გუნდი კრეატიული იდეებისთვის
სტატიის ავტორი: ლაშარი გოჩიაშვილი
14 დეკემბერი, 2012 | წაკითხულია 14 843-ჯერ
გუნდს, რომელიც კრეატიული იდეების მოფიქრებითაა დაკავებული, უნდა ჰქონდეს კარგად განსაზღვრული პროცედურა და მოტივაციის სქემა, გუნდის წევრებს უნდა გააჩნდეთ მაღალი თვითშეფასების განცდა, მათ ირგვლივ უნდა იყოს კარგი გარემო და იცოდნენ კარგი ინსტრუმენტები, რაც გენერირების პროცესს უფრო ეფექტურს გახდის. მენეჯერის მთავარი სამუშაო მისი გუნდისთვის ამ ხუთი კომპონენტის უზრუნველყოფაა.
უმეტეს კომპანიაში იდეების მოფიქრება სამუშაოს უდიდეს ნაწილს წარმოადგენს. თითოეული ამოცანის გადაჭრა ყოველთვის მიდის კარგი, ხარისხიანი იდეების საჭიროებამდე. რაც უფრო რთულია ამოცანა, მით უფრო კრეატიულ იდეებს ითხოვს ჩვენგან. თანამედროვე ბიზნესში ღირებული იდეების არსებობა სასიცოცხლოა ორგანიზაციებისთვის.
იდეები განსაკუთრებით საჭიროა გაყიდვების სტიმულირების, პროდუქტებისა და მომსახურების განვითარებისა და სხვა მნიშვნელოვანი ამოცანების მიმართულებით. ამიტომ ამ მიმართულებაზე პასუხისმგებელი პირები განსაკუთრებით დგებიან კრეატიული იდეების გენერირების პრობლემის წინაშე. ერთი ადამიანის იდეები ხშირ შემთხვევებში ამოწურვადია ან გარკვეული ხნის შემდეგ მრავალფეროვნებას კარგავს, ამიტომ გუნდის საკითხი წინ გადმოდის.
კრეატიული გუნდის შექმნა კრეატიული იდეების მოფიქრების წინაპირობაა, კარგია თუ გუნდში გვყავს ისეთი წევრები, რომლებიც განსხვავებული პროფესიის და საინტერესო ადამიანები არიან. შესაძლოა იყვნენ ორგანიზაციის გარედან მოწვეული პირები, თანამშრომლები სხვადასხვა დეპარტამენტებიდან, მნიშვნელოვანია ერთმანეთთან ჰქონდეთ ჯანსაღი ურთიერთობა.
პროცედურა
საწყის ეტაპზე საჭიროა მენეჯერმა შეიმუშაოს პროცედურა, რომელიც დაეხმარება გუნდს საქმიანობების უკეთ ორგანიზებაში, კოორდინაციაში, მოფიქრებული იდეებიდან საუკეთესოების შერჩევასა და შერჩეული იდეების სათანადოდ გამოყენებაში. პროცედურა უნდა შედგებოდეს კარგად განსაზღვრული ეტაპებისგან, თუ როგორ უნდა მივიდნენ იდეებამდე, რადგან არასწორად შედგენილმა პროცედურამ შესაძლოა ხელი შეუშალოს კრეატიული იდეების გენერირებას. პროცედურა უნდა მოიცავდეს შეხვედრის დროს, ადგილს, შეხვედრების რეგლამენტს, ასევე პროცედურა მოიცავს, საკითხებს, თუ როგორ უნდა მიმდინარეობდეს შეხვედრა, როგორ უნდა იმსჯელონ შეხვედრის მონაწილეებმა, ვინ იქნება პასუხისმგებელი საერთაშორისო პრაქტიკის კვლევაზე, კონკურენტების კვლევაზე, იდეების ჩანიშვნასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
მოტივაციის შექმნა
როგორც ყველა საქმიანობას, კრეატიული იდეების მოფიქრებასაც სჭირდება კრეატიული მოტივაციის სქემა. მოტივაციის სქემა შეიძლება მიებას მოფიქრებული იდეების ხარისხს, რაოდენობას ან სხვა მაჩვენებელს. მოტივაციისთვის შესაძლოა საუკეთესო იდეების ავტორები ძალიან წავახალისოთ: გადავცეთ მადლობის სიგელი, სახალხოდ გამოვაცხადოთ აღნიშნული ფაქტი, შევისწავლოთ წინასწარ მათი საჭიროებები და მოთხოვნები, ჩამოვწეროთ, ვეცადოთ ვიყოთ არაორდინალურები ამ საქმეში, ამის შემდეგ შევარჩიოთ მოტივაციის რომელიმე ელემენტი და მოვარგოთ ამ საჭიროებებს.
თვითშეფასების გაზრდა
ეს კომპონენტი მნიშვნელოვანია და გარდამტეხი ამ პროცესში, რადგან თვითშეფასების გაზრდით ადამიანი ცდილობს მიუახლოვდეს საკუთარი შესაძლებლობების ზღვარს. თუკი მენეჯერი შეძლებს ამ ფაქტორის კარგად გააზრებას და სათანადო მოქმედებების აღსრულებას, გუნდი მიუახლოვდება საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს. მენეჯერის მთავარი ფუნქცია ამ შემთხვევაში გამოიხატება – დაარწმუნოს გუნდის წევრები საკუთარ თავში, ჩაუნერგოს მათ რწმენა, მოუხსნას ყოველგვარი ბარიერი, რაც ხელს შეუშლის ფიქრისას. მენეჯერი უნდა ეცადოს დაარწმუნოს გუნდის წევრები საკუთარ შესაძლებლობებში. თუ წევრი დათრგუნულია რაიმე ფაქტორების ზემოქმედებისგან, შესაბამისად, არაპროდუქტიულია. ყველაზე კარგი ინსტრუმენტი ამ დროს არის ხელმძღვანელის ყურადღება გუნდის წევრებისადმი. თუკი რაიმე საინტერესო იდეას დააფიქსირებენ, უნდა აღნიშნოს და არ გამორჩეს შემთხვევა – შეაქოს იდეის ავტორი, არ უნდა დაუკარგოს ავტორს იდეის მფლობელობის შეგრძნება და მიეცეს საშუალება თვითონვე განავრცოს იგი, იდეის შეფასება არ უნდა იყოს გადაჭარბებით. ამის შედეგად თვითშეფასება ეზრდება ადამიანს და ცდილობს უფრო მეტი მოინდომოს, რადგან რწმუნდება, რომ დაინახეს მისი იდეა და ცდილობს უფრო ღირებულის მოფიქრებას.
გარემო
რაც უფრო საინტერესო და კარგი გარემო იქნება შექმნილი გუნდისთვის, მით უფრო საინტერესო და კრეატიული იდეები იქნება მათთვის. უმეტეს შემთხვევაში შეხვედრებისთვის განსაკუთრებულ ადგილებს ირჩევენ, რომელიც ჩვეულებრივისგან განსხვავებულია. ზოგიერთ კომპანიაში იდეების ოთახიცაა გამოყოფილი და შესაბამისად მოწყობილი: რბილი სავარძლებით, კრეატიული სურათებით, ლამაზი ხედით. აქ ნებადართულია მუსიკის მოსმენა, ღიღინი. საინტერესო გარემოს მოსაწყობად საკმარისია დააკვირდე ან გამოკითხო გუნდის წევრები თუ ვინ არის მათი კუმირი, რა ჟანრს უსმენენ, რომელია მათი საყვარელი ფერი, რომელი ყვავილი მოსწონთ და შესაბამისად გაითვალისწინო.
ასევე საინტერესოა გასვლითი ღონისძიებების დაგეგმვა, სპეციალურად რაიმე საკითხის გარშემო კრეატიული იდეების მოსაფიქრებლად. პრაქტიკა აჩვენებს, რომ მოკლევადიანი გასვლითი ღონისძიება ხშირად არაპროდუქტიულია, რადგან თუ შეხვედრა გრძელდება 2–3 საათი, რთულია საკითხზე კონცენტრაცია და იმდენად სწრაფად გარბის დრო, რომ იდეების გენერირება ვერ ესწრება. განსხვავებული ეფექტი აქვს გრძელვადიან გასვლით ღონისძიებებს, ამ შემთხვევაში დრო არის დასასვენებლად, ერთმანეთში საკომუნიკაციოდ და იდეებზე კონცენტრირებისთვისაც.
ინსტრუმენტები
არსებობს უამრავი ინსტრუმენტი, იმისათვის, რომ დაეხმარო საკუთარ თავს და სხვებს იყვნენ უფრო კრეატიულები ფიქრისას და იდეების გენერირებისას. მათი ცოდნა ხშირ შემთხვევაში ახალისებს და მრავალფეროვნებას მატებს გარემოს, ეხმარება გონებას უფრო კარგად წარმართოს შიდა პროცესები და შედეგად მოგვცეს კრეატიული იდეა. კარგია, როდესაც გამოყოფ ფიქსირებულ დროს, რომლის განმავლობაშიც უნდა მოიფიქრო იდეების ფიქსირებული რაოდენობა, ეს მოქმედებს გონებაზე და, შესაბამისად, ცდილობ არაფერზე გადაიტანო ყურადღება და ჩაეტიო შესაბამის რეგლამენტში. მნიშვნელოვანია, ასევე დღის რომელ მონაკვეთში გამოყოფ იდეების გენერირებისთვის დროს, როგორც ყოველთვის დილის 10 საათიდან 12 საათამდე იდეალური დროა ფიქრისთვის. კრეატიული იდეების მოფიქრებას ხელს უწყობს ფურცელზე ხაზების ან ფიგურების ხაზვა და თითოეულ ფიგურასა და ხაზთან დაკავშირებით რაიმე ფაქტის დაკავშირება, ამ დროს ადამიანი ცდილობს იპოვოს კავშირები ფაქტებს შორის. თვითონ იდეა ხომ ისევ ადრე ნასწავლი, ნანახის და გაგონილი ელემენტების ახალი ურთიერთკავშირია, რომელიც გონებაში ნათურასავით გაანათებს.
–––––––
უმრავლეს შემთხვევაში, კრეატიული იდეების მოსაფიქრებლად მხოლოდ ინსტრუმენტებს მიმართავენ, თუმცა ამ პროცესის უფრო ეფექტურად სამართავად საჭიროა კარგად განსაზღვრული პროცედურა, როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური მოტივაციის სქემა, გუნდის წევრების თვითშეფასების გაზრდა, საინტერესო და კომფორტული გარემო და კრეატიული ინსტრუმენტები, რომელიც ეხმარება მრავალფეროვანი იდეების გენერირების პროცესს.
არსებობს კრეატიული იდეების მოფიქრების უამრავი საერთაშორისო პრაქტიკა, ამისთვის სპეციალური კომპანიებიც არსებობენ, რომლებიც სხვა გუნდებს ეხმარებიან საინტერესო იდეების მოფიქრებაში, ასევე ძალიან საინტერესო პრაქტიკაა მოცემული სინერჯი ჯგუფის კონსულტანტის ერთ–ერთ სტატიაში „ორგანიზაციების ატლანტებში”
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
2 კომენტარი სტატიაზე “გუნდი კრეატიული იდეებისთვის”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
19 თებერვალი, 2013 22:37
გამარჯობათ .
ძალაიან მომწონს თქვენი სტატიები და წინებსაც ხშირად ვყიდულობ და ვკითხულობ ხოლმე.
ყოველთვის არის სტატიები საინტერესო და საისამოვნო წასაკითხი . ერთადერთი ხანდახან რაც არ მომწონს სტატიების გამეორებაა სხვადასხვა წიგნებში .
რა მინდოდა მეთხოვა , შეიძლება რომ ვთქვათ ერთერთი სტატია მიუძღვნათ იმას თუ ძირითადად როგორ შიიძლება რომ კომპანიებმა ან პიროვნებემა იყიდონ სხვა კომპანია,
ანუ კონკრეტულად რაზე უნდა მიაქციონ ყურადღება , რა მახასიათებლებს, ნუ გარდა იმისა რომ ჭირდება სხვა ფირმის ყიდვა . რას უნდა მიაქციოს ყურადღება რომ ეს ფირმა თავისი თვისებებით იქნება მომგებიანი ან კრიზის განიცდის მალევე, გარდა იმისა რომ რათქმაუნდა ახალი კომოანიების მართვა მაინც ფულზე და მენეგერზეა დამოკიდებულიუ ,.
უბრალოდ საინტერესო იქნებოდა მაგ მხრივაც ხალხის სწავლება.
წინაწარ დიდი მადლობა
7 დეკემბერი, 2013 15:19
მადლობა ავტორს საინტერესო სტატიისთვის. ჩემი აზრით, არანაირ კრეატიულ იდეებზე არ არის საუბარი, თუ შესაბამისი გარემო არ იქნება შექმნილი. შეიძლება ვიგულისხმოთ ლოკალურად, როგორც თქვენ ახსენეთ – იდეების ოთახის შექმნა (ეს ყველაზე მარტივი პრობლემაა) ან გლობალურად (რაც საერთოდ ჭირს ხოლმე, სხვა თემებზე, უფრო დიდი ყურადღების გადატანის გამო) ერთიანი თბილი გარემოს შექმნა კომპანიაში. მხოლოდ ამ შემთხვევაში, შეიძლება შედეგის მიღწევა. სამწუხაროდ, გლობალურ საკითხებზე ფიქრისას, “წვრილმან” საკითხებზე არავინ ზრუნავს, არადა გამოცდილება აჩვენებს, თითოეული პატარა აგური აშენებს დიდ სახლს. : )