როგორ და რატომ აფუჭებს არასწორი სტრუქტურა ადამიანებს
სტატიის ავტორი: პაპუნა ტოლიაშვილი
28 აპრილი, 2014 | წაკითხულია 5 859-ჯერ
სტრუქტურა ადამიანს უკეთესს ვერ გახდის, თუმცა არასწორ სტრუქტურას შეუძლია ყველაზე საუკეთესოც კი ორგანიზაციის უუნარო, არქმედითი წევრი გახადოს, მისთვის დამახასიათებელი, იქამდე დაფარული, ცუდი თვისებები და ხასიათი ზედაპირზე ამოიტანოს და დაპირისპირებების, ქაოსის, ბოროტების მიზეზად აქციოს. ამ სტატიაში მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ როგორ და რატომ ახერხებს არასწორი სტრუქტურა ადამიანებში გასაოცარი ცვლილებების მოხდენას.
აქვე ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სწორი სტრუქტურა, თავის მხრივ, ერთი შეხედვით საშუალო უნარების და ნიჭის ადამიანებს (თუმცა ასეთები ბუნებაში არ არსებობენ) მაქსიმალური თვითრეალიზაციის ასპარეზს აძლევს. ის ეხმარება მათ ისეთი შედეგები აჩვენონ, თვითონაც რომ ვერ წარმოიდგენდნენ, ასეთ სტრუქტურაში მოხვედრამდე.
როგორც მოგეხსენებათ სტრუქტურა ორგანიზაციაში პასუხისმგებლობების, ძალაუფლების და როლების განაწილების სისტემას წარმოადგენს და მისი როგორც უარყოფითი, ისე დადებითი ეფექტები ადამიანებზეც სწორედ ამ სამი კომპონენტის მხრივ არსებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდება.
ბუნდოვანი ამოცანა და გაუგებარი პასუხისმგებლობები
ყველაზე ნიჭიერსა და პროდუქტიულ ადამიანსაც კი უჭირს იყოს პროდუქტიული სისტემაში, სადაც ვერ ხვდება რა არის მისი ამოცანა და სადაც არც არავინ ამას კონკრეტულად არ ეუბნება. ადამიანების შესაძლებლობები მართლაც ამოუწურავია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მან ზუსტად იცის რა ამოცანის გადაწყვეტაზე ეკისრება პასუხისმგებლობა, რაზე უნდა იფიქროს, რა უნდა ისწავლოს, რა შედეგებს უნდა მიაღწიოს, რომ დადებითი შეფასებები მიიღოს.
ნებისმიერი სისტემა, რომელიც ადამიანს მკაფიოდ არ განუმარტავს თავის ამოცანას, შეფასების კრიტერიუმებს, შედეგს, რომელიც მან კარგი მუშაობით უნდა მიიღოს, ამ კადრს ბევრი დაკარგული დროისთვის და შესაძლებლობებისთვის წირავს. ეს გრძელვადიან პერიოდში მისი შრომითი კმაყოფილების აუცილებელი შემცირების მიზეზიც ხდება.
ძველ პოზიციებზე წარმატებით ნამუშევარი ადამიანები, როდესაც ასეთი გაუგებარი ამოცანის მქონე პოზიციაზე ხვდებიან ან საერთოდ ვერ ახერხებენ ღირებულების შექმნას, ან ძალიან დიდ დროს კარგავენ, სანამ გაერკვევიან, ან კიდევ სხვებისთვის იწყებენ სერიოზული დისკომფორტის შექმნას, სანამ საკუთარ ადგილს და მნიშვნელობას იპოვიან, თუ საერთოდ მოახერხებენ ამას.
მეორეს მხრივ ის პოზიციები, რომელთა ამოცანებიც ყოველთვის ძალიან ცხადია, ადვილად ფასდება და შესაბამისად სწავლისა და განვითარების უკეთეს შესაძლებლობებს იძლევა. საშუალო უნარების ადამიანსაც კი უკეთესი პროგრესის და მეტი თვითრეალიზაციის საშუალებას აძლევს. ამიტომ ორგანიზაციებში ყველა ცდილობს სწორედ ასეთ სამსახურებში და პოზიციებზე იმუშაოს.
არასაკმარისი ან ზედმეტი ძალაუფლება
თუ ამოცანების მხრივ არსებული ბუნდოვანება ადამიანებს ხელს უშლის იყონ ღირებულნი საკუთარი ორგანიზაციისთვის, მათთვის მინიჭებული პასუხისმგებლობის შეუსაბამო ძალაუფლება კი თითქმის ყოველთვის მათში თვითშეფასების პრობლემების მიზეზი ხდება.
ამასთან საინტერესოა, რომ ადამიანის ფსიქიკას ანგრევს და მის ქცევას არაადექვატურს ხდის როგორც ზედმეტი ძალაუფლება, ისე ძალაუფლების ნაკლებობა იმ პასუხისმგებლობასთან შედარებით, რომელიც მას სამსახურებრივად აკისრია.
თუ ადამიანს იმაზე მეტ ძალაუფლებას მივანიჭებთ, ვიდრე ამას მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა ითხოვს, ამით მასში გადაჭარბებულ თვითშეფასებას ვიწვევთ, რომელიც დროთა განმავლობაში მისი არაადექვატური ქცევის მიზეზი გახდება. იგი ნაკლებად მოუსმენს სხვებს, სულ უფრო მძაფრი დამოკიდებულება ექნება კრიტიკაზე და სულ უფრო უმოწყალო გახდება ოპონენტების და კონკურენტების მიმართ. საბოლოო ჯამში ეს მას რეალობის აღქმას დააკარგვინებს და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხსაც მნიშვნელოვნად შეამცირებს, ზრდას, განვითარებას შეაჩერებს და ერთ დროს საუკეთესო, პერსპექტიული კადრის სანაცვლოდ მივიღებთ თვითკმაყოფილ ნარცისს, რომელსაც არავის მოსმენა და არფარის გაგება არ უნდა.
მეორეს მხრივ პასუხისმგებლობის შესაბამისი ძალაუფლება ადამიანს აიძულებს მთელი სიბრძნე ბოლომდე გამოიყენოს გადაწყვეტილებების მიღებისას, კრიტიკულად უყუროს საკუთარ შესაძლებლობებს, ბევრი მოუსმინოს სხვებს, მათ შორის ოპონენტებს, კრიტიკოსებს, არ დაკარგოს რეალობის აღქმა და თვითშეფასებაც რეალურთან ახლოს შეინარჩუნოს. ასეთ დროს ადამიანები ყოველდღიურად ძალიან სწრაფად იზრდებიან, ბევრს სწავლობენ და სულ უფრო მეტის უკეთესად გაკეთებას ახერხებენ.
მეორე უკიდურესობაა არასაკმარისი ძალაუფლება. როდესაც ადამიანს ცხად და მძიმე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ, მაგრამ ამის შესაბამის ძალაუფლებას არ ვაძლევთ, ეს დროთა განმავლობაში მის თვითშეფასებას ძალიან აუარესებს. ადამიანები საკუთარი თავის რწმენას კარგავენ, დანაშაულის გრძნობა უჩნდებათ, კომპლექსდებიან და მუდმივად ჩვენზე ხდებიან დამოკიდებული. უჭირთ დამოუკიდებელი მოქმედება, გადაწყვეტილებების მიღება და ახალი ინიციატივებით გამოსვლასაც სულ უფრო ერიდებიან.
ამ ყველაფრის მიზეზი ის წარუმატებლობაა, რისთვისაც მათ ასეთი სტრუქტურით ვწირავთ. ასეთ შემთხვევაში მათ ან არ შეუძლიათ სათანადო შედეგებს მიაღწიონ ან ამას მხოლოდ ჩვენი აქტიური დახმარებით აკეთებენ. ეს კი, საბოლოო ჯამში, დამოუკიდებელი მოქმედებისთვის მათ უუნაროს ხდის და ორგანიზაციისათვის მათ ღირებულებასაც გრძელვადიანად ძალიან ამცირებს.
დუბლირებული ან არასაჭირო როლი
რაც შეეხება ფუნქციებს, აქაც საკმაოდ ბევრი საფრთხეა ადამიანების განადგურებისთვის. ყველაზე მარტივი მათ შორის ფუნქციათა დუბლირებაა. საკმარისია ერთი საქმე ორ ადამიანს დავავალოთ, რომ ამით ჩვენ ორივეს ვუქმნით არასწორი მოქმედების ასპარეზს და ორივეს განვითარებას ძალიან ვაფერხებთ. ამის მიზეზი ის არის, რომ როგორც წესი, დუბლირებული ფუნქციები შედეგზე პასუხისმგებლობას აბუნდოვნებს, ადამიანებისთვის მათ როლს გაუგებარს და არასტაბილურს ხდის, მათ შორის კონფლიქტს უწყობს ხელს და ყოველდღიურ სტრესსაც მნიშვნელოვნად ზრდის. საბოლოო ჯამში ეს ორივესთვის დემოტივაციის, არასაკმარისი პროდუქტიულობის, სამსახურის არასტაბილურობის და ამასთან დაკავშირებული სხვა უარყოფითი ეფექტების და შეგრძნებების მიზეზიც ხდება.
მეორე პრობლემაა არასაჭირო როლი. სტრატეგიის ცვლილებასთან ერთად გარკვეული ფუნქციები აქტუალურობას კარგავენ. როდესაც ამ პროცესს სტრუქტურულად არ მივყვებით და ადამიანებს არააქტუალურ ფუნქციებში ვტოვებთ, ამით მათ დემოტივაციას ვიწვევთ, პროდუქტიულობას ვამცირებთ. გრძელვადიან პერიოდში ისინი ან ტოვებენ ორგანიზაციას, ან უსაქმურობას ეჩვევიან, რაც, შესაძლოა, ჩვენთვის კიდევ უფრო ცუდი იყოს, ვიდრე მათი წასვლა.
ხშირად ისეც ხდება, რომ ადამიანს მისი გამოცდილებიდან გამომდინარე უსაზღვრავენ რაღაც ფუნქციებს, რომელიც სინამდვილეში ორგანიზაციისათვის ძალიან საჭირო და აქტუალური არ არის. ამით თითქოს ამ ადამიანის უნარების და გამოცდილების უკეთ გამოყენება უნდათ, სინამდვილეში კი რადიკალურად განსხვავებულ შედეგს იღებენ. ადამიანი იწყებს იმის კეთებას, რაც კარგად იცის, მაგრამ რეალურად ორგანიზაციას არ ჭირდება. ბევრ წინააღმდეგობას აწყდება ამის გამო, გადაწყვეტილებები ვერ გააქვს, რესურსებს და მხარდაჭერას ვერ იღებს, შედეგებს ვერ დებს. ეს თავის მხრივ მოტივაციის და თვითშეფასების შემცირებას იწვევს. ადამიანიც არაპროდუქტიული და ფსიქოლოგიურად ტრამვირებული ხდება.
არასაჭირო როლის პრობლემაა ისეთი შუა რგოლის მენეჯერი, რომლის უშუალო ხელმძღვანელს არასაკმარისი რაოდენობის სტრუქტურული ერთეულები ექვემდებარება. ასეთ დროს ისინი მის საქმეებში პირდაპირ იწყებენ ჩარევას, მის თანამშრომლებს პირდაპირ აძლევენ დავალებებს და პასუხსაც მისი გვერდის ავლით თხოვენ. საბოლოოდ, ეს ამ ხელმძღვანელის სრულ დემოტივაციას იწვევს, ამწვავებს კონფლიქტს როგორც ხელმძღვანელთან, ისე თანამშრომლებთან და სამსახურსაც სულ უფრო აუტანელს ხდის მისთვის.
*****
თუ გვინდა ადამიანი ფსიქიკურად დავამახინჯოთ, მასში მონსტრი გავაღვიძოთ ან საერთოდ მოვუკლათ ინიციატივის და დამოუკიდებლად მოქმედების უნარი, შევუმციროთ მოტივაცია და გავხადოთ კონფლიქტური, გავუჩინოთ არასტაბილური მომავლის შიში და ეჭვიანი გავხადოთ გარემოს და კოლეგების მიმართ, ამისათვის ის უბრალოდ არასწორ, ცუდ სტრუქტურაში უნდა ჩავსვათ, გაუგებარ ამოცანაზე დავაკისროთ პასუხისმგებლობა ან საერთოდ არანაირი პასუხისმგებლობა არ დავაკისროთ, საჭიროზე ბევრად მეტი ძალაუფლება მივანიჭოთ ან საერთოდ არანაირი ძალაუფლება არ მივცეთ, დავავალოთ დუბლირებული ფუნქციები ან არასაჭირო საქმით დავაკაოთ, მის საქმეში მუდმივად ჩავერიოთ და მის თანამშრომლებთან პირდაპირ, მისი გვერდის ავლით დავიწყოთ მუშაობა. ამის შემდეგ კი უბრალოდ უნდა დაველოდოთ შედეგებს და ძალიან მალე ცხადად დავინახავთ, თუ როგორი სუსტი და ცუდი შეიძლება იყოს ადამიანი.
და ასევე, როდესაც თანამშრომელში სისუსტეს და ცუდ თვისებებს ვხედავთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არა იმდენად მისი, რამდენადაც არასწორი სტრუქტურის ბრალი შეიძლება იყოს.
არავინ იცის ჩვენ როგორები ვიქნებოდით მის ადგილზე.
p.s. სტატია მინდა მივუძღვნა დედის, უსაყვარლესი და უძვირფასესი ადამიანის, ქალდე ბურნაძის ხსოვნას.
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
2 კომენტარი სტატიაზე “როგორ და რატომ აფუჭებს არასწორი სტრუქტურა ადამიანებს”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
28 მაისი, 2014 16:18
კარგი სტატია არის, საკმაოდ დეტალებში არის აღწერილი კადრის ძალაუფლებების, ვალდებულებების და ფუნქციების პორთფელზე თუ რა ზემოქმედებას რა უკუქმედება შეიძლება მოყვეს, თან აუცილებლად რომ 90% ზუსტად ისე განვითარდება როგორც სტატიაში არის მოცემული.
12 მაისი, 2015 16:47
ძალიან საინტერესო სტატიაა. თან ზუსტი :)