ისე, როგორც ორკესტრში…
სტატიის ავტორი: მაია მარჯანიძე
29 მარტი, 2017 | წაკითხულია 12 603-ჯერ
სწორედ ასეთი გამორჩეული, განვითარებაზე ორიენტირებული და განსაკუთრებული სულისკვეთებით ანთებული გუნდები აღწევენ უდიდეს წარმატებებებს.
არ აქვს მნიშვნელობა მოგწონს თუ არა სიმფონიური მუსიკა, ყოფილხარ თუ არა კლასიკური მუსიკის კონცერტზე, არჩევ თუ ვერა მუსიკალურ საკრავებს ერთმანეთისგან, ერკვევი თუ არა კომპოზიტორების შემოქმედებაში, მაინც აუცილებლად გეცოდინება და უფრო მეტიც, გეყვარება საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.
სწორედ ამაშია მათი განსაკუთრებულობა, რომ ყველას, დიდს თუ პატარას, გააცნეს და შეაყვარეს თავი განსხვავებული სიახლოვით მაყურებელთან, გამორჩეული რეპერტუარით, შთამბეჭდავი სანახაობით. ისინი ზრუნავენ მსმენელზე – მათთვის გემოვნებიანი და დახვეწილი მუსიკის შეთავაზებაზე და დაუვიწყარი ემოციების მინიჭებაზე.
ეს გუნდი, გარდა იმისა, რომ მუდმივად ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე და დახელოვნებაზე, ასევე, არანაკლებ ზრუნავს ორგანიზაციულ განვითარებაზე. მათ გადაწყვიტეს ორკესტრის ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარება-დახვეწა მათი სტრატეგიული პრიორიტეტების შესაბამისად, რომ უფრო სწრაფი ტემპებით შეძლონ წინსვლა და დასახული მიზნების მიღწევა. მათ იციან, რომ ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციას, მათ შორის ასეთ შემოქმედებით კოლექტივებსაც კი, გარკვეულ ეტაპზე, სჭირდება სტრუქტურა – პასუხისმგებლობების, როლების და ძალაუფლების სწორად განაწილება, რომ შედეგზე ორიენტირებული იყოს და ჰარმონიულად იმუშაოს.
პირველ რიგში, ორკესტრის წევრებმა და მენეჯმენტის გუნდმა ერთობლივად დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ რა არის მათი მთავარი დანიშნულება. მსჯელობასა და განხილვაში გამოიკვეთა, რომ მათი დანიშნულება არა მხოლოდ უზადოდ შესრულებული სიმფონიური მუსიკით სმენელთა მონუსხვაა, არამედ რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის სიმფონიური, კლასიკური მუსიკის შეყვარება. ეს მისია გაცილებით უფრო რთული და საპასუხისმგებლოა, რადგან მსმენელისთვის ნელ-ნელა, შესაფერისი დოზებით და მათთვის სასიამოვნოდ უნდა მოხდეს სიმფონიური მუსიკის მიწოდება, გაცნობა და შემდგომ შეყვარება. თუ გავიხსენებთ ორკესტრის ბოლო პერიოდის აქტივობებს, პროექტებს, რეალურად, ასეც მოხდა. ისინი ქართველ მსმენელს აწვდიან იმას, რის მისაღებადაც მზად არიან, რაც უყვართ, რაც აბედნიერებთ.
მთავარი ამოცანების განხილვისას გამოიკვეთა პრიორიტეტები და გუნდი შეთანხმდა იმაზე, რომ მათი მთავარი საზრუნავი უნდა გახდეს ის, რომ
- რაც შეიძლება მაღალი ხარისხით შეასრულონ ყოველ ჯერზე,
- რაც შეიძლება მეტი კონცერტი ჩაატარონ,
- რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოასმენინონ მათი მუსიკა ცოცხლად, ჩანაწერებით, თუ სხვა ნებისმიერი ფორმით.
აი, ამგვარი სულისკვეთებით გამართეს არაერთი კონცერტი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ.
შემდგომ ეტაპზე გუნდმა დაიწყო სტრუქტურის შემუშავება. განხილული სტრატეგიული ამოცანები სტრუქტურაში ისე გადაიტანეს, რომ ყველაზე პრიორიტეტულ ამოცანებს ყველაზე მეტი რესურსი და დრო დათმობოდა. ორკესტრშიც, ისევე როგორც ნებისმიერ ორგანიზაციაში დგას რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელთაც პერმანენტულად ზრუნვა და გადაწყვეტა სჭირდება. სტრუქტურაში გამოიყო მმართველი გუნდი, რომლის წევრებმაც ყველაზე პრიორიტეტული ამოცანების გადაჭრაზე აიღეს პასუხისმგებლობა. შედარებით ნაკლებად პრიორიტეტული ამოცანები გადანაწილდა ორგანიზაციის სხვა წევრებზე. მათაც ამოცანის წონის შესაბამისი ძალაუფლება და პასუხისმგებლობა მიენიჭათ.
ალბათ, ორკესტრის მუსიკოსებზე უკეთ არავის ესმის როლების სწორი განაწილებისა და საკუთარი პასუხისმგებლობის ზედმიწევნად ზუსტად შესრულების მნიშვნელობა საერთო საქმისთვის. მათ ყველაზე კარგად იციან თუნდაც ერთი ადამიანის შესრულებას და შედეგებს რა გავლენის მოხდენა შეუძლია საერთო შედეგებზე. წარმოვიდგინოთ, რომ მესაყვირე „ურევს“ ორკესტრში, ანუ არ ესმის რა არის მისი ამოცანა, როგორ უნდა მოიქცეს და რას მოელიან მისგან, თუ ზედმეტად ხმამაღლა უკრავს, მაშინ ძალაუფლებას ამეტებს ან მინიჭებული აქვს ზედმეტი უფლებები, თუ საერთოდ არ გვყავს მესაყვირე, ესე იგი ამოცანა ვერ იჭრება, რადგან მასზე პასუხისმგებელი არ არსებობს, რაც საბოლოო შედეგებს დააზარალებს. თუ არასწორ დროს „ყვირის“, მაშინ არასწორადაა განაწილებული ამოცანები. ნებისმიერ შემთხვევაში, არასასიამოვნო მოსასმენი იქნება მუსიკა, მსმენელი კი დატოვებს დარბაზს.
ასეა ნებისმიერ ორგანიზაციაში და მათ შორის ორკესტრის ორგანიზაციაშიც. თუ ამოცანები სწორად განაწილებული არ არის გუნდზე, ეს საქმიანობის შედეგებზე, ადრე თუ გვიან, აუცილებლად აისახება (შესრულების არასათანადო ხარისხი, ცარიელი ადგილები დარბაზში, იშვიათად ჩატარებული კონცერტები, ერთფეროვანი რეპერტუარი და ა.შ.) და მართვაც უსიამოვნო გახდება და მუშაობაც.
ასეთი მიდგომით შემუშავდა სტრუქტურა, სადაც ყველას როლი და პასუხისმგებლობა მკაფიოა, სადაც ყველამ იცის რა დროს ერთვება და ეთიშება მთავარ პროცესებს და სადაც ყველა ინდივიდის მოქმედება ერთიანდება და აისახება გუნდურ შედეგებში – ისე როგორც ორკესტრში.
სტრუქტურასთან ერთად შეიქმნა კოლეგიალური ორგანოები – საბჭოები, რომელიც თემატურად იმუშავებენ რეპერტუარის განვითარების საკითხზე, შესრულების ხარისხის განვითარების საკითხზე, მსმენელის მოზიდვის საკითხზე. საინტერესოა, რომ ამ საბჭოებში ჩართულნი არიან ორკესტრის მუსიკოსებიც, რომლებიც დაინტერესებული არიან ამ მიმართულებებით და რომელთა იდეებს, მოსაზრებებს დიდი ფასი აქვს ორგანიზაციის განვითარებისთვის.
საოცარი იყო მენეჯმენტისა და ორკესტრის წევრების გულანთებული ჩართულობა განხილვის პროცესში, მათი სისტემური აზროვნება და სწორი ხედვა და რაც მთავარია უდიდესი სურვილი მსმენელის გაბედნიერების. მათ ზედმიწევნით ზუსტად გაიგეს ამოცანების განაწილების მნიშვნელობა და დიდი გულმოდგინებით შეეცადნენ საკუთარი ორგანიზაციის მნიშვნელოვანი ამოცანები დაენახათ და სწორად გაენაწილებინათ. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო თავად ხელმძღვანელის როლი.
ნიკოლოზ რაჭველი:
„ორგანიზაციული ცვლილებების საჭიროება ვიგრძენით მაშინ, როდესაც სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები დაკომპლექტდა კონკურსის შედეგად. ამან გამოიწვია საუკეთესო ქართველი საორკესტრო შემსრულებლების თავმოყრა და საშემსრულებლო ხარისხმა მკეთრად აიწია. ამის შემდეგ მივხვდით, რომ საჭირო გახდა გაცილებით უფრო ორგანიზებული კონტაქტი მსმენელთან. მე მომეცა საშუალება, რომ მეტი მეფიქრა სამომავლო პერსპექტივაზე და ამან გააჩინა ჩემში სურვილი, რომ მოხდეს რეფორმა მენეჯმენტის სისტემაში.
ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მუსიკოსების ნააზრევის გათვალისწინებით და სინერჯის გამოცდილების შეჯერებით მიღებული შედეგი. ძალიან კარგად მახსოვს ემოცია, რომელიც დამეუფლა რეკომენდაციების მოსმენისას. შეიძლება ქვეცნობიერად გინდოდეს, მაგრამ ვერ დაალაგო სურვილები, მიზნები შესაძლებლობები, მათი განხორციელების ნაბიჯები, პრიორიტეტები და თანმიმდევრობა, ამაში დიდი დრო დაკარგო და დაუშვა შეცდომები. სარეკომენდაციო დასკვნაში არ იყო არც ერთი პუნქტი, რაც არ შეესატყვისებოდა ჩემს ვირტუალურ წარმოდგენას იმ წერტილის მიმართ რომლისკენაც მინდა ეს ორგანიზაცია მიისწრაფვოდეს, რომელსაც ვხელმძღვანელობ ეს წლები.
ჩვენ ამ სისტემის დანერგვის პროცესს ახლა ვიწყებთ, თუმცა მე თვითონ ვგრძნობ, რომ ჩემში და იმ გუნდში ვინც ჩართული იყო აქტიურად პროცესში, შეიცვალა ხედვები და მიდგომები რიგი საკითხების მიმართ. ჩვენი ორგანიზაცია გახდა გაცილებით პროდუქტიული და შემოსავლიანი. მე ამას ერთგვარად ვუკავშირებ სინერჯისთან თანამშრომლობის შემდეგ საკითხების სხვანაირად დანახვას, რამაც გუნდში მთლიანად შეცვალა ხედვები.“
„სინერჯი ჯგუფი“ უსურვებს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს განვითარების კიდევ უფრო სწრაფ ტემპებს, სულ უფრო მეტ ერთგულ მსმენელს და უამრავ დაუვიწყარ კონცერტს.
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს