მადლობა, თქვენ ბედნიერი მომავალი შეიძინეთ
სტატიის ავტორი: პაპუნა ტოლიაშვილი
18 ივნისი, 2018 | წაკითხულია 3 095-ჯერ
ისტორია მეორე, სტატია მეხუთე: სინერჯის კაპიტალის პარტნიორები – ბედნიერი მომავალი.
წინა სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
დღეს 8000 მოსავლის მეორე ფილიალი გაიხსნა ვაკეში. იდეა, რომელიც სულ სამიოდე წლის წინ მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ოცნებაში არსებობდა დღეს ქსელურ ორგანიზაციად იქცა. მას შემდეგ რაც მესამე მაღაზია გაიხსნება, ახლა უკვე ევროპაში, საერთაშორისო ქსელური ორგანიზაცია გახდება, რომელიც მისი დანიშნულების განხორციელებას მსოფლიოს მასშტაბით დაიწყებს და მერე ორგანიზაცია გაათმაგებული სიჩქარით გააგრძელებს ზრდას. ამ თვეების განმავლობაში, რაც ეს ორგანიზაცია არსებობს, არც ერთი თვის შედეგი არ ყოფილა წინა თვეზე ნაკლები. დღეს ის რამდენიმე ათას ბოთლ ღვინოს ყიდის ყოველ თვე, სიხარულს ანიჭებს ათასობით მომხმარებელს და 150-მდე მეღვინეს იმედით ავსებს და ძალებს აძლევს მეტი მონდომებით გააკეთონ საყვარელი საქმე.
რაც შეიძლება მეტ ადამიანს (როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში) გააცნოს და შეაყვაროს ქართული ღვინო, არის დანიშნულება, რომლის განხორციელებაც ამ ორგანიზაციამ პირველივე დღიდან დაიწყო. და თუ ის ამ დანიშნულების განხორციელებას შეძლებს დიდია ალბათობა იმის, რომ სულ რამდენიმე წელიწადში წლიურად მილიონნახევარ ბოთლ ღვინოს მაინც გაყიდის მსოფლიოს მასშტაბით. ზრდის პოტენციალი კი ათი და მეტი მილიონი ბოთლი აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ბრუნვა მაქსიმუმ 10 წელიწადში 100 მილიონს ადვილად უნდა გადაცდეს. ამისთვის საჭიროა იმ ადამიანებს, ვინც ამას აკეთებენ დღეს, ესმოდეთ ეს დანიშნულება, ხედავდნენ მის მასშტაბებს, სჯეროდეთ, რომ ამის გაკეთება შეიძლება და ბევრი იმუშაონ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე.
ორ წელიწად ნახევრის წინ პირველი პოტენციური ინვესტორების ჯგუფი, რომლებსაც იდეაზე მოვუყევით და პირველი მაღაზიის გასახსნელად ორგანიზაციაში თანხების ჩადება შევთავაზეთ ძალიან დიდხანს დავობდნენ სინერჯის ოფისიდან გასვლის მერე ქუჩაში, განხორციელების რა შანსი ჰქონდა ამ იდეას. ხუთიდან მხოლოდ ერთმა დარეკა რამდენიმე დღეში და დაგვთანხმდა პროექტში ჩართვაზე. დღეს ის ადამიანი ამ კომპანიის მესამედს ფლობს და მინიმუმ გაათმაგებული აქვს იმ მომენტში გაკეთებული ინვესტიციის ღირებულება. პერსპექტივაში კი ფლობს იმ ერთ-ერთი ორგანიზაციის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც 10-15 წლის შემდეგ საქართველოს საუკეთესო და უდიდესი კომპანიების ასეულში იქნება. რაც იმას ნიშნავს, დღევანდელთან შედარებით ამ ღირებულებას კიდევ მინიმუმ გააათმაგებს.
ვინმეს რომ ეპოვა 10-15 წლის წინ საქართველოს კომპანიების დღევანდელი საუკეთესო ასეულიდან, რომლები იყვნენ ყველაზე პატარები და ყველაზე სუსტები, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ კაპიტალი მაშინ და სულ მცირე ინვესტიცია გაეკეთებინათ მათში, დღეს ამ ადამიანებს ექნებოდათ შესაძლებლობა ეკეთებინათ ნებისმიერი რამე რისი კეთებაც ყველაზე მეტად სიამოვნებთ ისე, რომ ფინანსურ კეთილდღეობაზე სულ არაფერი ექნებოდათ სანერვიულო. დღეს ირაკლი ჩხაიძე, 8000 მოსავლის დამფუძნებელი დირექტორი მარწმუნებს, რომ მე პირადად მხოლოდ მისი ამ საქმეში დახმარების გამო უკვე შემიძლია ჩემი ოჯახის მომავალ ფინანსურ საჭიროებებზე აღარ ვინერვიულო. და თანაც ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რაც დრო გავა კიდევ უფრო და უფრო, ორგანიზაციის ზომასთან და სიმძლავრესთან ერთად ეს სიმშვიდე პირდაპირპროპორციულად გაიზრდება.
ჩვენ, სინერჯის, ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე ბევრი ათეული ორგანიზაციის წარმატებისთვის მენეჯმენტის გუნდზე ახლოდან დაკვირვებით გვიდევნებია თვალყური, და ზუსტად გვესმის, რომ მხოლოდ მათ მიაღწიეს განსაკუთრებულ წარმატებას, რომლებსაც კარგად ესმოდათ მათი ორგანიზაციის დანიშნულება და ძალიან მოინდომეს ამ დანიშნულების ცხოვრებაში განხორციელება. ამ ორგანიზაციებიდან ყველა მინიმუმ 10-ჯერ და მეტად გაიზარდნენ ამ წლების მანძილზე, წარმატებული და უდიდესი კომპანიების ასეულში შედიან დღეს და დიდი მასშტაბის მიუხედავად კიდევ სულ უფრო მეტად აგრძელებენ ზრდას. ამ ორგანიზაციების დამფუძნებლები, მოწილეები, და ის ხელმძღვანელები, რომლებიც თანამეპატრონეებიც გახდნენ და დღეისთვის ამ კომპანიების თუნდაც უმნიშვნელო წილებს ან მათი გამოსყიდვის უფლებებს ფლობენ საქართველოს უმდიდრესი ადამიანების სიაში არიან უკვე და მათი სიმდიდრეც ამ კომპანიების ზრდასთან ერთად სულ უფრო იზრდება.
ყველა ორგანიზაციას გააჩნია დანიშნულება, სხვადასხვა მასშტაბის, სხვადასხვა პოტენციალის, განხორციელების პერსპექტივითაც სხვადასხვა. მიუხედავად იმისა მენეჯმენტს და მესაკუთრეებს რამდენად ცხადად ესმით ეს დანიშნულება ორგანიზაციები მაინც მის განხორციელებას ემსახურებიან რეალურად. რაც უფრო ცხადია დანიშნულების აღქმა, მით უფრო ადვილია რესურსების მის განხორციელებაზე მობილიზება, დროის და შესაძლებლობების უკეთ გამოყენება ამ დანიშნულების შესრულებაზე. რაც უფრო ნაკლებად ესმით ადამიანებს, მენეჯმენტს, დამფუძნებლებს ორგანიზაციის დანიშნულება, მით უფრო მეტი რესურსი იკარგება ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა სახის გადახვევებზე, გაუმართლებელ წამოწყებებზე, შეუთანხმებელი მოქმედებების და გადაწყვეტილებების გამო.
დანიშნულების აღქმა მენეჯმენტს ეხმარება მეტი ურთიერთკოორდინირებული გადაწყვეტილება მიიღოს ყოველ დღე არა მარტო თვითონ, არამედ მთლიანად ორგანიზაციამ ყველა პოზიციის დონეზე. გაცილებით სწრაფად და ადვილად განახორციელოს ეს გადაწყვეტილებები და სწრაფად იმოძრაოს ამ დანიშნულების განხორციელების გზაზე.
მდორე, ჭალაში უფორმოდ გაშლილი მდინარე, მკაფიო ვიწრო კალაპოტს რომ იპოვის ჩქარდება, სუფთავდება, მეტ სიმძლავრეს იძენს. წყლის ყველა წვეთი ასეთ მდინარეში უფრო ცოცხალია, უფრო აქტიური, უფრო ენერგიული. ადამიანებს ასეთ მდინარესთან ახლოს ყოფნა ურჩევნიათ, სახლებს იშენებენ მასთან ახლოს, მიწებს ამუშავებენ, ბაღებს აშენებენ, ვიდრე თითქმის გაჩერებული მდინარის თუნდაც სიახლოვეს ყოფნა, სადაც უფრო ჭაობი და ჭუჭყია, ვიდრე სიცოცხლე.
დანიშნულების ცხადი აღქმის მქონე ორგანიზაციის პოვნა ისეთივე სიხარულია, როგორც ძლიერი ცოცხალი მდინარის. რომელთან ახლოსაც გინდება ადგილი დაიმკვიდრო და ისაქმიანო შენც. და რაც უფრო მასშტაბურია დანიშნულება, მით უფრო პერსპექტიულია ასეთ ორგანიზაციასთან სიახლოვე ყველასთვის, თანამშრომლებისთვის, მომწოდებლებისთვის, კლიენტებისთვის, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ კომპანიების მომავლის დაიჯერა და საკუთარი კეთილდღეობის მიზნები ააწყო მასზე დაყრდნობით.
ასეთი მასშტაბური დანიშნულების კომპანიების ადრეულ ფაზაში პოვნა საკმაოდ რთული ამოცანაა. ძალიან ყურადრებით უნდა ძებნა და დაკვირვება სჭირდება. არადა რაც უფრო ადრე, პატარას და სუსტს პოულობ, მიღებული სარგებელიც ბევრჯერ უფრო მეტია. თუმცა შეცდომის დაშვების რისკიც მატულობს. დანიშნულებას კი მიხვდები ორგანიზაციის, მაგრამ იმის შეფასება გაგიჭირდება, რამდენად კარგად ესმის მენეჯმენტს ეს დანიშნულება და რამდენად სწორედ მისი განხორციელებისთვის მუშაობს ყოველ დღე. რამდენად სავსეა ენთუზიაზმით და რამდენად ძლიერი აქვს სწრაფვა დანიშნულების შესრულებისკენ.
რისკების დასაზღვევად სასურველია რაც შეიძლება მეტი ასეთი ორგანიზაცია იპოვო, შეაფასო დანიშნულების მასშტაბი და მენეჯმენტში დანიშნულების აღქმის სიცხადე, მზაობა და სურვილი იშრომოს ამ დანიშნულების განხორციელებისთვის. გადაანაწილო შენი ინვესტიცია ამ ორგანიზაციებზე და ყურადღებით დააკვირდე, როგორ განავითარებენ საკუთარ საქმიანობას. ყველგან, სადაც დაინახავ, რომ დაიკარგნენ, გადაუხვიეს, გაიბლანდნენ და აირივნენ ერთმანეთშიც, მიზნებშიც, მოქმედებებშიც ეცადო ჩაერიო, მიანიშნო, როგორმე დაუბრუნო კალაპოტს. სადაც მიხვდები, რომ მენეჯმენტმა დანიშნულება დაკარგა უნდა გამოასწრო ნებისმიერი პირობით იმისთვის, რომ ნაკლები იზარალო, ნამტვრევებში არ მოყვე. ამის დანახვასაც და შეფასებასაც სიფხიზლე და შესაბამის ინფორმაციაზე წვდომა სჭირდება.
მეორე გზაა ისეთ ორგანიზაციაში მიხვიდე, ვინც საკუთარი დანიშნულება სწორედ ასეთი კომპანიების ადრეულ ფაზაში პოვნაში და მათში ინვესტირებაში დაინახა. ვინც ცდილობს რაც შეიძლება მეტ ასეთ ორგანიზაციას უფრო მეტ კაპიტალზე მისცეს წვდომა. თუ ინვესტიციას სწორედ ასეთ კომპანიაში აკეთებ, მაშინ შენი კაპიტალი კიდევ უფრო დაცული და ღირებული ხდება. რისკები კლებულობს და მომგებიანობა იზრდება. ლარი, რომელიც 10 ან 100 ასეთ ორგანიზაციაში იდება ერთდროულად და მერე მათზე მეთვალყურეობაზე იხარჯება, გაცილებით მეტი ალბათობით და მეტჯერ იზრდის ღირებულებას და ბედნიერ მომავალსაც უფრო იაფად ყიდულობს.
რამდენადაც “სინერჯის კაპიტალის პარტნიორები” ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციაა სწორედ, ყველას ვინც მისი აქციები შეიძინა გვინდა უდიდესი მადლობა ვუთხრათ. თქვენი თანხები უკვე გადანაწილდა რამდენიმე ასეთ კომპანიაში და მათი რიცხვი სულ უფრო მატულობს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი აქციების მფლობელების სიმდიდრე და კეთილდღეობა ყოველდღიურად კიდევ უფრო გავზარდოთ მათი კაპიტალის ახალ-ახალ კომპანიებში ინვესტირებით. კომპანიების, რომლებსაც მასშტაბური დანიშნულება აქვთ, სადაც მენეჯმენტს კარგად ესმის ეს დანიშნულება და მზაობა აქვთ მისი განხორციელების მიზნით შრომისთვის. ჩვენ ვთვლით, რომ ყველამ, ვინც ჩვენი აქციები შეიძინა უკვე შეიძინა ბედნიერი მომავალი ან მისი კარგი საფუძველი მაინც შეიძინა.
შემდეგ სტატიებში მოგიყვებით იმ პროექტებზე, სადაც უკვე განაწილდა პირველი აქციების გაყიდვიდან შემოსული თანხები, მათ დანიშნულებებზე და ამ დანიშნულებების განხორციელების პერსპექტივებზეც მოგიყვებით, ჩვენ შეხედულებებზე ამ ორგანიზაციების შესაძლო მასშტაბებთან დაკავშირებით და რატომ ვფიქრობთ რომ ისინი 10 წელიწადში კომპანიების საუკეთესო ასეულის წევრები გახდებიან. ასევე ვეცდებით გზადაგზა მოგიყვეთ მათ პროგრესზე და დანიშნულების განხორციელების გზაზე წარმოქმნილ სირთულეებზეც, რათა ერთად გავხდეთ მათი დიდი წარმატების მონაწილე.
****
ბედნიერი მომავლის ყიდვა შეუძლებელია, მაგრამ ის შეიძლება შეიძინო. ჩვენი ოცნებაა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ათი წლის შემდეგ აკეთოს ის, რისი კეთებაც ყველაზე მეტად უხარია და სიამოვნებს, აინტერესებს და გამოსდის. მათ ნაცვლად კი მათი სახსრებით სწორ კომპანიებში სწორ დროს გაკეთებულმა ინვესტიციებმა იმუშაოს, იმ ადამიანებთან ერთად, ვინც თავისი კომპანიის დანიშნულების განხორციელებასთან ერთად მათი ოჯახების, მათი შვილების ბედნიერ მომავალზეც იზრუნებს.
მომდევნო სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
კომენტარები ჩაკეტილია.