არაფორმალური დაჯგუფებები ორგანიზაციაში
სტატიის ავტორი: პაპუნა ტოლიაშვილი
29 ოქტომბერი, 2012 | წაკითხულია 4 752-ჯერ
შიდა არაფორმალური დაჯგუფებები რომ ორგანიზაციას ანგრევს, მართვას ართულებს, ორგანიზაციის მიმართ თანამშრომლების ლოიალურობას ამცირებს, სამუშაო გარემოს უფრო სტრესულს ხდის, შიდა დაპირისპირებებს წარმოქმნის და სხვა ბევრი უარყოფითი პროცესის მიზეზი ხდება, ალბათ, არცერთი ხელმძღვანელისთვის არ არის ახალი ამბავი. რა იწვევს ასეთი დაჯგუფებების შექმნას, რა შეიძლება გავაკეთოთ ხელმძღვანელებმა, რომ ამ პროცესს ხელი შევუშალოთ. ჩვენი რამდენიმე მოსაზრება ამ თემაზე, ვფიქრობთ, საინტერესო და სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს თქვენთვის.
მიზეზები, რომლებიც ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის ორგანიზაციის შიგნით არაფორმალური დაჯგუფებების წარმოსაქმნელად, ძალიან ბევრი შეიძლება იყოს. მათ შორის ვეცადეთ ისეთები გამოგვეყო, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება ჩვენში და რომლებზეც ყურადღების გამახვილება, ვფიქრობთ, ყველაზე მეტად მართებთ ორგანიზაციების როგორც მაღალი, ისე საშუალო რგოლის ხელმძღვანელებს.
ყველაზე მეტად შიდა დაჯგუფებების წარმოქმნას, მენეჯმენტის მხრიდან, პერმანენტული უსამართლო მოქმედებები და გადაწყვეტილებები, აგრეთვე გუნდის ცალკეული წევრების მიმართ არათანაბარი დამოკიდებულება განაპირობებს. როდესაც ხელმძღვანელობას ფავორიტები და ფავორიტთა ჯგუფები ჰყავს, რაც არა მათ კარგ მუშაობას, არამედ რაიმე სხვა მიზეზებს ეფუძნება, ეს ავტომატურად იწვევს ადამიანების დაჯგუფებას ამ ფავორიტების გარშემო, ან/და მათ საწინააღმდეგოდ. ასევე მენეჯმენტის მხრიდან გადადგმული არასამართლიანი ნაბიჯები ასტიმულირებს ამით უკმაყოფილო ადამიანების დაჯგუფებას საწინააღმდეგო, საპროტესტო აზრის გარშემო და ხელს უწყობს შიდა არაფორმალური დაჯგუფებების შექმნას.
ორგანიზაციებში დაჯგუფებების წარმოქმნის მეტად გავრცელებული მიზეზია აგრეთვე გაუმართავი შიდა კომუნიკაციები. როდესაც ხელმძღვანელები ორგანიზებულად ვერ ახერხებენ ინფორმაცია მიაწოდონ თანამშრომლებს პრობლემების, გეგმების, გარემოში და ორგანიზაციის შიგნით მიმდინარე პროცესების შესახებ თანამშრომლები ამ დანაკლისს არაფორმალური მითქმა–მოთქმით ივსებენ. ინფორმაციასთან დაახლოებულ წყაროებთან სანდოობის ნიშნით ჯგუფდებიან და ამით თვითონაც აჩქარებენ ორგანიზაციული ერთიანობის რღვევის პროცესს.
შემდეგი მიზეზი შიდა დაჯგუფებების ფორმირების სტიმულირებისათვის მენეჯმენტის მხრიდან არაფორმალური ურთიერთობების არასაკმარისი მხარდაჭერაა. თუ ორგანიზაცია თვითონ არ უწყობს ხელს თანამშრომლებს შორის არაფორმალური ურთიერთობების განვითარებას ისინი ამ დანაკლისს დამოუკიდებლად ივსებენ, უახლოვდებიან მსგავსი ინტერესებისა და ფასეულობების ადამიანებს და მათთან ურთიერთობაში უფრო მეტ დროს ატარებენ როგორც სამსახურში ყოფნისას, ისე მის გარეთ. ამის შედეგად იქმნება ახალ–ახალი შიდა ჯგუფები.
კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც შიდა ჯგუფების წარმოქმნას უწყობს ხელს ფართოდ გავრცელებული ნეპოტიზმია. სამსახურში სხვადასხვა რანგის ხელმძღვანელების ნათესავების, ახლობელ–მეგობრების მიღება თავისთავად იწვევს სამეგობრო და სანათესაო გაერთიანებების ფორმირებას, ამა თუ იმ ჯგუფების დანარჩენი თანამშრომლებისგან გამოყოფას და მათ შორის უფრო მეტ პირად ურთიერთობებს. ეს მიზეზი კიდევ უფრო მეტ, ბევრად მწვავე პრობლემას წარმოშობს ორგანიზაციის შიდა ურთიერთობებში, ვიდრე მხოლოდ შიდა დაჯგუფებების ფორმირებაა.
და ბოლოს, ფაქტორი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შიდა არაფორმალური ჯგუფების ფორმირების პროცესზე კორპორატიული ფასეულობების სისუსტე, ან, საერთოდ, არარსებობაა. თუ ორგანიზაცია არ ირჩევს მისთვის მნიშვნელოვან ფასეულობებს და არ ცდილობს ადამიანების შერჩევისას მსგავსი, მისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებების მქონე კანდიდატები აარჩიოს, მაშინ ორგანიზაციაში სხვადასხვა პრინციპების, ფასეულობების და ღირებულებების მატარებელი ადამიანები იყრიან თავს, რომლებიც, შემდეგში, მსგავს ტიპებად არაფორმალურ ჯგუფებში ერთიანდებიან.
***
ადამიანებს, როგორც წესი, საერთო ინტერესები, საერთო პრობლემა, ან საერთო მოწინააღმდეგე აერთიანებს და თუ მათ ამის მოთხოვნილება აქვთ და ფორმალური საშუალება ასეთი გაერთიანებისთვის არ არსებობს, მაშინ ისინი ამას აროფორმალურ დონეზე აკეთებენ და შიდა დაჯგუფებებში ერთიანდებიან. თუ გვინდა ასეთი გაერთიანებების წარმოქმნა მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან, უნდა მივცეთ თანამშრომლებს საშუალება, რაც შეიძლება ღიად საუბრობდნენ პრობლემებზე, რაც შეიძლება უკეთ გვყავდეს ისინი ინფორმირებული ორგანიზაციის შიგნით თუ გარეთ მიმდინარე პროცესების შესახებ და ჩვენ თვითონვე უნდა ვუწყობდეთ ხელს მათ შორის არაფორმალური ურთიერთობების განვითარებას მთლიანი ორგანიზაციის დონეზე, ამისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვის და ორგანიზების გზით. ეს საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ შიდა არაფორმალური დაჯგუფებების წარმოქმნა და ჯანსაღი, კონსტრუქციული გარემო შევინარჩუნოთ თანამშრომლებს შორის.
და კიდევ, იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები” (2 990 771), მათ შორის “ლიდერობის ხელოვნებაში” , “თანამედროვე ორგანიზაციების მართვაში” და “მენეჯერის ბრძოლაში წარმატებისთვის” ბევრ საინტერესო მოსაზრებებს იპოვით შიდა გარემოს გაჯანსაღების და ადამიანებს შორის უკეთესი ურთიერთობების ხელშეწყობისათვის.
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს