ჩემი საქმით შევუერთდი ჩემთვის სასურველ ორგანიზაციას
სტატიის ავტორი: ლაშარი გოჩიაშვილი
28 მაისი, 2012 | წაკითხულია 2 780-ჯერ
სტატია საინტერესო იქნება მათთვის, ვინც ჯერ არ დაკავებულა სასურველი საქმით და დაეხმარება მას, ქვემოთ მოცემული სქემის გამოყენებით, შეუერთდეს სასურველ ორგანიზაციას.
ბევრია ისეთი, ვინც ვერ მიაგნო გზას, თუ როგორ შეიძლება მოიპოვო საინტერესო და ამავე დროს სასურველი სამუშაო ადგილი. ზოგიერთმა უკვე ნაცად ხერხებს ბევრჯერ მიმართა, მაგრამ ფონს ვერ გავიდა. სასურველი საქმით დაკავების მსურველთა რაოდენობას ყოველწლიურად ემატება იმ ახალგაზრდების რიცხვი, ვინც მიიღო სტუდენტის სტატუსი. მეც, გულახდილად რომ ვთქვა, იმ დღიდან, როდესაც სტუდენტი გავხდი, გამიჩნდა სურვილი, დამატებითი შემოსავლის წყარო მომეძებნა.
ეს სურვილი განსაკუთრებით ძლიერდებოდა კურსიდან კურსზე გადასვლისას, რაც განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა: ხარჯები მემატებოდა, მინდოდა დამატებითი კურსების გავლა და სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა. მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ამ სურვილს მიმატებდა, მშობლებისგან ნელ-ნელა ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილი იყო, ასევე – მქონოდა საკუთარი ჯიბის ფული, მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ სურვილს კიდევ უფრო მიღვივებდა იყო ის, რომ მიჩნდებოდა სხვადასხვა მოთხოვნილებები, რომელთა დასაკმაყოფილებლად საჭირო იყო დამატებითი შემოსავლის წყაროების მოძიება. იყო უამრავი ტრადიციული გზა, რომლითაც შეგეძლო რაიმე საქმით დაკავებულიყავი და მიგეღო დამატებითი შემოსავალი. მათ შორის იყო ერთი განსხვავებული, რომელსაც ბევრი არ იყენებდა, ან არ დაფიქრებულა ამ გზის მნიშვნელობაზე და მის რეალურ გამოყენებაზე. ვფიქრობ, ქვემოთ აღწერილი სქემა, რომელიც საკუთარ თავზე გამოვცადე, საინტერესო იქნება თქვენთვის და მისი სწორად გამოყენება თქვენც მნიშვნელოვან შედეგს მოგიტანთ.
პირველ რიგში დავიწყე იმ ორგანიზაციების სიის გაკეთება, რომლის მენეჯმენტსაც უკეთესად ვიცნობდი, სადაც მყავდა ნათესავი, მეზობელი ან უბრალოდ ნაცნობი, რომელიც შეძლებდა ჩემს დახასიათებას და რეკომენდაციის გაწევას, საჭიროების შემთხვევაში, რომელიმე ორგანიზაციის მენეჯმენტთან. იმ პერიოდში ჩემთვის, ასეთი სამი-ოთხი ორგანიზაცია მოიძებნა, მათ შორის იყო სარეკლამო, სადისტრიბუციო კომპანია, ღვინის ქარხანა და ერთიც საწარმოო კომპანია. მათგან ამოვირჩიე ისეთი ორგანიზაცია, რომელიც უფრო საინტერესოდ მომეჩვენა და რომლისთვისაც სიამოვნებით შევქმნიდი სარგებელს. ასეთი იყო ერთი საწარმოო კომპანია, რომელიც ხილის ნატურალურ წვენებს აწარმოებდა. ამ ორგანიზაციაში მუშაობდა ჩემი ოჯახის ერთ-ერთი მეგობარი, რომელიც კარგად მიცნობდა. მასთან საჭიროების შემთხვევაში შემეძლო დაკავშირება და ნებისმიერ საკითხზე რჩევებისათვის მიმართვა და მისი აზრის მოსმენა. ასევე ვიცოდი, რომ ამ ორგანიზაციაში კარგი შიდა გარემო იყო. კარგი ურთიერთობა ჰქონდა მენეჯმენტს დანარჩენ თანამშრომლებთან, ერთიანი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, ამავე დროს, სათანადო ყურადღებას აქცევდნენ ინიციატივებს, რომლებიც მოდიოდა სხვადასხვა სტრუქტურული რგოლებიდან და ადეკვატურად რეაგირებდნენ. ჩემი სიმპატიებიც ამ ორგანიზაციისადმი, ძირითადად, ამ ფაქტორებმა განაპირობა.
ამ ეტაპის გავლის შემდეგ დავიწყე ისეთი იდეების მოფიქრება, რომელიც ღირებული იქნებოდა ამ ორგანიზაციისთვის და შეეძლო სარგებლის გაზრდა მისთვის. იდეების მოფიქრებას დაახლოებით ორი კვირა მოვანდომე. შევეცადე მიმემართა იდეების მოფიქრების სხვადასხვა ხერხებისთვის. დავისახე რაოდენობრივი მიზანი, რომ ყოველი კვირის ბოლოს მქონოდა ოცი განსხვავებული იდეა. იდეების კრეატიულობისთვის ვცდილობდი სხვადასხვა გარემოში მეფიქრა. ვფიქრობდი ოთახში განმარტოებულად, ქუჩაში სეირნობისას, ვეკითხებოდი მეგობრებს, უფროსებს, გამოცდილ და გამოუცდელ ხალხს, ლექტორებს, მეზობლებს და ვისთანაც იმ დღეებში მიწევდა ურთიერთობა. ყველა განსხვავებულ, საინტერესო თუ უინტერესო იდეას მეუბნებოდა. გარდა ამისა, ვუყურებდი ამ ხილის წვენების კომპანიის კონკურენტებს, რას აკეთებდნენ ისინი ამაზე უკეთ და ა.შ. თითოეულ იდეას ვიწერდი პატარა ფურცლებზე და ვცდილობდი კვირის ბოლოს მომეგროვებინა იმდენი იდეა, რამდენიც ჩაფიქრებული მქონდა. მინდოდა ისეთი იდეები ყოფილიყო, რომელიც მოუხდებოდა პირველ ეტაპზე ჩემს მიერ არჩეულ კომპანიას. იდეები შეეხებოდა ახალი ხილის წვენის დამატებას, ახალ შეფუთვაზე გადასვლას, სხვადასხვა პიარ აქტივობას, გაყიდვების მიდგომებს, ახალ ბაზრებზე გასვლის საშუალებებს, კომპანიისთვის დამატებითი შემოსავლის მიღების წყაროებს, ხარჯების შემცირებას და სხვა საკითხებს. ორი კვირის გასვლის შემდეგ ვიფიქრე, რომ იდეების მოზღვავების ეტაპი გავიარე და საჭირო იყო შემდგომ ეტაპზე გადასვლა.
ამ ეტაპზე ჩამოვწერე კრიტერიუმები, რომელიც დამეხმარებოდა ღირებული იდეების ამორჩევაში. საჭირო იყო გადაწყვეტილების მიღების კარგი გზა მეპოვნა. ამიტომ ამ მტკივნეულ ეტაპს მეტი დაფიქრებითა და სიფრთხილით მივუდექი, რათა ის ერთი იდეა დამეტოვებინა, რომელიც იქნებოდა გასაღები ამ კომპანიაში მისასვლელად და მათ დასაინტერესებლად. ეს ეტაპი ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან წარმომედგინა, რადგან ვხვდებოდი, არასწორი გადაწყვეტილება რა შედეგამდე მიმიყვანდა. შევეცადე კრიტერიუმები ჩამომეყალიბებინა შემდეგი საკითხების ჭრილში: რამდენად რეალური იყო იდეის განხორციელება აღნიშნულ კომპანიაში, დაახლოებით რა ფინანსურ სარგებელს მოუტანდა კომპანიას, რა რესურსს საჭიროებდა კომპანიის მხრიდან, რამდენად ინოვაციური იყო იდეა და ა.შ. მინდოდა გამეთვალისწინებინა ყველა ასპექტი და შევჯერებულიყავი ერთ ან მაქსიმუმ ორ იდეაზე, როდესაც მივხვდი, რომ საჭირო კრიტერიუმებზე ჩამოვყალიბდი, დავიწყე იდეების განხილვა. ფურცელზე წითელი ხაზი გადავუსვი ისეთ იდეებს, რომლებმაც „მკაცრი ჟიურის“ მიერ დაბალი ქულები დაიმსახურა. გული თავიდანვე მიგრძნობდა, რომ საბოლოოდ, დამრჩებოდა ჩემი ფავორიტი იდეები. მოლოდინმა გაამართლა და უფრო მეტადაც დამარწმუნა მათ ღირებულებაში. საჭირო იყო სვლა განმეგრძო.
შემდეგი ეტაპი იყო ამორჩეული იდეისთვის გარკვეული ფორმის მიცემა: იდეა შეეხებოდა საწარმოში ახალი პროდუქტის დანერგვას. დავიწყე ამ იდეასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა საშუალებებით. ნელ-ნელა ეს კომპანია ჩემთვის ნაცნობი ხდებოდა. ვცდილობდი ამ კომპანიის კლიენტების, კომპანიაში არსებული პროდუქტებისა და სხვა მასთან დაკავშირებული ინფორმაციის შესახებ უფრო მეტი გამეგო, ასევე მცოდნოდა კომპანიის შიდა პროცესების შესახებ. მინდოდა ეს ინფორმაცია გამომეყენებინა ჩემი იდეის სასურველ კონდიციამდე მისაყვანად. ვცდილობდი ბევრი ადამიანისთვის მეკითხა აზრი, ინტერნეტის საშუალებით ვეძებდი საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითებს. გადავწყვიტე ეს იდეა პროექტის სახით გამეწერა ვადების, რესურსების და საჭირო მოქმედებების მიხედვით. მივხვდი, რომ ყველა დეტალი მზად იყო. მქონდა ორი ალტერნატივა: მიმეყიდა იდეა მათთვის ან მონაწილეობა მიმეღო ამ იდეის განხორციელებაში გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ. არჩევანი მეორეზე შევაჩერე.
საჭირო გახდა განმესაზღვრა ამ იდეის ორგანიზაციასთან კომუნიკაციის არხები. უნდა მომეფიქრებინა ის გზები, თუ როგორ წარვუდგენდი იდეას კომპანიას. ჩამოვწერე ეს გზები, შემეძლო დამერეკა და მეთხოვა შეხვედრა საწარმოს მენეჯერთან, თუმცა ვიფიქრე, რომ არ, ან ვერ გამოძებნიდა ჩემთვის დროს. შემეძლო პირდაპირ მივსულიყავი და იქვე მომეთხრო ყველასათვის ყველაფერი. შეიძლებოდა ლამაზი შინაარსის წერილის გაგზავნა, სადაც ეწერებოდა, რომ მე მათთვის ღირებულის შეთავაზება შემეძლო და ვთხოვდი შეხვედრას, თუმცა ესეც სარისკო ჩანდა, რადგან ვიფიქრე არ, ან ვერ გადასცემდნენ ამ წერილს შესაბამის ადამიანს. გადავწყვიტე ამ იდეის შესახებ ყველაფერი მომეყოლა ისევ ჩემი ოჯახის ნაცნობისთვის, რომელიც ამ კომპანიაში მუშაობდა. წინასწარ მოფიქრებული და კარგად გააზრებული თანმიმდევრობით დავიწყე იდეის პრეზენტაცია. ჩემდა სასიხარულოდ, ძალიან მოეწონა და დამპირდა, რომ მენეჯმენტს დაელაპარაკებოდა ჩემზე და ჩემს იდეაზე.
ერთი კვირის შემდეგ უკვე ჩემი სასურველი კომპანიის მენეჯმენტთან მიხდებოდა ამ იდეის წარდგენა.
_________________________
P.S. როგორ დამთავრდა ეს შეხვედრა – ეს უკვე სათაურშიც ვახსენე. ამ ეტაპების გავლის შემდეგ მინიმუმ დააინტერესებთ სასურველი ორგანიზაციის ხელმძღვანელებს შენით და მეტ გამოცდილებასაც შეიძენთ ამ პროცესის დროს. შესაძლოა ორჯერ ან სამჯერ მოგიწიოთ ამ სქემის გამოყენება, თუმცა ყოველ ჯერზე უნდა გააანალიზოთ ის ფაქტორები, რამაც ხელი შეუშალა თქვენს წარმატებას წინა ცდაზე.
გისურვებთ წარმატებებს!
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს