გუნდის მართვის მარტივი ხერხი
სტატიის ავტორი: პაპუნა ტოლიაშვილი
7 დეკემბერი, 2009 | წაკითხულია 7 173-ჯერ
წარმოიდგინეთ… ყოველ დილას, რამოდენიმე მილიარდი ადამიანი სახლიდან გამოდის და მიიჩქარის სადღაც იმისათვის, რომ აკეთოს რაღაცა. თითოეულ მათგანს აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები და მოტივები ამოძრავებს – ზოგი გადარჩენისთვის იბრძვის, ზოგიც ვიღაცის გადასარჩენად, ზოგი ვიღაცას ებრძვის და ზოგიც, უბრალოდ, ცდილობს ნანატრ მიზანს მიაღწიოს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არანაირად არ არიან ერთმანეთზე დამოკიდებული და ყველა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა აკეთოს, საბოლოო ჯამში ისინი მაინც საზოგადოებას ემსახურებიან, მისთვის ღირებულ საქმეს აკეთებენ და მის განვითარებაზე ზრუნავენ. თუმცა ამას, ხშირ შემთხვევაში ქვეცნობიერად, წინასწარი განზრახვის გარეშე აკეთებენ.
საინტერესოა, რატომ ხდება ასე, რომ, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ადამიანები საერთო ინტერესების და საზოგადოების განვითარების სამსახურში დგანან? სამი მთავარი სურვილი, რომელიც ყველა ადამიანში დევს, ამოძრავებს მათ და ეხმარება, რომ მუდმივად საზოგადოებას ემსახურებოდნენ და დამატებით ღირებულებას ქმნიდნენ მისთვის. ესენია:
ზრუნვის მოთხოვნილება, რომელიც თითოეულ ადამიანში იმთავითვე დევს – ზრუნვა საკუთარ თავზე, ოჯახის წევრებზე, ახლობლებზე, მეგობრებზე, ცალკეულ შემთხვევებში ქვეყანაზე და შესაძლოა, საზოგადოებაზე მთლიანად. ეს არის ძალა, რომელიც ადამიანებს ეხმარება ყოველ დილას სახლიდან გამოვიდნენ და რაღაცა საქმე აკეთონ. რაც უფრო დიდია ზრუნვის შეგრძნება, მით უფრო ძლიერია ეს ძალა და მით უფრო მეტადაა ადამიანი მზად – გაიღოს, გააკეთოს.
საკუთარი ნიჭისა და უნარების რეალიზების დაუოკებელი სურვილი მეორე მოტივია, რომელიც ასევე დასაბამიდან დევს ადამიანში და რომელიც მას, ზრუნვის შეგრძნებით საქმის საკეთებლად დამუხტულს, აძლევს მიმართულებას, ეუბნება საით წავიდეს და რა აკეთოს. ვერც ერთი ადამიანი ვერ გრძნობს თავს კომფორტულად მანამ, სანამ არ მიაგნებს საქმეს, რომელიც აძლევს საკუთარი ნიჭისა და უნარების გამოყენების საშუალებას და ამავე დროს საშუალებასაც, იზრუნოს საკუთარ თავზე და ადამიანებზე, ვინც ყველაზე მეტად უყვარს.
თავისუფლებისაკენ სწრაფვა, არის მესამე სურვილი, რომელიც ადამიანებს უჩენს მოტივს – დამოუკიდებლად იმოქმედონ, დაუშვან შეცდომები, მრავალჯერ დაეცნენ, მაგრამ ისწავლონ, როგორ აკეთონ ის, რაც ყველაზე უკეთ გამოსდით და რაც აძლევს საშუალებას იზრუნონ ადამიანებზე, რომლებიც ყველაზე მეტად უყვართ. სწორედ თავისუფლება აიძულებს მათ ისწავლონ და განვითარდნენ იმისათვის, რომ ხვალ კიდევ უფრო მეტი და კიდევ უფრო უკეთ აკეთონ.
ეს სამი მთავარი ძალა თითოეულ ადამიანს აიძულებს მუდმივად ეძებონ ადგილი, სადაც ყველაზე უკეთ შეძლებენ საკუთარი ნიჭისა და უნარების გამოყენებას – აძლევს ძალას იშრომონ, რაც შეიძლება მეტი იმისათვის, რომ იზრუნონ მათთვის, ვინც უყვართ და ისწავლონ, რაც შეიძლება კარგად კეთება, რათა ხვალ უფრო მეტი აკეთონ. ეს მარტივი სქემა აყენებს ადამიანებს საზოგადოების სამსახურში, ეხმარება მათ გამორჩეული, უნიკალური მისიის პოვნაში და შესრულებაში, მისიისა, რომელიც საბოლოო ჯამში, ამა თუ იმ ფორმით, სწორედ საზოგადოების განვითარებას ემსახურება.
სწორედ ამ ძალიან მარტივ და ცხად ფორმულაზე დაყრდნობით ნათელი ხდება: იმისათვის, რომ ადამიანები მართო სამი მთავარი პირობაა საჭირო:
ა) გყავდეს სათანადო ადამიანები, რაც თავის მხრივ გულისხმობს სწორ შერჩევას, მათ შორის როლების, უნარებისა და შესაძლებლობების შესაბამისად განაწილებას, მუდმივ წვრთნასა და სწავლებას იმისათვის, რომ მათი კეთების უნარი მუდმივად გაიზარდოს. ამ სამი ამოცანის გადაწყვეტით შეძლებთ შექმნათ შესაბამისი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი, სადაც ყველამ იცის, რა უნდა აკეთოს, ესმით ერთმანეთის და სწრაფად ახერხებენ კოორდინირებულად გადაწყვეტილებების მიღებას და მოქმედებას.
ბ) გაუჩინო და გაუძლიერო მათ ზრუნვის შეგრძნება; თქვენ უნდა შეძლოთ მათში, უპირველეს ყოვლისა, კლიენტებზე ზრუნვის შეგრძნება გააჩინოთ, რათა მათ კარგად გაიგონ, რას აკეთებენ, ვისთვის აკეთებენ და იგრძნონ ამის მნიშვნელობა მომხმარებლისთვის. კლიენტებზე ზრუნვის შეგრძნება დაეხმარება მათ ყოველდღიურად ბევრი, სწორი, კლიენტებზე ორიენტირებული გადაწყვეტილება მიიღონ და იზრუნონ მათი კარგი ხარისხით აღსრულებაზე. კლიენტებზე ზრუნვასთან ერთად მნიშვნელოვანია გუნდის წევრებში თვითონ გუნდის წარმატებაზე და გუნდის წევრებზე ზრუნვის ძლიერი გრძნობაც გააღვივოთ. ეს დაგეხმარებათ, ამ ადამიანებში გააჩინოთ სურვილი, ემსახურონ ორგანიზაციას, აკეთონ ეს მთელი შეგნებით და დიდი, გამორჩეული მონდომებით.
გ) მიანიჭო მათ საკმარისი თავისუფლება, რაც, ალბათ, ყველაზე ძნელია მენეჯერისთვის, მაგრამ, ამავე დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის წევრებისთვის. თავისუფლება იდეებში, გადაწყვეტილებებში, მოქმედებებში. სწორად დოზირებული თავისუფლება აუცილებელია მათთვის, რომ ისწავლონ, იგრძნონ საქმისაგან დიდი სიამოვნება და რაც მთავარია, გაიზარდონ უფრო და უფრო დიდი და მნიშვნელოვანი საქმეების საკეთებლად.
და ამ სამი პირობის შესრულების შემთხვევაში თქვენი გუნდის წევრები წარმოუდგენელს შეძლებენ, მიუღწეველს მიაღწევენ და ყოველდღიურად გაგაოცებენ ახალ–ახალი გამაოგნებელი იდეებით, დიდი თავდადებით და ახლის სწავლის განსაკუთრებული ჟინით. დამეთანხმებით, სწორედ ამ სამი რამის ნაკლებობას ვგრძნობთ ყველაზე ხშირად, სამწუხაროდ, ჩვენ–ჩვენს გუნდებში, და სწორედ ეს სამი რამეა, რასაც, ალბათ, ყველაზე მეტად ვისურვებდით ჩვენი გუნდის წევრებისგან.
სტატიის ნახვა შესაძლებელია სინერჯი ჯგუფის IV წიგნში “მენეჯერის ბრძოლა წარმატებისთვის” | ბმული
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
16 კომენტარი სტატიაზე “გუნდის მართვის მარტივი ხერხი”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
7 დეკემბერი, 2009 09:52
“კოსმოსში გაფრენის მარტივი ხერხი”:
1. გყავდეთ საჭირო(?) ხალხი !
2. გაუჩინეთ კოსმოსში ფრენის სურვილი !
3. მიანიჭეთ თავისუფლება !
და თქვენ მიიღებთ NASA-2-ს ?
მსგავსი პრიმიტიული და ბანალური ახსნა გუნდური მუშაობის პრინციპებისა არსად წამიკითხავს, არც მომისმენია, და მადლობა ღმერთს, ჯერ არ მინახავს !
მაპატიეთ, თავი ვერ შევიკავე, გპირდებით აღარ ვიზამ.
7 დეკემბერი, 2009 12:20
ეს სტატია გვაძელვს მარტივ სქემას როგორ უნდა დაწერო რაღაცა რაც არ გაინტერესებს და არ იცი ორ ფურცელზე
7 დეკემბერი, 2009 20:53
მომეწონა, კარგია. მე არ მგონია ამ კომენტარის ავტორებს ისეთი მენეჯერული გამოცდილება ქონდეთ , როგორიც შესაძლოა ამ სტატიის ავტორს, ვვარაუდობ, რომ საკუთარი მუშაობის გამოცდილებიდან აქვს გააზრებული რაც დაწერა. სხვისი კრიტიკა იცოცხლე გამოგვდის, თავად კიდევ ბევრს ვერაფერს ვქმნით :P :)
7 დეკემბერი, 2009 22:17
გამარჯობა კამილო: ლოვა 777:
საერთოდ არავინ ვარ სტატიის ავტორის(არ ვიცნობ) .არც ბიზნეს სფეროში ვმუშობ.საერთოდაც სახლში ვზივარ(აქ, ალბათ, შეიძლება ერთი ორი მარილიანი ხუმრობის მოწერა,არა?).მომიყვნენ ამ სტატიაზე და კომენტარებზე.ამიტომაც შემოვედი ,წავიკითხე და ვპოსტავ.ცინიზმი ცუდია,მიიღეთ აქსიომად, მეგობრებო.მეტ ადამიანს ეყვარებით და უფრო დიდხანს იცოცხლებთ,(მაპატიეთ ამ დიდაქტიკისთვის რა…)
და კრიტიკას ვერ ვხედავ.რა არ მოგეწონათ და თქვენი,რაღა თქმა უნდა უკეთესი,მოსაზრებები სად წერია?დიდი ყურადღებით ველი…
კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი თუ რამე უსიამოვნება მოგაყენეთ
7 დეკემბერი, 2009 23:24
და ჩემი აზრით კიდევ ამ “კრიტიკოსებმა” თავისი აზრი დააფიქსირეს, ვფიქრობ არ უნდა იყოს ეგ აქ გასარჩევი ვინ რა კომენტარი გააკეთა, სტატიაზე დაწერეთ თქვენი შეხედულება. არც მე ვარ სტატიის ავტორის ახლობელი და რომც ვიყო გავატარებდი ჩვეულებრივად, მერე რა მოხდა? ვიღაცას მოსწონს და ვიღაცას არა. რადგან კამილომ ასეთი შეფასება მისცა არ ნიშნავს იმას რომ მან უკეთ იცის ეს საქმე, მან უბრალოდ თავისი აზრი დააფიქსირა.
8 დეკემბერი, 2009 06:52
მეც დავაფიქსირებ ჩემ აზრს :) თუ სწორად ვხვდები აქ მოყვანილია მართვის მარტივი ხერხი და მგონი მართლაც მარტივია :) სტატია მომეწონა იმიტომ რომ კარგად, ლაკონურად წერია (ზედმეტი სიტყვების გარეშე) და რაც წერია გამოსადეგია (ჩემი აზრით)..
ალბათ ასევე არსებობს რთული ხერხებიც და ალბათ ასევე შესაძლებელია ამ მარტივ ხერხებზე მთელი წიგნის დაწერა, მაგრამ მე პირადად მაკმაყოფილებს სტატიების სახით მოწოდებული ინფორმაცია, გამოცდილება, ცოდნა თუ რავიცი ვისაც რა გინდათ ის დაარქვით :)
რაც შეეხება კომენტარებს მიშას ვეთანხმები, რომ აზრი უნდა გამოხატოს ნებისმიერმა მსურველმა, მაგრამ ხომ შესაძლებელია გამოვხატოთ ჩვენი აზრი ისე რომ არავის ვაწკენინოთ და არც არავინ გავაღიზიანოთ :) თუ ეს შეუძლებელია?
8 დეკემბერი, 2009 11:25
ნორმალური, საინტერესო სტატიაა.
ვისაც უკეთ შეუძლია დაწერეთ ბატონო!
8 დეკემბერი, 2009 21:44
ბატონებო და ქალბატონებო,
ძალიან კარგია ასე ყურადღებით რომ წაიკითხე ეს სტატია, მითუმეტეს ჩემი კომენტარიც.
მაგრამ გუნდის მართვასთან ვისაც გაქვთ შეხება იმათი აზრი უფრო მაინტერესებს, ჩაერთეთ ყველა ვინც რაიმე პრაქტიკულიდან იცით და გამოთქვით თქვენი აზრი.
ყველას გგონიათ, რომ მართლა ასე მარტივია გუნდის მართვა ? ეს ხერხები უდაოდ სწორია, მაგრამ მარტივი ნამდვილად არაა და ვინც ამას მარტივად მიუდგება ნამდვილად არ ვისურვებდი მის ადგილას ყოფნას, ან მის გუნდში მუშაობას.
P.S. ჩემი ნამდვილი სახელი და გვარია არსენა ბორცვაძე, კომპანია “ენსოლის” აღმასრულებელი დირექტორი. ასე რომ შევხვდებით ალბათ ფორუმზე და თქვენს რისხვას იქ ველოდები. წარმატებებს გისურვებთ ყველას !
9 დეკემბერი, 2009 13:48
ჩემი კრიტიკა ზუსტად იმით იყო გამოწვეული რომ რაც ამ სტატიაში ეწერა პრაკტიკულად გამოუყენებელია აქედან გამომდინარე ჯობია სახელი გადაარქვით ან მართლა თუ არსებობს გუნდის მართვის მარტივი პრინციპები ის დაწერეთ და დამერწმუნეთ ძალიან მადლობელი დაგრჩებით.
ჩემი ნამდვილი სახელი არის ლევანი ზუხბაია და არავის გასაბრაზებლად არ დამიწერია ეგ პოსტი (ჩემის აზრით კრიტიკა ყველას ჭირდება)
მაგრამ თუ თქვენ თვლით რომ ბევრი მომივიდა ბოდიშს ვიხდი, ფორუმზე დავრეგისტრირდები და იქ გავმართოთ დისკუსია
10 დეკემბერი, 2009 19:03
კარგია.
ვფიქრობ ფორუმზე შეიძლება განვიხილოთ ხერხები, რომლებიც დაგვეხმარება უკეთ შევარჩიოთ საჭირო ხალხი, უკეთ მოვახერხოთ მათთვის ზრუნვის შეგრძნების გაძლიერება და მოახერხო მისცე ზუსტად იმდენი თავისუფლება რამდენიც საჭიროა.
11 დეკემბერი, 2009 02:59
რაც არ უნდა იყოს დიდი მადლობა სტატიის ავტორს განა იმიტომ რომ ზოგისთვის ერთი შეხდვით მარტივი რამე წარმოაჩინა.. იმისთვის რომ დაგვითმო თავისი დრო, აზროვნება და ნერვები რო აეღწერა რა ფორმატი გააჩნია გუნდის მართვას, რა ძირითად ელემენტებზეა დაფუძნებული და რათქმაუნდა ეს ყველაფერი ზოგადი ხედით. თორემ მე ვფიქრობ ვერც მე, ვერც თქვენ (ყველა მკითხველი) და ვერც კიდევ 50 ტოპ მენეჯერი ვერ შევძლებთ დავწეროთ და იდეალურად ავხსნათ ის დიდი საიდუმლოება რასაც გუნდის (და საერთოდ ადამიანების) მართვა ჰქვია..
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ავტორს..
Respect! DEVI
http://pcmania.ge
14 დეკემბერი, 2009 21:01
კარგია როპმ ამდენი ადამიანი ინტერესდება მართვის საინტერესო და მძიმე სისტემებით. ეს სტატიაც საინტერესოა და ვფიქრობ. რომ დამწყები მენეჯერებისათვის საჭიროა დაიწყონ მარტივი პროცესებით და შემდგომ განავითარონ აღსრულების მაღალ საფეხურებზე :)
ყველას Iრბლიან დღეების სიმრავლეს გისურვებთ :)
29 დეკემბერი, 2009 12:18
ყველა ადამიანში არის აზარტის გრძნობა როგორც ერთერთი ვნება კაცობრიობის ვნებათა შორის და თუ საქმის კეთების სურვილს ვუქცევთ ამ ვნებად მაშინ ეს ადამიანი თავადვე გვიჩვენებს საუკეთესო თანამშრომლის მაგალითს, პირველ რიგში თანამშრომელი სხვა აზრს უნდა მოწყდეს, უნდა ფიქრობდეს მხოლოდ საქმეზე და უნდა იყოს მუდმივად დაკავებული საქმით რომ სისულეებისთვის და მსგავსი აზრებისთვის დრო არ რჩებოდეს, ამის შემდეგ მიეცი საკუთარი ტერიტორია, გახადე ამ ტერიტორიის ბატონ-პატრონი და იცოდეს ამ კადრმა რა მოგება მოაქვს კონკრეტულად მას ორგანიზაციისთვის, ითვალოს და გახდეს აზარტული რომ წინა დღის შედეგებთან შედარებით მეტი მოგება დაწეროს დღეს თავისი ნამუშევარით. ინტერესი მიეცემა მის ცხოვრებას და აღრიცხვა იმისი თუ ვინ რა გააკეთა ორგანიზაციისთვის ყველასთVის თვალსაჩინო გახდება და არც უსამართლობის ეჭვი გაუჩნდება არავის.
ეს მოკლედ სტატიაზე დიდი კომენტარი რომ არ გამოვიდეს:)
12 იანვარი, 2010 19:05
დიდი მადლობა ავტორს, ვერც კი წარმოიდგენთ ტუ როგორ მეხმარება ტქვენს მიერ მოწოდებული ნებისმიერი ხედვა ,რაც ლიდერის მოვალეობებს ეხება, მართლა დიდი მადლობა , მადლობა რო დრო დაგვითმეთ და ზოდადი წარმოდგენა შემიქმენით გუნდის მართვაზე.დანარჩენი კი ყველაფერი ინდივიდუალურია და თუ ვინმეს ეს პრიმიტივად ეჩვენება ეს მისი წარმოდგენაა მეტი სირთულე თვითონ ჩამოაყალიბოს, და შედარებითში გადავიყვანდით, ამ ეტაპზე კი შეურაცყოფაა ავტორს დაუკარგო თავისი შრომა, რომელიც ჩვენთვის გაიღო.
20 იანვარი, 2010 01:55
კრიტიკა ის სახიფათო ნაპერწკალია, რომელმაც შეიძლება ააფეთქოს თავმოყვარეობა. თუმცა ჯანსაღი კრიტიკა აუცილებელია, ნებისმიერი პიროვნებისა თუ სიტუაციისიის მიმართ, საჭიროა ყველაფერს შევხედოთ ეჭვის თვალით რადგანაც არავინაა ამქვეყნად უნიკალური და შეუცდომელი შესაბამისად ყველაფერი უნდა იყოს ორიენტირებული სუკეთესოსთვის ცვლილებებისაკენ.
რაც შეეხება ამ სტატიას ვფიქრობ საინტერესოა თუმცა რადგანაც საქმე გვაქვს ყველაზე რთულ ფენომენთან ,,ადამიანი” მისი მართვის არანაირი მარტივი ხერხი არ არსებობს, არსებობს ხერხები რომლებიც ერთი–მეორეზე ეფექტური და შედეგიანია.
აქ ჩამოთვლილია ადამიანის არამატერიალური მოთხოვნილელებიბი რომელიც მასლოუს პირამიდის არასრულყოფილ მოდელს გავს, ვეთანხმები სტატიის ავტორს რომ ყველა ადამიანს სჭირდება საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნება, თავისუფლების განცდა, მოტივაცია და სურვილი აკეთოს საქმე რომელსაც ავალებთ და ასე შემდეგ, თუმცა ჩემი პრაქტიკული გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ ამ ყველაფრის მიღწევა ძალიან რთული პროცესია და არა ,,მარტივი ხერხი” როგორც ეს სათაურში წერია.
უბრალოდ იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ამას რომ მივაღწიოთ 1. ეს ყველაფერი ჯერ ჩვენ თვითონ კარგად უნდა შევიგნოთ, 2. გამოვიმუშავოთ პრაქტიკული უნარჩვევები რაც მოგვცემს შესაძლებლობას დავაკმაყოფილოთ სხვისი მოთხოვნილებები. 3. ჩვენც (მენეჯერებს) გვჭირდება ვიღაცამ გვაგრძნობინოს ის რაზეც ზემოთ ვსაუბროთ, ბოლოს და ბოლოს ჩვენც ხომ ადამიანები ვართ?
ასე, რომ სტატია საკმაოდ საინტერესოა და მისგან შეიძლება ბევრი სასარგებლო რამ ვისწავლოთ.
22 იანვარი, 2010 20:12
მე სკოლის მოსწავლე ვარ და უკვე დიდი ხანია ვეძებ ჩემს მომავალს და ჯერაც არ მიპოვნია, ვეძებ საიტებზე, ტელევიზორსა და სხვადასხვა საშუალებებში. ისე ბიზნესის სფერო მიტაცებს და იმედი მაქვს გამომივა კიდეც.
რაც შეეხება ამ სატიას, მე კმაყოფილი ვარ, რადგან ასეთი სტატიები მაძლევს საშუალებას მართლაც რომ “ხალხთან ურთიერთობის მარტივი ხერხები” ვისწავლო.
და პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს ვინც კარგის გაკეთებას ცდილობს ჩვენთვის, ხალხისთვის.
ხალხო ნუ გაქვთ ერმანეთის ურთიერთ შუღლი , რადგან ისედაც პატარაა ჩვენი საქართველო. გიყვარდეთ ერთმანეთი ეს ხომ ჩემი სიტყვები არაა, ეს უფალმა ბრძანა!