ერთი გენერალური დირექტორის შესახებ
სტატიის ავტორი: პაპუნა ტოლიაშვილი
5 მარტი, 2012 | წაკითხულია 2 919-ჯერ
წლების განმავლობაში მქონდა ურთიერთობა ერთ გენერალურ დირექტორთან. იგი ყოველთვის მაოცებდა არა იმდენად მისი მუშაობის სტილით და მიდგომებით, რამდენადაც იმ შედეგებით, რომლის მიღწევასაც ასეთი მუშაობით ახერხებდა. მე მას იქამდეც ვიცნობდი, სანამ ამ ორგანიზაციას ჩაუდგებოდა სათავეში. ნამუშევარიც მქონდა მასთან ერთად, რამოდენიმე საკითხზე და შესაბამისად, მის საქმიან თვისებებზეც მქონდა გარკვეული წარმოდგენა. სწორედ ამიტომ დასაწყისში ვეჭვობდი, რომ ამ დაწინაურებით არაფერი განსაკუთრებული შედეგი არ იყო მოსალოდნელი, თუმცა, როგორც შემდეგში აღმოჩნდა, ძალიან ვცდებოდი.
დღეს ეს ადამიანი ამ ორგანიზაციას აღარ ხელმძღვანელობს, პირველ პირად გადავიდა უფრო დიდსა და უფრო რთულ ორგანიზაციაში. მისი წასვლის მომენტისთვის მისი კომპანია ბაზრის ლიდერი იყო, მაშინ როდესაც მისი მოსვლისთვის კომპანია ოთხჯერ თუ ხუთჯერ უფრო პატარა იყო ვიდრე ბაზრის იმდროინდელი ლიდერი. ასეთი შედეგი, ალბათ, გაგაკვირვებთ მას შემდეგ, რაც მოგიყვებით მართვის მისეული სტილისა და მიდგომების თავისებურებების შესახებ.
ეს ადამიანი არ ჩქარობდა არასდროს, არაფერს, არც გადაწყვეტილების მიღებას, არც მის განხორციელებაზე ზრუნვას, არც დავალების გაცემას, არც ადამიანების შეფასებას. არასდროს არაფერს ჩქარობდა მაშინაც კი, როდესაც პროექტები, რომლებსაც ორგანიზაცია ახორციელებდა იყო ძალიან დიდი და ძალიან რთული და კრიტიკულ ვადებში ითხოვდა დასრულებას. ის ყოველთვის მოქმედებდა მშვიდად, ნელა, ბევრი ფიქრით და მსჯელობით. ხშირად ამით თავისი გუნდის წევრებს ალბათ აღიზიანებდა კიდეც, მაგრამ გასაკვირი ის არის, რომ ამის მიუხედავად კომპანია ყოველთვის ასწრებდა ყველაზე კრიტიკული ვადების დაცვასაც კი ყველაზე რთულსა და მასშტაბურ პროექტებშიც.
მისი მონაწილეობით ბევრ შეხვედრაში მიმიღია მონაწილეობა და კარგად მახსოვს, ყოველთვის მიკვირდა, ის აქტიურობდა ყოველთვის ყველაზე ნაკლებად. არ ცდილობდა შედეგების შეჯამებას, არც საბოლოო აზრის დაფიქსირებას, არც იწყებდა შეხვედრას, არც ამთავრებდა. უბრალოდ იჯდა და უსმენდა, ვინ რას ლაპარაკობდა. ყველაზე გაცხარებული კამათის დროს თითქმის ყოველთვის გადიოდა ოთახიდან, ხუთი, ათი წუთის შემდეგ ბრუნდებოდა და ისევ აგრძელებდა სიტუაციაზე დაკვირვებას. უსმენდა ყურადღებით, იშვიათად ერთვებოდა და ასეთ დროსაც მხოლოდ ცდილობდა დაეზუსტებინა, რას გულისხმობდა მოსაუბრე და არა საკუთარი მოსაზრება დაეფიქსირებინა. ბევრი წუხდა მისი ასეთი ჩვევის გამო, მისგან გადაწყვეტილებების მიღებას, შეხვედრის შეჯამებას ითხოვდნენ. ის კი ამას ასეთ დროს თითქმის არასოდეს აკეთებდა.
ის გადაწყვეტილებებს თვითონ თითქმის არასოდეს იღებდა, მხოლოდ ძალიან კრიტიკულ სიტუაციაში აკეთებდა ამას. სხვა დროს ყოველთვის სხვებს აძლევდა საშუალებას მიეღოთ გადაწყვეტილება და ემოქმედათ მაშინაც კი, როდესაც თვითონ მიაჩნდა, რომ გადაწყვეტილება მცდარი იყო და ის კომპანიას კარგ შედეგებს არ მოუტანდა. ამ აზრს აფიქსირებდა ყოველთვის, მაგრამ ამას აკეთებდა ისე, რომ არ შეეშინებინა ინიციატორი, არც ისე, რომ მის მიმართ სხვების აზრიც უარყოფითად განეწყო. უბრალოდ საფრთხეებს უსვამდა ხაზს, მაგრამ ამბობდა, რომ “გავაკეთოთ და დავინახავთ” და ამის შემდეგ თვითონაც ყველასთან ერთად ცდილობდა მაქსიმალურად დახმარებოდა იდეის ავტორს საკუთარი ინიციატივის კარგი ხარისხით განხორციელებაში. ხშირად მისი ვარაუდი არ მართლდებოდა და ადამიანები თავისი მონდომებით და ბევრი შრომით ადასტურებდნენ მათი გადაწყვეტილებების სისწორეს. ამასთან ბევრ წარუმატებელ პროექტზე დახარჯული დრო და ბიუჯეტიც მახსოვს, რომლებიც, ალბათ, საერთოდ არც დაიწყებოდა პირველი პირი, რომ ცოტა პრინციპულად წასულიყო მათ წინააღმდეგ.
ყოველთვის მაქსიმალურად ცდილობდა, არ დაეკარგა სიმშვიდე. შესაძლოა ღელავდა, შიშობდა კიდევაც, საფრთხეებს და მათ მნიშვნელობასაც აღიქვამდა და გრძნობდა, ალბათ, ყოველთვის, მაგრამ მე ის მწყობრიდან გამოსული არასოდეს მახსოვს. პირიქით, ამშვიდებდა ყოველთვის სხვებს, ვინც ღელავდა და შფოთავდა მაშინაც კი, როდესაც მათ ამის ძალიან მწვავე მიზეზი ქონდათ. არწმუნებდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და პირადი სიმშვიდით მათაც ეხმარებოდა, ადვილად დაეოკებინათ ნერვები და შეენარჩუნებინათ რაციონალურად განსჯის უნარი. რამოდენიმე შემთხვევა მახსოვს, როდესაც მისი სიმშიდე აცოფებდა გუნდის წევრებს. შესაძლოა არ ამბობდნენ, მაგრამ სავარაუდოდ, ყველა ფიქრობდა, რომ ცოტა გაბრაზება იყო საჭირო, თუმცა ის ამას არ აკეთებდა არასდროს, ყოველ შემთხვევაში მე ასეთი შემთხვევა არ მახსოვს.
მისი კაბინეტის კარები თითქმის ყოველთვის ღია იყო. ყველას შეეძლო დაენახა ვინ იყო შიგნით, შეეძლო დაკაკუნების გარეშე შესულიყო, შეეტანა დოკუმენტი ხელის მოსაწერად, დაეწყო საკუთარ სამსახურებრივ პრობლემებზე ლაპარაკი და მოთხოვნა, თუ რა სჭირდებოდა მისგან და როდისთვის, რათა შეფერხებების გარეშე ემუშავათ. რიგითი თანამშრომლებიც აკეთებდნენ ამას, რომ არაფერი ვთქვათ შუა რგოლის ხელმძღვანელებზე. გენერალური დირექტორი ყოველთვის უსმენდა, დახმარებას პირდებოდა და მერე როგორც ახერხებდა, მაქსიმალურად ეხმარებოდა მათ ამ პრობლემების მოგვარებაში. ყველას, რა თქმა უნდა, ვერ ეხმარებოდა, მაგრამ ყველა ხედავდა მის სურვილს და მცდელობას მიეცა ადამიანებისათვის მუშაობის საშუალება და დახმარებოდა მათ. ამიტომ შეუსრულებელ დაპირებებსაც არავინ იღებდა აგრესიით. ესმოდათ, ალბათ, რომ ყველას ყველაფერში ვერ დაეხმარებოდა.
მისი ხელმძვანელობის პერიოდში ამ კომპანიიდან არც ერთი თანამშრომელი არ გაუთავისუფლებიათ, მგონი არც დაუსჯიათ არასოდეს არავინ. მე არ მახსოვს, არ გამიგია ასეთი შემთხვევა. მმართველი გუნდის ბევრი წევრი ბრაზობდა ამის გამო. თვლიდნენ რომ ადამიანების დასჯა აუცილებელია ეფექტური მართვისთვის, რომ სხვანაირად ისინი, პასუხისმგებლობის გრძნობას დაკარგავენ და არავინ არაფერს არ გააკეთებს. შესაძლოა მართლებიც იყვნენ, არ ვიცი, მაგრამ ეს არ ხდებოდა არასდროს. ყველა ძალიან მშვიდად გრძნობდა ამ მხრივ თავს და იცოდნენ, რომ მათი ცუდი შედეგები, მათი მიუღწეველი მიზნები, მათი ცუდი შედეგებით განხორციელებული პროექტები არათუ სამსახურის დაკარგვის, ალბათ, ოფიციალური საყვედურის მიზეზიც კი არ გახდებოდა. შესაძლოა მხოლოდ, რომელიღაც შეხვედრაზე ეხსენებინა ვიღაცას.
კიდევ ერთი თვისება, რომელიც ამ ადამიანს გამოარჩევდა სხვა ხელმძღვანელებისაგან იყო მისი, როგორც ერთი რიგითი წევრის, ჩართულობა კორპორატიულ ღონისძიებებში. ყველასთან თანასწორი იყო ყოველთვის, არა მის დამოკიდებულებაში მათ მიმართ, არამედ თვითონ “ქვეშევრდომების” მის მიმართ დამოკიდებულებებითაც. ყოველთვის მორჩილად აკეთდებდა იმას, რასაც ღონისძიების ხელმძღვანელი მისგან ითხოვდა, იქნებოდა ეს სპორტულ შეჯიბრში თუ კოსტუმირებულ წვეულებაში მონაწილეობა, მოგზაურობა მატარებლით სხვა რიგით თანამშრომლებთან ერთად მაშინაც კი, როდესაც მისი მოადგილეების ნაწილი საკუთარი მანქანებით ამჯობინებდნენ დანიშნულების ადგილას მისვლას.
ეს ადამიანი ყოველთვის ერიდებოდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას. მხოლოდ მაშინ აძლევდა ინტერვიუებს ჟურნალისტებს, როდესაც სხვა ამას არ აკეთებდა და როდესაც ამას მისგან მისი სამსახურის ხელმძღვანელები, კატეგორიულად ითხოვდნენ. სხვა დროს ცდილობდა სხვებისთვის გადაებარებინა მისთვის ასე არასასურველი როლის შესრულება. ბევრი აკრიტიკებდა, მათ შორის ამის გამოც. ფიქრობდნენ, რომ ბევრად უფრო ხშირად შეიძლებოდა პრესკონფერენციების მოწყობა, საზოგადოებისათვის კომპანიის მიღწევების და სიახლეების გაცნობა, მაგრამ ამასაც ყოველთვის ერიდებოდა. მიაჩნდა, რომ ასეთი აქტიურობა და ყურადღება არ იყო სასურველი, მათ შორის არც საქმისთვის.
არ ვიცი, რამდენად მისაღებია თქვენთვის ყველა ის მიდგომა, რომელსაც ეს ხელმძღვანელი იყენებდა ორგანიზაციის მართვისას, მაგრამ მისი კომპანია ყოველთვის ძალიან განსხვავებული იყო სხვებისაგან იმით, თუ როგორ უყვარდათ თანამშრომლებს საკუთარი საქმე, სამსახური და მათი ლიდერი. როგორ ცდილობდნენ, გაეკეთებინათ მათი შესაძლებლობების მაქსიმუმი ყოველდღიურ ცხოვრებაში იმისათვის, რომ მათი კომპანია ყველაზე კარგი ყოფილიყო. თანამშრომლების უმეტესობა, განსაკუთრებით შუა რგოლის ხელმძღვანელები თვლიდნენ, რომ თვითონ იყვნენ გენერალური დირექტორები თავის საქმეში და ყველა დანარჩენი, ორგანიზაციის პირველი პირის ჩათვლით, მათ უნდა მომსახურებოდა და დახმარებოდა, რათა საუკეთესო შედეგებისთვის მიეღწიათ. სწორედ ამიტომ თითოეული მათგანი დებდა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს შედეგებში, გამოდიოდა ინიციატივებით, იღებდა გადაწყვეტილებებს და ყველაფერს აკეთებდა ამ გადაწყვეტილებების საუკეთესო ხარისხით განსახორციელებლად.
თუ ეს ჩემი დაკვირვება მის სტილთან და მუშაობის მიდგომებთან დაკავშირებით პირადად მისთვის, ან მისი გუნდის წევრებისთვის მთლად ბოლომდე მისაღები არ აღმოჩნდება, მინდა ვთქვა, რომ მე მხოლოდ პირადი დაკვირვებით ვხელმძღვანელობ და პირად მოსაზრებას გამოვხატავ, რომელიც არა მგონია ძალიან ცდებოდეს რეალობას ამ ორგანიზაციასთან და პირადად ამ ხელმძღვანელთან დიდი ხნის და ინტენსიური თანამშრომლობიდან გამომდინარე.
სტატიის ნახვა შესაძლებელია სინერჯი ჯგუფის ელექტრონულ ბროშურაში “სამი ქართველი მენეჯერის შესახებ” | ბმული
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
2 კომენტარი სტატიაზე “ერთი გენერალური დირექტორის შესახებ”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
12 მარტი, 2012 21:53
პაპუნა, თქვენი აზრით გენერალური დირექტორის ყველაზე დიდი ნიჭი რა არის? რომელიც მას ეხმარება ასე წარმატებულად მართოს ორგანიზაცია. ასევე საინტერესოა ის მომენტიც რომ თქვენ არ გისაუბრიათ მისი პროფესიონალიზმზე რომელიმე სხვა დარგში გარდა მენეჯმენტისა.
14 მარტი, 2012 20:56
პირადად ჩემი აზრია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც პირველ პირს მართვაში ეხმარება შეკითხვების დასმის უნარია. როცა მას შეუძლია ხშირად ეკითხებოდეს თანამშრომლებს რას ფიქრობენ ამა თუ იმ საკითხზე, ყურადღებით მოუსმინოს მათ და გაიაზროს მათი ნათქვამი, ეს ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ორგანიზაციის შედეგებზე. იმიტომ, რომ მოტივაციას და პასუხისმგებლობას ზრდის ადამიანებში, გადაწყვეტილებების ხარისხსაც აუმჯობესებს და აღსრულებასაც ძალიან აადვილებს.