კაპიტანმა იცის, საით მიჰყავს გემი
სტატიის ავტორი: მარიამ მუნჯიშვილი
9 მარტი, 2011 | წაკითხულია 5 279-ჯერ
ხელოვნების მიზანი სულ უბრალოა — მიანიჭოს ადამიანს სიხარული, შთაბეროს მას მხნეობა. თუ ეს ხელოვნება თეატრს უკავშირდება, მაშინ ამ მიზნის მიღწევაში ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობს. ისინი, ყველა ერთად, ცდილობენ ახალი და საინტერესო კუთხით გააშუქონ ადამიანური ცხოვრების ის მხარეები, რომელიც შეუმჩნეველი რჩება ზოგიერთი ჩვენგანისთვის. ეს შეუმჩნეველი, შემდეგ უკვე ფიქრისმომგვრელი სანახაობა, თავიდან რეჟისორის გონებაში უნდა დაიბადოს და იდეურ-მხატვრული ჩანაფიქრის განსახორციელებლად მსახიობებთან, მხატვართან, კომპოზიტორთან, ქორეოგრაფთან მუშაობით სპექტაკლის დრამატულ, რიტმულსა და სახვითი გადაწყვეტის ერთიანობას მიაღწიოს. მათ თეატრის სცენა ამაღელვებელ, შემოქმედებით სამყაროდ უნდა აქციონ, სადაც სცენური მოქმედებებით ეტყვიან სათქმელს მაყურებელს. მათი ერთობლივი შემოქმედებით მაყურებლები თეატრიდან ახალი იდეებითა და ემოციებით „დანაყრებულნი“ უნდა წავიდნენ. ეს მათ სულიერი განვითარებისთვის დაეხმარება.
მუშაობის პროცესში იცვლებიან გუნდის შემადგენელი წევრები, იცვლება სცენა, იცვლებიან და იზრდებიან მაყურებლებიც. მთავარი ამ პროცესში ისაა, რომ რეჟისორმა გეზი არ დაკარგოს და ყველა გარემოში შეძლოს თავისი მისიის სათანადოდ შესრულება.
კარგ ხელმძღვანელს წარმატებულად და შედეგიანად შეუძლია იმუშაოს როგორც პატარა გუნდთან, ისე ახალ და დიდ გუნდთან, თამამად შეხვდეს ახალ გარემოში ახალ გამოწვევებს. ახლა სწორედ ასეთ რეჟისორზე მოგიყვებით. მან წარმატების შენარჩუნება შეძლო მას შემდეგ, რაც მისთვის ახალი, მაგრამ უკვე გამოცდილი გუნდის ხელმძღვანელად გადავიდა. იგი მუშაობის პროცესში არ ხელმძღვანელობდა განსაკუთრებული წესებითა და მიდგომებით. მისი ამგვარი პოზიცია არც დიდ სცენაზე გადმოსვლის შემდეგ შეცვლილა. თუმცა არის რაღაც, რასაც ყოველთვის ითვალისწინებს და მნიშვნელოვნად მიიჩნევს. სწორედ ეს გახდა რეჟისორის, როგორც ხელმძღვანელის წარმატების საწინდარი.
სხვებისთვის მაგალითის მიცემა
რეჟისორის გონებაში ათასი ფიქრი ირევა და იდეა იბადება. შემდეგ იგი უკვე მსახიობებთან და შემოქმედებით გუნდთან ერთად საინტერესო სანახაობად გარდაიქმნება. თუმცა, შედეგის მისაღებად ბევრი და რთული სამუშაოა გასაწევი, რომელსაც მონდომება, საქმის სიყვარული და მოთმინება სჭირდება. პირველ რიგში ეს ხელმძღვანელისთვის უნდა იყოს ასე, რათა გუნდი ამ წარმატებამდე მიმავალ გზას არ აცდეს.
ჩვენი რეჟისორისთვის არ არსებობს პირველადი და მეორადი სპექტაკლი. უკან არ იხევს მაშინაც, როცა ერთი შეხედვით სპექტაკლი ფინანსურად გაუმართლებელი და არამომგებიანი ჩანს. სწორედ ამგვარი სპექტაკლები გამოსულა შემდეგ ისეთი, მსახიობებს დაუგეგმავად რომ უთამაშიათ.
რეჟისორი თვითონ უდგება საქმეს მონდომებით, მას აქვს უნარი სხვასაც ასევე შეაყვაროს, საქმის უკეთ კეთება მოანდომებინოს.. თითოეულ მსახიობს აყვარებს მის როლს, მათთან ერთად თამაშობს სცენაზე, მათთან ერთად შეიგრძნობს თითოეული პერსონაჟის განცდებს, სწამს, რომ თუ ის, რასაც აკეთებ გიყვარს, ბოლომდე იხარჯები მისი კარგად შესრულებისთვის, აუცილებლად მოგიტანს წარმატებას.
სხვების შეხედულებების გაზიარება და ერთად შექმნილი შედევრები
ნეტავ განახათ, როგორ იქმნება გუნდის ერთობლივი მუშაობით ჯერ ჩანასახები, შემდეგ კი ხორცი ესხმება მათ ჩანაფიქრს. სკოლის მერხზე მსხდომარე ბავშვებს მოგაგონებთ, ერთად რომ იგონებენ და თხზავენ შემდეგ უკვე შედევრებს. რეჟისორისთვის, როგორც ხელმძღვანელისთვის სპექტაკლის შექმნის პროცესში მონაწილე ნებისმიერი ადამიანის აზრი საინტერესო და ყურადსაღებია. ცდილობს ყველას მოუსმინოს, მნიშვნელოვანი რამ არ გამორჩეს. შედეგად მაყურებლამდე მისატან სანახაობაში თავისი წვლილი ყველას შეაქვს – რეჟისორი მათ ამის საშუალებას აძლევს.
გუნდში შეთანხმებულობის და ერთიანობის შეგრძნებაა, მიუხედევად იმისა, რომ მრავალრიცხოვან დასში სპექტაკლების მიხედვით რეჟისორს მსახიობთა სხვადასხვა გუნდთან უწევს თანამშრომლობა. შედეგი ყოველთვის ერთნაირია _ ფეხზე ამდგარი მაყურებელის გულმხურვალე აპლოდისმენტები ყოველი სპექტაკლის შემდეგ.
თვითრეალიზაციის მაქსიმალური შესაძლებლობის მიცემა
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი ჩვენი რეჟისორისთვის ისაა, რომ თითოეულ მსახიობს თავის მეტად წარმოჩენის საშუალებას აძლევს. დასადგმელი სპექტაკლის შერჩევის და როლების განაწილების დროს მსახიობების სურვილებსა და შესაძლებლობებს ითვალისწინებს. ცდილობს, თითოეულს ისეთი როლი შეურჩიოს, რომლის თამაშიც მსახიობს სიამოვნებას მოჰგვრის, თვითრეალიზების მეტ საშუალებას მისცემს, მისი რაც შეიძლება კარგად შესრულების სტიმულს გაუღვივებს.
ბევრი იმედდაკარგული მსახიობისთვის გაუწვდია დახმარების ხელი. შანსი მიუცია საკუთარი ნიჭი გამოევლინა, ვისთვისაც გაუმართლებლობის თუ მოუნდომებლობის გამო კარი მიუხურავთ და ერთადერთ სარჩო–საბადებელზე უთქვამთ უარი. რეჟისორს ბევრი აღმოუჩენია, ბევრისთვის გაუღვივებია შემოქმედებითი ნიჭის პატარა მარცვალი.
არაფორმალურ ურთიერთობებზე დამყარებული მუშაობა
მთავარ კოზირად რეჟისორი მაინც მსახიობებთან აწყობილ, ჯანსაღ ურთიერთობებს მიიჩნევს. ყველასთან არის ძალიან უშუალო, კომუნიკაბელური და დადებითი პიროვნება. ამით ადამიანებთან ურთიერთობას ადვილად აწყობს და ამ ურთიერთობებზე აფუძნებს მსახიობების მხრიდან პატივისცემასა და შრომისმოყვარეობას.
საინტერესოა, რომ მსახიობების გაცნობის ეტაპი რეჟისორს მუდმივად აქვს. მეტი ნდობის მოპოვებისთვის მათ ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს თეატრს გარეთ ურთიერთობებს. არაფორმალურ გარემოში ხშირი შეხვედრებით ცდილობს გააღრმავოს რეჟისორი–მსახიობის ტანდემი.
ის ამ ურთიერთობებს იმდენად დიდ ღირებულებად და მონაპოვრად მიიჩნევს, იმდენად ფაქიზად ეპყრობა, რომ მაქსიმალურად თავს იკავებს მსახიობებთან ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაციის შექმნისგან.
თავმდაბალი, მიღწეულ წარმატებაში თავისი წვლილის აღიარებისას
ყველაფერთან ერთად ჩვენი რეჟისორი თავმდაბალია. წარმატებას ყოველთვის საერთო ძალისხმევით მუშაობას უკავშირებს. განსაკუთრებულად მაინც მსახიობის როლს გამოყოფს, მას გააქვს მთელი გუნდის ჩანაფიქრი სცენაზე, მას მიაქვს მაყურებლამდე სათქმელი, აპლოდისმენტებსაც ის იღებს..
რეჟისორის მიზანი ხომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი, საინტერესო და შეუმჩნეველი მოვლენების სცენურ მოქმედებებად გარდაქმნის იმგვარად დაგეგმვაა, რომ სწორად მივიდეს მაყურებლამდე, ჩაფიქრებული ენერგიით დამუხტოს და ახალი შემართებით გაუშვას თეატრიდან. სიახლეების მიუხედავად თავისი დანიშნულების პირნათლად შესრულებას რეჟისორი ამ უცვლელი მახასიათებლებით ახერხებს.
მიუხედავად დიდი ქარიშხლებისა მაყურებელმაც იცის, რომ გემი არასოდეს ჩაიძირება.
ამ გემს და მის ეკიპაჟს გამოცდილი კაპიტანი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან წულაძე მართავს.
წინ შეხვედრამდე!
მარჯანიშვილელები პრემიერისთვის ემზადებიან…..
სტატიის ნახვა შესაძლებელია სინერჯი ჯგუფის IV წიგნში “მენეჯერის ბრძოლა წარმატებისთვის” | ბმული
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
7 კომენტარი სტატიაზე “კაპიტანმა იცის, საით მიჰყავს გემი”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
10 მარტი, 2011 11:23
ძალიან, ძალიან კარგი სტატიაა.. დიდი ხანია ასეთი საინტერესო რამე არ წამიკითხავს. მადლობა ავტორს..
10 მარტი, 2011 18:24
ძალიან კარგი სტატიაა და სასიამოვნოდაც იკითხება…ძალიან მომეწონა.
10 მარტი, 2011 20:59
ძალიან საინტერესო სტატიაა, მაღალმხატვრულად გადმოცემული და ერტი ამოსუნთქვით წაკითხვადი.
10 მარტი, 2011 23:36
მარიამ, საინტერესოა შენი სტატია. უფრო საინტერესო კი ისაა, რომ გაზრდილხარ. მადლობა ყველას, განსაკუთრებით იმათ, ვინც აგერ უკვე რამდენი თვეა ამ პოზიტივში იღებს მონაწილეობას. :)
1 აპრილი, 2011 12:17
ძალიან საინტერესო სტატიაა. დიდი სიამოვნება მივიღე. მადლობთ მარიამ. მართლა ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე
6 აპრილი, 2011 12:23
:) ღირებულთან ერთად ძალიან სასიამოვნო და თბილი სტატიაა.. კითხვა, რომ დავამტავრე მივხვდი რომ დავრჩი გაღიმებული :)))… აი ესე ღიმილით ჩავამთავრე კითხვა. მადლობა ავტორს
17 დეკემბერი, 2011 23:10
მარიამ შეიძლება თქვენი თემა გამოვიყენო ლექციის თემად?