დაამხეთ “მონათმფლობელობა” და გაჩნდება “ვაკანსიები” – “დასაქმებისა” და “იძულებით დასაქმების” პრობლემების შესახებ…
სტატიის ავტორი: შოთა მოდებაძე
30 იანვარი, 2012 | წაკითხულია 2 750-ჯერ
ამ სტატიის დაწერის სურვილი ჩემმა ძალიან ახლო მეგობარმა აღმიძრა. ის, შეიძლება ითქვას, “იძულებით დასაქმებულია” და როცა თავისი პრობლემების შესახებ მიყვებოდა, ერთად აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენს ირგვლივ ძალიან ბევრია იგივე უღელ ქვეშ…
შეიძლება არასერიზულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩავთვალე, რომ “იძულებით დასაქმება” დღეს ჩვენი საზოგადოების აქტუალური პრობლემაა…
წარმოვიდგინოთ ძალიან სტანდარტული ქართველი დასაქმებული:
მუშაობს კვირაში 60 (სამოცი) საათი და იღებს, პირობითად, 600 ლარის ანაზღაურებას; წელიწადში ისვენებს მხოლოდ ორი კვირა; სამუშაოს მიღმა არ აქვს დრო; ვერ სწავლობს (თუნდაც ინგლისურს); ვერ ვარჯიშობს, ვერ დადის ეკლესიაში, ვერ მოგზაურობს. ვერ ვითარდება ვერც ფიზიკურად, ვერც გონებრივად, ვერც სულიერად. ვერ ქმნის ოჯახს, ან თუ ქმნის მალე ენგრევა იმიტომ, რომ ოჯახისთვის ვერ იცლის. ის, უბრალოდ, წარუმატებელი პერსონაა… (მგონი ცოტას ვაზვიადებ, თუმცა ჩემს მეგობარს თუ კითხავთ…)
ახლა ვკითხოთ, ასეთ დასაქმებულს, სურს თუ არა, იმუშაოს მხოლოდ 40 საათი და 400 ლარად. სურს თუ არა, რომ განვითარდეს პროფესიულად, შექმნას ჯანმრთელი ოჯახი, ჰქონდეს მეგობრებთან ურთიერთობის და აქტიური დასვენების დრო. დათმობდა თუ არა ის ამისათვის დამატებით ხელფასს? ჩემი მეგობარი დათმობდა, – სამუშაო საათების შემცირების მოთხოვნა მთლიანად სამუშაოს დაკარგვის საფრთხეს რომ არ ქმნიდეს. მას ეშინია, უბრალოდ, ეშინია სიტყვების: „თუ არ მოგწონს შეგიძლია მიბრძანდე…“ წუთით გაჩერდით და დაფიქრდით, რამდენ ადამიანს ეშინია თქვენს ირგვლივ, იგივე სიტყვების…
ჩემი აზრით, განვითარებული სახელმწიფოები ახერხებენ წინსვლას არა იმით, რომ, უბრალოდ, ვაკანსიებს ქმნიან, არამედ იმით, რომ წარმატებული ადამიანების რაოდენობას ზრდიან ქვეყანაში. რატომ იწყება და მთავრდება სამუშაო პერიოდი მათთან ადრე? რატომ არის ზუსტად განსაზღვრული სამუშაო საათები? რატომ იხდიან ორმაგს ზენორმატიული დროით დაქირავების შემთხვევაში? რატომ ისვენებენ ჩვენზე მეტს და ვითარდებიან ჩვენზე სწრაფად? ნუთუ შეუძლებელია, საქართველოში დასაქმებულ ადამიანებს ჰქონდეთ დრო პირადი ცხოვრებისა და განვითარებისათვის?
როგორც ადამიანების უმრავლესობას სჯერა, ხალხის კეთილდღეობის ამოცანის დიდი ნაწილი დასაქმების პრობლემის გადაჭრით უნდა დაიწყოს. სწორედ ამიტომ ხელისუფლება ცდილობს, სხვადასხვა გზები გამოძებნოს იმისათვის, რომ დასაქმებულთა რაოდენობა გაზარდოს. კარგია სურვილი და მიდგომა, თუმცა გრძელვადიანი პერიოდისათვის, – ცალმხრივი და მცდარი.
ამ სტატიაში მინდა, დასაქმების პრობლემა სხვა კუთხიდან დავინახოთ, რადგან ეს აქტუალურია დღეს. საქმე იმაშია, რომ დაუსაქმებელ ადამიანებზე ზრუნვისას სულ გვავიწყდება, რომ დასაქმებულთა დიდი უმრავლესობა ამჟამად „იძულებით დასაქმებულია“.
იძულებით, დასაქმებულში მოვიაზრებ ადამიანს, რომელიც კვირაში მუშაობს 41 საათზე მეტს, აქვს სურვილი რომ იმუშაოს ნაკლები, ამასთან ნაკლებ ხელფასზე, მაგრამ არ აქვს ამის შესაძლებლობა (არ აქვს ასეთი შემოთავაზება).
საიდან დავიწყოთ ? – სტერეოტიპების დამსხვრევით. სტერეოტიპული მოსაზრებები:
1. რა ვქნათ, შრომის კოდექტი დასახვეწია, ეს ხანგძლივი პროცესია. სანამ შრომის კოდექსი არ შეიცვლება, მანამდე ამ პრობლემას არაფერი ეშველება, – სინამდვილეში ეს ასე არ არის. ქვემოთ ვაჩვენებთ, რომ არსებული შრომის კოდექსი ბევრი ცვლილების საშუალებას მოგვცემს, თუ მას დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის მოლაპარაკების ბაზად ვაქცევთ;
2. დასაქმებულთა უფლებებზე ფიქრი ჯერ ადრეა. ზენორმატიული შრომა მცირე ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მეწარმეებზე და ისინი იზრუნებენ ხალხზე, – ტყუილია. სინამდვილეში ზენორმატიულად მომუშავე, გადაღლილი, უკმაყოფილო, დეპრესიული და არამიზანსწრაფული და სწავლაგანვითარების შესაძლებლობის არმქონე კადრები დოვლათს ვერ ქმნიან (ან ქმნიან, ოღონდ, ძალიან მოკლევადიან პერიოდში, ანუ ასეთი მიდგომა დასაშვებია მხოლოდ მძიმე კრიზისების დროს, შეზღუდული ვადებით);
3. არ არსებობს და ვერც შეიქმნება ძლიერი პროფკავშირები პოლიტიკური ინტერესების გარეშე, რომლებიც დასაქმებულთა უფლებებს დაიცავდნენ. სჯობს ამაზე ფიქრს თავი დავანებოთ. – ესეც მცდარი აზრია, ძლიერი პროფკლავშირები შეიქმნება, თუ იქნება საზოგადოების დაკვეთა. სინამდვილეში დღეს დასაქმებულთა და დამსაქმებელთა 99%-ი არ იცნობს თავიანთ უფლებებს, მათ, უბრალოდ, არც წაუკითხავთ შრომის კოდექსი;
4. გაზულუქებულ მეწარმეებს და დირექტორებს მხოლოდ საკუთარი მოგება თუ ბონუსები ანაღვლებთ, ხალხის კეთილდღეობა სულ არ აინტერესებთ, – ესეც მცდარი მოსაზრებაა, უნდა ითქვას, რომ მეწარმეები და დირქტორებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან თავიანთი ზნეობრივი კანონებით, თავმოყვარეობით და სინდისით. თუ ისინი გააცნობიერებენ, რომ ყველა დასაქმებულმა იცის საკუთარი უფლება, ამასთან თვითონაც გაითავისებენ შრომის კოდექსს, მაშინ მათ საკუთარი შინაგანი მე სხვაგვარად მოქმედებისაკენ უბიძგებთ.
ეს ყველაფერი თეორიაა, კონკრეტულად რა უნდა გავაკეთოთ ?
პრობლემის სათავე „ზეპირი შრომის ხელშეკრულებების“ არსებობაშია. როცა დამქირავებელი დაქირავებულს ზეპირად რაღაცეებზე უთანხმდება, რაღაცეებზე საერთოდ არ ესაუბრება და მხოლოდ სამუშაოს დაწყებიდან დიდი ხნის შემდეგ აღმოაჩენს დაქირავებული, რომ ის „მონად“ იქცა.
ეს პრობლემა რომ სისტემურად აღმოიფხვრას, სახელმწიფომ უნდა გამოსცეს ბრძანებულება, რომლის მიხედვით:
- ყველა ორგანიზაცია უნდა გახდეს იძულებული, რომ შრომის კოდექსის ის მუხლები (ან მთელი კოდექსი), რომლებიც იცავენ დაქირავებულის უფლებებს, გამოიკრას ყველასათვის თვალსაჩინო ადგილზე;
- იმ შემთხვევაში, თუ მენეჯერებს სურთ, ორგანიზაციას ჰქონდეს შრომის კოდექსისაგან განსხვავებული და ამასთან კანონით დაშვებული სხვა პირობების ამსახველი შინაგანაწესი, მაშინ ეს შინაგანაწესიც გამოიკრას თვალსაჩინო ადგილზე;
- თუ ორგანიზაციასა და თანამშრომელს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებულია დასაქმების შრომის კოდექსისაგან განსხვავებული და კანონით დაშვებული სხვა პირობები, მაშინ ასეთი ხელშეკრულება უნდა ასახავდეს კონკრეტულად სამუშაო საათების რაოდენობას, ანაზღაურებადი და ასანაზღაურებელი შვებულებების დღების რაოდენობას და დასაქმებულთათვის სხვა აუცილებელ ციფრებს თუ პირობებს, ანუ არ უნდა იყოს ბუნდოვანი.
რას მოგვიტანს ეს მარტივი „სახელმწიფო ბრძანებულება“?
- ყველა დასაქმებული გაეცნობა საკუთარ უფლებებს სამუშაოს დაწყებისთანავე. ამ უფლებების გაცნობის შემდეგ მიიღებს ის გადაწყვეტილებას, გახდეს მონა თუ აირჩიოს თავისუფლება (გამარტივდება მოლაპარაკება დამქირავებელთან);
- მეწარმეები და დირექტორები გაეცნობიან შრომის კოდექსს. მათი ნაწილი გაცნობისთანავე დაიცავს მას, ნაწილი კი გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, რადგან მოექცევა ზნეობრივი წნეხის ქვეშ;
- დასაქმებულები გაეცნობიან მეწარმეების უფლებებს და არ გაუჩნდებათ შინაგანი წინააღმდეგობა, არ იგრძნობენ თავს ჩაგრულებად, როცა მეწარმეები თავიანთ კანონიერ უფლებებს გამოიყენებენ. შინაგანი ამბოხის გამო არ გადიქცევიან „უკმაყოფილო წურბელებად“ ორგანიზაციისათვის.
- დასაქმებულთა დიდ უმრავლესობას გამოუთავისუფლდება დრო. მათ ექნებათ სწავლის, ვარჯიშის, ეკლესიაში სიარულის საშუალება, აქტიურად დასვენების, ოჯახის შექმნისა და შენარჩუნების საშუალება… ისინი მიზანმიმართულ და წარმატებულ ადამიანებად იქცევიან. მათი ცხოვრება გახდება სავსე მოვლენებით, რადგან „ზავოტ/კრავოტს“ თავს დააღწევენ;
- დასაქმებულთა ხელთ არსებული თავისუფალი დრო ბუნებრივად წარმოშობს ხარჯების ზრდას, ადამიანები უფრო მეტს დაისვენებენ, უფრო მეტს იმოგზაურებენ თუნდაც შიდა ტურებით, უფრო მეტ დროს დახარჯავენ „გარეთ“, ნაცვლად ტელევიზორთან დაქანცული ჯდომისა. რაც, საბოლოო ჯამში, მოგვცემს ეკონიმიკის მნიშვნელოვან სტიმულირებას;
- და ბოლოს, შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, რადგან მეწარმეები, ნაცვლად იმისა, რომ ორი ადამიანი ამუშაონ 60 + 60 საათი კვირაში და გადაიხადონ 600 + 600 ლარი, ამუშავებენ 3 ადამიანს 40 + 40 + 40 საათი და გადაიხდიანი ისევ 1200 ლარს.
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
1 კომენტარი სტატიაზე “დაამხეთ “მონათმფლობელობა” და გაჩნდება “ვაკანსიები” – “დასაქმებისა” და “იძულებით დასაქმების” პრობლემების შესახებ…”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
12 თებერვალი, 2012 10:54
მართლაც ძალიან აქტუალური პრობლემა დღეს საქართველოში. მე დღეს უფრო ნაკლებ ხელფასიან სამსახურში ვმუშაობ, სამაგიეროდ შემიძლია დამატებით შაბათ დღეს დავისვენო და ხანდახან დღესასწაულებზეც. გაცილებით უფრო კმაყოფილი ვარ და ძველი სამსახურისკენ გახედვაც არ მინდა :)