უნდა ჩაერიოს თუ არა სახელმწიფო კვერცხის ბაზრის დარეგულირებაში
სტატიის ავტორი: ბექა ბექაია
26 მარტი, 2013 | წაკითხულია 4 745-ჯერ
ბოლო დროს მასმედიაში, საკმაოდ აქტუალური გახდა დისკუსიები საქართველოში კვერცხის იმპორტის მომძლავრების, ადგილობრივი წარმოების შეზღუდვისა და კვერცხის მწარმოებელი ფაბრიკების სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ.
ამ პრობლემებს მწარმოებლები სახელმწიფოს მხრიდან ხელის შეწყობის არქონას აბრალებენ, სახელმწიფო კი წარმოების მაღალ თვითღირებულებას, არაკონკურენტუნარიანობასა და უინიციატივობას.
ამ სტატიით მიზნად დავისახეთ, რაღაც ფორმით, გაგვეანალიზებინა სოფლის მეურნეობის ამ დარგში არსებული სიტუაცია და გამოსავლის ძიებაში დავხმარებოდით მწარმოებლებსაც და სახელმწიფოსაც, რათა ავად თუ კარგად ფეხზე დამდგარი კვერცხის წარმოება, რომელზეც პირდაპირ თუ არაპირდაპირ დასაქმებული ბევრი ადამიანის ხელფასია მიბმული, საბოლოოდ არ განადგურდეს. დანგრეულის აღდგენას კი ბევრი რთული წელი დასჭირდება.
პრეისტორია
ახლანდელი მდგომარეობით საქართველოში დაახლოებით 400 მილიონი ცალი კვერცხი იწარმოება (დაახლოებით 100 მილიონი ლარის ღირებულების), ანუ კვერცხის წარმოებაზე მოდის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.5 %.
დაახლოებით 10-12 წლის წინ, როდესაც გარკვეულმა ბიზნეს-ჯგუფებმა ნელ-ნელა დაიწყეს ამ სფეროში რისკიანი ინვესტიციების ჩადება, კვერცხის ადგილობრივი წარმოება თითქმის ნულის ტოლი იყო. მიუხედავად იმისა, რომ კვერცხზე მოთხოვნის 90% იმპორტით კმაყოფილდებოდა და იმპორტიორები საკმაოდ კონკურენტუნარიანები იყვნენ, ადგილობრივმა კვერცხმა მაინც მოახერხა და წლების განმავლობაში მთლიანად ჩაანაცვლა იმპორტი ისე, რომ ყველაზე ძლიერმა იმპორტიორებმაც კი კვერცხის წარმოებას მიჰყვეს ხელი.
ამ პროცესს, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო კვერცხის, როგორც საერთაშორისო ვაჭრობის თვალსაზრისით არახელსაყრელი პროდუქტის სპეციფიკამ. კერძოდ, კვერცხი მალფუჭებადია, არ ექვემდებარება გაყინვას, ხანგრძლივი ტრანსპორტირების დროს ტეხვის პროცენტი მაღალია, რაც თავის მხრივ გაფუჭების ალბათობას ძალიან ზრდის და ა.შ.
ამ ფონზე ადგილობრივი, ახალი კვერცხის გამოჩენას ბაზარზე კარგი გამოხმაურება მოჰყვა მომხმარებლის მხრიდან, რაც აისახა კიდეც ქართულ კვერცხზე მოთხოვნის მკვეთრად გაზრდაში.
გაზრდილი მოთხოვნის ფონზე არსებულმა თუ ახალმა ფაბრიკებმა სასესხო ვალდებულების ზრდისა თუ საკუთარი კაპიტალის ხარჯზე დაიწყეს წარმოების საშუალებების გაზრდა და უკვე 2007 წლისთვის მთლიანად შეძლეს კვერცხზე ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
საწარმოო სიმძლავრეებისა და წარმოების ინტენსიურ ზრდასთან ერთად ფაბრიკები მივიდნენ მდგომარეობამდე, როდესაც აწარმოებდნენ უფრო მეტს, ვიდრე ბაზარი მოითხოვდა. ასეთ პირობებში, როდესაც შიდა კონკურენციაც საკმაოდ მაღალი იყო, საზღვარგარეთიდან კვერცხის ყოველი მცირე პარტიის იმპორტიც კი დიდ ვნებათაღელვას იწვევდა კვერცხის ადგილობრივ მწარმოებლებში.
გამძაფრებული კონკურენციის გასანეიტრალებლად მწარმოებლებმა ორი ამოცანის გადაჭრა დაისახეს მიზნად:
- მიეღწიათ სახელმწიფოს მხრიდან კვერცხის იმპორტის მაქსიმალური შეზღუდვებისა;
- როგორღაც შეეჩერებინათ ადგილობრივი წარმოების ზრდა, რათა ქვეყანაში არ წარმოებულიყო იმაზე მეტი კვერცხი, ვიდრე ეს მოიხმარებოდა და ამით მზარდი შიდა კონკურენცია გაენეიტრალებინათ;
საბოლოო ჯამში, ასე თუ ისე, მოხერხდა ორივე ამოცანის გადაჭრა, ანუ ერთი მხრივ სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ მაქსიმალურად შეზღუდავდა კვერცხის იმპორტს საქართველოში და ხელს შეუწყობდა ადგილობრივ წარმოებას, ხოლო ადგილობრივი მწარმოებლები შეთანხმდნენ კვერცხის რაოდენობის კვოტებზე, რაც უნდა ეწარმოებინა თითოეულ მათგანს. თუმცა, აქ რჩებოდა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რა უნდა მოეხერხებინათ იმ პოტენციური მეწარმისთვის, რომელიც მომავალში გადაწყვეტდა კვერცხის წარმოების დაწყებას.
აქ, ჩვენი აზრით, სახელმწიფომ დაუშვა სერიოზული შეცდომა.იგი წავიდა ბუნებრივი პროცესების წინააღმდეგ და კვერცხის იმპორტთან ერთად შეზღუდა დამწყებ ფერმერებზე სანაშენე მაღალპროდუქტიული ქათმების იმპორტიც, რათა არ გაჩენილიყვნენ ახალი ფერმერები და კვერცხის წარმოებისა და მოხმარების ბალანსი ქვეყანაში დაცული ყოფილიყო. ანუ კვერცხის წარმოების ექსკლუზიური უფლება უსასრულო ვადით მიიღეს კონკრეტული შეზღუდული რაოდენობის მცირე, საშუალო თუ მსხვილმა ზომის ფაბრიკებმა.
ჩვენი აზრით, სწორედ ხელოვნურად შექმნილმა ბაზრის კონიუნქტურამ და კონკურენციის არარსებობამ მიიყვანა კვერცხის წარმოების სექტორი სერიოზულ პრობლემებამდე. კონკურენციის არარსებობამ და, შესაბამისად, მოგების მაღალმა მარჟამ საშუალება მისცა ფაბრიკებს ასე თუ ისე მოეწესრიგებინათ თავიანთი ინფრასტრუქტურული მეურნეობები, თუმცა გარანტირებული მოგების მარჟის გამო მართვის სრულყოფის და თვითღირებულების შემცირების აუცილებლობამდე არც კი მისულან, პირიქით, ინტენსიურად ზრდიდნენ სასესხო ვალდებულებებს (არც ბანკები იხევდნენ უკან ფაბრიკების კარგი ფინანსური მდგომარეობის გამო) და აფინანსებდნენ არაპროფილურ ბიზნესებს, რომელთა უმეტესობა წამგებიანი ხდებოდა,ხოლო აღებული საბანკო ვალდებულებების მომსახურება კვერცხის ბიზნესის ხარჯზე ხდებოდა და ხდება დღესაც.
რა ხდება დღეს
ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ შეიცვალა დამოკიდებულება კარტელური შეთანხმებებისა და კვერცხის წარმოების სექტორის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოხატავს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისათვის მზადყოფნას, შედარებით ლოიალურ დამოკიდებულებას იჩენს კვერცხის იმპორტის მიმართ და მოუწოდებს ადგილობრივ მწარმოებლებს, შეამცირონ სარეალიზაციო ფასები და აწარმოონ კონკურენცია იმპორტულ პროდუქციასთან. ასეთი დამოკიდებულების ძირითადი მიზეზი, სავარაუდოდ, ნეგატიური განწყობაა დღეს არსებული სისტემის მიმართ, რომელიც წინა მთავრობის ხელშეწყობით არის შექმნილი.
კვერცხის იმპორტზე ბარიერების შემსუბუქების შედეგად მივიღეთ აბსოლუტური პანიკა კვერცხის მწარმოებლების მხრიდან.მათ იმპორტული კვერცხის ექსპანსიის შიშით შეაჩერეს წარმოების მასშტაბები და აქვთ მაქსიმალურად ნეგატიური მოლოდინი, რამდენადაც მათი გაყიდვები უკვე შემცირებულია. ამ პანიკის არსებობას აქვს თავისი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზები, რომელთა შეძლებისდაგვარად სრულად ჩამოყალიბებასაც ქვემოთ შევეცდებით.
სუბიექტურ მიზეზებზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.ეს შეეხებოდა ხელოვნურად შექმნილ ბარიერებს იმპორტისა და, განსაკუთრებით, შიდა წარმოების განვითარების კუთხი.ამან კონკურენცია ნულამდე დაიყვანა და დაუკარგა ყველანაირი ბუნებრივი მოტივაცია მწარმოებლებს, მეტი ეფიქრათ თვითღირებულების შემცირებაზე.
თუმცა, საკმაოდ მნიშვნელოვანია იმ ობიექტური ფაქტორების ჩამონათვალი, რომელთა გაუთვალისწინებლობა აუცილებლად მიიყვანს კვერცხის წარმოების სექტორს საბოლოო კრახამდე:
1. საგადასახადო წნეხი
დღევანდელი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, გაურკვეველი მიზეზების გამო, კვერცხის დღგ-თი დაბეგვრა განსხვავებულია სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციასთან შედარებით.
კერძოდ, კოდექსის 168-ე მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია სასოფლო–სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა კვერცხისა) პირველადი მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე.
აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ არის მოქცეული კვერცხის დღგ-თი დაბეგვრა განსხვავებულ რეჟიმში სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციასთან შედარებით. ცალკე მსჯელობის საგანია, თუ რატომ არის მთლიანად სოფლის მეურნეობის პროდუქცია დღგ-სგან გათავისუფლებული, ჩათვლის უფლების გარეშე.
2. დიდი მეზობლების ფაქტორი
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, კვერცხი თავისი მალფუჭებადობისა და ტრანსპორტირების სპეციფიკის გამო პრობლემატური პროდუქტია, მაგალითად, შეუძლებელია მისი იმპორტი ბრაზილიიდან ან ჩინეთიდან. იმპორტისთვის ყველაზე ხელსაყრელ ქვეყნებად ჩვენთვის განიხილებიან უახლოესი მეზობლები, განსაკუთრებით კი ის ქვეყნები, რომელთაც ძალიან დიდი შიდა წარმოება აქვთ: თურქეთი, უკრაინა, რუსეთი, ირანი, თუმცა არც სომხეთი და აზერბაიჯანი უნდა გამოვრიცხოთ, სადაც შიდა წარმოება საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული.
ჩვენს მეზობელ დიდ თუ პატარა ქვეყნებს რამდენიმე ძირითადი უპირატესობა აქვთ ჩვენს მწარმოებლებთან შედარებით:
– დიდი შიდა ბაზარი, სადაც მასშტაბის ეფექტი იძლევა თვითღირებულების შემცირების საშუალებას;
– ყველა ამ ქვეყანაში წახალისებულია შიდა წარმოება, რაც ავტომატურად იწვევს მაღალ კონკურენციას და მოგების მარჟების ადეკვატურ ნორმამდე დაყვანას;
– ისინი იცავენ შიდა ბაზარს იმპორტისგან, მაგალითად, შეუძლებელია შეიტანო კვერცხი არათუ თურქეთში ან ირანში, არამედ აზერბაიჯანსა და სომხეთშიც კი;
– პოტენციურად ყველაზე მსხვილი იმპორტიორები- თურქეთი და ირანი, ახორციელებენ მათი ქვეყნებიდან კვერცხის ექსპორტის წახალისებას სუბსიდირების გზით;
– იმავე თურქეთს შეღავათიანი პირობები აქვს მიღებული მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების დროს, რაც საშუალებას აძლევს მაღალი საბაჟო გადასახებით დაიცვას თავისი ბაზარი.
3. დემპინგი მეზობელი ქვეყნების მხრიდან
რამდენადაც ნებისმიერ ქვეყანაში კვერცხის მოხმარებას სეზონურობა ახასიათებს, ხოლო კვერცხის წარმოების მასზე მოთხოვნის შესაბამისად დარეგულრება შეუძლებელია, ამიტომ ყველა ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს მეზობლებშიც წლის განმავლობაში პერიოდულად დგება მომენტი, როდესაც კვერცხის წარმოება აჭარბებს მის მოხმარებას.
ასეთ სიტუაციაში კვერცხის მწარმოებელი დგება რამდენიმე ალტერნატივის წინაშე: გაანადგუროს ჭარბი კვერცხი და იზარალოს შემდგომი მოგების იმედად, ან განადგურების ნაცვლად გაყიდოს კვერცხი ნებისმიერ ფასად. თუ ასეთი გასაღების ბაზრად უცბად აღმოაჩენს საქართველოს, სადაც უპრობლემოდ შეიძლება კვერცხის ექსპორტი, თუნდაც დაძველებულის, ასეთ ალტერნატივაზე უარს არავინ ამბობს. რაც შეეხება ჭარბ წარმოებას, დროდადრო იგი აღმოჩნდება ხან თურქეთში, ხან აზერბაიჯანში, ხან უკრაინაში და ა.შ.
აქვე უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ ჭარბი წარმოების შემთხვევაში ქართველი მწარმოებლები ვერანაირად მოახერხებენ კვერცხის ექსპორტს თურქეთში, ირანში და ა.შ., რამდენადაც ყველა ჩვენს მეზობელს თავისი ბაზარი საგულდაგულოდ აქვს დაცული და არ დაუშვებს არანაირ იმპორტს, თუ კვერცხზე შიდა დეფიციტი არ შეიქმნა.
4. ჩვენი მწარმოებლების მაღალი თვითღირებულება
როგორც ზემოთაც ვთქვით,გარანტირებული მოგების მარჟების გამო მწარმოებლები იღებდნენ დიდი რაოდენობითსესხებს და აფინანსებდნენ სხვადასხვა ბიზნეს-პროექტებს, როგორც თავისი გადაწყვეტილებით, ასევე, სავარაუდოდ, სახელმწიფო შეკვეთებით. ამ ბიზნეს-პროექტების უმრავლესობა თავის თავს დღესაც ვერ ინახავს, რაც ტვირთად აწვება კვერცხის წარმოებას და ზრდის მის თვითღირებულებას.
როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო ასეთ სიტუაციაში
თუ დღევანდელი მთავრობა გადაწყვეტს, რომ ყველა საზღვარი ჩვენი მხრიდან უნდა იყოს ღია და წახალისებული უნდა იყოს კვერცხის იმპორტი, მაშინ დღესვე უნდა შევთანხმდეთ, რომ შიდა წარმოება დაიწევს მინიმუმამდე, ანუ დარჩება მცირე წარმოება, რომელიც დააკმაყოფილებს მცირე მოთხოვნას ახალ, ქართულ კვერცხზე და ბაზარი 80-90%-ით გაჯერებული იქნება ჩვენი სამეზობლოდან შემოტანილი, ძირითადად, ვადაგასული, იაფი კვერცხით, რომელსაც, დაბალი სოციალური ფონის გამო, ქართული მოსახლეობა, ალბათ, მაინც მიიღებს. მივიღებთ იგივე სიტუაციას, როგორიც არის მაგალითად, ბროილერის ან ღორის ხორცის ნაწილში, სადაც საქართველოს მოხმარების 80% გაყინულ საეჭვო ხარისხის პროდუქციას უჭირავს.
ამის შედეგად მივიღებთ გაჩერებულ ფაბრიკებს, დამატებით უმუშევარ მოსახლეობას, მოთხოვნის შემცირებას ქართული წარმოების მარცვლეულზე და სხვა პროდუქციასა თუ სერვისებზე და, საბოლოო ჯამში, 100 მილიონი ლარით შემცირებულ მთლიან შიდა პროდუქტს.
ჩვენი აზრით, სახელმწიფო შეგნებულად უნდა მიუდგეს ამჟამად შექმნილ რთულ სიტუაციას და შეეცადოს იპოვოს შედარებით რაციონალური გამოსავალი. არსებული სიტუაციის „შოკური თერაპიის“ მსგავსი მეთოდით გამოსწორება, ვფიქრობთ, უარეს შედეგებს მოიტანს წარმოებისთვისაც, ქვეყნისთვისაც, კონკრეტული უსამსახუროდ, უსახსროდ დარჩენილი ოჯახებისთვის და ა.შ.
ვეცდებით მოკლედ გადმოგცეთ იმ ღონისძიებათა ჩამონათვალი, რომლებიც, ჩვენი აზრით, სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე, თუ გადაწყვეტს, რომ საერთოდ უნდა ჩაერიოს (და ჩვენი აზრით უნდა ჩაერიოს) ამ პრობლემების მოგვარებაში:
- გაამკაცროს იმპორტთან დაკავშირებული პროცედურები, როგორც ამას აკეთებენ ჩვენი უახლოესი მეზობლები. კერძოდ, გაამკაცროს სურსათის ხარისხის კონტროლი, რამდენადაც დიდია რისკი იმისა, რომ შემოვიდეს ვადაგასული პროდუქცია (ან ისეთი, მალე რომ გაუვა ვადა) დემპინგურ ფასებში; ხარისხის კონტროლისთვის დააწესოს ვადები, შესაძლებელია თითოეული იმპორტული კვერცხის ვადიანობის მარკირების შემოღება. ასევე გამკაცრდეს ვეტერინარული კონტროლი, რომ არ მოხდეს არაკეთილსაიმედო ზონებიდან ვეტერინარული დაავადებების შემოტანა;
- ებრძოლოს ფალსიფიკაციას. რამდენადაც იმპორტული კვერცხის რეალიზაცია საქართველოში ხდება, მასზე ქართული წარწერის განთვსებით, რათა შეცდომაში შეიყვანონ მომხმარებელი;
- მაქსიმალურად წაახალისოს შიდა წარმოება, რათა გაჩნდეს ბევრი მცირე თუ საშუალო მწარმოებელი და გაიზარდოს შიდა კონკურენცია.ეს გააძლიერებს ზოგადად სექტორს, შეამცირებს თვითღირებულებას და სარეალიზაციო ფასს, რაც, თავის მხრივ, ასევე გაზრდის კვერცხის მოხმარებას საქართველოში;
- შეუმსუბუქოს საგადასახადო წნეხი ადგილობრივ წარმოებას, კერძოდ, მინიმუმ დღგ-სგან გაათავისუფლოს ადგილობრივი კვერცხის მიწოდება, ისევე, როგორც გათავისუფლებულია სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქცია. თუმცა, სასურველია, მოხდეს დღგ-სგან გათავისუფლება ჩათვლის უფლებით და ეს მოხდეს არამარტო კვერცხზე, არამედ სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის პირველად მიწოდებაზეც;
ჩვენი აზრით, ეს არის იმ ღონისძიებების არასრული ჩამონათვალი, რომელსაც შეუძლია დაარეგულირონ კვერცხის წარმოების ბაზარზე შექმნილი სიტუაცია და მის გრძელვადიან განვითარებას შეუწყონ ხელი.
რა უნდა გააკეთონ ამჟამად არსებულმა კვერცხის მწარმოებელმა ფაბრიკებმა
ზემოთ ვეცადეთ დაგვენახა სახელმწიფოს როლი კვერცხის ბაზარზე შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლის საქმეში, თუმცა აქ არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად ბიზნესის როლი. სახელმწიფო დამოუკიდებლად ვერც ამ კონკრეტულ სფეროში შექმნილ პრობლემებს მოაგვარებს და ვერც სხვაგან, თუ ამ სფეროში უშუალოდ ჩართულმა მხარეებმაც არ დაინახეს თავიანთი როლი და არ მიიღეს მაქსიმალური მონაწილეობა პროცესებში.
დღევანდელმა მწარმოებლებმა, პირველ რიგში, აქტიურად უნდა იფიქრონ საკუთარი წარმოებების ოპტიმიზაციაზე, რათა შეამცირონ პროდუქციის თვითღირებულება და დარჩნენ კონკურენტუნარიანებად არამხოლოდ იმპორტული კვერცხის, არამედ ახლად დაფუძნებული მცირე თუ საშუალო ზომის კვერცხის წარმოებებთან შედარებით.
მწარმოებლებმა უფრო აქტიურად უნდა ითანამშროლონ სახელმწიფოსთან, ისინი მეტად უნდა იყვნენ დაკავებული სახელმწიფოსთან თანამშრომლობით ფალსიფიკაციასთან ბრძოლაში, განვითარებაში დახმარების კონკრეტული წინადადებების დაყენებაში, ვიდრე ცალსახად იმპორტისა თუ შიდა წარმოების აკრძალვასა და საკუთარი თავისთვის სასათბურე პირობების შექმნაში.
ცალკე გამოსაყოფია სახელმწიფოსთან თანამშრომლობა ფალსიფიკაციასთან ბრძოლაში.კვერცხის მწარმოებლებმა უნდა გააერთიანონ საკუთარი ძალები, რათა გამოავლინონ ვადაგასული კვერცხის იმპორტის, ქართული წარწერებით კვერცხის უკანონო მარკირებით, ბაზრებსა თუ მაღაზიებში ვადაგასული იმპორტული კვერცხის რეალიზაციის ყოველი ფაქტი და მიაწოდონ ამის შესახებ ინფორმაცია შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს შემდგომი რეაგირებისთვის. ეს კიდევ უფრო შეზღუდავს უხარისხო იმპორტული კვერცხის ბაზარზე შემოტანას და ხელს შეუწყობს ადგილობრივი კვერცხის რეალიზაციას.
ადგილობრივმა წარმოებებმა მეტი რესურსი უნდა დახარჯონ (დღეს, ალბათ, საერთოდ არ იხარჯება) ქართული წარმოების კვერცხის პოპულარიზებაზე, ანუ მასმედიის საშუალებებით მოახდინონ მომხმარებლების პერიოდული ინფორმირება ქართული წარმოების ახალი კვერცხის უპირატესობებზე იმპორტულ საეჭვო წარმომავლობისა და ხარისხის კვერცხთან შედარებით.
მოკლედ, ვეცადეთ ჩამოგვეყალიბებინა კვერცხის ბაზარზე არსებული მდგომარეობის ანალიზი, გამოგვეყო ძირითადი პრობლემები და მათი გადაჭრის ჩვენეული ხედვა შეგვეთავაზებინა ყველა დაინტერესებული მხარისთვის. იმედი გვაქვს, სახელმწიფო გაგებით შეხედავს შექმნილ მდგომარეობას და ყველაზე რაციონალურ გზას აირჩევს ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით.
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
1 კომენტარი სტატიაზე “უნდა ჩაერიოს თუ არა სახელმწიფო კვერცხის ბაზრის დარეგულირებაში”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
14 მაისი, 2013 13:40
kargi namuhsavaria didi madlobaa,imedi gvakvs roms akartvelos ekonomika ufro chamoyalibdeba da daicavs adgilobriv warmoebas shemosuli tavaris winashe, warmatebebs gisurvebt