ვინ შემოაღებს კარს
სტატიის ავტორი: სალომე ჟორჟოლიანი
2 სექტემბერი, 2009 | წაკითხულია 3 972-ჯერ
“2 საათს გადასცდა, აპლიკანტი იგვიანებს. პირველივე შეხვედრაზე რომ დროზე მოსვლა ვერ შეძლო, შეიძლება, ცოტა უპასუხისმგებლოც იყოს… ნეტავი ისეთი იყოს, როგორსაც ვეძებთ და ის იყოს, ვისაც ვეძებთ”…
გასაუბრების პროცესი არის ორმხრივი ინტერაქცია სამსახურის მაძიებელსა და დამქირავებელს შორის. ამ დროს ხდება აპლიკანტის თვისებების, უნარის თუ კვალიფიკაციის გამოვლენა გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისად. აპლიკანტის თვითწარდგენა განაპირობებს შთაბეჭდილებას, რომელიც კადრების მენეჯერს უყალიბდება გასაუბრების დროს. პოზიტიური შთაბეჭდილების მოხდენა ამყარებს აპლიკანტის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღების პროცესს.
უნიკალური შეხვედრა, რომელიც რამდენიმე წუთს გრძელდება, ემსგავსება სასამართლო პროცესს, სადაც მოსამართლე ცდილობს ბრალდებულის ამოცნობას. ჟესტები, მიმიკები, კიდურების მოძრაობა, მიხვრა-მოხვრა – აბსოლუტურ აღრიცხვაზეა აყვანილი.
აპლიკანტი გრძელ დერეფანს მიუყვება, გზადაგზა ოფისს ათვალიერებს და მოულოდნელობისგან აღელვებული ცდილობს, გამოიცნოს, როგორი შედეგით დასრულდება შეხვედრა. არადა ახლა სამსახური როგორ სჭირდება….
დერეფნის ბოლოს პატარა კაბინეტია, რომლის დაბურული შუშიდან კადრების მენეჯერი უყურებს მისკენ მიმავალ კანდიდატს და პარალელურად მის რეზიუმეს ეცნობა წარმოდგენის შესაქმნელად.
“ თავდაჯერებული ჩანს, მოწესრიგებული და შეიძლება მართლა პროფესიონალი იყოს”
ინტერვიუ რთული და საპასუხისმგებლო პროცესია განსაკუთრებით ინტერვიუერისთვის. თითოეულმა ფაქტორმა, შესაძლებელია, იმგვარად იმოქმედოს გამსაუბრებელზე, რომ მასში სუბიექტური შეფასება გამოიწვიოს. ეს, საბოლოოდ, პირად შეხედულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიზეზი შეიძლება გახდეს. შედეგად ვაკანსიისთვის აბსოლუტურად ადექვატური კანდიდატი, შესაძლებელია, აღმოჩნდეს განხილვის მიღმა.
პროფესიონალიზმი კადრების შერჩევისას გამოიხატება ინტერვიუერისთვის ვაკანსიასთან დაკავშირებული კითხვების დასმასა და აპლიკანტის “გახსნაში” – მისი გულახდილობის და გულწრფელობის მოპოვებაში. თუმცა, ხანდახან, ზედმეტად გახსნილი და “გაშინაურებული” აპლიკანტები თავად ცდილობენ ინტერვიუს მიმდინარეობის სადავეების ხელში აღებას და თავად იწყებენ კითხვების დასმას, მათზე პასუხების გაცემის ნაცვლად. ამიტომ რეკრუტერის უნიკალური უნარი მდგომარეობს იმაში, თუ ის შეძლებს ახალმოსულ კანდიდატს ისეთი გარემო შეუქმნას, სადაც ის არ იქნება დაძაბული, დამცირებული და მათ შორის არც მიეცემა ინტერვიუს დინამიკის დარღვევის და საპირისპიროდ კითხვების დასმის შესაძლებლობა.
– “დაბრძანდით, თავდაპირველად გაგეცნობით და შემდეგ თქვენგან მოვისმენ თქვენი განათლების და სამუშაო გამოცდილების შესახებ…”
კადრების მენეჯერი უსმენს აპლიკანს, თან მონაყოლს ადარებს რეზიუმეს მონაცემებს.
რესპოდენტი თანმიმდევრულად მიყვება – განათლებას, სამუშაო გამოცდილებას, სულ უმნიშვნელო დეტალიც კი არ ავიწყდება, რომ გააცნოს ინტერვიუერს. 25 წლიანი საქმიანობის 4 წუთში მოყოლა არ გამორჩენია მენეჯერს.
– “გასაგებია, ჰობი თუ გაქვთ რაიმე?”- გაისმა მოულოდნელი შეკითხვა
“თითებს აწვალებს- ნამდვილად ნერვიულობს. ნეტავი ნერვიული თუ არის? ტემპერამენტიანი ნამდვილად იქნება, რაც მოვიდა სულ ცქმუტავს. თვალებშიც არ მიყურებს”.
–” დიახ, ჩემი ჰობი ცურვაა, დიახ, ცურვა ძალიან მიყვარს”
–“ ბოლოს როდის იცურავეთ”
–“ბოლოს??.. ვერ ვიხსენებ, ალბათ ზღვაზე, 3 წლის წინათ, თუ ზუსტად მახსოვს”
აპლიკანტი უხერხულად იღიმება, მენეჯერი უყურებს, ცდილობს მისი მზერის დაჭერას. თითების მოძრაობის სისწრაფე მატულობს. სიწითლემ ხელებიდან სახეზე გადაინაცვლა.
მენეჯერს არ გამორჩენია აპლიკანტის რეაქცია და შეეცადა, სწრაფად შეეცვალა უხერხული მდგომარეობა. თემების ჩანაცვლება ისედაც ბუნებრივად ხდება გასაუბრების დროს.
“ოჰო, ახლა ცხვირის ქავილზეც გადავიდა”- ემოციური და არასტაბილური უნდა იყოს. სანგვინიკია, ალბათ, თანაც წინასწარ გაზეპირებული პასუხები არადამაჯერებლობაზე მიუთითებს. უფრო გულწრფელი კადრი გვჭირდება”. კიდევ ცოტა ხანი ისაუბრეს. განაჩენი გამოტანილია.
აპლიკანტი დგება და მიუყვება იმავე დერეფანს, რითიც ამ კაბინეტში მოხვდა. ამჯერად აღარ გრძნობს თავს განსასჯელის როლში.
მენეჯერი აღარ უყურებს აპლიკანტს. სამაგიეროდ იხედება ხვალინდელი შეხვედრების განრიგში. ისევ რამდენიმე ადამიანს უნდა გაესაუბროს. ნეტავ ხვალ ვინ შემოაღებს კარს…
რამდენიმე რჩევა გასაუბრების პროცესის წარმატებით გავლისთვის:
დარწმუნდით, რომ ზუსტად იცით, რომელ კომპანიაში მიდიხართ, რა თანამდებობაზე და ვის ხვდებით ინტერვიუს დროს. ( შედით კომპანიის ვებ-გვერდზე, გაეცანით კომპანიის საქმიანობას და მიზნებს );
გახსოვდეთ, სამსახური მხოლოდ ანაზღაურების მომტანი არ არის ადამიანისთვის;
უმჯობესია, ცოტა ადრე გამოცხადდეთ ინტერვიუზე, ვიდრე დაიგვიანოთ;
იყავით ბუნებრივი, მოეშვით და არ გამოხატოთ აღელვება. ეცადეთ, მშვიდად და მოსვენებულად იჯდეთ ერთ ადგილზე. გულწრფელად უპასუხეთ თქვენთვის დასმულ შეკითხვებს;
ილაპარაკეთ გასაგებად და თქვით, რაც საჭიროა მხოლოდ ის – არც მეტი და არც ნაკლები;
ყურადღებით მოუსმინეთ ინტერვიუერის მიერ დასმულ შეკითხვებს, დარწმუნდით, რომ თქვენი პასუხი დასმულ შეკითხვას შეესაბამება;
იფიქრეთ კითხვებზე, რომელიც შეიძლება დაგისვან ინტერვიუს დროს;
იფიქრეთ კითხვებზე, რომელიც უნდა დაუსვათ ინტერვიუს დასრულების შემდეგ.
სტატიის ნახვა შესაძლებელია სინერჯი
ჯგუფის V წიგნში “მართვის ახალი გეომეტრია” | ბმული
XXXIV წიგნაკში “რამდენიმე რჩევა დამქირავებელს”| ბმული
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
3 კომენტარი სტატიაზე “ვინ შემოაღებს კარს”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
2 სექტემბერი, 2009 21:54
ძალიან კარგი სტატიაა.. მომეწონა :)
ესეთი ქმედებების ჩატარება უკვე ორჯერ მომიწია (არადა 16 წლის ვარ :) ) და ვფიქრობ რომ წარმატებით გავართვი თავი, გამოცდილებაც მივიღე :)
სხვათაშორის ძალიან დამეხმარა ამ თვისებების გამომუშავებაში შესაბამისი ლიტერატურა. დეილ კარნეგის სტატიებით დავიწყე და ნელნელა განვავითარე.
თქვენი წიგნები კიდევ ერთი ახალი რჩევების კრებული აღმოჩნდა ჩემთვის.. ლიდერობის ხელოვნება, თანამედროვე ორგანიზაციების მართვა და ვინ გაყიდის ხვალ გახდა ახალი ტალღა იმ გამოცდილების მისაღებად რომელიც უკვე მრავალი წელია ბევრმა მენეჯერმა გამოიარა (და სწორედ მასში მოთხრობილი ისტორიები კარგი გაკვეთილი გამოდგა ჩემთვის :) )
ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო საქმიანობისთვის :)
პატივისცემით
დევი ფირცხალაიშვილი
9 სექტემბერი, 2009 21:32
საქართველოში მენეჯერებს ვინ რას კითხავთ?
დამფუძნებლებსა და მეპატრონეებს მოჰყავთ კადრები და მორჩა!
სტატია კი მართლა კარგია!!!
1 ოქტომბერი, 2009 20:57
ხვალ ჩემი კიდევ ერთი ახალი გასაუბრების დღეა :D
ასე რომ ისევ აპლიკანტის როლის მორგება მომიწევს რის დროსაც აუცილებლად გავითვალისწინებ ამ რჩევებს და გამოვავლენ “ნამდვილი ლიდერის” ჩვევებს :D
წარმატებები მისურვეთ..
მადლობა კიდევ ერთხელ :)
პატივისცემით
დევი ფირცხალაიშვილი
http://pcmania.ge/devi