უბრალოდ კარგი ინსტრუმენტი
სტატიის ავტორი: ნონა ქარქუზაშვილი
10 მაისი, 2012 | წაკითხულია 2 887-ჯერ
როგორ შეიძლება ორგანიზაციებმა გაზარდონ კლიენტების კმაყოფილება? რა შეიძლება შესთავაზონ დამატებით ისეთი, რაც კიდევ უფრო გაუმარტივებთ მათ სხვადასხვა სერვისებით სარგებლობას და მინიმუმამდე დაიყვანს არსებულ სუბიექტურ თუ ობიექტურ ბარიერებს? მაგალითად, წარმოიდგინეთ, როგორ გაიზრდებოდა კლიენტების კმაყოფილება, რომ შეეძლოთ ნებისმიერი ტიპის სერვისის მიღება “ადგილზე მისვლის” გარეშე:
- საბანკო ანგარიშის გახსნა ბანკში ვიზიტის გარეშე;
- სესხის დამტკიცება და მიღება, ასევე ბანკში ვიზიტის გარეშე;
- სადაზღვევო პოლისის მიღება ან პაკეტის შეცვლა სერვის ცენტრში მისვლის გარეშე;
- ნებისმიერი ინფორმაციის მოთხოვნა და მიღება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სტრუქტურებიდან დისტანციურად და ა.შ.
შეიძლება ეს ყველაფერი ცოტა ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ ამჟამად ამის შესაძლებლობას იძლევა ახალი ტიპის პირადობის მოწმობა – ID ბარათი.
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით 2011 წლის აგვისტოდან, საქართველოში დაიწყო ახალი პირადობის მოწმობის, ID ბარათის გაცემა.
ID ბარათი მაღალტექნოლოგიური, გაყალბებისგან მაქსიმალურად დაცული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია. ამ საბუთით შესაძლებელია პიროვნების იდენტიფიკაცია დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით. გარდა ამისა, ID ბარათი ელექტრონული დოკუმენტების ციფრულად ხელმოწერის საშუალებას იძლევა და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ასეთ დოკუმენტებს იურიდიული ძალა აქვს.“.
სამოქალაქო რეესტრი (www.cra.ge)
საქმე იმაშია, რომ ახალ პირადობის მოწმობას, ანუ ID ბარათს, აქვს ორი მნიშვნელოვანი ფუნქციონალი:
- აუტენტიფიკაციის – პიროვნების იდენტიფიკაცია დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით;
- და ციფრული ხელმოწერის – დოკუმენტის ხელმოწერა დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით.
ეს იძლევა საკმაოდ ბევრ, ახალ შესაძლებლობას ორგანიზაციებისათვის, არა მარტო მომხმარებლების კმაყოფილების გაზრდის თვალსაზრისით, არამედ ზოგადად ბიზნესის განვითარების კუთხითაც.
ამ სტატიაში შევეცდები, ძალიან მარტივად გადმოგცეთ რამოდენიმე ამ შესაძლებლობათაგან, ყოველგვარი ტექნიკური და ტექნოლოგიური დეტალების გარეშე:
1. დისტანციური სერვისების კიდევ უფრო განვითარება
ID ბარათით აუტენტიფიკაცია და ციფრული ხელმოწერა ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს დისტანციური გახადონ მთელი რიგი სერვისები. მომხმარებლებს ინტერნეტსივრციდან (მაგ., საკუთარი ვებ-გვერდიდან) შესთავაზონ პროდუქტები, ისე, რომ სურვილის შემთხვევაში, საერთოდ არ დასჭირდეთ მომსახურების წერტილებში მისვლა.
ეს აქტუალურია, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების შემთხვევაში. ფიზიკური პირებისათვის, რომ აღარაფერი ვთქვათ კომფორტზე, პრობლემატურია სამუშაო საათებში სამსახურიდან გასვლა. ორგანიზაციების ხელმძღვანელები კი არიან ის პირები, რომლებსაც ყველაზე ხშირად უწევთ სხვადასხვა საბუთებისა და ხელშეკრულებების ხელმოსაწერად “ადგილზე” მისვლა. არადა შეიძლება ითქვას, რომ მათ ყველაზე ცოტა დრო აქვთ ამისთვის.
ID ბარათის შესაძლებლობების დანერგვით მომხმარებლებს მიეცემათ საშუალება, მომსახურების მისაღებად საჭირო განაცხადსაც და ხელშეკრულებასაც ხელი მოაწერონ დისტანციურად. დამატებით თუ საჭირო იქნება რაიმე ცნობა, ან სხვა საბუთი, კლიენტს შეეძლება ისინი ორგანიზაციას გადაუგზავნოს მეილზე, ან მიაწოდოს ფოსტით. თუ მომხმარებელი იურიდიული პირია, ამ შემთხვევაში საბუთები შეიძლება ადგილზე მიიტანოს კომპანიის ნებისმიერმა თანამშრომელმა (ბუღალტერმა, მძღოლმა). მთავარია, რომ დირექტორს, უფლებამოსილ პირს არ დასჭირდება მისვლა.
დისტანციურ სერვისებში აუტენტიფიკაციისა და ციფრული ხელმოწერის დანერგვით ორგანიზაცია შექმნის გაყიდვების კიდევ ერთ არხს და შეძლებს კიდევ უფრო მეტი პროდუქტის გაყიდვას. ასევე, დააჩქარებს იმ ახალი კლიენტების მოყვანასაც, რომელთათვისაც პრობლემატურია “ადგილზე მისვლა” (რაღაცის ხელმოსაწერად ან წამოსაღებად).
2. ემიგრანტების ბაზარზე განვითარება
დისტანციური სერვისების განვითარება თავისთავად ხელს შეუწყობს ემიგრანტების ბაზარზე უფრო აქტიურად განვითარებას, რაც ნამდვილად არ არის პატარა სეგმენტი. დაშორების მანძილი და მომხმარებლის ფიზიკურად ადგილზე არყოფნა აღარ იქნება ბარიერი მათთვის პროდუქტების შეთავაზებისა და მიყიდვისათვის, რადგანაც პირის იდენტიფიკაცია და საჭირო საბუთების ხელმოწერა მოხდება დისტანციურად.
ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური ხდება, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფომ დაიწყო ემიგრანტებზე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების დისტანციურად გაცემა.
3. შიდა დოკუმენტბრუნვის გამარტივება
დიდ ორგანიზაციებში საკმაოდ გართულებულია შიდა დოკუმენტბრუნვა. საჭიროა ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის დოკუმენტი, ქაღალდები, რომლებიც რამოდენიმე ეგზემპლარად უნდა ამოიბეჭდოს, სადღაც უნდა გადაიგზავნოს, ვიღაცამ უნდა მოაწეროს ხელი, ვიღაცამ უნდა დაადასტურის და შემდეგ უნდა მოხდეს მისი დაარქივება რამოდენიმე წლით, როგორც განსაზღვრულია კანონით, ან/და შიდა ნორმატიული აქტით.
ID ბარათი კარგი საშუალებაა ამ პროცესის გასამარტივებლად, რადგან ის იძლევა ელექტრონული (ხელმოწერილი) დოკუმენტების შექმნისა და არქივაციის საშუალებას. ამით დაიზოგება არა მარტო ქაღალდების, ბეჭდვისა და არქივაციის ხარჯი (რაზეც შემდეგ პუნქტში გვექნება საუბარი), არამედ დაჩქარდება შიდა პროცესებიც. მაგ., თუ უფლებამოსილი პირი არ არის ადგილზე, ან საერთოდ გასულია ქვეყნიდან, ამის გამო პროცესები არ შეფერხდება. საჭიროების შემთხვევაში იგი საბუთს ხელს მოაწერს, ან/და დაადასტურებს დისტანციურად.
4. ქაღალდებისა და ბეჭდვის ხარჯების შემცირება
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დოკუმენტების ელექტრონულად შექმნისა და შენახვის შესაძლებლობა ორგანიზაციებს მნიშვნელოვნად შეუმცირებს ქაღალდებისა და ბეჭდვის ხარჯებს, მაგრამ ეს აქტუალურია არა მარტო შიდა დოკუმენტბრუნვის ნაწილში, არამედ მომსახურების ნაწილშიც.
სხვადასხვა სერვისის მიღებისას, დასაწყისში, მომხმარებლები, ალბათ, მაინც მოითხოვენ თავისი პირი დოკუმენტების (ქვითრების, ხელშეკრულებების) ამობეჭდილ (hard) ვერსიებს. ყოველ შემთხვევაში სანამ გაითავისებენ, რომ ელექტრონულ დოკუმენტებს ჩვეულებრივ აქვთ იურიდიული ძალა. ამიტომ, ამ ნაწილში, ორგანიზაციებმა ხარჯების ოპტიმიზაცია შეიძლება დაიწყონ თავიანთ მხარეს. კერძოდ, თუ მომხმარებელს აქვს ID ბარათი, მომსახურების გაწევისას, აღარ ამობეჭდონ თავისი პირი დოკუმენტი და შეინახონ ელექტრონულად, ამოუბეჭდონ მხოლოდ კლიენტს იმ შემთხვევაში, თუ მოითხოვს (ციფრულად ხელმოწერილი, ამობეჭდილი დოკუმენტი არის ორიგინალის ასლი. ამიტომ საჭიროა, რომ ციფრულად ხელმოწერილი დოკუმენტის ამობეჭდვის შემდეგ, ორგანიზაციის თანამშრომელმა კლიენტს მოუწეროს ხელი და დაურტყას ბეჭედი).
მიუხედავად იმისა, მოითხოვს თუ არა კლიენტი დოკუმენტის ამობეჭდვას, მას უნდა ჰქონდეს წვდომა ელექტრონულ, ორიგინალ ვერსიაზე. ბანკების შემთხვევაში მომხმარებელს დოკუმენტზე წვდომა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტბანკიდან, ან ორგანიზაციის ვებ-გვერდიდან აუტენტიფიკაციის გავლის შედეგად, ან შეიძლება ეგზავნებოდეს პირად მეილზე და ა.შ. გარდა იმისა, რომ ეს აუცილებელია, ამ გზით მომხმარებელს შევაჩვევთ იმ აზრსაც, რომ დოკუმენტი შეიძლება იყოს ელექტრონული და დროთა განმავლობაში აღარ მოითხოვს ციფრულად ხელმოწერილი დოკუმენტების ამობეჭდილ ვერსიებს.
5. მომსახურების პროცესების ოპტიმიზაცია
და ბოლოს, ეს ყველაფერი, აუტენტიფიკაცია და ციფრული ხელმოწერა, იძლევა მომსახურების პროცესების ოპტიმიზაციის შესაძლებლობას.
მაგ., პიროვნების აუტენტიფიკაციისას მისი პირადი მონაცემები, რაც დატანილია პირადობის მოწმობაზე, ავტომატურად ისახება ელექტრონულადაც. ეს ნიშნავს, რომ განაცხადის შევსებისას ავტომატურად შეივსება გარკვეული ველები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ა.შ.). ორგანიზაციის თანამშრომელს არ მოუწევს ამ მონაცემების ხელით შეყვანა, რაც შეცდომების დაშვების ალბათობასაც ამცირებს. ასევე, ხელშეკრულებებზე ხელმოწერისას კლიენტს არ მოუწევს ყოველი გვერდის ხელმოწერა, თან რამოდენიმე ეგზემპლარის.
როგორც ვხედავთ, ID ბარათის შესაძლებლობების, კერძოდ კი აუტენტიფიკაციისა და ციფრული ხელმოწერის დანერგვა ორგანიზაციებისათვის არის უბრალოდ კარგი ინსტრუმენტი, როგორც კლიენტების კმაყოფილების გაზრდის თვალსაზრისით, ასევე შიდა პროცედურებისა და დოკუმენტბრუნვის გამარტივების კუთხით. ვინც პირველი დაიწყებს საკუთარ სერვისებში ID ბარათის შესაძლებლობების დანერგვას, რაღაც პერიოდით შეძლებს კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას, ვინც დაიგვიანებს საჭირო ცვლილებების განხორციელებას, ბოლოს მაინც მოუწევს ამის გაკეთება.
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
1 კომენტარი სტატიაზე “უბრალოდ კარგი ინსტრუმენტი”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
10 მაისი, 2012 10:50
უბრალოდ კარგი სტატიაა :) და ძალიან ინფორმაციული. ორგანიზაციებისთვის ბარათების სარგებლიანობას კარგად წარმოაჩენს. და მგონი მომხმარებლისთვის ID ბარათებზე დამკვიდრებული სტერეოტიპებიც უნდა გააქარწყლოს. მადლობა გაზიარებისთვის