ახლადდანიშნული მენეჯერის ავტორიტეტი გუნდში
სტატიის ავტორი: ლაშარი გოჩიაშვილი
12 ნოემბერი, 2012 | წაკითხულია 11 734-ჯერ
გუნდის ახლადდანიშნული ლიდერის მთავარი ამოცანა საწყის ეტაპზე არის გუნდში ავტორიტეტის სწრაფად მოპოვება, რათა დაიწყოს გუნდის ლიდერის პოზიციიდან მოქმედება. ასეთ დროს ყველაზე სწრაფად ავტორიტეტის მოპოვებას შევძლებთ თუ თავიდანვე ვიზრუნებთ გუნდის საჭიროებების გამოვლენაზე, გუნდისკენ მიმართულ ზრუნვას თანაბრად და სამართლიანად გადავანაწილებთ გუნდის თითოეულ წევრზე და ამასთან ყველაზე მნიშვნელოვანი – თუ დავანახებთ როგორ თავდადებით ვიცავთ გუნდის ინტერესებს გარეშე პირებთან, სხვა გუნდებთან და სტრუქტურულ ერთეულებთან – მალევე მოვიპოვებთ გუნდის ლიდერის ავტორიტეტს.
დავანახოთ ყველას, რომ ვზრუნავთ გუნდზე და ვიკვლევთ მის საჭიროებებს
ახალი მენეჯერი თავიდანვე უნდა ზრუნავდეს თვალსაჩინო პრობლემების აღმოჩენაზე,ახალმისული, სანამ იქაურ სიტუაციაში გაერევა, გაცილებით ადვილად ამჩნევს იმას, რაც ჯერ კიდევ უცხო თვალით შესამჩნევია. პრობლემების, სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ უნდა ეკითხებოდეს გარეშე პირებს, სხვა გუნდებს, იმათ, ვისაც კი რაიმე შეხება აქვს ამ გუნდთან.
კარგი იქნება თუ დაინახავს იმ ცვლილებების საჭიროებას რისი გაკეთებაც უფრო გააუმჯობესებს გუნდის გარემოს, უფრო აამაღლებს გუნდის წევრების საერთო განწყობას, ახალ ენერგიას შეიტანს და გუნდში კეთილგანწყობას მოიპოვებს. უნდა ეძებდეს იმ ფაქტორებს რაც ძაბავს გუნდის წევრებს და ხელს უშლის მათ მუშაობაში. რაც აჭიანურებს პროცესებს, ხელს უშლის ინფორმაციის სწრაფად გაცვლას, არაეფექტურს ხდის რესურსების გამოყენებას, ყოველდღიური ფუნქციების შესრულებას, აფერხებს განვითარების პროცესებს და ა.შ.
სწრაფად უნდა გამოავლინოს არსებული პრობლემები, მიმართოს კომპეტენტურებს რეკომენდაციებისთვის და დროულად იმოქმედოს. ამით დაანახებს გუნდს, რომ ზრუნავს ხარვეზების გამოვლენაზე და მის გამოსწორებაზე, იკვლევს გუნდის საჭიროებებს. მითუმეტეს, რომ თავიდანვე ყველა ელოდება ახალი მენეჯერის მხრიდან აქტიური ცვლილებების განხორციელებას და ამისთვის სხვადასხვა პროაქტიული წყაროების გამოყენებას.
მენეჯერმა თანაბრად და სამართლიანად უნდა გადაანაწილოს ზრუნვა გუნდის თითოეულ წევრზე
თუ მენეჯერ ზრუნვას თანაბრად და სამართლიანად გადაანაწილებს გუნდის თითოეულ წევრზე უფრო მალე მოიპოვებს მათ კეთილგანწყობას. მნიშვნელოვანია, რომ თითეულ წევრს ინდივიდუალურად გამოკითხოს მოსაზრებები, პრობლემები, ჩამოაყალიბოს მათთან ერთად მომავლის ხედვა, დაეხმაროს ინდივიდუალური პრობლემების გადაჭრაში, მოისმინოს მეტი იდეები მათგან, მოინიშნოს და შემდგომში განიხილოს მათთან ერთად. ერთად დასახონ გეგმები.
ახალი მენეჯერი უნდა ცდილობდეს შეათანხმოს, რაც შეიძლება მეტი საკითხი თანამშრომლებთან, გამოიყენოს მათი კომპეტენციები. მეტი გადაწყვეტილება მიიღოს მათთან ერთად, რითაც გაანაწილებს პასუხიმგებლობებს და მეტი გულისყურით ჩართავს გუნდს მიმდინარე პროცესში. დაანახოს თითოეულ მათგანს მათი როლი გუნდში, მათი მხრიდან აზრის გამოთქმის მნიშვნელოვნება. ასე უფრო ადვილია გუნდის წევრების გაცნობა, მათთან დაახლოება და მათ თვალში უფრო მზრუნველი ლიდერის ავტორიტეტის ჩამოყალიბება.
გუნდის წევრებმა თვითონვე უნდა იგრძნონ, რომ ახალი მენეჯერი მათ სამართლიანად და თანაბრად უთმობს დროს, ცდილობს თანაბარი ძალისხმევა მიმართოს მათ დასახმარებლად. არის პრინციპული და არ ცდილობს გუნდიდან ვინმეს გამორჩევას, რის გამოც უფრო მეტი სიმპატიები უჩნდება გუნდის წევრებს ახალი მენეჯერის მიმართ, რადგან ყველას ერთნაირი შესაძლებლობა ეძლევა მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება.
ვაჩვენოთ გუნდის ინტერესებისთვის თავდადება სხვა დაკავშირებულ მხარეებთან
თუ ახლად დანიშნული მენეჯერი დაინახავს, რომ გუნდის რაიმე ფუნქცია დაკნინებულია და ამ ფუნქციის გაძლიერებას შეძლებს – მნიშვნელოვან პლიუსებს დაიწერს გუნდის წევრებთან. ლიდერმა უნდა დაიცვას გუნდისა და გუნდის წევრების ობიექტურიინტერესები და თავი არ უნდა დაზოგოს, რადგან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ახალ გუნდში ავტორიტეტის მოსაპოვებლად.
ახალი ლიდერს შეიძლება დასჭირდეს გარეშე პირებთან გუნდის იდეების დაცვა. სხვა სტრუქტურებთან სადავო საკითხების სწრაფად მოგვარება, მათთან დისკუსია და მისი გუნდის საკეთილდღეოდ, ეფექტურობის ამაღლებისთვის თავდადებული საქმიანობა. უნდა ცდილობდეს ამ გუნდის ძალაუფლების გაზრდას სხვა გუნდებთან მიმართებაში, გავლენის გაძლიერებას, როგორც ჰორიზონტალურად, ისე ვერტიკალურად დაკავშირებულ სტრუქტურულ ერთეულებთან.
თავდადების გამოვლინება შეიძლება დასჭირდეს ასევე თავის ხელმძღვანელობასთან, მოაპოვებინოს თავის გუნდს ხელფასების მომატების შესაძლებლობა, მიიღოს მენეჯემენტისგან საბონუსე ფონდი და სხვა პრივილეგიები, რაც ხელს შეუწყობს გუნდის მნიშვნელოვნებისა და შესაძლებლობების ზრდას. ასევე განწყობის ამაღლებას, სამუშაოსადმი გუნდის წევრების ინტერესის გაზრდას. ასეთი მიდგომა საქმისადმი საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანი გარანტიაა გუნდში ავტორიტეტის ასამაღლებლად.
——
თუ ახლადდანიშნული ლიდერი კარგად დაგეგმავს გუნდში მისი მუშაობის საწყის ეტაპს, იზრუნებს გუნდის უკეთ ფუნქციონირების ხელისშემშლელი პრობლემების იდენტიფიცირებაზე, მათ გადაჭრაზე, იზრუნებს გუნდის თითოეულ წევრზე თანაბრად, გაიცნობს და შეეცდება მათ დახმარებას საქმიანობის უკეთ შესრულებაში, გამოიჩენს თავდადებას გუნდის ინტერესების დასაცავად – გუნდში ავტორიტეტის მოპოვება უფრო გაუადვილდება.
სტატიის ნახვა ასევე შესაძლებელია სინერჯი ჯგუფის ელექტრონულ ბროშურაში “რას ნიშნავს იყო ლიდერი 2” | ბმული
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს