მარკეტინგის ახლებური ხედვის 5 მნიშვნელოვანი კომპონენტი
სტატიის ავტორი: ჯაბა ბურჯალიანი
19 ოქტომბერი, 2009 | წაკითხულია 28 168-ჯერ
„მარკეტინგი ეს არის ყველაფერი, რასაც აკეთებთ, რათა ხელი შეუწყოთ თქვენს ბიზნესს, დაწყებული იდეიდან, დამთავრებული იმ მომენტით, როდესაც მომხმარებლები იწყებენ თქვენი პროდუქციის შეძენას და შემდეგ ასე იქცევიან რეგულარულად…“ – ჯეი ლევინსონი.
”დავბეჭდოთ ფლაერები და გავავრცელოთ, ვიქირაოთ ქალაქის თვალსაჩინო ადგილას ბილბორდი, გავუშვათ რეკლამა ტელევიზორში, რომელიმე რადიოში და პროდუქტიც გაიყიდება.”
დაახლოებით ასეთია ჩვეულებრივი, შესაძლოა ითქვას, ძველი მიდგომა მარკეტინგის პროცესისადმი. ბევრი ამ პროცესს უყურებს, როგორც სარეკლამო კამპანიას, რომელიც უნდა აწარმოო შენი პროდუქტის გასაყიდად. არადა ეს ყველაფერი მოდის იმ ფუნდამენტური შეხედულებებიდან, რომელიც საერთოდ განსხვავებულია მარკეტინგის თანამედროვე მიდგომაში.
ქვემოთ გვინდა გესაუბროთ ახლებური მარკეტინგის განმასხვავებელ ფაქტორებზე, რომელიც ეფუძნება ერთ-ერთი ძალიან ცნობილი მარკეტოლოგის, ”გერილა მარკეტინგის” ფუძემდებლის – ლევინსონის – მოსაზრებებს თანამედროვე მარკეტინგთან დაკავშირებით.
შევარჩიეთ 5 მთავარი კომპონენტი, რომელიც ჩვენი რეალობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია:
1. დამოკიდებულება მომხმარებელთან – ორგანიზაციები ყოველთვის ფიქრობდნენ, თუ მარკეტინგის საშუალებით, როგორ მიეღოთ მომხმარებლისაგან მაქსიმუმი და რა გაეკეთებინათ ამისათვის.
თანამედროვე შეხედულებით კი მარკეტოლოგები მუდმივად უნდა ფიქრობდნენ, რა ღირებულება შეუქმნან მომხმარებელს, როგორ გაუმარტივონ და კომფორტული გახადონ მათი ცხოვრება მათი პროდუქტისა თუ მომსახურების საშუალებით, როგორ დაეხმარონ მათ მიზნების მიღწევაში. ეს საშუალებას აძლევს მათ, ბაზრისათვის შექმნან უფრო მეტად კონკურენტუნარიანი და ღირებული პროდუქტი და მუდმივად განავითარონ იგი.
2. დამოკიდებულება რეკლამასთან – თანამედროვე მარკეტინგის მიხედვით რეკლამის ერთი არხის გამოყენება აღარ მუშაობს. ასეთი მიდგომა არაფრის მომცემი და არაეფექტურია. ამიტომ სხვადასხვა და მრავალფეროვანი არხის გამოყენების დრო მოვიდა, როდესაც ყველა მათგანს თავისი დანიშნულება უნდა ჰქონდეს.
მაგალითად: შეიძლება გააკეთო რეკლამა ტელევიზორში, რომლის მიზანი შეიძლება იყოს – შემოიყვანო შენს ინტერნეტ-გვერდზე, რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი. ხოლო თავის მხრივ ინტერნეტ-გვერდის დანიშნულება იყოს, მოანდომოს მომხმარებელს კომპანიის მაღაზიაში მოსვლა, სადაც მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება პროდუქციის შეძენაზე. თანამედროვე მარკეტოლოგები ამ მიმართულებას კომბინაციურ მარკეტინგსაც უწოდებენ.
3. დამოკიდებულება გაყიდვებთან – სტანდარტული მიდგომით გაყიდვებისა და ბიზნესის გაზრდის საუკეთესო საშუალებად მიჩნეულია ბევრი ახალი კლიენტის სწრაფად შოვნა. რაც ახლა არარეალურია, რადგან, თითქმის ყველა დარგში, კონკურენციის დონე ძალიან მაღალია.
თანამედროვე მიდგომით კი მნიშვნელოვანია გაყიდვების გაზრდა არსებულ კლიენტებთან, მათი კმაყოფილებისა და მათთან მუდმივი თანამშრომლობის საფუძველზე. ძველი მიდგომით მარკეტინგის პროცესი მთავრდება, როგორც კი პროდუქტი გაიყიდება. თანამედროვე მიდგომის მიხედვით კი ბიზნესების დიდი ნაწილი წარუმატებელია იმის გამო, რომ არ ხდება გაყიდვის შემდგომ პროცესზე დაკვირვება, კლიენტთან მუდმივი ურთიერთობა და მათი კმაყოფილების შესახებ ინფორმაციის მიღება.
4. დამოკიდებულება მიზნობრივ ბაზართან – მარკეტოლოგები ჩვეულებრივად ფიქრობენ, რომ, რაც უფრო დიდია მიზნობრივი ჯგუფი, მით უფრო შედეგიანი და ეფექტური იქნება მარკეტინგული აქტივობა.
თანამედროვე შეხედულებით კი პირიქით, რაც უფრო პატარა ჯგუფია ნაპოვნი, სწორად მისადაგებული პროდუქტს და სარეკლამო აქტივობას, მით უფრო კარგია და მაღალი იქნება შედეგი.
5. დამოკიდებულება შედეგებთან – ძველი მიდგომით, მარკეტოლოგები თავისი შედეგების შესაფასებლად ცდილობენ, დათვალონ ფინანსური შედეგების მიხედვით.
თანამედროვე, ახლებური მიდგომით კი ისინი თვლიან მათი კლიენტების რაოდენობას. მათ იციან, რომ თითოეულ კლიენტთან განვითარებული ურთიერთობები არის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი გრძელვადიანი შედეგებისთვის.
კიდევ ბევრი განმასხვავებელი ნიშანია, რომელიც თანამედროვე მარკეტინგს გამოარჩევს, ისეთი, როგორიცაა სარეკლამო არხები, საიტები და ა.შ. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ზემოთ მოცემულის გააზრება ამ ეტაპისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ქართული კომპანიებისათვის.
სტატიის ნახვა შესაძლებელია სინერჯი ჯგუფის:
IV წიგნში “მენეჯერის ბრძოლა წარმატებისთვის” | ბმული
XXXI წიგნაკში “მარკეტინგული ხრიკები” | ბმული
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
3 კომენტარი სტატიაზე “მარკეტინგის ახლებური ხედვის 5 მნიშვნელოვანი კომპონენტი”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
24 ოქტომბერი, 2009 18:24
გამარჯობა. წავიკითხე ზემოთ მოცემული მოსაზრება და გეთანხმებით. არ ვარ პროფესიონალი მარკეტოლოგი მაგრამ გამოცდილებამ გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მეც ზუსტად ამ დასკვნამდე მიმიყვანა, როცა მიკვეთავენ ფლაერებისა, პლაკატების და ა.შ. დაბეჭდვას მე მათ ვთავაზობ ჩემს იდეას რომელიც უკვე გამოცდილი მაქვს და კარგად მუშაობს, ვთავაზობ ფლაერებს+ “გაყიდვების ჯგუფის” მომსახურებას ანუ გაყიდვების მენეჯერების მომსახურებას (ეს სერვისი მავს) ამით კომპანიის შეთავაზება კონკრეტულ მომხმარებლამდე მიდის არა მხოლოდ ბეჭდვითი სახით არამედ სიტყვითაც (პრეზენტაციის სახით) და ეს ამართლებს…
6 ნოემბერი, 2009 15:51
მარკეტინგის ყველაზე მთავარი რეკლამა დევს ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოს პროფესიონალიზმში, არ დაგვავიწყდეს, რომ კმაყოფილი მომხმარებელი აუცილებლად თავად გაგვიწევს რეკლამას, მაგრამ უკმაყოფილოც მშვენივრად მოუწოდებს უფრო მეტ ხალხს რომ ჩვენი მომსახურებით არ ისარგებლონ.
25 ნოემბერი, 2009 02:46
აქედან ზოგი კომენტარი გაქრაოო ;)