გუნდები და ჯგუფები
სტატიის ავტორი: პაპუნა ტოლიაშვილი
27 თებერვალი, 2012 | წაკითხულია 3 429-ჯერ
თითქმის ყველა ენაში გუნდი და ჯგუფი სხვადასხვა სიტყვებია და ყველა ცხადად გრძნობს, ერთმანეთისგან რა განსხვავებულ აზრს ატარებს ეს ორი სიტყვა. ყველა მენეჯერი ისურვებდა, ალბათ, ჰყოლოდა გუნდები ჯგუფების მაგივრად, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ბევრი ვერ ახერხებს.
რამოდენიმე პარალელი სპორტულ გუნდებთან, რომლებიც, ჩვენი აზრით, დიდწილად განაპირობებს ადამიანთა ჯგუფების გუნდურობას, შესაძლოა, კარგი მაგალითი აღმოჩნდეს მენეჯერების დასახმარებლად, იმისათვის, რათა მათ მათთვის დაქვემდებარებული ჯგუფებისაგან გუნდების შექმნა დაიწყონ.
ყველა სპორტულ გუნდს აქვს მკაფიო, გუნდის წევრებისათვის ადვილად გასაგები, ძალიან მარტივი საერთო მიზანი, როგორც გრძელვადიანი, ისე ყოველი სეზონის, თუ ტურნირის დაწყების წინ, ასევე ყოველი კონკრეტული თამაშის, თუ ასპარეზობისას. ეს მიზანი ყველამ ზუსტად იცის, ყველასთვის ძალიან სასურველია და ყველა თავისი პირადი შესაძლებლობების მაქსიმალურად ჩადებას ცდილობს ამ შედეგში. გუნდის ყველა წევრი ცდილობს, ბოლომდე დაიხარჯოს ამ მარტივი მიზნის მიღწევაში პირადი წვლილის შესატანად.
თამაშის მარტივი, ყველასათვის კარგად ნაცნობი საერთო წესები, რომელიც ყველასათვის გასაგებია, მისაღებია და რომლითაც ხელმძღვანელობენ ულაპარაკოდ. გუნდის ყველა წევრი ამ წესებს ან ეთანხმება, ან ეგუება, მაგრამ დაცვით ყველა ბოლომდე ცდილობს დაიცვას, ან თუნდაც უხეშად მაინც არ დაარღვიოს. ყველამ ცხადად იცის, რომ დარღვევას აუცილებლად მოყვება დასჯა, რომელიც არა მარტო პირადად მათთვის, არამედ მთლიანად გუნდისათვის, შესაძლოა, კრიტიკული აღმოჩნდეს.
ყველა გუნდს ჰყავს კაპიტანი, რომელიც, როგორც წესი, არის ყველაზე გამოცდილი, ყველაზე პატივსაცემი, ყველაზე გაწონასწორებული, ემოციურად მდგრადი სპორტსმენი. ის ყველაზე მეტს მუშაობს, იქ არის, სადაც ყველაზე მეტად უჭირთ და უშუალოდ ბრძოლის დროს ცდილობს, პირადი მაგალითით მაქსიმალური მუხტი შეუქმნას გუნდს. იგი, ანგარიშის მიუხედავად, ბრძოლის დასრულებამდე არ კარგავს ჟინს და დანარჩენებსაც ამხნევებს იმისათვის, რომ იმის მაქსიმალური შედეგი დაიდოს რისი მიღწევაც იმ მომენტში გუნდს შეუძლია.
გუნდის წევრების პირადი წვლილი ყველასათვის გამჭვირვალე და თვალსაჩინოა. გუნდის შიგნით და მის გარეთაც ძალიან ბევრი ცხადად ხედავს თითოეული წევრის მონაწილეობას საერთო შედეგში. გუნდის თითოეული წევრის როლს ფართო მაყურებელი ხვდება, ძალიან ცხადი და ობიექტური ინფორმაციის – პირადი დაკვირვების საფუძველზე. ეს გუნდის ყოველ წევრს მაქსიმალურ სტიმულს აძლევს და ეხმარება იმაში, რომ იმ მომენტისათვის, მისი მომზადების შესაბამისად, მაქსიმალურად დაიხარჯოს და შედეგში პირადი წვლილი შეიტანოს.
ყველა გუნდს ჰყავს მწვრთნელი, რომელიც გარედან უყურებს ასპერეზის ველს. იგი აკვირდება თითოეულ მოთამაშეს, მათ მოქმედებას სწავლობს, აფასებს, იღებს გადაწყვეტილებებს, თუ ვინ რა როლი უნდა შეასრულოს, ვინ როდის გამოიყვანოს და ვისით ჩაანაცვლოს ბრძოლის ველზე. ის ზრუნავს გუნდის გრძელვადიან განვითარებაზე, მის სათანადო წევრებით დაკომპლექტებაზე,ხელმძღვანელობს მათი მუდმივი წვრთნის პროცესს.
მოქმედების სტრატეგიების ერთობლივად დასახვა ყოველი ბრძოლის დაწყების წინ აუცილებელი რიტუალია, რომლის გარეშეც ბრძოლა არ იწყება. გუნდის წევრები, მწვრთნელები ერთობლივად ძალიან დეტალურად არჩევენ მოწინააღმდეგის ძლიერ და სუსტ მხარეებს და აქედან გამომდინარე ირჩევენ მოქმედების სტრატეგიას და ტაქტიკას. ვინ რა უნდა გააკეთოს, სად უნდა დადგეს, როგორ უნდა იმოქმედოს, რაზე გაამახვილოს ყურადღება, როგორ გაძლიერდება გუნდი ბრძოლის ველზე, ვინ როდის გამოვა მოედნიდან და როდის რომელი შევა – ამის წინასწარ გეგმა – მონახაზს ყველა ერთობლივად აკეთებს, შესვენებზე კი ერთობლივად კორექტირდება, მოვლენების მსვლელობის შესაბამისად.
წვრთნა, ნებისმიერი გუნდის საქმიანობის ძალიან დიდ ნაწილს შეადგენს. ყველამ იცის, თუ რამდენად მონდომებულები იქნებიან გუნდის წევრები წვრთნების პროცესში. მით უფრო უკეთესი შედეგების მიღების შესაძლებლობა ექნებათ უშუალოდ ბრძოლის ველზე. სწორედ ამიტომ, არც დროს, არც ენერგიას არ იშურებს არავინ მომზადების პროცესში. ამ საქმეს ყველა ძალიან სერიოზულად უდგება და შესაბამისად, გუნდის უნარიც – მიაღწიოს უკეთეს შედეგს – სულ უფრო მატულობს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ე.წ. „შეკრებებს“. პერიოდს, როდესაც გუნდის წევრები სულ ერთად არიან და მაქსიმალური მონდომებით ვარჯიშობენ. ეს პერიოდი მათ ეხმარება პირადი ურთიერთობები განავითარონ, დამეგობრდნენ, უფრო მეტად შეიკრან ერთ გუნდად.
შერჩევა ერთ-ერთი უმთავრესი პროცესია ყველა გუნდისათვის. ვიღაცა ყოველთვის ზრუნავს იმაზე, რომ გუნდს მუდმივად ჰყავდეს ადექვატური შევსება. დადის, აკვირდება პოტენციურ კანდიდატებს, სწავლობს მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს და ცდილობს წარმოიდგინოს, რა შეიძლება გამოვიდეს ამ ადამიანისაგან გრძელვადიან პერიოდში, რამდენად ღირებული იქნება ის მისი გუნდისათვის. რას შესძენს მას და რას შეიძენს თვითონ მისგან. ამ მიმართულებით მუდმივი შრომა უზრუნველყოფს იმას, რომ გუნდი მუდმივად ივსება ახალი სისხლით, ახალი ენერგია შემოდის მასში. შიდა კონკურენციას იწვევს და ძველებსაც მეტ სტიმულს აძლევს – არ გაჩერდნენ, მუდმივად განვითარდნენ, რათა საჭირო და ღირებულები იყვნენ გუნდისათვის.
სახელი და ტრადიციები ყოველი გუნდისთვის ძალიან წმინდა და მნიშვნელოვანია. მას ყველა უფრთხილდება, ყველა ზრუნავს, რომ შეინარჩუნოს და მომავალ თაობას გადასცეს კიდევ უფრო გაძლიერებული, ცნობილი სახელი და ის საუკეთესო ტრადიციები, რომელიც ამ სახელთან ასოცირდება. სახელის მნიშვნელობა ყველამ კარგად იცის, გუნდის წევრები ამაყობენ, რომ ამ დასახელებას ატარებენ ბრძოლის ველზე. ყოველთვის ახსოვთ, რომ მათი ქმედება არამარტო იმ ბრძოლის სასურველი შედეგით უნდა იყოს ნაკარნახევი, არამედ ხელს უნდა უწყობდეს გუნდის ავტორიტეტის, მის მიმართ ნდობის და სიყვარულის ამაღლებას მაყურებლებში.
ხოლო მაყურებელი, რომლის გულის მოგება ყოველი გუნდის საბოლოო მიზანია და ყველა იმისათვის იბრძვის ყოველთვის ასიამოვნოს მას, მიანიჭოს მეტი სიხარული და ბედნიერება. ყოველი გუნდის ბრძოლის საბოლოო პროდუქტი სწორედ ის არის, რომ მაქსიმალური ემოციებით დატვირთული გაუშვას მაყურებელი ტრიბუნებიდან, დაამახსოვროს ეს კონკრეტული ასპარეზობა მათი საყვარელი გუნდის საუკეთესო თამაშით მაშინაც კი, თუ საბოლოო შედეგი ისეთი არ აღმოჩნდება, რომელსაც მწვრთნელი, გუნდის წევრები და თვითონ გულშემატკივრები ისურვებდნენ. გუნდის ყველა წევრმა და მწვრთნელმაც კარგად იციან, რომ მათი პირადი კეთილდღეობა და გრძელვადიანი წარმატება სწორედ იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი გულშემატკივარი ეყოლება გუნდს და რამდენად ძლიერი და ერთგული იქნება მათი სიყვარული მათი გუნდის მიმართ.
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს