ქართველი მენეჯერის აღსარება
სტატიის ავტორი: პაპუნა ტოლიაშვილი
2 ნოემბერი, 2009 | წაკითხულია 28 763-ჯერ
გამარჯობათ, მე ტიპიური ქართველი მენეჯერი ვარ მისთვის დამახასიათებელი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. მეც მინდა, რომ სწრაფად მივაღწიო დიდ წარმატებებს და აღიარებას, მეც მინდა, რომ დაფასებული ვიყო ყველასთვის, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. მეც მინდა, ყველა აღფრთოვანებით საუბრობდეს ჩემზე, ჩემს მიღწევებზე, მინდა ვუყვარდე თანამშრომლებს, ამავე დროს ეშინოდეთ ჩემი, რიდი ჰქონდეთ და პატივისცემა. აღიარებდნენ ჩემს შესაძლებლობებს და უნარებს, ჩემს დიდ წვლილს იმაში, რასაც ჩვენი ორგანიზაცია აკეთებს და მუდმივად ცდილობდნენ, იყვნენ ჩემსავით კარგები, ჭკვიანები და შედეგიანები.
მინდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამომდის. არა, ძალიან ცუდად კი არ არის საქმე, უბრალოდ, მე უფრო მეტი მინდა და ამიტომაც. ერთხელ (ადრე არასდროს მიქნია იგივე) დავჯექი და გადავწყვიტე კარგად დავფიქრებულიყავი – რატომ არ გამოდის ყველაფერი ისე, როგორც მინდა, რატომ ვერ ვაღწევ ამ ყველაფერს, არა მგონია, მაგრამ, შემთხვევით, ჩემი ბრალიც ხომ არ არის ამაში რამე. ასეთ განსჯაში რამოდენიმე დასკვნამდე მივედი. აღმოვაჩინე რაღაცეები, რაც არ მომეწონა ჩემში და მინდა აზრები გაგიზიაროთ, იქნებ თქვენც რამეში გამოგადგეთ ჩემი მიგნებები.
მივხვდი, რომ არ მიყვარს დაგეგმვა, რაც ძალიან ბევრ რაღაცაში მიშლის ხელს. არ ვგეგმავ შეხვედრებს, არ ვგეგმავ სამუშაოებს, არ ვგეგმავ წელს, კვირას, დღეს. შესაბამისად ხშირად არ ვიცი, რას ვაკეთებ, რატომ ვაკეთებ, შედეგად რა უნდა მივიღო, რა მიზანი მაქვს. შეხვედრები გაუთავებლად იწელება, გადაწყვეტილებების მიღებას კი ვერ ვახერხებთ. უშედეგოდ იკარგება და იფლანგება დრო, შესაძლებლობები, რესურსები. დღეს დღე მისდევს, წელს წელი და როცა უკან იხედები ხედავ, შეგეძლო, რაღაცა უფრო მნიშვნელოვანი მოგესწრო, მაგრამ გამოგეპარა, გამოგრჩა, გამოუყენებელი დარჩა რაღაცა შანსი, რომელიც შეიძლება აღარც მოგეცეს მეორედ. სანაცვლოდ აუარებელია რუტინა, მიმდინარე საქმეები, რომლებიც გახრჩობს და ერთი წამით მოსვენებას არ გაძლევს. ვერ ახერხებ მიმდინარე, სასწრაფო საქმეებისაგან თავის დაღწევას და ვერასოდეს იცლი აუცილებლად მოსაგვარებელი საკითხებისთვის, რომლის გარეშეც არათუ ამ რუტინიდან გამოსვლა, რამე ღირებულის შექმნა და მიღწევაც სრულიად წარმოუდგენელი ხდება.
აღმოვაჩინე, რომ არ მიყვარს სხვების მოსმენა, არა, კი ვუსმენ, როცა მელაპარაკებიან, მაგრამ ძირითადად უფრო იმაზე ვფიქრობ, რა ვუპასუხო, ვიდრე იმაზე, რას მეუბნებიან. მგონია, რომ ინფორმაცია ყველაზე მეტი მე მაქვს, პასუხისმგებლობაც, გამოცდილებაც, ამდენად, სხვების მოსმენა უფრო დროის კარგვაა, ვიდრე რაიმე ღირებულის მიღების შესაძლებლობა. ამიტომაც, ჩემით ვიღებ გადაწყვეტილებებს, ხშირად არ ვეკითხები სხვებს. ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვან პრობლემებს მიქმნის, ხშირად ჩემი გადაწყვეტილებები დეტალების დონეზე საკმარისად კარგად არ არის გააზრებული, ჩემ თანამშრომლებს უჭირთ ჩემი დავალებების შესრულება, არ ესმით და მაინც და მაინც დიდი ხალისიც არ აქვთ, რომ შეასრულონ. კამათითაც აღარავინ მეკამათება, შეეგუვნენ, რომ დიდი აზრი არ აქვს და იმიტომ. შედეგად ხშირად მარტო მიწევს რაღაცეების მოფიქრება და მერე დიდი ძალისხმევის გარეშე არაფერი გამოდის, ხშირად კი ძალისხმევითაც ვერ ხერხდება სასურველი შედეგის მიღება.
სამწუხაროდ, მიჭირს სხვების შექება, მათი წვლილისა და დამსახურების დანახვა, დაფასება და აღიარება. კარგად რომ გავიაზრე, ცხადად დავინახე, თითქმის არასდროს ვაქებ თანამშრომლებს, მაშინაც კი, როცა ნათლად ვხედავ, რამდენად მოინდომეს, ან რამდენად კარგი რაღაცა გააკეთეს. მიჭირს, ვუთხრა მადლობა გაწეული ნაღვაწისათვის, მეორეს მხრივ, შესაძლოა ქვეცნობიერად, მაგრამ ხშირად პატარა წარმატებებსაც კი უფრო საკუთარ გამჭრიახობას და გამოცდილებას ვაწერ, ვიდრე სხვების მონდომებას და ძალისხმევას. უფრო მეტად მგონია, რომ ჩემმა დროულმა ჩარევამ კარგი შედეგი გამოიღო და არ ვფიქრობ იმაზე, რა გამოვიდოდა ამ საქმიდან იმათ გარეშე, რომლებიც მას რეალურად აკეთებენ. ეს ნაკლიც ასევე ძალიან ბევრ პრობლემას მიქმნის. აქედან ყველაზე დიდი თანამშრომლების დემოტივაციაა, ისინი უჩემოდ გადაწყვეტილებას აღარ იღებენ, ყველაფერს მეკითხებიან და არც შედეგებზე აქვთ დიდი პრეტენზია. თანამშრომლები აღარ ცდილობენ, რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული გააკეთონ, ალბათ იმიტომ, რომ თვლიან, ამას მაინც ვერავინ დაინახავს და დააფასებს. შედეგად ისევ მარტო მიწევს ფიქრი, მერე მოქმედება და ხშირად მოქმედებითაც აღარაფერი გამოდის.
თურმე როგორ მეზარება კითხვა, სწავლა. სულ მეგონა, რომ ცხოვრების წიგნი, გამოცდილება, რომელსაც ყოველდღიური მუშაობით იძენ, საკმარისია იმისთვის, რათა ეფექტურად იმოქმედო და არ მესმოდა, რატომ უნდა დამეკარგა დრო რაღაცა წიგნების კითხვაზე. რაღაცას კი ვეჭვობდი, რომ მათ, ვინც ყოველდღე ცოტას მაინც კითხულობს, დროის განმავლობაში გაცილებით ფართო ხედვა ჩამოუყალიბდებათ, უფრო მეტი ინფორმაციაც ექნებათ, ალტერნატივებსაც უფრო მეტს და განსხვავებულს დაინახავენ. მათ 2-3-5 წელიწადში უკვე ბევრზე ბევრად მეტი ეცოდინებათ, ვიდრე მე და არც გამოცდილება ექნებათ ნაკლები. ვხვდებოდი ამას, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა ისევ ტელეფონზე დარეკვას და რაღაც მიმდინარე საკითხის „მოგვარებას“ ვანიჭებდი უპირეტესობას, ვიდრე დღეში 20-30 წუთის კითხვისთვის დათმობას. არადა წასაკითხიც ხომ ძალიან ბევრია დაგროვილი. ნებისმიერ სფეროში რა სიახლეებია, რა ტენდენციებია, რა შესაძლებლობები ჩნდება. ისევ იმის იმედზე უნდა ვიყო, რომ ვიღაცამ შეიძლება წაიკითხოს და ჩემთან საუბარში ახსენოს, ან წამოცდეს რამე საინტერესო.
და ბოლოს, მაინც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი სისუსტე, რომლის მიხვედრამაც ყველაზე მეტად დამაფიქრა. მე ხომ არასდროს ვცდილობდი, აქამდე მეფიქრა იმაზე, თუ რა იყო ჩემი სისუსტეების ბრალი იმ პრობლემებში და დაკარგულ შესაძლებლობებში, რომელიც ასე მაწუხებს დღეს. ალბათ, სწორედ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სისუსტე. ყოველთვის ვეძებდი მიზეზებს ადამიანებში ჩემს გარშემო, გარემოში, კონკურენტებში, ამინდში, ქვეყანაში მიმდინარე პრობლემებში და თითქმის არასდროს ვფიქრობდი იმაზე, მე ხომ არ უნდა შემეცვალა რამე ჩემს ქცევაში, მიდგომებში, დამოკიდებულებებში. სწორედ ამან მიმიყვანა იქამდე, რომ ვაკრიტიკებდი ყველას და ყველაფერს ჩემს გარშემო და არაფერს ვაკეთებდი ჩემი სისუსტეების აღიარებისათვის და მათ დასაძლევად. არასდროს ვიხდიდი ბოდიშს, მაგრამ ყოველთვის ვითხოვდი სხვებისგან ბოდიშის მოხდას. გული მწყდებოდა იმაზე, თუ როგორ უსამართლო და უმადური იყო გარემო იმით, რომ ვერ ხედავდა და ვერ აფასებდა ჩემს მონდომებას მაშინ, როცა მათ ჩემგან გაცილებით მეტი და უკეთესად გაკეთებული ეკუთვნოდათ. ვფიქრობდი ადამიანებზე, რამდენად არამოტივირებული და შეუსაბამოები იყვნენ ისინი იმისა, რასაც ვაკეთებდი და არასდროს ვფიქრობდი მე რას ვაკეთებდი იმისათვის, რომ ისინი უკეთესები ყოფილიყვნენ. ალბათ სწორედ ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რომ სხვების ცქერაში, მათი ხარვეზების და ნაკლოვანებების შეფასებაში ჯეროვან დროს არ ვუთმობდი საკუთარ თავში არსებულ პრობლემებს, შესაბამისად, არ ვცდილობდი მათ გამოსწორებას, საკუთარი უნარების განვითარებას. სწორედ ამიტომ ვერ ვაღწევდი სათანადო პროგრესს ვერც საკუთარ თავში, ვერც ადამიანებში ჩემს გარშემო, ვერც საქმეში, რომელსაც ვაკეთებდი და შესაბამისად – ვერც შედეგებში, რაც ასე მწყვეტდა ყოველთვის გულს.
თუმცა, რადგან დავჯექი და დავფიქრდი, რადგან მივხვდი ამას და რაც მთავარია, ეს სისუსტეები ჩამოვწერე. ეს უკვე ნიშნავს, ალბათ, რომ რაღაც დონეზე მინიმუმ ამ ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვანი სისუსტის დაძლევა დავიწყე. იქნებ მოვახერხო და ყველა წინა პრობლემის გადაჭრაც შევძლო, რაღაც დონეზე მაინც და მაშინ, ალბათ, დროც უფრო ეფექტურად იმუშავებს ჩვენთვის, გადაწყვეტილებებიც ბევრად უფრო შედეგიანი გახდება, ადამიანებიც უფრო მოტივირებულები და მონდომებულები იქნებიან ჩემს გარშემო და სწავლაც უწყვეტ პროცესად იქცევა, რასაც, თუ წარუმატებლობის მიზეზების მუდმივად საკუთარ თავში ძიებაც დაემატება, სავარაუდოდ, ბევრად უკეთეს შედეგებსაც მივიღებ და წარმატებაც ბევრად უფრო სასიამოვნო გახდება.
ნოემბერი, 2009წ
სტატიის ნახვა შესაძლებელია სინერჯი ჯგუფის IV წიგნში “მენეჯერის ბრძოლა წარმატებისთვის” | ბმული
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
36 კომენტარი სტატიაზე “ქართველი მენეჯერის აღსარება”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
2 ნოემბერი, 2009 20:23
ჩვენდა სამწუხაროთ აკლია ბევრი რამ რაც ქართულ მენეჯმენტში არის გაბატონებული და სტატიაში არააა…. :(
მაგალითად (კლანის ფაქტორი) ეს ტერმინი ჩემი შექმნილია და ნიშნავს, ახლობლებისა და ნათესავების ასე ვთქვათ დასაქმებას და არა კვალიფიციური კადრების მიღებას, საკუთარ თავზე ვიმწვავე ეს წნეხი როდესაც მავალებდნენ ამა თუ იმ უვიცის მიღებას სამსახურში მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცის ახლობელი იყო და მეტი არაფერი, და თანაც სიტყვებით “სამსახურში არც ივლის ხელი რო არ შეგიშალოსო……” ამიტომაც შემოვიღე ტერმინი (კლანის ფაქტორი)…
5 ნოემბერი, 2009 12:16
უკაცრავად, მაგრამ დილეტანტი მენეჯერის შთაბეჭდილებას ტოვებთ :)
კარგია ეს ყველაფერი ახლა მაინც რომ გაიაზრეთ და ცდილობთ შეცვალოთ თქვენი მიდგომა.
ეს საინტერესო სტატიაა ამ თემაზე http://ravenyoung.spaces.live.com/blog/cns!17376F4C11A91E0E!759.entry
6 ნოემბერი, 2009 15:43
უკაცრავად მაგრამ, მართლა ვერ გაქვთ გაცნობიერებული მენეჯერის ფუნქციები და მოვალეობები. იქნებ ოფის-მენეჯერი ბრძანდებით
6 ნოემბერი, 2009 22:30
ლამაზად არის დაწერილი – დაგაფიქრებს ბევრ რამეზე ადამიანს… თუ ფიქრი შეგიძლია.
ნინო ქეთი გოჩა…
არანაირად არ დაგეთანხმებით. ერთდროულად დაგეგმარებაზე, მოტივირებაზე, თვითგანვითარებაზე და საკუთარ მართვის მეთოდიკაში ხარვეზების ძებნაზე დამერწმუნეთ რომ ქართული კი არა ევროპული დაფასებული და აღიარებული მენეჯმენტის უდიდესი ნაწილი ხუჭავს თვალს.
ამ კაცმა კიდე კიდე მართლა ღირებული სტატია დაწერა, რომელმაც ნინოს ავტორი ოფის მენეჯერად მოაჩვენა.
ყოჩაღ ნინო. თუ ვერ გაიგე გაჩუმდიო ასეთ სიტუაციაში ამბობენ ხოლმე!
7 ნოემბერი, 2009 13:32
სანდრო, სტატია მართლა კარგია და თან ისიც დასაფასებელია, რომ გულწრფელად დაწერა. ძალიან მომწონს. უბრალოდ, ცოტა გამიკვირდა რაღაცეები…
რაც შეეხება თქვენს შენიშვნას “ერთდროულად დაგეგმარებაზე, მოტივირებაზე, თვითგანვითარებაზე და საკუთარ მართვის მეთოდიკაში ხარვეზების ძებნაზე…..” ჩემი აზრით, ეფექტური მენეჯმენტი მათი კომბინაციიდან გამომდინარეობს და არა მარტო მათი.. ეს ჩემი პირადი აზრია და შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ :).
და კიდევ, ჯანსაღი კრიტიკა, შენიშვნები თუ კომენტარები მე პირადად ბევრ რამეში მეხმარება და ალბათ ასეც უნდა იყოს…
წარმატებებს ვუსურვებ სტატიის ავტორსაც და თქვენც :)
7 ნოემბერი, 2009 23:15
ხალხო ეს საქართველოა და აქ მენეჯმენტი ყველაზე ნაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან აკ კლანი და მაფიაა!!! რაც არ უნდა დაგეგმო და ,,იმენეჯმენტო” რა სიდიდემდეც გაგიშვებენ ზევიდან:) იმ სიდიდეს მაინც ვერ ასცდები.
თქვენ გგონით საქართველოში რომელიმე კომპანია მენეჯმენტით ვითარდება???
მთავარია ზევით მოაგვარო და მერე რა დონესაც მოგანიჭებენ და რა დონეზე ყოფნაც აწყობთ იმ დონემდე გაგაქაცინებენ!!!
ვაი ჩვენი ცოდვა:((((((((((((((((((((((((((((((((
9 ნოემბერი, 2009 17:12
საინტერესო აგსარება თუ რაცგინდათ ის დავარქვათ.
ბევრი რამ შეიძლება ამის წაკითხვისას კაცმა საკუთარ თავს შეახსენო!
11 ნოემბერი, 2009 10:40
Menejeris agsareba…romeli pirma iyenebs martvisas “menejments”?ubralod modur sityvas arqmeven taviant “saqmianobas”.realurad,martla klanuri da proteqcionuli midgomaa,ritac namdvili da girebuli adamianuri resursi usaqmod da moralurad gacvetili rcheba.
11 ნოემბერი, 2009 11:30
მენეჯერს ბუნებით თუ მოყვება მენეჯერული თვისებები ხო კაი. მაგის სწავლა შეუძლებელია. დანარჩენი კი ინსტრუმენტარია, მეთოდოლოგია.
კარგი ფეხბურთელი რომ იყო ნიჭიც გჭირდება.
11 ნოემბერი, 2009 16:50
ქართულ კომპანიებში მენეჯერები არიან დამფუძნებლებისა თუ უფროსების ლეკვები – რასაც ისინი ეტყვიან დარბიან და აკეთებენ, ნუ მე მათ კურიერებს ვუწოდებ!!!
11 ნოემბერი, 2009 18:52
ზურა,
მოინდომონ მერე და ნუ იქნებიან “უფროსების ლეკვები” (საშინლად არ მომწონს ეს გამოთქმა :( მაგრამ უნდა გამოვიყენო ).
გიორგი, ზვიადი
გეთანხმებით ორივეს. რაც არ უნდა და სადაც არ უნდა ისწავლოს ადამიანმა თუ ის ბუნებით არაა დაჯილდოებული ამ უნარით, არაფერი გამოუვა და უარეს შეცდომებს დაუშვებს, ვიდრე სტატიის ავტორი. სამწუხაროდ ასე ხშირად ხდება და ამას ყველა როდის აცნობერებს… :( და სტატიის ავტორის მიზანი, როცა წერდა, ალბათ ეს იყო , რომ მკითხველიც დაეფიქრებინა ამ საკითხზე.
ადამიანებთან ურთიერთობა ერთერთი მნიშვნელოვანი ნიჭი და უნარია …
14 ნოემბერი, 2009 00:21
მენეჯმენტი ახალ თაობას გვეკუთვნის ;)
დაიხ თქვენ ყველანი მართალი ბრძანდებით, საქართველოში სიტყვა მენეჯმენტს სხვა განსაზღვრება აქვს მაგრამ ეს ასე არ გაგრძელდება.. :) მოვა თაობა რომელიც ამ სიტყვას შესაბამის მნიშვნელობას შეუსაბამებს და მაშინ საქართველოში ნამდვილი მენეჯერების ერა დადგება.. და ეს არც ისე შორია!
ამას მე გპირდებით და გისურვებთ რომ ყველამ ამ დროში იმოღვაწევოთ.. :)
შეხვედრამდე! ნამდვილი მენეჯერების ერაში :)
14 ნოემბერი, 2009 04:43
ო ლელეეეეეეეეეეე…….
უფროსის ფინია გინდა იყო ???
იმენა ახალ მიმდინარეობას აყალიბებ ხო??? რაღაც სოციალიზმის მსგავსი დურაკობა :)))
მერე სადმე სოროში იმუშავებ და თუნდაც დიდ კომპანიაში, მაგრამ არასდროს გექნებ რეალური ცხოვრების აღქმა….
რა მენეჯერი….
სხვების მოსმენა არ გინდა, ანუ მოდი პირდაპირ საპრეზიდენტოზე იყარე კენჭი :))))
დაღუპულია საქართველო!!!
გამომივიდა რა “მენეჯერი” :)))) ახალი თაობა და “მენეჯერული კოლმეურნეობა” ჩამოვაყალიბოთ და მაგარი იქნება ძალიან! :)))
ქართველი მენეჯერი კი არა ის! ადამიანი უნდა იყო ჯერ და არა ფინია, თეთრი საყელოთი და მუდამ იდიოტი გიმილით…. ჰაჰა… მოვა დრო და მიხვდები რა სულელი იყავი და თუ არ მოვა, მაშინ მართლა დავიღუპეთ, მენეჯერ! :))))
14 ნოემბერი, 2009 04:46
უკაცრავად მაგრამ ამ ყველაფრის დაწერის შემდეგ თავს მენეჯერს უწოდებთ? სასიამოვნოა რომ აგმოაჩინეთ თქვენი უარყოფითი მხარეები და სისუსტეები, მაგრამ ადამიანი რომელსაც არ უყვარს კითხვა, არ აქებს თავის მოხელეებს, არ გეგმავს არაფერს როგორ უნად იყოს ოდესმე მენეჯერი?!
ამას მე უარყოფით მხარეებსაც კი ვერ დავარქმევდი, უბრალო მოხელესაც კი სჩირდება ის რომ თავისი საქმე დაგეგმოს წინასწარ, და რა სფეროში უნდა იმუშაოს ადამიანმა, რომელსაც სწავლა და კითხვა ეზარება?!
14 ნოემბერი, 2009 13:11
დევი,
ამ ყველაფრის შემდეგ შენი იმედიღა დაგვრჩენია :))))))
ვერ მივხვდი მარის რა და რატომ დაემართა???? :(
სკეპტიკოსების, პესიმისტების და ცინიკოსებისგან არ დაიღალეთ ხალხნო?… :(
14 ნოემბერი, 2009 21:33
“კლანის ფაქტორი” ნახსენები არ აქვს ამ პიროვნებას, მონანიე მენეჯერს, თუმცა ვეჭვობ თავადაც ამ ფაქტორის გამოყენებითაა მენეჯერის თანამდებობაზე მოხვედრილი… :)
რაც შეეხება “უფროსების ლეკვებს”, მაპატიეთ გამოთქმისთვის, მიწოდება პასუხობს მოთხოვნას, მოთხოვნა ამგვარ მენეჯერებზეა და შესაბამისად ასეთი ხალხია დასაქმებული…
თითქმის ყველა მსხვილ ფირმებს აქვთ ესეთი პუნქტი ანკეტა-რეზიუმეში ჩადებული : “გყავთ თუ არა ახლობელი ან მეგობარი ამ (აღნიშნულ) ფირმაში და რა ნათესავურ მეგობრული კავშირი გაქვთ მასთან? ” სხვებს მინიშნება აქვთ გაკეთებული რეკომენდატორზე, და ა შ.
ვფიქრობ ნათელია საქართველოში კადრების მენეჯერთა თუ ტოპმენეჯერთა განვითარების დონე…
16 ნოემბერი, 2009 11:23
თავისი სისუსტეებზე რომ ლაპარაკობს უკვე კარგი დასაწყისია, ვეთანხმები სტატიის ავტორს მარტო იმაში კი არა რა პრობლებემიც დააყენა, არამედ იმაშიც რომ ჯერ შენ უნდა შექმნა ისეთი ღირებული რომლის გამოსწორებაზეც შეიძლება საუბარი და არა სხვის მენეჯერულ უუნარობაზე უნდა ვიყოთ მხოლოდ ჩასაფრებული, მენეჯერობა მარტივი ნამდვილად არ არის.
17 ნოემბერი, 2009 14:38
როცა ამ სტატიაზე შენიშვნის გაკეთებას გადაწყვიტავ, ვფიქრობ თავად უნდა იყო ,,მენეჯერი”, რომ რეალურად შენიშვნა მისცე სხვას.
საქართველოში შეიძლება უამრავ კომპანიაში არ იციან რას ნიშნავს მენეჯერობა, მაგრამ დამერწმუნეთ თუ მენეჯერობა ნიჭით არ გამოგდის და შენში არ დევს – უნარი ,,აკეთო საქმე სხვისი ხელებით”, არანაირი ლიტერატურა და დამატებითი განათლება ვერ გაქცევს მენეჯერად.
18 ნოემბერი, 2009 12:01
მე ვფიქრობ მენეჯერი მისი შედეგით უნდა ფასდებოდეს, გთხოვთ წაიკითხოთ “48 ზაკონოვ ვლასტი”, კარლ იუნგი. განსაკუთრებით პირველი ნახევარი იმსახურებს ყურადღებას.
19 ნოემბერი, 2009 20:09
ქეთი
ვინც მოინდომებს იმას,რომ არ მოიაზრებოდეს ,,უფროსების ლეკვად” გაძევებული იქნება სამსახურიდან!
ვიცი რომ სულით მებრძოლი მენეჯერის გამოძერწვა გინდა მაგრამ ამ ქვეყანაში???
20 ნოემბერი, 2009 21:42
ზურა,
შესაძლოა… :(
თუმცა… მაინც არ შეიძლება ასე ცუდად იყოს ყველაფერი…
ასე რა აზრი აქვს ცხოვრებას…
რისთვის ვსწავლობთ, ვშრომობთ და ა. შ. თუ მაინ განწირული ვართ?… :(
22 ნოემბერი, 2009 20:21
ქეთი ნურც მთლად ეგრე იფიქრებ!
ხომ იცი ჩვენთან ურთულესია დაარწმუნო კომპანიის დამფუძნებელი რომ ის რაღაცაში ცდება და შენ ამას ხედავ! ტექსტი ყველას ერთი აქვს – ასე რომ ვცდებოდე აქამდე მოვიდოდი??? და ა.შ.
ნუ, მგონი მთავარია ურთიერთობა და დიპლომატია რა დონეზე გაქვს და მენეჯმენტი მერე უნდა განავითარო.
გისურვებ წარმატებებს:)
23 ნოემბერი, 2009 15:32
თუ ამდენი ნაკლი გაქვს, დავიჯერო ვინც მაგ თანამდებობაზე დაგნიშნა ვერ შეგამჩნია? სანამ ვინმეს დავაწინაურებ ან საქმეს მივცემ იმდენჯერ ვამოწმებ მას და იმდენჯერ ვუყურებ თვალებში რომ…
მაპატი და მგონი მხატვრულ წერაში ხარ მანეჯერი ;)
23 ნოემბერი, 2009 23:11
ზურა, მეც ვფიქრობ რომ ურთიერთობა და დიპლომატია ძალიან მნიშვნელოვანია, და არა მარტო საქმეში, ყველგან, ცხოვრებაში.
დიდი მადლობა, მეც წარმატებებს გისურვებ :)
ეს ადამიანი კი მგონი უკვე ნანობს ეს სტატია რომ დაწერა. ძალიან მაინტერესებს მისი კომენტარებიც :). რატომღაც მგონია, რომ სინამდვილეში არც მთლად ასეა როგორც წერს…
და ბოლოს,
გიორგობას გილოცავთ!
24 ნოემბერი, 2009 11:59
ბატონებო, დიდი მადლობა გვინდა გითხრათ ყველას ასეთი აქტიური განხილვისათვის. ეს სტატია სინამდვილეში მენეჯერის დაწერილი არ არის. ის სინერჯი ჯგუფის ერთ-ერთი პარტნიორია. სტატია ეფუძნება 10 წლის განმავლობაში ჩვენს მიერ ჩატარებულ ინტერვიუებს 2000 ზე მეტ ადამიანთან ვისთანაც ჩვენ მათი მენეჯმენტის პრობლემებს ვიხილავდით, მიზეზებს და შედეგებს ასეთი მენეჯმენტის.
ჩვენ გამოვყავით 50 ზე მეტი ორგანიზაციის (როგორც კერძო ისე სახელმწიფო) საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებში ყველაზე მატად გავრცელებული პრობლემები, ისეთები რომლებიც ყველაზე მეტად აფერხებს ამ ორგანიზაციების განვითარებას, თანამშრომლებს ხელს უშლის რომ გაიხსნან და დაიხარჯონ.
რაც შეეხება აღსარებას, ჩვენ უბრალოდ გადმოცემის ფორმა შევარჩიეთ ასეთი. იმედი გვქონდა ამ სტილში სტატია უფრო საინტერესო წასაკითხი, ადვილი აღსაქმელი და დამაფიქრებელი იქნებოდა.
მადლობა ყველას კიდევ ერთხელ. დაცინვა და კრტიკია ჩვენი როგორც მენეჯერების არ გვწყენია ვინაიდან ჩვენ არც გვაქვს ამაზე დიდი პრეტენზია. ჩვენ უბრალო კონსულტანტები ვართ მხოლოდ. :)
24 ნოემბერი, 2009 19:41
admin-ს,
დიდი მადლობა საინტერესო სტატიის და ექსპერიმენტისათვის, ვფიქრობ, გაამართალა თქვენი იმედი :).
სწორედ ამას ვგულისხმობდი “რატომღაც მგონია, რომ სინამდვილეში არც მთლად ასეა როგორც წერს…”. რადგან როცა კარგად დავფიქრდი და გავაანალიზე, მივხვდი, რომ სინამდვილეში ამას არცერთი ქართველი არ დაწერდა…
წარმატებებს გისურვებთ :)
25 ნოემბერი, 2009 16:24
მაპატიეთ ქარტველო მენეჯერებო, მაგრამ ეს სიტუაცია საერთოს ქართული მენეჯმენტისთვის დამახასიათებელია და ძალიან ბერვია ეგეთი პიროვნებები ჩვენთან
25 ნოემბერი, 2009 18:23
:)
2 დეკემბერი, 2009 12:04
დიდი მადლობა სინერჯი ჯგუფის ადმინისტრაციას, ძალიან კარგი იქნება ასეთი დისკუსიები უფრო ფართოდაც რომ დგებოდეს, შეეძლოს სხვადასხვა რანგის მენეჯერს, გამოთქვას თავისი მოსაზრებები.
19 დეკემბერი, 2009 15:40
სანამ ადმინის კომენტარს წავიკითხავდი, მეც ზუსტად იმის დაწერა მინდოდა,რაც მას უწერია:) გამაკვირვა იმან, რომ ზოგს ამ სტატიის ავტორი მართლა მენეჯერი, ზოგს კი ოფის-მენეჯერი ეგონა… ზოგმა აგრესიულობაც გამოხატა მის მიმართ:))
19 დეკემბერი, 2009 15:47
და კიდევ… ვეთანხმები სანდროს: “ამ კაცმა კიდე მართლა ღირებული სტატია დაწერა, რომელმაც ნინოს ავტორი ოფის მენეჯერად მოაჩვენა”.
4 იანვარი, 2010 02:32
გოჩა – ”კლანის ფაქტორი” ეს ტერმინი შენი შექმნილია???
ძალიან სასაცილოა…
9 სექტემბერი, 2011 12:34
სანამ ადმინის პოსტს წავიკითხავდი, მანამდე მივხვდი რომ ეს ერთი ჩვეულებრივი მენეჯერის დაწერილი სტატია არ იყო. მაგრამ, რაც კარგია კარგია.
30 მარტი, 2012 11:57
საკმაოდ შთამბეჭდავი და ქართულ რეალობაზე კარგად მორგებული სტატია იყო, – ბრავო ავტორს!..
ასევე, ბევრი საინტერესო მოსაზრება წავიკითხე კომენტარებში და მოხარული ვარ, რომ ასეთი აქტივობით დაინტერესდა ქართული საზოგადოება ამ პრობლემაკით, თუმცა აქვე გაუგებარია მკითხაობის მომენტები სტატიის ავტორის შესახებ, მაშინ როდესაც, პუბლიკაციის ბოლოს გარკვევით (ქართულად, მსხვილი შრიფტით) იკითხება მინაწერი, რომ \”სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ\”, რომლებსაც დიდ მადლობას ვუხდი ასეთი საინტერესო ჟურნალის გამოცემისათვის და ულევ წარმატებებს ვუსურვებ!..
13 აპრილი, 2012 21:05
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პაპუნას მთავარი მოსაზრება სტატიაში:
ვფიქრობ მენეჯერმა აუცილებლად უნდა გაანალიზოს თავისი მართვის შედეგები, რომ გაანალიზოს კი უნდა დაგეგმოს.
ანალიზი უნდა მოიცავდეს რა გაკეთდა კარგად, რა ცუდად, როგორ გავაკეთებდით მომავალში.
ჩემი დაკვირვებით, ამ ანალიზის გარეშე მენეჯერი ყოველთვის შეცდომებში და მათთან დაკავშირებულ რუტინებში “იტრიალებს” და რეალურად მართვის და მითუმეტეს ლიდერობის დრო არ ექნება.
17 იანვარი, 2015 13:32
ძალიან შთამაგონებლია! მადლობა.