ბიზნეს პროცესების მნიშვნელობა სტრუქტურაში
სტატიის ავტორი: თამარ ჯაბუა
27 დეკემბერი, 2016 | წაკითხულია 16 788-ჯერ
ნებისმიერ ორგანიზაციაში არსებობს რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნეს პროცესი, რომლის უწყვეტობაც კომპანიის წარმატებას განაპირობებს. სხვადასხვა ორგანიზაციის შემთხვევაში რა თქმა უნდა განსხვავდება პროცესები, თუმცა ძირითადი ნაბიჯები შეიძლება მსგავსი იყოს. მაგალითად, ვაჭრობის დარგში მომუშავე ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი ბიზნეს პროცესები შეიძლება იყოს – ასორტიმენტის განვითარების პროცესი, გაყიდვების პროცესი, მარაგების დაგეგმვის და მართვის პროცესი და ა.შ.
სტრუქტურის სწორად მოწყობისა და აუცილებელი რეგულარული შეხვედრების ფორმატების დასანახად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზაციაში მიმდინარე მთავარი ბიზნეს პროცესების გააზრებას. სწორედ ეს განსაზღვრავს ხელმძღვანელის უშუალო დაქვემდებარების ქვეშ არსებულ სტრუქტურას, რამდენად სწორად გავანაწილებთ როლებსა და პასუხისმგებლობებს. სტრუქტურის დამუშავებისას გვაინტერესებს პროცესები მაკრო დონეზე, რა მსხვილი ნაბიჯებისგან, ფუნქციებისგან შედგება ის და არა დეტალური ნაბიჯების დონეზე.
სამაგალითოდ წარმოვიდგინოთ ავეჯის მასალების იმპორტიორი კომპანია და მისი ასორტიმენტის განვითარების პროცესის ძირითადი ნაბიჯები:
წარმოდგენილი პროცესი არის ძალიან მოკლე და ზოგადი, თითოეული ორგანიზაციის შემთხვევაში მას დეტალურად ვამუშავებთ, თუმცა სტატიისთვის შეიძლება საკმარისი იყოს, ის აქ გვჭირდება ლოგიკის ასახსნელად.
რას გვიჩვენებს ეს პროცესი?
- პროცესი გვიჩვენებს, რომ ქვედა დონის სტრუქტურაში აუცილებელია სრულდებოდეს ისეთი ფუნქციები, როგორიცაა შიდა და გარე ბაზრის შესწავლა, კონკურენტებზე დაკვირვება, გამოფენებზე სიარული და მუდმივად ხდებოდეს ახალი პროდუქტების დამატებაზე იდეების და წინადადებების ინიცირება. ამ ფუნქციების შესრულების „წყალობით“ კომპანიას მუდმივად ექნება მრავალფეროვანი და გამორჩეული, მოთხოვნადი პროდუქტები;
- პროცესი გვიჩვენებს, რომ სტრუქტურაში არ უნდა გამოგვრჩეს ფუნქცია, რომელიც პროდუქტის საპილოტე რეჟიმის შედეგებს მოაგროვებს, გააანალიზებს მის გაყიდვებს, მასზე მოთხოვნას და შედეგების ანალიზს წარუდგენს გუნდს. ორგანიზაცია ყველა შემთხვევაში პირდაპირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს პროდუქტების დანერგვაზე, გვჭირდება ზოგიერთ შემთხვევაში საპილოტე რეჟიმში პროდუქტების ჩამოტანა და დაკვირვება საბოლოო გადაწყვეტილებისთვის;
- პროცესი გვიჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია ორგანიზაციაში არსებობდეს კოლეგიალური ორგანოები, გარკვეული თემატიკის გარშემო რეგულარული შეხვედრები, სადაც სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულები იქნებიან ჩართულები, იმსჯელებენ და მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებებს. ამ შემთხვევაში იქნება ასორტიმენტის განვითარების საბჭო, სადაც ჩართული იქნებიან გაყიდვებიდან კადრები, ფინანსები, ასორტიმენტის განვითარება. ასორტიმენტის განვითარების მენეჯერის მიერ გამოტანილ იდეებს პროდუქტების დამატებასთან დაკავშირებით გაყიდვები გაუწევს ოპონირებას რამდენად ბაზარი მიიღებს პროდუქტებს, ფინანსები – რამდენად უნდა გვიღირდეს დანახარჯების გაწევა, რა სავარაუდო შემოსავალს ველოდოთ, რის საფუძველზეც მიიღება:
- სწორი და კომპანიისთვის მომგებიანი გადაწყვეტილება;
- კოორდინაცია და კომუნიკაცია სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებს შორის გამარტივდება;
- პროცესები დაჩქარდება, არ გაიწელება დროში, ვინაიდან საბჭოები იკრიბება დადგენილი პერიოდულობითა და დადგენილი შემადგენლობით.
- პროცესი ასევე გვიჩვენებს, რომ გვჭირდება სტრუქტურაში როლი, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტების დანერგვას. ახალი პროდუქტების გაცნობას საზოგადოებისთვის, მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას, რათა გაყიდვები ჰქონდეს შესაბამისი კომპანიას.
რატომ არის აუცილებელი ამ პროცესების უწყვეტობა, შესაბამისად მეორე დონის სტრუქტურაში პროცესებში გამოკვეთილ ფუნქციებზე პასუხისმგებლების გაჩენა?!
ის ორგანიზაციები, სადაც მათთვის გამორჩეული პროცესები სწორად არ მუშაობს, აუცილებლად დაკარგავენ კონკურენტუნარიანობას და შესაბამისად წარმატებასაც.
წარმოვიდგინოთ ორგანიზაცია, რომელიც ყიდის იგივე ავეჯის მასალებს, ან მაგალითად საბუღალტრო სერვისს და ასეთ ორგანიზაციაში არ არის ასორტიმენტის განვითარების პროცესი დალაგებული, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები:
- იდეები და წინადადებები არავისგან მოდის ასორტიმენტის განვითარებაზე – გამოდის, რომ სტრუქტურაში არ გვყავს პასუხისმგებელი ერთეული, ვინც ამ მიმართულებით იმუშავებს ყოველდღიურად, ამის საბოლოო შედეგი კი ის არის, რომ თანდათან კონკურენტებს ჩვენთან შედარებით ბევრად ფართო და მრავალფეროვანი ასორტიმენტი ექნებათ და ჩვენ ვერ გავყვებით მათ. ეს კი საბოლოოდ ჩვენი წარუმატებლობა და ბაზარზე ჩამორჩენა იქნება.
- არ იმართება პერიოდული შეხვედრები კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით – კომუნიკაცია და კოორდინაცია გართულებულია ორგანიზაციაში, პროცესი უფრო ნელა და არაორგანიზებულად წარიმართება. ესეც საბოლოოდ გამოიწვევს ჩვენს უფრო ნელი ტემპით განვითარებას, კონკურენტებთან შედარებით.
პროცესების უწყვეტობა მნიშვნელოვნად განაპირობებს ორგანიზაციების წარმატებას. აუცილებელია, ყველა ორგანიზაციამ გამოყოს მისთვის წამყვანი, მსხვილი ბიზნეს პროცესები, გაიაზროს რამდენად უწყვეტად მიმდინარეობს ის და ყველაფერი გააკეთოს ამ პროცესების დასალაგებლად.
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს