საკუთარი უნარების განვითარების ერთი გზა
სტატიის ავტორი: ლაშარი გოჩიაშვილი
15 თებერვალი, 2013 | წაკითხულია 4 850-ჯერ
უნარების განვითარების გზები უამრავია. მისი არჩევა დამოკიდებულია ჩვენს სურვილზე და შესაძლებლობაზე. უნარის გამორჩევა, რომელიც გვინდა განვავითაროთ ყურადღებით უნდა შევარჩიოთ. სტატიაში ვისაუბრებთ მიდგომაზე, რომლის მიხედვითაც, სასურველია, გამოვარჩიოთ ყველაზე ძლიერი თვისება, უნარი, რაიმე ასპექტი და მის დახვეწაზე და კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე ვიმუშაოთ. ეს მიდგომა უფრო დიდ ეფექტს მოგვცემს, ვიდრე სისუსტეების გამოვლენა და მათზე მუშაობა.
ძლიერი უნარის გამორჩევა
უნარის გამორჩევისას უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რისი კეთება გვსიამოვნებს ყველაზე მეტად, რითი შეგვიძლია ვიყოთ გამორჩეულები ყველასგან და რა მოგვაპოვებინებს ფინანსურ წარმატებას. ამაზე ფიქრის დროს კარგია ვთხოვოთ დახმარება ისეთ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხედავენ, ვისთანაც ყველაზე მეტ დროს ვატარებთ და კარგად გვიცნობენ, იციან ჩვენი შესაძლებლობები და სისუსტეები. მარტივად, დავეკითხოთ ჩვენს ირგვლივ მეგობრებს, თანამშრომლებს, ხელმძღვანელს, მასწავლებელს, ვთხოვოთ გვითხრან ჩვენში რომელი
- სამი რამ მოსწონთ, და არ უნდა შევცვალოთ
- სამი რამ სასურველია, რომ შევცვალოთ
- სამი რამ არ მოსწონთ და აუცილებელია, რომ შევცვალოთ
თითოეულის რჩევა გავაანალიზოთ, გამოვარჩიოთ ჩვენი სამი ყველაზე ძლიერი მხარე, ამათგან კიდევ უფრო მეტი დაფიქრების შემდეგ შევარჩიოთ ერთი და შევეცადოთ განვითარების ძალისხმევა მივმართოთ მისკენ.
შესაძლოა, ეს უნარი საერთოდ ის უნარია, რაც ჰობის დროს იჩენს თავს, მაგალითად, ჩუგბურთის თამაში ან ყვავილების მოვლა. ის, რაც ჩვენ გვსიამოვნებს და ამავე დროს კარგად გამოგვდის, შესაძლოა, ის იყოს შეხების წერტილი ჩვენს შესაძლებლობებსა და სურვილებს შორის. რაც უფრო წინდახედულად და გააზრებულად მივიღებთ გადაწყვეტილებას მით მეტი შანსია ვიპოვოთ ის შესაძლებლობა, რისი მეშვეობითად უფრო მეტის და უფრო ღირებულის გაკეთებას შევძლებთ და ამავე დროს გამოგვარჩევს სხვებისგან. უნდა შევაფასოთ ამ უნარის პოტენციალი, გარეშე ფაქტორები, რამდენად ბევრია ამ უნარით დაჯილდოებული ადამიანების რაოდენობა, რამდენად რთული გზა გვაქვს გასავლელი, რამდენად აღწევენ დიდ წარმატებებს ამ უნარის მქონე ადამიანები.
დავისახოთ მიზანი, შევარჩიოთ მეთოდები და დავგეგმოთ
მას შემდეგ რაც მიმართულებას შევარჩევთ და ზუსტად გვეცოდინება რა უნარის განვითარება გვინდა, აუცილებელია დავისახოთ მიზანი. შეიძლება მოვინდომოთ ამ უნარის მქონეთა შორის ყველაზე მაღლა დგომა, მივიდეთ ვირტუოზის დონემდე შესაბამის დროის მონაკვეთში და ა.შ.
ჩამოვწეროთ ამ უნარის განვითარების მეთოდები და გამოვარჩიოთ მათგან ისეთი სამი, რომელიც ყველაზე მეტად მოგვწონს, გვსიამოვნებს და ამასთან დიდი ეფექტის მოხდენა შეუძლია. მაგალითად, თუ გვინდა მახსოვრობის უნარი განვივითაროთ, შესაძლოა, შემოვიღოთ ერთ-ერთი წესი – ყოველ საღამოს ყოველი წინა დღის მოვლენები გავიხსენოთ დეტალებში, ვის რა ეცვა, რომელ საათზე და რომელ წუთზე რა მოვლენა მოხდა და ა.შ. შევარჩიოთ წიგნები იმ სპეციფიკიდან გამომდინარე, რაც ჩვენ საქმეს გამოადგება. ყოველდღე 15 წუთიანი ან მინიმუმ ყოველ შაბათს 1–2 საათიანი წიგნის კითხვის წესის შემოღება მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს.
შესაბამის თემაზე დავესწროთ სემინარებს, გადმოვწერო ვიდეო ლექციები და ფიქსირებული პერიოდულობით და მკაცრი თვითკონტროლით შევეცადო გეგმის შესრულება. მოვუსმინო გამოცდილი ადამიანების მოსაზრებებს. გადავხედოთ შერჩეული მიმართულებით ყველაზე გამორჩეული და წარმატებული ადამიანების ცხოვრებას, მათ გავლილ გზას და ავიღო და მივუსადაგო ჩვენს გეგმებს მათი მოსაზრებები და გამოცდილება. გადმოვიღოთ სასარგებლო ცვლილებები მათგან, გავითვალისწინოთ მათი შეცდომები.
და რაც ყველაზე მთავარია ვივარჯიშოთ. ვარჯიშისას მივხდებით შერჩეული მოქმედებებიდან რომელია ყველაზე პრაქტიკული და რომელი გვძენს უფრო მეტ ღირებულას, რომელი მათგანია უფრო ადეკვატური ჩვენ მიზანთან, რომელი უფრო მეტად გვივითარებს ჩვენს უნარს, რომელი გვაძლიერებს და შესაბამისად უფრო მეტჯერ გავიმეოროთ.
შევაფასოთ ჩვენი უნარი, განვაახლოთ მეთოდები
გარკვეული დროის შემდეგ შევაფასოთ შერჩეული უნარის განვითარების დონე, მაგალითად, თუ შევეცადეთ ჩვენი მეთოდებით უფრო პრეზენტაბელურები გავმხდარიყავით, შევაფასოთ რამდენად კარგად გამოგვდის პრეზენტაციები, სიტყვით გამოსვლები, რამდენად მოკლედ შეგვიძლია გრძელი სათქმელის მოკლედ თქმა, რამდენად კარგად ესმით ჩვენი საუბარი, რამდენად ნაკლებ კითხვებს გვისვავენ ჩვენი საუბრის უკეთ გასაგებად, რამდენად გვამეორებინებენ გამოთქმულ ფრაზებს ან სიტყვებს.
თუ შევეცადეთ ჩვენი კომუნიკაბელურობის დონის ამაღლება შეგვიძლია გადავხედოთ ჩვენი მობილურის ნომრების სიას, თუ მოიმატა იმ ადამიანების რაოდენობამ რომლებიც გვირეკავენ ხშირად ან გვკითხულობენ სოციალურ ქსელის ან ელ–ფოსტის მეშვეობით. რამდენად ხშირად გვიწევს ხალხთან მისალმება და ა.შ.
შეფასების შემდგომ, თუ ამ უნარის განვითარებაში დიდი ცვლილება არ არის, აუცილებელია, გადავხედოთ შერჩეულ მეთოდებს, გავაანალიზოთ რამდენად კარგად ვასრულებდით დაგეგმილ მოქმედებებს და განვაახლოთ.
წელიწადში ერთხელ კიდევ ჩავატაროთ გამოკითხვა ჩვენს ირგვლივ, ისევ გავაანალიზოთ ჩვენი ძლიერი მხარეები და უზრუნველვყოთ განვითარების პროცესის უწყვეტობა.
ჩვენი სისუსტეების გამოსწორებისთვის დროის დახარჯვაზე უფრო მეტად ეფექტურია, გამოვყოთ ჩვენი ძლიერი მხარეები, შევარჩიოთ კარგი მეთოდები განვითარებისთვის, მასზე სამუშაოდ, შევეცადოთ შევქმნათ და შევინარჩუნოთ ამ მეთოდების გამოყენების რიტმი და ხშირად შევაფასოთ და განვაახლოთ ისინი. ამ მიდგომით უფრო მალე მოვიპოვებთ კონკურენტულ უპირატესობას, უბრალოდ სცადეთ.
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
1 კომენტარი სტატიაზე “საკუთარი უნარების განვითარების ერთი გზა”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
16 მარტი, 2013 02:44
დიდი მადლობა საინტერესო და სასარგებლო სტატიისთვის!