როგორ დავალაგოთ ორგანიზაციული ქაოსი
სტატიის ავტორი: ნინო შარიფაშვილი
19 მაისი, 2013 | წაკითხულია 5 674-ჯერ
არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც არც საქმის რაოდენობას უჩივიან, არც თანამშრომელთა დაკავებულობას ან მათ პროფესიონალიზმს, არც შიდა ორგანიზაციული შეხვედრებისა თუ განხილვების ნაკლებობას, თუმცა მაინც ისინი მნიშვნელოვან შედეგებს ვერ აღწევენ.
აქ მუდმივი ფუსფუსი და მოძრაობაა, ხშირია თანამშრომლების გვიანობამდე დარჩენის შემთხვევები, ერთი შეხედვით საქმეც ბევრია და დატვირთვაც. თუმცა თანამშრომლებს, რომ ჰკითხოთ რისთვის აკეთებენ რასაც აკეთებენ, ღირებულს რას სძენენ ორგანიზაციას, ან საკუთარ თავს, კონკრეტულად რაზე არიან პასუხისმგებლები, ვერ გეტყვიან. ეს განსაკუთრებით მაშინ ჩანს, როდესაც რაღაც ფუჭდება, ორგანიზაცია უკან მიიწევს, კონკრეტული საქმის პასუხისმგებელი ადამიანი არ ჩანს, ან კიდევ მაშინ, როცა სასწრაფოდ რაღაც საქმეა გასაკეთებელი, მაგრამ ვის უნდა დაევალოს ეს არ ჩანს, შეცდომებს ყველა ერთმანეთს აბრალებს და სიტუაციის სწორად აღქმა და დასკვნის გამოტანა შეუძლებელი ხდება.
რა თქმა უნდა, მოძრაობაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ შედეგი თუ არ გამოიღო ამან, მაშინ არც ეს მოძრაობაა სწორად დაგეგმილი, არც მოძრაობაში ჩართული ადამიანების შესაძლებლობები და მოტივებია სწორად ორგანიზებული.
რამდენიმე მიზეზი გამოვყავით, რა შეიძლება იწვევდეს ამას:
1. არაცხადი პასუხისმგებლობები – ხშირად ადამიანებმა კარგად არ იციან რა ევალებათ, ან რას ემსახურება მათი მუშაობა, რეალურად რა სარგებელს ქმნიან. მათ ზუსტად არც ის იციან მათზე დავალებული ფუნქციებიდან რომელი საკითხია პრიორიტეტული და ყველაფერს, განურჩევლად მნიშვნელობისა, არეულად, ქაოტურად აკეთებენ. ამით კი საქმის ხარისხი ფუჭდება, ან დროში იწელება.
2. ხელფასის ოდენობა – ხშირად საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვთ, რაც შესაძლოა შეესაბამება თანამდებობას და არა მათ ფუნქციებს, რასაც რეალურად აკეთებენ და სწორედ ამიტომ, მორიდების გამო და იმის შიშით, ხელფასი არ შეუმცირონ, ცდილობენ ხელმძღვანელებს მოაჩვენონ რომ საკმაოდ დაკავებულები არიან, ბევრ საქმეს აკეთებენ, მუდმივად გადარბენაზე არიან, და ამით ახერხებენ გაამართლონ თავიანთი ანაზღაურება.
3. ხელმძღვანელების არასწორი მუშაობის სქემა – ხელმძღვანელების უმრავლესობა რეგულარულად გვიან მოდის სამსახურში და გვიანობამდე რჩება. ხშირად დაქვემდებარებულებს არეულად აძლევენ დავალებებს. ზოგჯერ შესაძლოა ძალიან ბევრი, რთული დავალება მისცენ მათ, რომლის გაკეთებასაც ან შეუძლებლად მოკლე დროში ითხოვენ და წამდაუწუმ ეკითხებიან, დაასრულა თუ არა, ან საერთოდაც ავიწყდებათ მიცემული დავალება და აღარც ეკითხებიან. ხოლო თუ შესრულებულ დავალებას მოკითხვის გარეშე მიუტანს თანამშრომელი, შესაძლოა ისეთი რეაქცია ჰქონდეთ, რომ არ ჰქონდა მნიშვნელობა ეგ საკითხი გაკეთდებოდა, თუ არა.
ნებისმიერ შემთხვევაში, თუ რა იქნება ამის მიზეზი, ჩამოთვლილთაგან რომელიმე, ყველა ერთად, თუ რამე სხვა, აუცილებელია გამოინახოს გზები, რისი მეშვეობითაც მოხერხდება ორგანიზაციული ქაოსის აღმოფხვრა და ყველას ეცოდინება, თუ ვინ რას, რატომ და რამდენს აკეთებს.
აღმოფხვრა შემდეგი ხერხების გამოყენებით შესაძლოა მოხდეს:
1. თანამშრომლებს დაეკისროთ ცხადი პასუხისმგებლობები და ფუნქციები – თითოეული თანამშრომლისთვის უნდა არსებობდეს რეალობასთან შესაბამისი სამუშაო აღწერილობები, მკაფიოდ გამოიყოს მათი ამოცანები, ფუნქციები, პასუხისმგებლობები. ამასთან ერთად, უნდა მოხდეს თითოეული თანამშრომლისთვის ამ აღწერილობის ახსნა, განხილვა და დანერგვა.
2. უნდა ჩამოყალიბდეს ანგარიშგების სისტემა – თავად თანამშრომლების საქმიანობა ისე უნდა იყოს დაყოფილი, რომ ერთი ვერ ასრულებდეს საქმიანობას, სანამ მეორე რაღაც საკითხს არ დაასრულებს. ასევე, შესაძლოა ჩამოყალიბდეს სისტემა, რის მიხედვითაც თანამშრომლები ვალდებულნი იქნებიან აღწერონ თუ რას აკეთებდნენ სამუშო პერიოდში. ეს ანგარიშგებები შესაძლოა იყოს ყოველდღიური (რომელსაც უშუალო ხელმძღვანელებს გაუგზავნიან), ყოველთვიური ან ყოველკვარტალური. ამის შედეგად გავიგებთ, თუ თანამშრომელმა მოცემულ პერიოდში რეალურად გააკეთა თუ არა ის, რაც ევალებოდა და რამდენად იყო ეს საქმიანობა ღირებული. თანამშრომელიც, უკვე ორიენტირებული გახდება არა უბრალოდ თავის წარმოჩინებაზე რომ დაკავებულია, არამედ კონკრეტული შედეგების შექმნაზე.
3. მოხდეს გარემოსა და კულტურის ცვლილება – მუშაობის სწორი ორგანიზაცია და ამის ორგანიზაციულ კულტურად ქცევა ორგანიზაციის ეფექტიანობის ერთ-ერთი წინაპირობაა. ამასთან, სამუშაო გარემო უნდა იყოს მაქსიმალურად მორგებული თანამშრომელზე, უნდა გახდეს რაც შეიძლება ნაკლებად სტრესული, ყველა ვალდებული იყოს ადრე მოვიდეს სამსახურში და დროულად დატოვოს ოფისი. უნდა მოხერხდეს და დაინერგოს მშვიდი ატმოსფერო.
ეს ცვლილებები შესაძლებელს გახდის თავიდან ავიცილოთ თანამშრომლების უშედეგო დაკავებულობა და ეს მუდმივი მოძრაობაც ორგანიზებულ “ქაოსს” დავამსგავსოთ, რომელიც რეალური მიზნებით და ამოცანებით იქნება გამოწვეული.
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს