმენა არავისგან არ გვინდა, ვერც კი ვუშვებთ, რომ ვინმეს შეუძლია რამე გვითხრას ისეთი, რაც არ ვიცით.
ვისთან ერთად შეიძლება, რომ მეტი და უკეთ ვაკეთოთ, როდესაც ყველა, ვინც ჩვენზე უკეთესია ჩვენთვის მტერია, რომელსაც გასაქანი არ უნდა მივცეთ, რათა არ გვაჯობოს. როცა ჩვენს მიმართ კოლეგების მიერ გამოთქმული ყველა შენიშვნა, რჩევაც კი პიროვნული შეურაცხყოფის ტოლფასია, რის გამოც პასუხი უნდა ვაგებინოთ. რა ღირსები არიან ისინი, რომ ჩვენ მათთან ერთად რამე ვაკეთოთ და ძირითადად ჩვენი დამსახურებული შედეგი, სახელი და ავტორიტეტი გავუნაწილოთ.
როგორ შეიძლება მეტი ვაკეთოთ, როცა ერთ სიტყვას, ერთ მოქმედებას ვაყვედრით გარემოს. როცა იმის ზუსტად ცოდნის გარეშე, თუ რას მივიღებთ, სანაცვლოდ ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი უდიდესი ტვირთია ჩვენთვის. როცა ყოველი ჩვენი მოქმედება მხოლოდ შოუა იმის დემონსტრირებისთვის, რა შეგვიძლია და არა თვითრეალიზაციის აქტი. ჩვენ უფრო იმისთვის ვმუშაობთ, რომ ვაჩვენოთ რამდენად ღირსეულ ადამიანთან აქვთ საქმე და თუ შევამჩნიეთ, რომ ისინი ამას კარგად ვერ აღიქვამენ ან ვერ აფასებენ, საერთოდ აღარაფერს ვაკეთებთ.
როგორ გავაკეთებთ მეტს და უკეთ, როცა არასდროს არაფერს უკეთ საკეთებლად არ ვაკეთებთ. ამაზე დახარჯული დრო წყალში გადაყრილი გვგონია და გვირჩევნია წლები ვკარგოთ არასწორად კეთებაში, ვიდრე ერთი დღე ვიფიქროთ სხვანაირად როგორ ვაკეთოთ.
შეიძლება ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენ, ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომლებს გვახასიათებს, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, სხვებთან შედარებით მაინც არ ვართ ძალიან უკან. მათ ფონზე თითქოს ჩვენც რაღაცას ვაკეთებთ. ეტყობა არც იქ უნდა იყოს მთლად კარგად საქმე. მაშინ რა გვაქვს სადარდებელი პრინციპში, ან ქცევისა და ჩვევების შეცვლაზე რატომ ვიწვალოთ?
სტატიის ნახვა შესაძლებელია სინერჯი ჯგუფის V წიგნში “მართვის ახალი გეომეტრია” | ბმული
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
4 კომენტარი სტატიაზე “რა გვიშლის ხელს უფრო მეტის და უკეთესად კეთებაში”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
16 მაისი, 2010 17:07
მაგარიააააააააააააააააააააააააააააააააა. სიტყვები არ მყოფნის
29 სექტემბერი, 2010 11:39
ხშირად უნდა წავიკითხო ეს სტატია, რომ უფრო ხშირად გავითვალისწინო.
24 ნოემბერი, 2010 19:52
ძალიან მომეწონა,მართლაც რომ ასეა სამწუხაროდ….
20 იანვარი, 2011 18:10
არ მყოფნის კომპეტენცია სტატიის შესაფასებლად!!!!
მადლობა ავტორებს!!!!!