ორგანიზაციების „ატლანტები“
სტატიის ავტორი: ეთუნა მუნჯიშვილი
23 თებერვალი, 2012 | წაკითხულია 3 834-ჯერ
ატლანტი ბერძნულ მითოლოგიაში ტიტანი იყო. იგი, გადმოცემით, ღმერთებთან მებრძოლ სხვა ტიტანებს მიემხრო, ამიტომ ზევსმა დასაჯა, უბრძანა, თავითა და ხელებით შეეკავებინა ცის თაღი. ეს ტიტანი მსოფლიოს პირველ ლეგენდარულ სერვისს სთავაზობდა.
დღეს სამყარო ბევრ ლეგენდარულ სერვისზე დგას. თავის მხრივ ამ სერვისების ეფექტიანობას განსაზღვრავენ ის ღერძები, რასაც მსოფლიოს განვითარება ეყრდნობა.
—
ერთი კომპანიის საინტერესო ინიციატივის შესახებ მინდა მოგიყვეთ.
ეს კომპანია 2002 წელს ორმა ავსტრალიელი სტუდენტმა დააარსა. ორი წლის წინ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ის ტექნოლოგიების პიონერად დაასახელეს. 2011 წელს კომპანიის შემოსავლებმა $59 მილიონს მიაღწია. კომპანია “სოფთვეარ დეველოპმენტის” სფეროში მუშაობს. ცენტრალური ოფისი ავსტრალიაში აქვთ. თავს მსოფლიოს ღერძად მიიჩნევენ, უფრო სწორად ასე დაირქვეს სახელი – „Atlassians” (ატლანტელები). ამბიციურად ჟღერს, თუმცა მაქსიმალურად ცდილობენ, თავის სფეროში გახდნენ ის დასაყრდენი წერტილი, რაზეც მსოფლიოს ტექნოლოგიური განვითარება დგას. ბევრი საინტერესო თავისებურებით გამოირჩევა ეს კომპანია. ჭკვიანურად აქვს შერჩეული ღერძები, რითაც კომპანიის ხერხემალი და თავის ქალა ერთმანეთს უკავშირდება. ეს, საბოლოო ჯამში, მათი წარმატების მიზეზი, ფაქტორი და შედეგი გახდა.
ამ კომპანიის ერთ–ერთ ასეთ ღერძს/ინიციატივას სახელად „FEDex დღეები“ ჰქვია (კომპანია FedEx-ის პრინციპი აქვთ გამოყენებული, რომლებიც 24 საათში აწვდიან მომხმარებლებს სერვისს). ამ დღის მთავარი მიზანია წაახალისოს თანამშრომლები, დაეხმაროს მათ მრავალფეროვანი გახადონ ყოველდღიური სამუშაო რუტინა, მისცეს საშუალება, უფრო კრეატიულად იფიქრონ ყველაფერზე, რაც ეხება მათ, კომპანიას, კლიენტებს, კლიენტების მომხმარებლებს. აკეთებენ საინტერესოდ და ბევრს, ვიდრე ამას მათგან ელის მსოფლიო. ატლასიანის „FedEx დღეებს“ წარმატებულად საკმაოდ დიდი კომპანიები იყენებენ, Ennova–დან დაწყებული Yahoo-თი დამთავრებული. ყველაფერი კი 2005 წელს დაიწყო 14 პროექტით, 2011 წელს კი FedEx-ის დღეს გაკეთებულმა პროექტებმა 66-ს მიაღწია. ახლა ამ კომპანიის წარმატების დიდი წილი ამ დღეებში მოფიქრებულ იდეებზე მოდის. თვითონ კომპანიაში ფიქრობენ, რომ ეს დღე ეხმარებათ:
- შექმნან ცხადი ღირებულება კომპანიის მომხმარებელისთვის;
- მოახდინონ საჭირო გავლენა ტექნოლოგიურ განვითარებაზე;
- ეს ინიციატივა გახადონ ხელმისაწვდომი და ცნობილი რაც შეიძლება ბევრი კომპანიისთვის.
ეს დღე ზუსტად 24 საათი გრძელდება, როგორც ყველა დანარჩენი დღე. თუმცა ეს 24 საათი განსაკუთრებულად გრძელია, განა იმიტომ, რომ დრო ნელა გადის, არა, უბრალოდ ბევრი რამ ესწრება ამ დროში, რომელიც ასტრონომიულად არღვევს 24 საათის ხანგრძლივობას. იგი ერთგვარ ინოვაციურ აფეთქებასავით არის ხოლმე, რომელშიც მონაწილეობას თითქმის ყველა თანამშრომელი იღებს.
“FedEx დღეები” გათვალისწინებულია კომპანიის რეგლამენტით და იმართება კვარტალში ერთხელ. თანამშრომლების ჩართულობა ნებაყოფლობითია, თუმცა, როგორც წესი, უმეტესობა აქტიურად მონაწილეობს ამ ინიციატივაში და ამ 24 საათის თითოეულ წუთს იყენებს იმისთვის, რომ იფიქროს იმაზე, თუ რატომ აკეთებს, რასაც აკეთებს და როგორ შეუძლია შეცვალოს უკეთესობისკენ. ამ დროს, როგორც წესი, მთელი ოფისი სავსეა ხოლმე თანამშრომლებით, ლიდერებით, დამფუძნებლებით და იდეების ბუღი დგას – მაგიდები, სკამები, იატაკი სავსეა ფურცლებით, მარკერებით, ფანქრებით, შესვნების დროც კი არ აქვთ, ყველას თანაბრად 24 საათი აქვს განურჩევლად პოზიციისა და წოდებისა, იმისთვის, რომ შექმნან ძალიან ღირებული პროექტი თავისი გუნდისთვის, თავისი კომპანიისთვის, კლიენტებისთვის, მსოფლიოსთვის. არჩევანში შეზღუდული არავინაა, არც რესურსებში, მთავარია პროექტისგან შექმნილი ღირებულება დიდი იყოს და ცხადი. საათები გადის და იდეები ნელ-ნელა ხორცს ისხამს, იხვეწება და დროც იმას მიუნიშნებს, რომ ყველაზე ძვირფასი 24 საათი გავიდა.
მაშინ კი ლიდერი ყველას კრებს ერთად და იწყება იდეების წარდგენა. თითოეულს 3 წუთი ეძლევა იმისთვის, რათა იდეა დაასაბუთოს და სხვები დაარწმუნოს იმაში, რომ ხმა მის პროექტს მისცენ. თუმცა, ამ დროს გამარჯვებაზე ნაკლებად ფიქრობენ. ამ დროს თანამშრომლები ყველაზე ღირებულად, ყველაზე გამორჩეულად გრძნობენ თავს. 1 დღე-ღამეში მათ ბევრი ისწავლეს, რასაც თავის კოლეგებს გაუზიარებენ. ამ 24 საათის შემდეგ ეს კომპანია უკვე 24 საათით წინანდელი კომპანიისგან განსხვავდება, ეს ორგანიზაცია გუშინდელთან შედარებით უფრო ჯანსაღია. გამორჩეულად იზრდება შემოქმედებითობა, გუნდის სულისკვეთება და ინოვაციებიც მეტ სტიმულს იძენენ.
ეს ინიციატივაც ერთგვარი ატლანტია, რომელიც კომპანიის ტალანტებს კომპანიის განვითარების სამსახურში აყენებს და რომელზეც არამარტო კომპანიის, არამედ კლიენტების განვითარება ეყრდნობა.
——
ვის შეუძლია ამ ინიციატივის თავის ორგანიზაციაში დანერგვა?
ყველას, განურჩევლად კომპანიის სიდიდისა და მოღვაწეობის სფეროსი. ამისთვის თანამშრომლების სათანადოდ ინფორმირებაა საჭირო და შეხსენება, რომ ზრუნვა ორგანიზაციულ განვითარებაზე ყოველი ლიდერის, თუ გუნდის წევრის ვალია. მსგავსი ინიციატივები კი უფრო აადვილებს ამ პასუხისმგებლობის შესრულებას და გარემოსაც უფრო სასიამოვნოს ხდის.
ეს არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი გზა იმისათვის, რათა აამუშავოთ თქვენი დანიშნულების ძრავი. იგი, ალბათ, ერთგვარი ბიძგია იმისკენ, რომ სწორად მოვძებნოთ ის მთავარი დასაყრდენი წერტილები, რაც ჩვენი კომპანიის ინტელექტუალურ რესურსს და მამოძრავებელ მიზნებს ერთმანეთს ჰარმონიულად დაუკავშირებს.
თუმცა, თუ ეს კონკრეტული „ატლანტა“ თქვენთვის საინტერესო აღმოჩნდება და გადაწყვეტთ თქვენს ორგანიზაციაში მსგავსი დღის მოწყობას, გთხოვთ, ჩვენც გაგვიზიაროთ როგორი შედეგით დასრულდება.
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
1 კომენტარი სტატიაზე “ორგანიზაციების „ატლანტები“”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
14 დეკემბერი, 2012 11:55
[…] ჯუფის კონსულტანტის ერთ–ერთ სტატიაში „ორგანიზაციების ატლანტებში” თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ […]